თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ნიკა მელიას, საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის ვადის გასვლის შემდეგ. ამ სასამართლო სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, მელია მოულოდნელად პოლიციამ მისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა - მელიას ვერსიით, ეს იყო ასამდე პოლიციელის მონაწილეობით ჩატარებული გატაცების ოპერაცია, რომელშიც სამართალდამცველებს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჰქონდათ.
მოსამართლემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის გადაწყვეტილება მის გარეშე გამოაცხადა - გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მელიამ, რომელიც მოსამართლეს თავისი "გატაცების" ამბით დაინტერესებას სთხოვდა, წყალი შეასხა. ამის გამო სხდომა დროებით შეჩერდა, მელია კი პროცესიდან გააძევეს.
"მოსამართლე იჯდა მჩხიბავივით, რაღაცებს ვარაუდობდა. აბსოლუტურად კითხვაც არ გასჩენია გატაცებასთან დაკავშირებით. ის მაინც გამოეკვლია, ადამიანი მართლა თავისუფლებააღკვეთილი იყო თუ არა, არც პროკურატურას. პროკურატურას ავიწყდება, რომ დამნაშავეებს სჯის იმის გამო, რომ საზოგადოების ინტერესი დაიცვას და საზოგადოების უმაღლესი ინტერესია უდანაშაულო ადამიანის ციხეში არგაშვება. პროკურატურა ვალდებულია, რომ არც პატიმრობა გამოიყენოს და საერთოდ შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუ ნახავს, რომ დანაშაულის ნიშნები აღარ არსებობს. მაგრამ ვისზე და რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ოლიგარქია უნდა დაემხოს", - განაცხადა მელიას ადვოკატმა და თანაპარტიელმა ნიკა გვარამიამ სხდომის შემდეგ.
მელია მესამე პოლიტიკოსია, ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურა გირჩი ჯაფარიძის შემდეგ, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა იმ საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. ამ კომისიის მიზანი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების შესწავლაა - ნიკა მელია, ისევე როგორც ზურა ჯაფარიძე, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წლის შემდეგ შეუერთდნენ, როცა პარტია უკვე ოპოზიციაში იყო. 2012 წლამდე მათ პოლიტიკური თანამდებობები არ ჰქონიათ.
ფორუმი