Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანგველაძის მკვლელობა: კრიმინალური ომები, ბიზნესი და პოლიტიკა


კრიმინალურ სამყაროში გაჩაღებული სისხლიანი ომის ექო ქართულ ბიზნესსა და პოლიტიკაშიც აღწევს. ილუსტრირებული ფოტო.
კრიმინალურ სამყაროში გაჩაღებული სისხლიანი ომის ექო ქართულ ბიზნესსა და პოლიტიკაშიც აღწევს. ილუსტრირებული ფოტო.

თითქმის შვიდი თვე გავიდა თბილისის ცენტრში „კანონიერ ქურდ“ მერაბ „სოხუმსკის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობიდან, მაგრამ მკვლელობის დამკვეთი ბრალდებას ჯერაც არ გამოუვლენია. ორი თვეც არაა გასული, რაც „ორგანიზატორების“ ნაწილი დააკავეს. ნაწილი გაქცეულია.

მოკლულის ოჯახის ადვოკატი ხუთი თვის განმავლობაში საჯაროდ საუბრობდა გამოძიების არასწორ განვითარებაზე და ამტკიცებდა, რომ მაღალჩინოსნები პროკურატურის გამოყენებით „ხელს აფარებდნენ“ რეალურ დამკვეთებს. ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დამოუკიდებელი გამოძიების დასადგენია თუ ვინ აფარებს ხელს დამკვეთებს და რატომ.

„კილერობაში“ ბრალდებულის საქმის განხილვისას ერთ-ერთმა დეტექტივმა დაუსახელებელ „ინფორმანტზე“ დაყრდნობით სასამართლოში შესაძლო დამკვეთად დაასახელა წლების წინ მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი, ხოლო ორგანიზატორად, - ოთარ ფარცხალაძე, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელსაც, აშშ-ის მტკიცებით, ФСБ-სთან აქვს კავშირები.

თუ გამოძიების ვერსია სწორია, ეს მკვლელობა შესაძლებელია იყოს ფრაგმენტი ქართველებით დომინირებულ რუსულ კრიმინალურ სამყაროში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ქაოსური დაპირისპირებისა, რომლის ერთ მხარეს ჯანგველაძეების მოკავშირე „მძიმე წონის“ კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი დგას, მეორე მხარეს კი - მისი „კოლეგა“ შაქრო კალაშოვი.

მაგრამ ეს საქმე, შესაძლოა, კრიმინალურ ანგარიშსწორებაზე მეტი იყოს: „ФСБ-სთან დაკავშირებული“ ფიგურების მორიგი გამოჩენა და პოლიტიკური ძალაუფლების ვერტიკალის წარმომადგენლების შესაძლო კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან, - ან, სულ მცირე, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის უუნარობა მასთან გამკლავებისა, - ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მიმართ არსებულ კითხვებს კიდევ უფრო ამძაფრებს.

მოკლული ლევან ჯანგველაძე. ფოტო არქივიდან
მოკლული ლევან ჯანგველაძე. ფოტო არქივიდან

მოკლე შინაარსი

მკვლელობა ვაკეში

„კილერი“ - გელა უძილაური

„გარანტია“ და ცვლილებები ხელისუფლებაში

„ავტორიტეტი“?

„თვალთვალი“ და „მომზადება“

ვინ არიან მიქაძეები და რა ბიზნესი აქვთ

და, მაინც, ვინ იყო ლევან ჯანგველაძე?

შურისძიება „დედ ჰასანის“ მკვლელობისთვის?

კიდევ ერთი „ქურდის“ სახელი ქართულ პოლიტიკაში

„ჯანგველაძე vs მიქაძეები“

„ჯანგველაძე vs ფარცხალაძე“

„შეხვედრა ფინანსურ პოლიციაში“

კიდევ ერთი მკვლელობა ვაკეში

„უნდა დაიწყოს ცალკე გამოძიება“

მოკლე შინაარსი

  • 2025 წლის 14 მარტს შუაგულ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს ახლობლის პანაშვიდზე რუსეთიდან რამდენიმე საათით ადრე ჩამოსული ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე, - „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის, იგივე „მერაბ სოხუმსკის“ ძმა;
  • მკვლელობიდან სამ დღეში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ვინმე გელა უძილაური, - ყოფილი სპეცრაზმელი; მოგვიანებით ერთი ახალგაზრდა დააკავეს მკვლელობის იარაღის „გასაღების“ ბრალდებით;
  • ხუთი თვის განმავლობაში მოკლულის ოჯახის ადვოკატი აცხადებდა, რომ პროკურატურის გამოძიება მკვლელობის დამკვეთის გამოკვეთისაგან უცნაურად იკავებდა თავს;
  • ხუთი თვის თავზე, 12 აგვისტოს, თბილისში სამი ადამიანი დააკავეს და ორზე ძებნა გამოაცხადეს, - ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების, დაგეგმვის და მომზადების საქმეზე;
  • ბრალდებულთა შორის არიან ბიზნესმენი ძმები, გიორგი და დავით (დათუნა) მიქაძეები, ასევე „კრიმინალური ავტორიტეტი“ გიორგი ჯოხაძე. ისინი ბრალდებებს უარყოფენ; დათუნა მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთ მიმალვაში არიან. სხვები - დაკავებულები;
  • ახლახან ოთარ ფარცხალაძის სახელი ჯერ ერთ-ერთმა დეტექტივმა სასამართლოზე ახსენა, შემდეგ კი სხვა მოწმემ, ჯანგველაძის ნათესავმა ახსენა, როგორც ჯანგველაძესთან დაპირისპირებული ფიგურა; დამკვეთად დეტექტივმა „დედ ჰასანის“ შვილიშვილი დაასახელა - ჯერჯერობით მხოლოდ დაუსახელებელ „წყაროზე დაყრდნობით“;
  • გამოძიებას ჯერაც არ ჰყავს ფარცხალაძე გამოკითხული და ფორმალურად მკვლელობის შეკვეთისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებია; ბრალდების პირველწყარო კი საქმეში არ ჩანს.
  • ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ შეიცვალა არა მხოლოდ უშუალოდ ამ საქმის პროკურორი, არამედ მთელი რიგი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები „ქართული ოცნების“ მთავრობაში: გენერალური პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი (ორჯერ) და „ფინანსური პოლიციის“ ხელმძღვანელი.
  • ცვლილებების ოფიციალურ და რიგ არაოფიციალურ მიზეზებს ამ საქმესთან არაფერი აკავშირებს, თუმცა კრიმინალურ სამყაროში გაჩაღებული სისხლიანი ომის ექო ქართულ პოლიტიკაშიც აღწევს.

ლევან ჯანგველაძე – მოკლული ბიზნესმენი, კანონიერი ქურდის ძმა.
მერაბ ჯანგველაძე - იგივე „სოხუმსკი“, „კანონიერი ქურდი“, ამავე სტატუსის მქონე ტარიელ ონიანის გარემოცვის წევრი. იმყოფება ევროპაში.
გელა უძილაური – სავარაუდო „კილერი“; საპატიმროში ელის განაჩენს.
გიორგი ჯოხაძე – მედიაში „კრიმინალურ ავტორიტეტად“ ცნობილი, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი; ქვეყნიდან გაქცეულია. ბრალს უარყოფს.
გიორგი და დავით (დათუნა) მიქაძეები – ორგანიზატორობაში ბრალდებული ბიზნესმენი ძმები; პირველი დაკავებულია, მეორე – იმალება; ბრალდებას და მკვლელობასთან რაიმე კავშირს უარყოფენ.
სანდრო წივწივაძე – იმ იარაღის მფლობელი, რომლითაც მოკლეს ლევან ჯანგველაძე; ამბობს, რომ იარაღი დაკარგა;
გიორგი კაჭკაჭაშვილი – გამოძიების ვერსიით, ჯოხაძე-მიქაძეების „დაჯგუფების წევრი“, მონაწილეობდა მკვლელობის იარაღის შოვნაში.
ოთარ ფარცხალაძე – ყოფილი გენპროკურორი საერთაშორისო სანქციების ქვეშ; მოწმეთა ცნობით, ჯანგველაძესთან დაპირისპირებული; ოფიციალურად არ არის ბრალდებული ან გამოკითხული.
გია ჩადუნელი – ლევან ჯანგველაძის მძღოლი/პირადი მცველი თბილისში.
მიხეილ ბერძენიშვილი – ჯანგველაძეების მამიდაშვილი.
ლევან ვეფხვაძე – საქმის პროკურორი
ტარიელ კაკაბაძე – დაზარალებულად ცნობილი ეკა ჯანგველაძის (ჯანგველაძეების დის) ინტერესების დამცველი

ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს მოკლეს. ამ ფოტოზე მკვლელობის ადგილას პოლიციელები მუშაობენ
ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს მოკლეს. ამ ფოტოზე მკვლელობის ადგილას პოლიციელები მუშაობენ

მკვლელობა ვაკეში

2025 წლის მარტში გარდაიცვალა მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი, საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე გურამ მოქია, - ლევან ჯანგველაძის ახლო მეგობარი. მოსკოვში პანაშვიდების შემდეგ, მისი ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს.

ამიტომ ჩამოვიდა 14 მარტს თბილისში 58 წლის ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძეც, რომელიც, რუსეთში ცხოვრობდა.

ჩამოსვლის შემდეგ თბილისის ცენტრში, სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავებული ჯანგველაძე თბილისში ჯიპით მოძრაობდა. თან ახლდა მძღოლი და პირადი მცველი, გია ჩადუნელი.

იმავე საღამოს, დაახლოებით 22:35 საათისათვის ჯანგველაძე, ჩადუნელი და ჯანგველაძის მეგობარი, კახაბერ (კახა) ძაძამია, პანაშვიდზე მივიდნენ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, შვიდ ნომერთან.

ჯანგველაძემ მცველს დარჩენა სთხოვა, რაციით დაგიკავშირდებიო და ძაძამიასთან ერთად გადავიდა. გზად მისამართი ორ შემთხვევით ადამიანს ჰკითხა. ბინას მიაგნეს - პანაშვიდზე გარდაცვლილის ცოლ-შვილსა და ნათესავებს მიუსამძიმრეს.

მძღოლი, გია ჩადუნელი მე-7 სართულზე მაინც ავიდა, ათიოდე წუთი დაყო და ქვემოთ დაბრუნდა. იქვე, მაღაზიაში მინერალური წყალი იყიდა, გამოვიდა და, - მისივე ჩვენების თანახმად, - ცალ-ცალი თვალით სადარბაზოსა და მანქანას უყურებდა.

ერთ საათზე ნაკლებ ხანში ჯანგველაძე და ძაძამიაც ჩამოვიდნენ, - ისე, რომ, ჩადუნელის მონათხრობით, მას არ დაუნახავს. ამ დროს 23:30 საათი ხდებოდა.

მარცხენა ფოტოზე: გელა უძილაური სასამართლოში. მარჯვენა ფოტოზე: „კილერი“ ჭავჭავაძის #7-თან
მარცხენა ფოტოზე: გელა უძილაური სასამართლოში. მარჯვენა ფოტოზე: „კილერი“ ჭავჭავაძის #7-თან

რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ჯანგველაძესა და ძაძამიას უკნიდან უცხო კაცი მიჰყვა, მათთან ახლოს მივიდა და სროლა დაიწყო.

ჯანგველაძემ ჯერ გაქცევა სცადა, თუმცა რამდენიმე მეტრში, - ტროტუართან, „ზებრა“ გადასასვლელთან წაიქცა და მიღებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. მას ცხრა ტყვია ესროლეს.

ძაძამია უნივერსიტეტისკენ გაიქცა.

მკვლელმა ახლა უკვე გია ჩადუნელი ამოიღო მიზანში. ორჯერ დამიზნებით ესროლა და ორივე ფეხში დაჭრა. შემდეგ მიიმალა.

მოგვიანებით გაირკვევა, რომ „კილერი“, - ანუ დაქირავებული მკვლელი, - ჯანგველაძეს 20:40 საათიდან ელოდებოდა ჭავჭავაძის #7-თან.

გავა ექვს-ნახევარი თვე და სასამართლოში ვიდეოჩანაწერების გამოკვლევისას პროკურორი ლევან ვეფხვაძე კახა ძაძამიას ეტყვის, რომ პანაშვიდზე ასვლამდე ჯანგველაძეს სწორედ „კილერისთვის“ უკითხავს მისამართი.

გელა უძილაური სასამართლო პროცესზე
გელა უძილაური სასამართლო პროცესზე

„კილერი“ - გელა უძილაური

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის/დაცვის თანამშრომლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ვინმე გელა უძილაური, - კაცი, რომელსაც, მოკლულის ოჯახის ადვოკატის მტკიცებით, არაფერი აკავშირებდა ჯანგველაძესთან და მისი მოკვლის არანაირი პირადი ინტერესი არ გააჩნდა.

50 წლის გელა უძილაური ყოფილი სპეცრაზმელია, წარმოშობით კახეთიდან, ყვარლიდან (ყვარლის სახლში მხოლოდ მისი დედა ცხოვრობს, თავად კი თბილისში ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად).

ის წლების განმავლობაში იყო კრიმინალური ავტორიტეტის, გიორგი ჯოხაძის დაცვის თანამშრომელი, - ჯოხაძის ცოლის, ელენე ცაცუას ჩვენების თანახმად, სულ მცირე, 2021 წლიდან.

ეს ის იშვიათი ფოტოა, სადაც გიორგი ჯოხაძე და გელა უძილაური ერთად ჩანან. ჯოხაძე სუფრასთან, მარჯვნივ ზის, უძილაური კი ოთარის უკანა მხარეს, მეორე სუფრასთან. ფოტო: PrimeCrime
ეს ის იშვიათი ფოტოა, სადაც გიორგი ჯოხაძე და გელა უძილაური ერთად ჩანან. ჯოხაძე სუფრასთან, მარჯვნივ ზის, უძილაური კი ოთარის უკანა მხარეს, მეორე სუფრასთან. ფოტო: PrimeCrime

სასამართლოს მიმდინარეობისას რამდენიმე მოწმე ახსენებს, რომ უძილაური იბრძოდა უკრაინაშიც - რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თუმცა რა ხნით და სად, ასევე, იბრძოდა თუ არა დანამდვილებით, უცნობია.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობის შემდეგ უძილაური გაიქცა და იარაღი მოიშორა. გარკვეულ დროს მივიდა ვაზისუბანში, იქიდან კი ღამის 00:30 საათისთვის, ტაქსით წავიდა ქარელისკენ.

ტაქსის მძღოლმა ივერი ძაძამიამ 22 სექტემბერს სხდომაზე თქვა, უძილაური თავიდან ამბობდა, ქარელში ტრასაზე დამხვდებიანო, თუმცა არავინ დახვედრია; ამის შემდეგ თავი ყინწვისის მონასტერთან წააყვანინა.

15 მარტს მივიდა შატბერდის მონასტერში, - რომელიც ასევე ქარელის მუნიციპალიტეტში, ყინწვისიდან ნახევარი საათის გზაზე, დაახლოებით 18 კმ-შია. იქ ნახა ყვარლიდან თავისი მეზობელი, მეგობარი და ბოლო 8 წლის განმავლობაში მონასტერში მცხოვრები მორჩილი, აკაკი მაისურაძე.

მაისურაძემ პირველ ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე გაიხსენა, რომ უძილაური 15 მარტს საღამოს ექვსი საათისთვის გაუფრთხილებლად მივიდა შატბერდის მონასტერში: „მოვიდა, ტაძარში შევიდა, სანთლები აანთოო“.

ის ღამე იქ გაათია; მეორე დილას კი მაისურაძემ, თანმხლებ პირთან ერთად, უძილაური ავტობანზე ჩაიყვანა, თბილისისკენ მიმავალი „მარშრუტკა“ გააჩერა და მას გააყოლა.

„ღმერთმა გიშველოს“, - უთხრა უძილაურს მაისურაძემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის შემდეგ. უძილაურმა თავი უხმოდ დაუქნია.

რუკაზე: შატბერდის მონასტერი და ოკუპირებული ტერიტორიები (წითლად). Google Earth-ის რუკა
რუკაზე: შატბერდის მონასტერი და ოკუპირებული ტერიტორიები (წითლად). Google Earth-ის რუკა
  • ქარელის მუნიციპალიტეტი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება. ყინწვისის მონასტრიდან საოკუპაციო ხაზამდე ერთ საათზე მეტი ხნის გზა იქნება.
  • პროკურორი ვეფხვაძის თქმით, ჯერ დაზუსტებული არაა, თუმცა რახან „ის აქტიურად კომუნიკაციას“ ცდილობდა გიორგი ჯოხაძესთან, არსებობს ვერსია, რომ თავად ჯოხაძე, ან მისი ნდობით აღჭურვილი სხვა პირი უნდა დახვედროდა და დახმარებოდა - სავარაუდოდ, დე ფაქტო საზღვარზე გადასვლაში.
  • ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გარემოებები მიანიშნებს: „გელა უძილაურს ჰქონდა გარანტიები, რომ მკვლელობის შემდეგ თავისუფლად დატოვებდა თბილისს და გაანადგურებდა მტკიცებულებას“.

უძილაური „იჭედება“

გამოძიების ვერსიით, უძილაური, რომელიც ჯოხაძეს ვერ დაუკავშირდა, შატბერდის მონასტრიდან დაბრუნდა თბილისში და მივიდა სასტუმრო „თბილისი თაუერსში“, - ადგილზე, სადაც მკვლელობა დაიგეგმა. უძილაურს ჯოხაძის ნახვა უნდოდა.

„უფროსი“ ადგილზე არ დახვდა, ამიტომ სასტუმროს ტელეფონიდან რამდენჯერმე სცადა მასთან მობილურ ტელეფონზე და „ვოთსაპზე“ დაკავშირება.

იმავე დღეს (16 მარტს), ისევ ჯოხაძის ნახვის მიზნით მივიდა ჯოხაძის ნათესავის, მამუკა ბაღდავაძის სამსახურში.

გიორგი ჯოხაძე
გიორგი ჯოხაძე

გიორგი ჯოხაძე მამუკა ბაღდავაძის დეიდაშვილის ბიძაშვილია, - ეს პირველ ოქტომბერს სასამართლოში დაადასტურა ბაღდავაძის ძმამ, ოთარ ბაღდავაძემ. მისი თქმით, ძმებს „დაშლილების“ (ავტომობილების ნაწილების) ბიზნესი აქვთ ვარკეთილში, გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე.

იქიდან გელა უძილაური მამუკა ბაღდავაძეს ტელეფონით რამდენჯერმე „დაუკავშირდა“ და მასთან კომუნიკაციის დამყარების შემდეგ დაახლოებით ერთ საათში დატოვა ეს ადგილიც.

17 მარტს ჯოხაძესთან კონტაქტის დამყარების მიზნით ის კვლავ მივიდა ბაღდავაძესთან, თუმცა, პროკურატურის თანახმადვე, ჯოხაძეს ვერც ამჯერად მიაწვდინა ხმა.

უძილაური იმავე დღეს იქვე, მიმდებარედ დააკავეს.

მამუკა ბაღდავაძე კი დააკავეს ხუთი თვის შემდეგ, 12 აგვისტოს - დანაშაულის დაფარვისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით. პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, ბაღდავაძე მზადაა, მომდევნო პროცესზე - 8 ოქტომბერს - ჩვენება მისცეს სასამართლოს.

ამ დროისთვის გაურკვეველია, - თუკი ეს სცენარი სიმართლეს შეესაბამება, - რატომ არ პასუხობდა გიორგი ჯოხაძე, რომლის ინტერესებშიც უნდა ყოფილიყო თავის ნდობით აღჭურვილი პირის უსაფრთხოება, ტელეფონს და რატომ არ გავიდა უძილაურთან კონტაქტზე.

„ბომბები“ სასამართლოში

გელა უძილაური ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

29 სექტემბერს, როდესაც სასამართლოში მისი ცოლ-შვილი გამოცხადდა, მათ უარი თქვეს ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

19 სექტემბერს უძილაურის ადვოკატმა გიორგი გამხიტაშვილმა თქვა, რომ ყვარელში უძილაურის სახლის გადაწვა სცადეს, ხოლო ოჯახის წევრებს - დაემუქრნენ. გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით შედეგის გარეშე.

ჯერ 24 სექტემბერს და შემდეგ პირველ ოქტომბერს, - როცა უძილაური იკითხებოდა, - სასამართლოში „ბომბზე“ (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ცრუ) შეტყობინების შემდეგ ევაკუაცია გამოცხადდა. უძილაური ორივეჯერ გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში.

უძილაურის ადვოკატმა არ გამორიცხა, ეს ამბავი ჩვენს საქმესთან იყოს კავშირშიო, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ პირველ ოქტომბერს „იმედთან“ ინტერვიუში სახელმწიფო დაწესებულებებში „ბომბზე“ ცრუ განგაშის ატეხა უკრაინასა და იქიდან „გადატრიალების გეგმებს“ დაუკავშირა.

„გარანტია“ და ცვლილებები ხელისუფლებაში

ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატისათვის, ტარიელ კაკაბაძისათვის საეჭვოა გარემოება, რომ შუა ჭავჭავაძეზე მკვლელობის შემდეგ პოლიციამ ვერ დააკავა თავდამსხმელი:

„მთელი ამ დროის განმავლობაში ეს ადამიანი [გელა უძილაური] ფეხით დადის, სახეს არ მალავს და ცხელ კვალზე არ დაუკავებიათ“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

„ყველაფერი ადასტურებს, რომ ამ ადამიანს [„კილერს“] ჰქონდა გარანტიები სახელმწიფოს მაშინდელი ინსტიტუტებისა და ზოგიერთი ხელმძღვანელის მხრიდან“, - ასეთია ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის პოზიცია.

ადვოკატის ეჭვების პარალელურად, 2025 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ძალოვან სტრუქტურებში მთელი რიგი ცვლილებები ხდება.

ოფიციალურად, ეს ცვლილებები საქმესთან არ დაკავშირებულა, თუმცა მათი ქრონოლოგიური თანხვედრა დამატებით შეკითხვებს ბადებს ინსტიტუციურ პასუხისმგებლობასა და ეფექტურობაზე. მაგალითად:

  • სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, - წარსულში ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მაღალ პოზიციებზე დასაქმებული, - ორ აპრილს მოხსნეს, - როდესაც უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში გასდიოდა. ჯერ სხვა თანამდებობას შეჰპირდნენ - რეგიონული განვითარების მინისტრობას, - თუმცა არც იქ დანიშნეს.
  • შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, - ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, რომელსაც 2024 წლის აქციების დარბევის შემდეგ სანქციები დაუწესეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა, - 28 მაისს გადადგა. ის შეცვალა გელა (გეკა) გელაძემ, - მამუკა მდინარაძის მეგობარმა.
  • გრიგოლ ლილუაშვილი დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა შეცვალა, 23 აგვისტოს კი მანაც დატოვა პოსტი და ის უკვე მამუკა მდინარაძემ ჩაანაცვლა.
  • გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, - 2024 წლის მაისში დანიშნული გენ.პროკურორი, რომელსაც 10 აპრილს დაუწესა ბრიტანეთმა სანქციები, - ოთხ ივნისს მოხსნეს და გენერალურ აუდიტორად განაწესეს. პოსტი გადაიბარა გიორგი გვარაკიძემ, რომელიც სისტემაში 2003 წლიდან მუშაობს.
  • შეიცვალა ჯანგველაძის საქმის პროკურორიც. გია შაიშმელაშვილი, - ვისთანაც ოჯახის ადვოკატს პრეტენზიები ჰქონდა და გამოძიებისათვის „კრიტიკულად მნიშვნელოვანი დროის დაკარგვაში“ ადანაშაულებდა, - ლევან ვეფხვაძემ ჩაანაცვლა.
პროკურორი გია შაიშმელაშვილი (შუაში) სასამართლოზე
პროკურორი გია შაიშმელაშვილი (შუაში) სასამართლოზე

გია შაიშმელაშვილი ასევე იყო ვერაზე „კანონიერ ქურდ“ გია კვარაცხელიას 22 წლის ვაჟის, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორი.

ნიკო კვარაცხელიას დედამ წელს, 17 ივლისს კიდევ ერთხელ მოითხოვა საქმიდან შაიშმელაშვილის ჩამოშორება: „ჩამოაშორეთ ნიკო კვარაცხელიას საქმეს პროკურორი შაიშმელაშვილი და გადააკვალიფიცირეთ საქმე როგორც შეკვეთილი მკვლელობა“, - დაწერა მან ფეისბუკზე.

  • პოსტი ასევე დატოვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის („ფინანსური პოლიციის“) უფროსმა სოსო რამიშვილმა. ის ორ აპრილს გადადგა. 24 ივნისს პოსტი გადაიბარა მიხეილ მაღლაკელიძემ, დაცვის პოლიციის ყოფილმა უფროსმა.


ფინანსური პოლიცია ის უწყებაა, რომელიც საქმეში პირდაპირ ფიგურირებს.

ორი მოწმის ჩვენებით, სწორედ ამ შენობაში გამართეს შეხვედრა 2024 წელს მოკლულმა ჯანგველაძემ და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ბიზნეს-ინტერესებზე სასაუბროდ.

ფარცხალაძე 2013 წლამდე ამ სამსახურის უფროსი იყო. პროკურატურაშიც და ფინანსურ პოლიციაშიც მისი მოადგილე აწ უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე იყო.

კითხვაზე, ხედავს თუ არა კავშირებს ცვლილებებსა და ჯანგველაძის მკვლელობას შორის, ადვოკატი კაკაბაძე გვეუბნება, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს:

„თუმცა ერთ ამას ვიტყვი: ფაქტია, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეზე პროკურორი შეიცვალა, ჩატარდა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც თვეებით ადრე უნდა ჩატარებულიყო. ასეთ შემთხვევაში, საქმეში იქნებოდა ბევრად მეტი დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულება, ვიდრე დღეს არის. ამაში ვარ დარწმუნებული“.

„ავტორიტეტი“?

გამოძიების ვერსიით, საქმის შემდეგი მნიშვნელოვანი მონაწილე გიორგი ჯოხაძეა.

ჯოხაძეს, - რომელსაც ბრალდებული გელა უძილაური იცავდა და რომელიც ძმებ მიქაძეების ახლო მეგობარია, - მედიაში „კრიმინალურ ავტორიტეტად“ მოიხსენიებენ.

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების სქემაში, გამოძიების ვერსიით, სწორედ ის იყო გელა უძილაურთან კავშირზე; მკვლელობის იარაღის შოვნაშიც, გამოძიების ვერსიით, ჯოხაძე მონაწილეობდა და „კილერად“ უძილაურის შერჩევაშიც.

ის წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი, მათ შორის 2013 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით.

გიორგი ჯოხაძის დაკავება 2013 წელს. „სკრინშოტი“ შსს-ის კადრებიდან
გიორგი ჯოხაძის დაკავება 2013 წელს. „სკრინშოტი“ შსს-ის კადრებიდან

ჯოხაძე ცოლთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა თბილისში 2025 წლის აპრილამდე, - ქვეყნიდან გასვლამდე. ოჯახი საქართველოში დატოვა.

ცოლის ჩვენებით, წლებია, არ ხმარობს საბანკო ბარათებს, - ძირითადად, „ქეშით“ იხდის.

ახლა საზღვარგარეთ იმალება. „ორივე ბავშვს ვფიცავარ, არ ვიცი, სად არის“, - თქვა მისმა მეუღლემ, ელენე ცაცუამ 1 ოქტომბერს სასამართლოზე.

მანამდე კი უკრაინაში ცხოვრობდა დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაში, - ყოველ შემთხვევაში, ასე უთხრა მოსამართლეს მისმა მეუღლემ.

უკრაინაში ოჯახით მას შემდეგ გადავიდა, რაც თბილისში 2016 წლის 2 სექტემბერს მისი ძმა, სოსო ჯოხაძე მანქანაში ჩაცხრილეს.

სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის არის დაპატიმრებული ბადრი („ბადუკა“) ნათენაძე. ძმებ ჯოხაძეებს მასთან დაპირისპირების ხანგრძლივი ისტორია ჰქონდათ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, წარსულში მომხდარი ინციდენტისას ერთ-ერთ კაფეში „ჯოხაძეებმა მას ყური მოაჭრეს“, - ნათენაძის ადვოკატი „ყურზე დაზიანების კვალს“ ადასტურებდა.

გამოძიების ვერსიით, ის ბრალი, რაც გიორგი ჯოხაძეს აქვს წაყენებული, გადაჯაჭვულია ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებთან. პროკურატურის თანახმად, ჯოხაძე იყო ძმები მიქაძეების „მეგობარი და ნდობით აღჭურვილი პირი“.

მიმალული გიორგი მიქაძის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, ჯოხაძეს „არანაირი კავშირი არ აქვს“ მიქაძეებთან. „უბრალო ნაცნობობა არ ნიშნავს, რომ რაიმე კავშირი აქვს მათთან“, - უთხრა მან ჟურნალისტებს, როცა მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა.

გამოძიების ვერსია ასეთია:

  • ძმებ მიქაძეებს ბიზნესის გამო „გარკვეული უთანხმოება და დაპირისპირება“ ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან“.
  • სწორედ მიქაძეებმა, - „ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით“ (გამოძიებას არ უთქვამს ვინ არის ეს ხალხი), - დაგეგმეს „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობა.
  • მიქაძეები, თავის მხრივ, დაუკავშირდნენ „მეგობარსა და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს“, „გაანდვეს მკვლელობის გეგმა“ და უკვე სამივემ ერთად „დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება“;
  • „მათ შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან, გელა უძილაურთან“;
  • უძილაურს გაანდვეს მკვლელობის გეგმა და „გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ“ - რა თანხისა, ჯერ არ დასახელებულა, - „შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა“.


ჯოხაძე და მიქაძეები უძილაურს „სისტემატურად აწვდიდნენ დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო ინფორმაციასო“, - წერს პროკურატურა, თუმცა მათ საიდან ჰქონდათ ეს ინფორმაცია, არ განმარტავს.

შემდეგ საქმეში ჩნდება მკვლელობის იარაღი - რომელსაც უძილაურს, სავარაუდოდ, ვერეს ხეობაში უტოვებენ, - და კიდევ ორი ახალი ფიგურანტი: სანდრო წივწივაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი.

სავარაუდოდ, „კილერი“ ვერეს ხეობიდან იღებს მისთვის დატოვებულ იარაღს
სავარაუდოდ, „კილერი“ ვერეს ხეობიდან იღებს მისთვის დატოვებულ იარაღს

მკვლელობის იარაღის მეპატრონე

გამოძიების ვერსიით, მკვლელობის იარაღი ეკუთვნოდა 28 წლის სანდრო წივწივაძეს. ის 25 მაისს - მკვლელობიდან ორი თვის შემდეგ - დააკავეს იარაღის „გასაღების“ ბრალდებით.

წივწივაძისაგან იარაღები - მრავლობით რიცხვში -გიორგი ჯოხაძემ და ერთმა ახალგაზრდამ, გიორგი კაჭკაჭაშვილმა შეიძინესო, - ამბობს პროკურატურა.

ამავე ვერსიით, ერთ-ერთი ეს პისტოლეტი - GLOCK 19 - ჯოხაძემ უძილაურს გადასცა ჯანგველაძის მოსაკლავად.

წივწივაძემ სასამართლოზე იარაღის უკანონოდ გასაღების ბრალი უარყო და თქვა, რომ იარაღი, - რომლის მასრებიც მას დაკავებამდე, გამოკითხვისას აჩვენეს, - 2019-20 წლებში დაკარგა.

„ლევან ჯანგველაძეს არ ვიცნობდი, მაგრამ ქალაქიდან უდიდეს პატივს ვცემდი და ჩემთვის ერთ-ერთი კარგი ადამიანი იყო“, - თქვა მან.

სწორედ წივწივაძეა ის, ვის აწ უკვე ყოფილ ადვოკატზე მუქარის ბრალდებითაც 17 სექტემბერს დააკავეს დავით მიქაძის დაცვის წევრი, ლაშა მაისურაძე, მიქაძეს კი „მუქარის“ ბრალი დაუსწრებლად დაუმატეს.

ადვოკატის მონათხრობის თანახმად, მაისურაძემ ტელეფონი მიუტანა - „დათუნას [მიქაძეს] უნდა შენთან საუბარიო“, ტელეფონში „ბლატნოი ხმით“ უთხრეს, რომ ფრთხილად ყოფილიყო, შემდეგ კი ტელეფონში მესამე ადამიანის ხმა გაიგო: „ეს უნდა დავბრიდო“.

ლაშა მაისურაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც არავის დამუქრებია და არც არავის დახმარებია მუქარაში. ამბობს იმასაც, რომ ტელეფონი ლაშა მაისურაძისა არ ყოფილა.

გიორგი კაჭკაჭაშვილი

როგორც აღმოჩნდა, პოლიციამ გიორგი კაჭკაჭაშვილს მობილურ ტელეფონს, - სადაც, გამოძიების თანახმად, მკვლელობის იარაღზეც ინახებოდა მნიშვნელოვანია ინფორმაცია, - სულ სხვა საქმის გამოძიებისას მიაგნო.

2025 წლის 10 მაისს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველომ, - რომელიც, ძირითადად, ორგანიზებულ დანაშაულს იძიებს, - გამოძიება დაიწყო „გამოძალვის საქმეზე“.

რამდენიმე ადამიანი გაჩხრიკეს, - მათ შორის 18 ივლისს გიორგი კაჭკაჭაშვილიც. მას 20 წუთიანი ჩხრეკის შემდეგ iPhone 15 Pro Max-ი ჩამოართვეს და დალუქეს.

ტელეფონი ინახებოდა ერთ-ერთ გამომძიებელთან, სანამ მოგვიანებით, 7 აგვისტოს, ჯანგველაძის საქმის გამომძიებელმა დავით კალატოზმა არ მოითხოვა ტელეფონის „გახსნა“. საბოლოოდ გამოძიებამ ტელეფონში შეაღწია.

საქმის დეტექტივი რობიკო გოგიაშვილის თქმით, მან მიიღო „ოპერატიული ინფორმაცია“, რომლის თანახმადაც კაჭკაჭაშვილი „ძმები მიქაძეების დაჯგუფების წევრი იყო“ და მის ტელეფონში იყო ინფორმაცია „სანდრო წივწივაძის იარაღების შესახებ“. „ოპერატიული ინფორმაციის“ წყარო არც ამ შემთხვევაში დაუსახელებია.

კაჭკაჭაშვილის ადვოკატი შოთა მანელიძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც კაჭკაჭაშვილის ბრალეულობას დაადასტურებდა.

  • გიორგი კაჭკაჭაშვილი ფიგურირებს კიდევ ერთ საქმეში, რომელიც ქურდულ სამყაროს უკავშირდება, - თუმცა, როგორც დაზარალებული;
  • საქმე გარდაცვლილი „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას ვაჟებს, დავით და გურამ (გუგა) კაკულიებს ეხება.
  • 2022 წლის 27 მაისს კაკულიებმა ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე სცადეს სერგი ქურთიაშვილის მოკვლა, რა დროსაც ფეხში დაიჭრა კაჭკაჭაშვილიც.
  • ქურთიაშვილმაც და კაჭკაჭაშვილმაც უარყვეს, რომ თავდამსხმელები კაკულიები იყვნენ, თუმცა სასამართლომ მათ 2023 წლის 10 თებერვალს პატიმრობა მიუსაჯა.
  • მოგვიანებით, 2024 წელს, ქურთიაშვილი ვაკეში, ტაბიძის ქუჩაზე კაკულიების დეიდაშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს.

„თვალთვალი“ და „მომზადება“

დავუბრუნდეთ, გამოძიების ვერსიით, მკვლელობის სქემას - როგორ განვითარდა მოვლენები მკვლელობის იარაღის შოვნის პარალელურად.

7 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე, გარკვეულ შუალედში, უძილაური საბერძნეთში იმყოფებოდა.

დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა „ოპერატიულ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით თქვა, რომ უძილაური „კვალის არევის მიზნით საბერძნეთში გაუშვეს, რომ ვითომ კვალი იქაურ ე.წ. კანონიერ ქურდებზე გასულიყო“.

გამოძიების თანახმად, 15 თებერვალს ჯოხაძემ საბერძნეთიდან დაბრუნებულ უძილაურს შეხვედრა დაუთქვა სასტუმრო „თბილისი თაუერთან“.

  • 19:14 საათისთვის უძილაური დათქმულ ადგილზე მივიდა, შეხვდა ჯოხაძეს, ცოტა ხანში კი ამავე სასტუმროში დათუნა და გიორგი მიქაძეებიც მივიდნენ.
  • ჯოხაძემ და უძილაურმა აქ „განიხილეს დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი დეტალები“, მათ შორის, ჯოხაძემ „კილერს“ მიაწოდა „მიქაძეებისგან მიღებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის და დაბინავების შესახებ“.
  • იმ საღამოს უძილაურს ჯანგველაძის თვალთვალი დაევალა, - „მკვლელობისათვის შესაფერისი დროის და ადგილის შერჩევის მიზნით“.
  • მეორე დღეს, 16 თებერვალს ლევან ჯანგველაძე საქართველოში ჩამოვიდა. დაბინავდა სასტუმრო „ამბასადორში“, - სწორედ იქ, სადაც მომდევნო ჩამოსვლის დროსაც რჩებოდა.
  • „იცოდა რა ლევან ჯანგველაძის ადგილსამყოფლის შესახებ, ისიც მივიდა სასტუმრო ამბასადორთან და დაიწყო ლევან ჯანგველაძის თვალთვალი.

უძილაური თვალთვალის დროს მიღებულ ინფორმაციას კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით აწვდიდა უშუალოდ გიორგი ჯოხაძესა და ძმებ მიქაძეებს „ასევე სხვა პირთა ინფორმირების მიზნით“.

პროკურატურა არც აქ ასახელებს ამ „სხვა პირების“ ვინაობას.

საქმის მასალების თანახმადვე, თებერვალში, ჯანგველაძის „ამბასადორში“ დაბინავების შემდეგ, გელა უძილაურმა სასტუმროს ავტომობილს ესროლა, სასტუმროს თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, ადვოკატის თქმით, მათ არ უცდიათ დამნაშავის დადგენა.

ადვოკატ კაკაბაძის ვარაუდით, უძილაურმა ამ გასროლით „გადაამოწმა, საგამოძიებო ორგანო მოახდენდა თუ არა რეაგირებას“.

პროკურატურის თანახმად, ბოლოს, უკვე მარტში, მიქაძეებმა გიორგი ჯოხაძის საშუალებით უძილაურს „მიაწოდეს ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ“.

საიდან იცოდნენ ძმებმა ეს ინფორმაცია, - „კანონიერი ქურდის“ გავლენიანი ძმის მოგზაურობისა და მარშრუტის შესახებ - პროკურატურა (ჯერჯერობით) არ აზუსტებს. .

ვინ არიან მიქაძეები და რა ბიზნესი აქვთ

51 და 43 წლის გიორგი და დავით მიქაძეები, - ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარემოცვა, - არაერთ ლეგალურ ბიზნესში ფლობელ წილებსა და მმართველ პოზიციებს; გიორგი მიქაძეს საქართველოსა და კანადის ორმაგი მოქალაქეობა აქვს; ისინი თბილისის ელიტარულ წრეში მიღებული ხალხია.

მაგალითად, გიორგი მიქაძე დაკავებამდე იყო „სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი – ემ|გრუპის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ეს კომპანია ფლობს „ყვარლის ტბას“, „პურის სახლს“, „მონოგრაფს“, „მასპინძელოს“.

არის „სეგუროს“ - სასურსათო პროდუქციის იმპორტიორი ფირმის - 34.4%-ის მფლობელი.

ოთარ ფარცხალაძე (შუაში) და გიორგი (მარცხნივ) და დავით მიქაძეები.
ოთარ ფარცხალაძე (შუაში) და გიორგი (მარცხნივ) და დავით მიქაძეები.

დათუნა მიქაძეც არაერთ ბიზნესშია. მაგალითად, ის ფლობს 45%-იან წილს კომპანია „მაიფონში“ (VoIP სერვისების პროვაიდერი კომპანია), რომელსაც 2023 წელს 2.4 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა. დანარჩენი 55% ეკუთვნის ანზორ ბუბუტეიშვილს.

  • არჩილ ბუბუტეიშვილი ცნობილი ფიგურაა რუსული გავლენების მკვლევართათვის: ის ხშირად მონაწილეობს რუსეთში ოფიციალურ ღონისძიებებში, სადაც ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენაზე საუბრობენ;
  • ამავე დროს, ის თავმჯდომარეობს „კონსერვატორთა კავშირს“, - ააიპ-ს, რომელიც ოთარ ფარცხალაძის ვაჟმა, ანდრია ფარცხალაძემ დააფუძნა.

ჩიმაევის მეგობრებში

დათუნა მიქაძე არაერთ უძრავ ქონებას ფლობს, მათ შორის 1400 კვადრატულ მეტრ მიწას მუხათწყაროში.

ეს ნაკვეთი მისგან 2024 წლის 4 მარტიდან იჯარით აქვს აღებული კიდევ ერთ ბიზნესმენს, საბა მიქავას, რომელიც ძვირადღირებული ავტომობილებისა და საათების ბიზნესშია. მიქაძის მიწის გვერდით მიქავას 900-მდე კვადრატული მეტრის მიწაა.

საბა მიქავა, - რომელიც კანონიერი ქურდის, ლუგანსკში 2002 წელს მოკლული ტარიელ მიქავას („კემეს“) შვილია, - ცოტა ხნის წინ ყურადღების ცენტრში მოექცა, მაშინ როდესაც წალენჯიხაში კახა კალაძის მასპინძლობდა და MMA-ის მებრძოლ ჰამზატ ჩიმაევს ფერარი აჩუქა.

ჩიმაევთან ერთად ფოტოებში დათუნა მიქაძეც ჩნდება. აი, ისინი სასტუმრო „სტამბაში“ - სავარაუდოდ, 2024 წლის დეკემბერში.

ხამზატ ჩიმაევი და დათუნა მიქაძე
ხამზატ ჩიმაევი და დათუნა მიქაძე

აქ კი უფრო ფართო წრეში - ჩიმაევთან და გურამ ქუთათელაძესთან ერთად.

დავით მიქაძე (მარჯვნიდან პირველი) და MMA-ის მებრძოლები, გურამ ქუთათელაძე (მარჯვნიდან მესამე) და ხამზატ ჩიმაევი (მარცხნიდან მეორე)
დავით მიქაძე (მარჯვნიდან პირველი) და MMA-ის მებრძოლები, გურამ ქუთათელაძე (მარჯვნიდან მესამე) და ხამზატ ჩიმაევი (მარცხნიდან მეორე)

ამ ყველაფერთან, - ბიზნესწილებთან, ცნობილ მეგობრებთან, - ერთად, მიქაძე წლების განმავლობაში მედიის ყურადღების ცენტრში არცთუ სასიამოვნო გარემოებების გამოც მოქცეულა.

2019: „ჯოჯოხეთში გასეირნებ“

2019 წელს, - ქაშუეთთან ვინმე დავით გულიაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ათიოდე დღეში, როდესაც მიქაძე პოლიციელებმა დააკავეს, - მანქანის უკანა სავარძელში ჩამჯდარმა შსს-ის უფორმო თანამშრომლებს უყვირა და „ჯოჯოხეთში გასეირნებით“ დაემუქრა:

„შენი შეშინებულის დედა მოვ**ან ბიჭო! ხელს მოგკიდებ, ჯოჯოხეთში გასეირნებ“...

დათუნა მიქაძის შელაპარაკება პოლიციასთან
please wait

No media source currently available

0:00 0:00:54 0:00

მაშინ, „მთავარის“ ცნობით, საპატიმროში მხოლოდ სამი თვე გაატარა, - მოგვიანებით კი უკვე გულიაშვილი დააკავეს იარაღის უკანონო ფლობისთვის და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

სავარაუდოდ, პოლიციასთან ამ დაპირისპირების შემდეგ გამოკითხვისას პოლიციელებს უხსნიდა: „დღევანდელი დღე მორალურ ჭრილში რომ განვიხილოთ… „მარალნა“ ჩვენ ვართ მართლები, „ზაკონნა“ თქვენ ხართ მართლები“.

2024: დაპირისპირება დემონსტრანტებთან

2024 წლის 6-7 დეკემბრის ღამეს, დაახლოებით ღამის სამი საათისთვის, პრო-ევროპული აქციის მონაწილე დემონსტრანტები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიდიოდნენ.

საავტომობილო გზაზე ორ „ჯიპში“ მსხდარ კაცებთან ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება იწყება. ინციდენტი „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის წინ ხდება.

გადაღებულია, როგორ გადმოდის მანქანიდან რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მიქაძე - დაცვის წევრებთან ერთად. სულ მცირე, ერთ-ერთი მათგანი შეიარაღებულია.

მიქაძე მანქანაში ჯდება, შუა თითს აჩვენებს დემონსტრანტებს და ტერიტორიას ტოვებს.

და, მაინც, ვინ იყო ლევან ჯანგველაძე?

„ლევან ჯანგველაძის ძმა, მერაბ „სოხუმსკი“, ამჟამად კანონიერ ქურდებს შორის ოთხი ყველაზე გავლენიანი ფიგურიდან ერთ-ერთია. და არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ეს ნახევრად ლევანის დამსახურებაა“, - ეუბნება რუსულ მედია lenta.ru-ს რუსული კრიმინალური სამყაროს ქრონიკების მემატიანის, PrimeCrime-ის რედაქტორი, ლილია ხარინა.

წარმოშობით სოხუმელი ძმები ათწლეულების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდნენ. ლევანი სიცოცხლის ბოლომდე. მერაბი წლებია, ევროპაში, სავარაუდოდ, იტალიაში ცხოვრობს.

1990-იანი წლების დასაწყისისთვის მერაბ ჯანგველაძეს უკვე ჰქონდა ძლიერი გავლენები კრიმინალურ სამყაროში. ლევან ჯანგველაძეს კი რუსულ მედიაში ხშირად კრიმინალური იმპერიის „რუხ კარდინალს“ ეძახდნენ.

მერაბ ჯანგველაძე
მერაბ ჯანგველაძე

PrimeCrime-ის თანახმად, ლევან ჯანგველაძე „აგვარებდა მგრძნობიარე საკითხებს, რომელთა მოგვარებაც თავად მერაბ ჯანგველაძეს სტატუსის გამო არ შეეძლო, მათ შორის სამართლებრივ საკითხებსა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობას“.

რედაქტორის თქმით, „ჯანგველაძის გავლენის ქვეშ იყო КГБ-ის არაერთი გენერალი“, - თუმცა ამ ინფორმაციის წყარო რა არის, უცნობია.

უფრო დაზუსტებული ცნობებით, ლევან ჯანგველაძე, სულ მცირე, სარესტორნო ბიზნესში იყო. ჯანგველაძეს რუსეთში რესტორნის ბიზნესი რომ ჰქონდა, ამას ჰყვება მისი მძღოლი/მცველი გია ჩადუნელი, - რომელიც 17 წელია, იცნობს ჯანგველაძეების ოჯახს.

2025 წელს, გარდაცვალების შემდეგ, ლევან ჯანგველაძის სახელი ჩნდება OCCRP-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში. გამომძიებელი ჟურნალისტების თანახმად:

  • ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარიში მდებარე ქართულ რესტორან „ფიროსმანს“ ფლობს რუსეთის მოქალაქე ასმათ შანავა;
  • შანავას აქვს კავშირები, ერთი მხრივ, რუსეთის ხელისუფლებასთან (ევროკავშირის მიერ სანქცირებულ „პრავფონდს“ აქტიურად ეხმარებოდა ფინანსურ ტრანზაქციებში) და მეორე მხრივ, რუსულ კრიმინალურ სამყაროსთან;
  • კერძოდ, მისი რესტორნის მისამართზე რეგისტრირებულია „კანონიერ ქურდებთან“ დაკავშირებული სამი კომპანია. მათ შორის ერთი - Violeta trade sro - ეკუთვნოდა ლევან ჯანგველაძეს.

შურისძიება „დედ ჰასანის“ მკვლელობისთვის?

PrimeCrime-ის ციფრულ გვერდებზე წლების განმავლობაში გავრცელებულ ვერსიებს შორის, ჯანგველაძეებზე წერდნენ, რომ იდგნენ „იაპონჩიკისა“ (ვიაჩესლავ ივანკოვის) და „დედ ჰასანის“ მკვლელობის უკან.

„დედ ჰასანი“, იგივე ასლან უსოიანი, - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდი, თბილისელი ქურთი, - 2013 წელს მოსკოვში მოკლეს. სწორედ ის ითვლებოდა რუსული კრიმინალური სამყაროს უპირობო ლიდერად.

მისი მკვლელობის შემდეგ კრიმინალურ სამყაროში დაწინაურდა კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“, შაქრო კალაშოვი, - „დედ ჰასანის“ მსგავსად, თბილისელი ქურთი იეზიდი. 2024 წელს დატოვა საპატიმრო და თქვა, რომ მოსკოვში გადასახლდა.

ჯანგველაძეები უსოიანის მკვლელობასთან კავშირს უარყოფდნენ. მათმა მამიდაშვილმა, მიხეილ ბერძენიშვილმა სასამართლოზე თქვა:

„ერთადერთხელ მივეცი თავს უფლება, მეკითხა [რამე კავშირი ხომ არ გაქვთ-მეთქი]. როცა „დედ ჰასანი“ მოკლეს, ხშირად რუსეთის ტელევიზიაში ნახსენები იყვნენ ჩემი ძმები - ჯანგველაძეები და სხვები. ლევანმა მითხრა, არანაირი კავშირი და შეხება არ მქონია ამ პიროვნებასთან და მის მკვლელობასთანო“.

მაგრამ გამოძიება მოტივის ერთ-ერთ ვერსიად შურისძიებას ამუშავებს. ამაზე მიანიშნებს, სულ მცირე, ის რაც პროკურორმა ჯანგველაძის მამიდაშვილს ჰკითხა; ასევე, დეტექტივ რობიკო გოგიაშვილის ჩვენება.

29 სექტემბერს პროკურორის კითხვას, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი, ირაკლი უსოიანი ხომ არ იყო დაინტერესებული ჯანგველაძეებით, მიხეილ ბერძენიშვილმა ასე უპასუხა:

„ოჯახის წევრები, შვილი და შვილიშვილი ეძებდნენ მამის და ბაბუის მკვლელს, თანხასაც იხდიდნენ ინფორმაციისთვის, რომ ვიღაცას რაღაც ინფორმაცია მიეწოდებინა. რამდენიმე მილიონზეც იყო საუბარი, რომ შური ეძიათ“.

„დედ ჰასანის“ შვილიშვილი, ირაკლი უსოიანი. წყარო: ტელეგრამ-არხი BAZA
„დედ ჰასანის“ შვილიშვილი, ირაკლი უსოიანი. წყარო: ტელეგრამ-არხი BAZA

მანამდე, 24 სექტემბერს, დეტექტივმა გოგიაშვილმა სასამართლოზე თქვა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას „ოპერატიული ინფორმაცია“ მიიღო ინფორმატორისგან - რომელსაც არ ასახელებს და ამას არც სასამართლო სთხოვს - რომლის თანახმადაც:

  • ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რაც სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს შეეხებოდა;
  • ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ფიზიკურ ზემოქმედებას, რადგან ლევანის ძმა „კანონიერი ქურდია“;
  • ეს ვითარება იცვლება, როდესაც სცენაზე შემოდის „დედ ჰასანის“ შვილიშვილი ირაკლი უსოიანი, - რომელიც, რუსული მედიის ცნობით, ბაბუის გზას აგრძელებს.
  • ამ ოპერატიული ინფორმაციითვე, „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს, ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. რის შემდეგადაც შეირჩა გელა უძილაური.

დავით მიქაძე იშვიათ სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, რომ ბრალდება „აგებულია ცილისწამებასა და ტყუილზე“ და „ვიღაცა პოლიციელის გაცხადებული ინფორმაცია … არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება“.

კიდევ ერთი „ქურდის“ სახელი ქართულ პოლიტიკაში

ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით კიდევ ერთი „კანონიერი ქურდის“ სახელი ამოტივტივდა - ტარიელ ონიანი.

წარსულში ნასამართლევი ონიანი ჯანგველაძეების ახლო მეგობარია - იწერება რუსულ კრიმინალურ ქრონიკებში; ასევე, შაქრო კალაშოვის მეტოქედ (კალაშოვს, თავის მხრივ, ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოკლულ „დედ ჰასანთან“).

შუა სექტემბერში ტარიელის ონიანის ვაჟის ქორწილში გამოჩნდა პაატა ბურჭულაძე, - საოპერო მომღერალი, ახლა უკვე პოლიტიკოსი, რომელიც 4 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო დემონსტრაციისა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ ორგანიზატორია, - დაპატიმრებულ ლევან ხაბეიშვილთან ერთად.

ონიანის ვაჟი, ბუბა-უშბა ონიანი პაატა ბურჭულაძის ნათლულია. ბურჭულაძის თქმით, ონიანთან წლებია, მეგობრობს.

მერაბ ჯანგველაძე (მარცხნივ) და ტარიელ ონიანი
მერაბ ჯანგველაძე (მარცხნივ) და ტარიელ ონიანი

„რა მაქვს დასამალი? ტარიელთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მრავალი, ძალიან ბევრი წელია“, - განაცხადა ბურჭულაძემ 23 სექტემბერს.

ტვ პირველზე ინტერვიუში თქვა ისიც, რომ მოკლულ ლევან ჯანგველაძესაც იცნობდა და მეგობრობს მის ძმასთან, მერაბ ჯანგველაძესთან.

კითხვაზე, ქორწილში გამოჩენა იყო თუ არა მისი მხრიდან რაიმეს დემონსტრირება იმის ფონზე, რომ „ქართულ ოცნებას“ დაძაბული ურთიერთობა აქვს კრიმინალური სამყაროს გარკვეულ წრეებთან, ბურჭულაძემ თქვა:

„ღიად შემიძლია ვთქვა, რომ მერაბ ჯანგველაძე ჩემი მეგობარია. ძალიან დიდი ხნის. ლევანს კიდე ძალიან კარგად ვიცნობდი“, - თქვა მან.

„დღეს [ეს ფოტოები] ვანახე იმიტომ, რომ მეამაყება. რა მოჰყვება ამას, მაგი თქვენთვის მომინდია“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

„ჯანგველაძე vs მიქაძეები“

მამიდაშვილის ჩვენებით, ლევან ჯანგველაძე „უკონფლიქტო“ იყო, თუმცა ძმებ მიქაძეებთან და ოთარ ფარცხალაძესთან უთანხმოება ჰქონდა, რაც სავარაუდოდ, სიგარეტისა და „კოკა-კოლის“ ბიზნესს უკავშირდებოდა.

შემდეგ გაიხსენა ჯანგველაძის უსიამოვნო შეხვედრა „ერთ-ერთ მიქაძესთან“, როგორც ახსოვს, 2024 წელს:

„ლევან ჯანგველაძე რომელიღაც სასტუმროში ძმაკაცს მიჰყვა, როგორც მითხრა, იქ ერთ-ერთი მიქაძე დახვდა, სადაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. ცოტა გაბრაზებული მოვიდა. მას შემდეგ, ბოლო პერიოდში ძმები მიქაძეები არ უხსენებია“.

გაიხსენა ისიც, რომ ერთხელ რესტორან „მეტეხის ჩრდილში“ შემთხვევით შეხვდნენ, მეორედ კი „ამბასადორში“, სადაც „ვახშამი იყო გაშლილი“, რა დროსაც მიქაძეები შევიდნენ: „ჩემს ძმას [ლევან ჯანგველაძეს ის ასე მოიხსენიებს] არ ესიამოვნა, მაგრამ ხელი ჩამოართვა, მიესალმა“.

დავით მიქაძე
დავით მიქაძე

მიხეილ ბერძენიშვილმა თქვა, რამდენჯერმე ტელეფონში საუბრის დროს „გაბრაზებული ტონით“ უხსენებია მიქაძეებიო.

„ჩავეძიე, რა იყო, ხომ მშვიდობაა-მეთქი. საშიში ხალხი არიან, დიდი გავლენები აქვთ ქალაქში და საშიშები არიანო, მითხრა“, - თქვა ბერძენიშვილმა.

ასევე განაცხადა, რომ „რომელიღაცა ძმას ნათელ-მირონობა აკავშირებს“ „დედ ჰასანის“ შვილიშვილთან, ირაკლი უსოიანთან.

დავით მიქაძის თქმით, მას „არანაირი ბიზნესი“ არ ჰქონია მოკლულთან, ასევე, „არც საერთო ინტერესები და არც დაპირისპირება“.

„რომ გაეცნობით [საქმეს], ნახავთ, რომ ამ მოტივით არის ბრალში მითითებული, თუ რატომ „დავაორგანიზეთ“ ეს თემა. კატეგორიულად უარვყოფ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ბრალი აგებულია ცილისწამებასა და ტყუილზე“, - აცხადებს ის „ფორმულასთან“ ინტერვიუში.

„ჯანგველაძე vs ფარცხალაძე“

ჯანგველაძის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი, აშშ-ისა და ბრიტანეთის მთავრობების მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე სამმა მოწმემ ახსენა.

ერთი საქმის გამომძიებელი რობიკო გოგიაშვილი იყო, - როგორც ზედა თავშია აღწერილი, მეორე - მძღოლი/მცველი გია ჩადუნელი, მესამე კი ჯანგველაძის მამიდაშვილი მიხეილ ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილის ჩვენებით, მისმა აწ-გარდაცვლილმა ბიძაშვილმა ოთარ ფარცხალაძე მოსკოვში გაიცნო და „ტელეფონზეც ესაუბრებოდა ხოლმე“. „აფრთხილებდნენ [ფარცხალაძესთან] ახლო ურთიერთობა არ ჰქონოდა“, თუმცა მასთან მაინც ხშირი კომუნიკაცია ჰქონდაო.

ამავე სხდომაზე მოკლულის ნათესავმა გაიხსენა, რომ მოსკოვში „ერთ-ერთ სუფრაზე“ ლევან ჯანგველაძეს უთხრეს - თუ ვინ, არ დაუზუსტებია, - „დაანებე ამ ხალხს [ფარცხალაძეს] თავიო“.

„შენი დონე არ არისო, ურჩევდნენ. ხომ იცი ვისთან მეგობრობსო [უსოიანები] და რატომ არ ანებებ თავსო“, - თქვა ბერძენიშვილმა.

ასლან უსოიანი, იგივე „დედ ჰასანი“
ასლან უსოიანი, იგივე „დედ ჰასანი“

გარდაცვალებამდე, ბერძენიშვილის ინფორმაციით, ჯანგველაძემ ორჯერ ნახა ფარცხალაძე:

„ერთხელ ფარცხალაძის ოფისში, კოსტავაზე ვიყავით ასული. იქიდან ჩამოსული ლევანი ნორმალურ ხასიათზე იყო“, - თქვა მან და დასძინა, რაზე ილაპარაკეს, არ ვიციო.

ამ შეხვედრას გია ჩადუნელიც ადასტურებს: „შარშან ზაფხულში, კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის ყოფილი სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს მივედით... [ჯანგველაძე] კორპუსის პირველ სართულზე შევიდა… დაახლოებით, ერთი საათი შიგნით იყო... თვითონ ლევანისგან ვიცოდი, რომ ფარცხალაძეს შეხვდა“. ისიც იმეორებს, რომ შეხვედრის შემდეგ ჯანგველაძე „ნორმალურ ხასიათზე იყო“.

„შეხვედრა ფინანსურ პოლიციაში“

როგორც ჩადუნელის, ასევე ბერძენიშვილის ცნობით, ჯანგველაძე-ფარცხალაძის მეორედ „ფინანსური პოლიციის“ - ანუ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის - შენობაში შეხვდნენ.

„ფინანსურ პოლიციაში წავედით. ლევანმა თქვა, ოთარ ფარცხალაძეს უნდა შევხვდეო. იქ დაახლოებით, ნახევარი საათი დარჩნენ“, - ამბობს გია ჩადუნელი.

მისი თქმით, ჯანგველაძე „გაკვირვებული იყო“ და „რადიკალურად განსხვავებულად“ მიიღო შეხვედრის შედეგები, ვიდრე პირველი შეხვედრისა.

„ლევანი იქიდან გაბრაზებული ჩამოვიდა“, - ასე ახასიათებს ბიძაშვილის იმდროინდელ ემოციას ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, ეს შეხვედრა „სიგარეტისა და „კოკა-კოლის“ ბიზნესთან დაკავშირებით“ შედგა. თქვა ისიც, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ჯანგველაძე „გაბრაზებული ახსენებდა ტელეფონზე ფარცხალაძეს“.

ჯერჯერობით უცნობია, ვისი თანდასწრებით შეხვდნენ ფინანსურ პოლიციაში ფარცხალაძე და ჯანგველაძე. რადიო თავისუფლება აგრძელებს ამბის გაშუქებას და ეცდება ამ კითხვაზე პასუხის მოძიებას.

კიდევ ერთი მკვლელობა ვაკეში

ჯანგველაძის საქმის გამოძიების პარალელურად, დღის შუქზე წამოიწია სამი წლის წინ თბილისში მომხდარი კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა.

2022 წლის 24 ივნისს თბილისში, ბაგებში, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს ბიზნესმენი ლევან კაჭარავა, მეტსახელად „ტილიკა“.

ის იყო „სილქ როუდ ჯგუფის“ თანადამფუძნებელი, რომელიც შემდეგ ბიზნესიდან გავიდა და ბოლო წლებში საფრანგეთში ცხოვრობდა.

ბაგებში ერთ-ერთ მო­სახ­ვევ­ში კაჭარავას ბუჩ­ქებ­ში ჩა­საფ­რე­ბულ­მა ორმა ნიღ­ბი­ან­მა ავ­ტო­მა­ტი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

„მისი და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს და სახელმწიფო ინსტიტუტების ხელწერაც არის ძალიან ერთგვაროვანი“, - განაცხადა ჯანგველაძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძე.

თავის მხრივ, კაჭარავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 27 ივლისს მიმართა ახალ შს მინისტრ გელა გელაძეს და მოითხოვა კაჭარავას მკვლელობის გაუხსნელ საქმეზე „აუცილებლად ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება“.

ადვოკატ ბასილაიას თქმითვე, „ორივე საქმეს შესაძლოა, ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავდეს“.

„უნდა დაიწყოს ცალკე გამოძიება“

  • რატომ დასჭირდა მკვლელობის ორგანიზატორებზე გასვლას 5 თვე და კავშირშია თუ არა ამასთან პროკურორის შეცვლა?
  • თუ მართალია, რომ აგვისტოში დაკავებულებს მაღალჩინოსნები „ხელს აფარებდნენ“, - როგორც ამას ჯანგველაძეების ადვოკატი ამტკიცებდა, - ვინ არიან ისინი?

ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება:

„ცალკე უნდა ჩატარდეს გამოძიება, თუ ვინ და რატომ აფარებდა ხელს ორგანიზატორებს და შემკვეთებს, ვინ რა კავშირში იყო ამ ადამიანებთან. ჩემი აზრით, ნორმალურ, სამართლებრივ სახელმწიფოში ყველგან ესე უნდა მოხდეს“.

გამოძიების შემდეგ კი, მისი თქმით, თუ დადგინდა, რომ ვინმე შემკვეთთან ერთად ან მის დასახმარებლად მოქმედებდა, „ამას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი შეფასება შესაბამისი“.

ჯერჯერობით ცალკე გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა უშუალოდ საქმის გამოძიება გრძელდება. პროკურორი ლევან ვეფხვაძე ამტკიცებს, რომ „ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“.

აგვისტოს ბოლოს ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არაა ოთარ ფარცხალაძე პასუხისგებაში მიცემული, უპასუხა:

„არ არის მართებული, რომ რაღაც მოწმის ჩვენების საფუძველზე, ვინმე მისცე პასუხისგებაში. ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს სტანდარტი, - დასაბუთებული ვარაუდი და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი… გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად, მრავალმხრივ მიმდინარეობს“.

უძილაურის სასამართლოზე მომდევნო სხდომა 8 ოქტომბერსაა დანიშნული, - არჩევნებიდან ოთხი დღის შემდეგ.

დაგეგმილია როგორც გელა უძილაურის, ასევე საქმის მთავარი გამომძიებლის მოსმენა.

ჯერჯერობით არსებითი განხილვის ეტაპზე არ გადასულა ხუთი ბრალდებულის საქმე, მათ შორის ჯოხაძის და მიქაძეებისა.

პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის ვადის გადაწევა და საგამოძიებო მოქმედებების 60 დღით გახანგრძლივება ითხოვა, რაც მოსამართლემ 29 სექტემბრის განჩინებით დააკმაყოფილა.

წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

გამოძიება სხვა „პირთა გამოვლენის მიზნით“ გრძელდება.

შენიშვნა: ინფორმაცია დაზუსტების მიზნით განახლდა სანაპიროზე ინციდენტის ნაწილში. თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ მიქაძეებს, სავარაუდოდ, უძილაურიც ახლდა თან, რაც არ დასტურდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG