ხუთმა მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულში, რომელიც სასჯელად ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, პოლიტიკოსებს 7-8 თვით პატიმრობის განაჩენი გამოუტანა და 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
ამ მოსამართლეებიდან სამი, თანამდებობაზე იუსტიციის საბჭოს მიერ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით 2024 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა, ერთს აქვს მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება, ერთი სანქცირებულია რამდენიმე ევროპული ქვეყნის მიერ, ერთი კი უვადოდ არის გამწესებული მოსამართლედ.
ამ სტატიაში მათ შესახებ წაიკითხავთ.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე
22 მაისს “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს, გირაო პატიმრობით შეუცვალა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ. ჯაფარიძე სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.
“ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ”, - დაიძახა უკვე ბორკილებდადებულმა პოლიტიკოსმა. დარბაზში მისი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილი.
რამდენიმე დღით ადრე, 19 მაისს, "ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საქმის განხილვისას, მოსამართლემ უარი თქვა მოწმის სტატუსით სასამართლოში დეპუტატ თეა წულუკიანის გამოკითხვაზე იმის მიუხედავად, რომ ყველა პოლიტიკოსი, მათ შორის ბადრი ჯაფარიძეც, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღმოჩნდა საბოლოოდ საპატიმროში.
ირაკლი შვანგირაძემ გადაწყვიტა ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად პატიმრობის შეფარდების საკითხიც 30 მაისს. ამ სხდომაზე მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო მელიას წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. პოლიტიკოსმა ირაკლი შვანგირაძეს წყალი მას შემდეგ შეასხა, რაც თავისი “გატაცების” საქმით დაინტერესება სთხოვა - მელიას მონათხრობის მიხედვით, დაგეგმილი სასამართლო სხდომის წინა საღამოს ის ათობით პოლიციელმა პოდკასტის ჩაწერაზე მიმავალი “გაიტაცა”.
მელია მოსამართლეს წყალს ასხამს - ბრალდებულის საკნის შუშა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს ირეკლავს.
ირაკლი შვანგირაძე განიხილავდა პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 ბრალდებულის საქმესაც - ამ საქმის განხილვისას, მან სხდომის დახურვის გამო კრიტიკისთვის დარბაზიდან გააძევა ბრალდებული რეზო კიკნაძე. მანამდე მას სხდომიდან გაძევებული ჰყავდა ჯანო არჩაია, რომელმაც სასამართლოს უთხრა, რომ 8 თვის განმავლობაში პროკურატურას მის წინააღმდეგ ერთი მტკიცებულებაც არ წარმოუდგენია.
ირაკლი შვანგირაძეს ეკუთვნის გადაწყვეტილებაც, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებულის, ირაკლი ქერაშვილის ემიგრანტ დედას შვილის განსასჯელის სკამზე ნახვის უფლებაც კი არ მისცა იმის გამო, რომ იმ დღეს, როცა ქალი სასამართლოში იყო მისული, მოსამართლეს სხდომა უნდა დაეხურა.
დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება არ ჰქონდათ არც სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და არც უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში სასამართლოს დახურულ სხდომებსაც ესწებოდნენ.
იმ დროს, როცა შვანგირაძემ ეს საქმე განსახილველად აიღო, ირწმუნებოდა, რომ საქმის მასალების 13 ტომს ერთ ღამეში გაეცნო.
ასევე ნახეთ მოსამართლე თარაშვილმა ჯგუფური ძალადობის საქმე აიცილა, ახალი მოსამართლე ირწმუნება, რომ საქმის 13 ტომს ერთ ღამეში გაეცნო38 წლის ირაკლი შვანგირაძე ახალბედა მოსამართლეა. აკადემიური განათლებით საზოგადოებრივ მეცნიერებათა მაგისტრი, როგორც ადვოკატად, ასევე პროკურორად მუშაობის გამოცდილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა.
მისი ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია:
- 2010 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა;
- ჩაბარებული აქვს ადვოკატთა გამოცდა როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამართალში, ასევე - პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;
- 2009-2016 წლებში იყო კანცელარიის სპეციალისტი/სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე/სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში;
- 2017-2019 წლებში იყო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი;
- 2019-2021 წლებში იყო საადვოკატო ბიურო "ვეტოს" ადვოკატი;
- 2022-2023 წლებში იყო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი;
- 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2024 წლის ზაფხულში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ირაკლი შვანგირაძემ ყოფილი პროკურორის სტატუსით შეავსო, ჩანს, რომ არც მის და არც მისი ოჯახის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება არ არის. ამავე დოკუმენტის მიხედვით:
- მას დანაზოგის სახით ჰქონდა 23 000$, მის მეუღლეს - 5 000$;
- ჰყავდა ორი ავტომობილი - 2020 წელს 3 500$-ად შეძენილი ჰქონდა ფიატი 2010 და 2023 წელს 4 733$-ად - TOYOTA PRIUS C 2015;
- შვანგირაძის ცოლი საჯარო მოხელეა - 2023 წელს ნათია ბაღდავაძე შრომის ინპექციის იმერეთის რეგიონულ სამმართველოში სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობდა. მისი წლიური ხელფასი 29 806 ლარი იყო.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია
ჯვებე ნაჭყებიამ გამოიტანა ზურა ჯაფარიძის და ნიკა გვარამიას პატიმრობის გადაწყვეტილება - “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერს მან 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, “ახლის” თანადამფუძნებელს - 8-თვიანი. არცერთი პოლიტიკოსი გადაწყვეტილების გამოცხადების დროს დარბაზში არ ყოფილა.
ჯვებე ნაჭყებიას სახელი ჩნდება პოლიტიკურად მოტივირებულად შეფასებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებშიც. ის განიხილავს
- ბიძინა ივანიშვილის ყოფილი “პირადი ფინანსისტის”, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეს - ბაჩიაშვილი ამბობდა, რომ ამ საქმეზე, რომელსაც ის “მოტაცებას” უწოდებს, არც კი გამოუკითხავთ;
- საქმეს 21 წლის აქტივისტის, მათე დევიძისა, რომელსაც საბოლოოდ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიუსაჯა 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- აქტივისტის და პარტია “ახლის” წევრის, საბა სხვიტარიძის საქმეს, რომელშიც გამოძიება სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, თავად ბრალდებული კი ამტკიცებს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელებმა აწამეს და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა;
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტის, ანტონ ჩეჩინის საქმეს. ანტონ ჩეჩინი ასევე საუბრობს პენიტენციურ დაწესებულებაში დაშინების მცდელობაზე, ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობასა და შეურაცხყოფაზე. მას თავის არეში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს, რომელიც პატიმრობაში ყოფნის პერიოდში პროგრესირებს;
- 44 წლის ანატოლი გიგაურის საქმეს. იგი არის საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე, რომელსაც გამოძიება პოლიციელზე ძალადობას ედავება. ის საპროტესტო აქციების დაწყებამდე, 24 ნოემბერს, გვიან ღამით დააკავეს - ანატოლი გიგაურიც პოლიციელის ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს თავს და ამბობს, რომ რასაც გამოძიება დანაშაულად უთვლის, სინამდვილეში “აუცილებელი მოგერიება” იყო.
46 წლის ჯვებე ნაჭყებია, ირაკლი შვანგირაძის მსგავსად, მოსამართლედ 2024 წლის ბოლოს, დეკემბერში, დაინიშნა. 2002 წელს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მას გავლილი აქვს “არაერთი ტრენინგი”, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა კი 2020 წელს ჩააბარა. სხვადასხვა სასამართლოში სხვადასხვა ფუნქციით მომუშავე ნაჭყებია მოსამართლედ გახდომამდე ორი წლის განმავლობაში იყო ქუთაისის სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსიც.
ჯვებე ნაჭყებიას ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია:
- 2003-2005 წლებში იყო სხდომის მდივანი საქართველოს უზენაეს სასამართლოში;
- 2005 წელს იყო სხდომის მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოში;
- 2005-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს მოსამართლის თანაშემწე;
- 2010-2014 წლებში იყო იურისტი შპს „გიორგი ოთარაშვილის იურიდიულ კომპანიაში“;
- 2014-2016 წლებში იყო მანდატურის სამსახურის უფროსი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში;
- 2016-2017 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე - მთავარი კონსულტანტი (ხელშეკრულებით) თბილისის საქალაქო სასამართლოში;
- 2017-2023 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი-მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ჯვებე ნაჭყებია წარსულში ნასამართლევია სამსახურებრივი დანაშაულის ჩადენისთვის - რადიო თავისუფლებამ მისი ნასამართლეობის შესახებ ცნობის უტყუარობის დადგენა ვერ შეძლო, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან თევზაძის შეფასებაში არსებობს ასეთი ჩანაწერი:
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის დამდგენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთი სამართალდარღვევის ჩადენა არ ადასტურებს, რომ “კანდიდატს”, როგორც მოქალაქეს, არ აქვს მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისი შეგნება.“
იქვე წერია, რომ “საქართველოს საერთო სასამართლოებში წარმოებულ დავებში კანდიდატ ჯვებე ნაჭყებიას მხარედ მონაწილეობის თაობაზე ინფორმაცია არ არსებობს. კანდიდატი არ ყოფილა დაზარალებულად ცნობილი რომელიმე საქმეში. მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება არ განხორციელებულა.”
ჯვებე ნაჭყებიას უახლესი ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის ნოემბერშია შევსებული - ამ დროს მას მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსი ჰქონდა. ამ დოკუმენტის მიხედვით:
- მოსამართლე ფლობს 2004 წელს პრივატიზებულ 27,22 კვ.მ. ფართის ბინას თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე;
- არც მას და არც მის ცოლს არ ჰყავთ ავტომობილი;
- მოსამართლის თანაშემწის პოსტზე ყოფნისას ხელფასის სახით 8 თვეში მიღებული აქვს 23 970 ლარი.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი
ნინო გალუსტაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ნიკა მელიას, გიორგი ვაშაძისა და გივი თარგამაძის საქმეებზე. მელიას მან 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, ვაშაძეს და თარგამაძეს კი 7-7-თვიანი.
ნინო გალუსტაშვილი განიხილავს ასევე დაკავებული დემონსტრანტების გახმაურებულ საქმეებსაც:
- სამედიცინო უნივერსიტეტის 21 წლის სტუდენტის, გიორგი მინდაძის საქმეს - 3 ივლისს გიორგი მინდაძეს მან 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იმ დღეს მინდაძის დედის დაბადების დღე იყო. გიორგი მინდაძეს გამოძიება სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკის გამოყენებას ედავებოდა;
- 11 დემონსტრანტის საქმეს, რომლებსაც ბრალი ჯგუფურ დანაშაულში აქვთ წაყენებული - ამ საქმეზე გალუსტაშვილმა პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და ბრალდებულებს საზოგადოებრივი ადვოკატები იძულებით დაუნიშნა. ამის წინააღმდეგი თავად ადვოკატებიც იყვნენ;
- საქმეს მათე დევიძისა, რომელსაც პოლიციელისთვის ჯოხის მოქნევის გამო 12 ივნისს თავისუფლების ოთხი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიესაჯა. ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო ახალბედა მოსამართლე აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის ყურადღების ცენტრში მოხვდა.
“ივანიშვილის მოჩვენებითმა სასამართლომ მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა უბრალოდ იმისთვის, რომ მას თავისი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის - თავისუფალი მომავალი სურდა. ნინო გალუსტაშვილი და ამ ამაზრზენი დანაშაულის სხვა ჩამდენები სანქციებს უნდა დაექვემდებარონ”, - დაწერა X-ზე უილსონმა მათე დევიძეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
33 წლის ნინო გალუსტაშვილი, ჯვებე ნაჭყებიას და ირაკლი შვანგირაძის მსგავსად, მოსამართლედ 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა მან 2023 წელს ჩააბარა.
მცხეთაში დაბადებულმა გალუსტაშვილმა სამართალმცოდნეობა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ისწავლა - მაგისტრის დიპლომი კი დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში აიღო.
ნინო გალუსტაშვილის ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია:
- 2016 წელს იყო სტაჟიორი და შემდეგ კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი მცხეთის რაიონულ სასამართლოში;
- 2016-2017 წლებში იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივანი;
- 2018-2020 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სხდომის მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოში;
- 2020-2023 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მოსამართლის რანგში ნინო გალუსტაშვილს ქონებრივი დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია, 2024 წლის ნოემბერში შევსებული ერთადერთი დეკლარაცია მას მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსით აქვს შევსებული.
ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ არ არის დაოჯახებული, მასზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის, არც დანაზოგი არ აქვს და არც ძვირადღირებულ საჩუქრებს არ იღებს. ერთადერთი საჩუქარი, რომელიც ამ დოკუმენტში უჩანს, მამისგან მიღებული ავტომობილია. 2024 წლის აგვისტოში მამამ მომავალ მოსამართლეს MERCEDES-BENZ GLS 53 AMG, 2019 აჩუქა.
მოსამართლე ნინო თარაშვილი
14 მაისს მოსამართლე ნინო თარაშვილმა გირაო პატიმრობით შეუცვალა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს.
"ლითონის ჯვარიც კი არ გავიკეთე დღეს სპეციალურად, ციხეში როგორი ატრიბუტიკით არიან, ზუსტად ისე მოვედი. სიმართლე გითხრათ, დავიღალე“, - უთხრა პოლიტიკოსმა მოსამართლეს, სანამ ის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა.
37 წლის ნინო თარაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე 2023 წლის თებერვალში გახდა.
მისი ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია:
- 2006 წელს გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში;
- 2007-2015 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტად, შემდეგ ამავე კოლეგიის სხდომის მდივნად და მოსამართლის თანაშემწედ;
- 2008 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი და წარმატებით ჩააბარა გამოცდა;
- 2010-2016 წლებში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში,სადაც იყო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის, ადამიანის უფლებების, მენეჯმენტისა და კომუნიკაციის თემებზე გამართული არაერთი კონფერენციის, სემინარის, სამუშაო შეხვედრისა და ტრენინგის მონაწილე, მათ შორის 2010 წელს ნაფიც მსაჯულთა სისტემას გაეცნო;
- 2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
- 2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის უფროსი კონსულტანტი (მწერალი-თანაშემწე);
- 2017 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა;
- 2017-2019 წლებში იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
- 2019-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2017 წელს, როცა ნინო თარაშვილი ბოლნისის სასამართლოს მოსამართლე გახდა, მის საკუთრებაში იყო მხოლოდ 2016 წელს 28 000$-ად ნაყიდი ბინა, 63 კვ.მ-ის სიდიდის - 2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მან და მისმა პროკურორმა მეუღლემ ეს ბინა კრედიტით იყიდეს. ამ დროს მოსამართლეს არც ავტომობილი არ ჰყავს.
2025 წლის აპრილში შევსებული დეკლარაციის თანახმად, მოსამართლეს და მის ქმარს ორი ბინა და ორი სახლი აქვთ - ყველა ნაჩუქარი.
- 2022 წელს ნინო თარაშვილის ქმარს რუსთავში 94 კვ.მ-ის ფართის ბინა და სიღნაღში საცხოვრებელი სახლი აჩუქეს;
- 2023 წელს ნინო თარაშვილმა ბათუმში 41 კვ.მ.-ის ფართის ბინა და თბილისში საცხოვრებელი სახლი მიიღო საჩუქრად.
ამ დროს მოსამართლეს უკვე ჰყავს ავტომობილი, 2022 წელს 12 800$-ად ნაყიდი Toyota CH-R. მისი წლიური ხელფასი 95 271 ლარია [წინა წლის ხელფასთან შედარებით 10 000 ლარით მეტი], შემოსავალს იღებს ბინის გაქირავებითაც.
მოსამართლე ზვიად შარაძე
40 წლის ზვიად შარაძემ ერთ დღეს, რამდენიმე საათის შუალედით 8-8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "ლელოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
ეს არ არის მისი პირველი საქმე, რომელზეც საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობდა - ზვიად შარაძე განიხილავდა ასევე “კარტოგრაფების საქმეს” და ლაზარე გრიგორიადისის საქმეს - პირველ შემთხვევაში, შარაძემ უარი თქვა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე. მან ასევე უარი უთხრა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებს სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვაზე. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს კი 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა 2024 წლის აპრილში.
ზვიად შარაძე, რომელიც 2019 წლიდან არის უვადოდ გამწესებული მოსამართლე, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ლიეტუვის და ლატვიის მიერ არის სანქცირებული.
ზვიად შარაძის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით:
- 2007-2011 წლებში იგი მუშაობდა შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში იურისტად;
- 2011-2013 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ;
- 2013-2015 წლებში მუშაობდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორად;
- 2016-2019 წლებში იყო თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
- 2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
ზვიად შარაძე თავის პირველად შევსებულ დეკლარაციაში, 2017 წელს, უთითებს, რომ აქვს ერთი ბინა - 2014 წელს 43 000$-ად შეძენილი თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე, რომლის ფართია 80 კვ.მ. ამავე დეკლარაციის მიხედვით, ჰყავს ასევე 2013 წელს 6 000$-ად შეძენილი ავტომობილი [mercedes-benz c 240 - 2002 წლის] და აქვს საჩუქრად მიღებული ოქროს სამკაულები - ამ დროს ის თელავის სასამართლოს მოსამართლეა.
2025 წლის მაისში შევსებული დეკლარაციით, ზვიად შარაძეს და მის ოჯახს აქვთ ოთხი მიწის ნაკვეთი, სამი ბინა, ორი ავტომობილი და 100 000 ლარზე მეტის დანაზოგი. ოჯახი ერთი შვილის განათლებაში 10 000 ევროს იხდის, მეორისაში - 78 000 ლარს.
ამ დოკუმენტის მიხედვით:
- მოსამართლის ცოლს ოზურგეთში მიწის ოთხი ნაკვეთი დედამ გადაუფორმა;
- ზვიად შარაძემ 2024 წელს თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე 100 000 დოლარის ღირებულების 165 კვ.მ. ფართის ბინა იყიდა;
- 2022 წელს კი 17 500$ გადაიხადა ბათუმში, პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე 31 კვ.მ. ფართის ბინაში;
- 2025 წლის თებერვალში მოსამართლე 90 747 ლარად ყიდულობს ახალ ავტომობილს, TOYOTA CAMRY-ს და დეკლარაციაში წერს, რომ ამ ავტომობილის ღირებულების ნაწილი, 18 000$ გადახდილია მანამდე მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის გაყიდვით მიღებული შემოსავლით, რომელიც შემდეგი წლის დეკლარაციაში აისახება. ოჯახს ამ ავტომობილის გარდა, ჰყავს ასევე მოსამართლის ცოლის სახელზე რეგისტრირებული TOYOTA YARIS CROSS-ი, რომელშიც ზვიად შარაძემ 2023 წელს 19 600$ გადაიხადა.
- მოსამართლის წლიური ხელფასი 2024 წელს 95 271 ლარი იყო - მკვეთრად ნაკლები თავისი ცოლის შემოსავლისგან. იგი სამ კომპანიაში მუშაობს ბუღალტრად და გასულ წელს 330 461 ლარი გამოიმუშავა.