თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია "ახლის" თანათავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მოულოდნელად შეწყდა მას შემდეგ, რაც მელიამ, რომელიც მოსამართლეს უყვებოდა, როგორ "გაიტაცეს" 29 მაისს და ამ ამბით დაინტერესებას სთხოვდა, მას წყალი შეასხა.
"ადამიანს არ აინტერესებს, გატაცებული ვიყავი თუ არა, შუშის თვალებით იყურება. თანამონაწილე ხართ, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელსაც კითხვა არ უჩნდება, ვინ გამიტაცა", - თქვა მელიამ სასამართლო დარბაზში სხდომის შეწყვეტამდე. წყლის შესხმის შემდეგ სხდომა შეწყდა, მელია დარბაზიდან ბადრაგმა გაიყვანა და მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.
სხდომის შეწყვეტამდე მელია სასამართლოს თავის დაკავებაზე მოუყვა იმ დათქმით, რომ არ ჰქონდა იმედი, მოსამართლე დაინტერესდებოდა მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებებით. მელიამ თქვა, რომ ამის მიუხედავად, ამბავს მაინც მოჰყვებოდა საზოგადოებისთვის.
"საზოგადოებამ უნდა იცოდეს. საღამოს 9 საათზე, ორი მანქანით გადავაადგილდებოდით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. სოციალურ ქსელში არის ეგეთი გადაცემა "ორ ცეცხლს შუა", ასე ჰქვია. ამ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი. სულ რაღაც ორი კილომეტრი იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება.
გააჩერა მოულოდნელად ე.წ. საპატრულომ ავტომობილი. პატრულის ფორმაში გამოწყობილმა ძალიან ნერვიულმა პირმა მძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა და ცხადი იყო მისი გამომეტყველებითაც, რომ ყველაფერი აინტერესებდა, გარდა მართვის მოწმობისა და ამ პროცესში მძღოლს ჯერ მართვის მოწმობაც კი არ ჰქონდა გადაცემული, მის ე.წ. რაციაში კითხვა გაისმა, რაც გავიგეთ მეც და მძღოლმაც. როგორც ჩანს, მისმა ხელმძღვანელმა იკითხა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში. გასაგები იყო რაც ხდებოდა.
11 ადამიანი იყო წინ მდგომ სამარშუტო ავტომობილში, სადაც მე ძალის გამოყენებით მომათავსეს, რბილად რომ ვთქვათ - გადავთვალე, მძღოლის ჩათვლით იყვნენ 11, ვინც გამიტაცა. არანაირი ნიშანი, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები, არ იყო არც მათ გამომეტყველებაში, არც მათ საუბრის მანერაში არ იყო - როცა აკავებ ადამიანს, უნდა განუმარტო, თხოვო გადმოვიდეს მანქანიდან. მოხდა გატაცება ძალის, ძალიან აგრესიული ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენვა, ამის შემდეგ მობილური ტელეფონის ძალით წართმევა, მერე ერთ-ერთის დაუოკებელი სურვილი, რაღაცნაირად გაეხსნა კოდი ჩემს მობილურ ტელეფონზე და რამდენჯერმე მცდელობა ჰქონდა, სახეზე მოეშვირა ეს მობილური ტელეფონი, მაგრამ იმ სიბნელეში ეს ვერ მომხდარა. უნდა იცოდეთ, რომ ეს იყო საგანგებო სამარშუტო ფურგონი, სადაც არაფერი არ ჩანდა შიგნიდან გარეთ.
არავინ არ იცის, ეს რატომ მოხდა. თქვენ იცით ალბათ, მურუსიძემ და იმან, ვინც დაგეგმა. თქვენ იმიტომ ვამბობ, რომ გუშინ თავი მოიკალით და დღეს ჩანიშნეთ სხდომა - ადვოკატის თხოვნის მიუხედავად, რომ მას ჰქონდა სხვა სასამართლო პროცესები და ლექციები და ითხოვდა ორშაბათამდე გადადებას, მაგრამ თავი მოიკალით და დღეს დანიშნეთ. ფორმალურად მე მქონდა ღამის 12 საათამდე გადახდის ვადა - საღამოს 9 საათზე გაიტაცეს ახლა ის ადამიანი, ვინც ახლა გელაპარაკებათ. კითხვა არ გიჩნდებათ, რა მოხდა და უნდა დამისვათ კითხვა, რატომ და რისთვის არ ვიხდი მე იმ უსამართლო გირაოს და ის არ გაინტერესებთ, ვინ გამიტაცა", - თქვა მელიამ საკუთარ სასამართლო პროცესზე. მან აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ დაკავებისას პოლიციამ ორი მანქანიდან ჯამში ოთხი ვიდეორეგისტრატორი გაანადგურა, რათა მისი დაკავების კადრები არ არსებულიყო.
"თქვენ ახლა უნდა დაადგინოთ, ვინ არის მტყუანი და მართალი. რაც ვთქვი, იმაში ეჭვი გეპარებათ? თქვენ რა სიმართლე უნდა დაადგინოთ, ჩემო კარგო, ნუ გწყინთ, რომ ვერც მოსამართლეს გიწოდებთ და ვერც ბატონოს დაგიძახებთ. კითხვა არ გიჩნდებათ რა მოხდა, როგორ აღმოვჩნდი აქ. მაგრამ არ მიკვირს, ასობით ადამიანი ნაცემი და ნაწამები მოყავდათ აქ და იმათ არ ეკითხებოდით, რა დაემართათ, ისე უშვებდით პატიმრობაში", - თქვა მელიამ.
მოსამართლე მას ამ ამბავთან დაკავშირებულ კითხვებს ნაკლებად უსვამდა და ძირითადად ინტერესდებოდა იმით, აპირებდა თუ არა გირაოს თანხის გადახდას, რომელიც მას წულუკიანის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ჰქონდა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით.
"ადამიანს, რომელსაც წინა ღამეს გაიტაცებენ ასამდე ადამიანის დახმარებით და მთელი ღამის განმავლობაში უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ჰყავთ, მე მაინტერესებს, თავი როგორ შეიძლება შეიკავოს", - ეს კომენტარი გააკეთა მელიას ადვოკატმა და თანაპარტიელმა ნიკა გვარამიამ. რამდენიმე დღეში მისთვისაც იწურება ვადა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდისთვის.
როგორც მელიას, ასევე მის ადვოკატებს აქვთ მოლოდინი, რომ დღეს მელიას გირაოს გადაუხდელობის გამო დააკავებენ - საგამოძიებო კომისიაზე მიუსვლელობის გამო უკვე პატიმრობაშია ორი პოლიტიკოსი: ზურა გირჩი ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი.
ფორუმი