Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვის დროს სასამართლოში კვლავ ევაკუაცია გამოცხადდა


თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა
თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე განიხილებოდა, კვლავ ევაკუაცია გამოცხადდა. სხდომათა დარბაზებიდან გაიყვანეს ბრალდებულები, შენობა და ეზო დაატოვებინეს ადვოკატებს, პროკურორებს, დამსწრეებსა და ჟურნალისტებს.

როგორც სასამართლოში მყოფი რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იუწყება, შენობიდან ხალხი გაიყვანეს სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო.

მაშინ, როცა სასამართლოს შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა, ლევან ჯანგველაძის საქმის განმხილველ სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული - მეექვსე მოწმე დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა. მოწმე ოთარ ბაღდავაძე მკვლელობის მონაწილეობის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ჯოხაძის შორეული ნათესავია (დეიდაშვილის ბიძაშვილი).

ევაკუაცია გამოცხადდა ორი დღის წინაც, როცა საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე განიხილებოდა.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობა

ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე, - „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის („სოხუმსკის“) ძმა, - თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს გელა უძილაური.

გელა უძილაურისთვის იარაღის უკანონოდ გასხვისების ბრალდებით 25 მაისს დააკავეს სანდრო წივწივაძე.

რამდენიმე თვის შემდეგ, 12 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე.

გარდა ამისა, ძებნა გამოცხადდა გიორგი ჯოხაძესა და დავით (დათუნა) მიქაძეზე.

ვის რა მუხლით წაუყენეს ბრალი?

  • ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალი შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით, მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ;
  • გელა უძილაური დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან გიორგი კაჭკაჭიშვილს - მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • გიორგი ჯოხაძის ნათესავ მამუკა ბაღდავაძეს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • სანდრო წივწივაძეს ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებას - სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG