„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ქართულ საგამოძიებო სამსახურებს არც კი გამოუკითხავთ საქართველოში ჩამოყვანის საქმეზე, რომელსაც იგი მოტაცებას უწოდებს. ამის შესახებ მან განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია მის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის საკითხს განიხილავს.
„მე არ ვარ დაზარალებულად ცნობილი, არავინ არ დაკითხულა ჩემ ირგვლივ. შესაბამისად - მეც. მაინტერესებს, რაიმე რეაგირება გააკეთა თუ არა სასამართლომ ჩემს განცხადებაზე - როდესაც საქმე ეხება მოქალაქეების თავისუფლებას და უფლებებს, რატომღაც რეაგირება არ არის, როდესაც საქმე ეხება ბატონი ივანიშვილის ინტერესს, აგერ კაცის განზრახ მკვლელობაზე 10 წლიდან იწყება სასჯელი და მე ერთი კაცის ჩვენებაზე 11 წელი მაქვს მისჯილი“, - თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ
გიორგი ბაჩიაშვილმა, - ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტი“, რომელსაც იგი ერთ მილიარდამდე ღირებულების კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა, - მარტის დასაწყისში მალულად დატოვა ქვეყანა. ის, სავარაუდოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.
სამ თვეზე ნაკლებ ხანში, 27 მაისს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს - მას შემდეგ, რაც „26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ [ბაჩიაშვილი] წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“.
თუმცა ბაჩიაშვილმა სასამართლოზე რადიკალურად განსხვავებული რამ თქვა: „მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს - ადვოკატის, პროკურორისა და ოჯახის წევრებთან დალაპარაკების გარეშე. შემდგომ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ ბომბარდირის თვითმფრინავში: ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში“. ბაჩიაშვილის თქმით, „აირზენას“ ბორტზე იმყოფებოდა სუსის უფროსი ანრი ოხანაშვილიც.
მისი საქართველოში შემოყვანის საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს - სწორედ ამ უწყების ბრალეულობაზე საუბრობს გიორგი ბაჩიაშვილი.
ფორუმი