დღეს, 22 მაისს, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე.
ზურაბ ჯაფარიძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. რისთვისაც მას 16 აპრილს მოსამართლე ნანა შამათავამ 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. ზურაბ ჯაფარიძემ გირაოს თანხის გადახდაზე პრინციპული უარი განაცხადა.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
"თუ ყველა იტყვის უარს ტყუილში მონაწილეობაზე ეს რეჟიმი ჩამოიფშვნება", - თქვა ზურა ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე.
პროკურატურის განცხადებით, არსებობდა განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის საფრთხე "განზრახ სრულიად გამიზნულად არ ასრულებს სასამართლოს განჩინებით დაკისრებულ ვალდებულებას, უგულებელყოფს კანონს და არ ასრულებს გირაოს პირობებს”.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, კი მსგავსის ჩადენის ალბათობა არ არსებობს, "ციხეში რომ ჩამსვათ, მივალ კომისიაზე? - არ არსებობს რაციონალური არგუმენტი რის გამოც მე უნდა ვიჯდე ციხეში"
"არ არსებობს არანაირი საფუძველი პატიმრობის, ვინ არიან მოწმეები - არ ვიცი, რა მტკიცებულებები უნდა გავანადგურო თუ თავისუფლებაზე ვიქნები, არ ვიცი. ქვეყნიდან გაქცევას რაც შეეხება, ვიყავი სტრასბურგში, მერე კიდევ გავედი და შემოვედი, ყოველ დღე დავდივარ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების სასამართლოებზე. რაიმე რისკი რომ მოწმეებზე მოვახდენ ზემოქმედებას, ან ქვეყანას დავტოვებ არ არსებობს, მე არ ვაღიარებ ამ პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სხდომის დაწყებამდეც და მიმდინარეობისასაც დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული.
სასამართლოს ეზოში არ უშვებდნენ ავტომობილებს და შეზღუდული რაოდენობით უშვებდნენ სასამართლოს სხდომაზე დასწრების მსურველებს. საფუძვლით, რომ სხდომათა მეხუთე დარბაზში, სადაც ჯაფარიძის საქმე უნდა განეხილათ 15 ადგილზე მეტი არ არის. დასწრების მსურველი ცალკეული ადამიანების შეშვების თხოვნით პოლიციას თავად ზურაბ ჯაფარიძე მიმართავდა. ასე შევიდა ეზოში მისი ცოლი ნატა ქორიძეც.
სასამართლოს ფოიეში არ შეუშვეს მედიის ვიდეოკამერები. რაც ნამამდე არასოდეს მომხდარა. სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, ეს საგამონაკლისო წესი მოქმედებს დღეს, ვინაიდან სასამართლო სხდომების მიმდინარეობას ეშლება ხელი.
15:00 საათზე დანიშნული ხდომის დაწყება დაგვიანდა, სასამართლოს დარბაზთან დაძაბულობის და ხალხმრავლობის გამო კარში მანდატურის სამსახურთან ერთად პოლიციებიც ჩადგნენ.
ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერები, სხდომათა დარბაზის შეცვლას და უფრო დიდ დარბაზში გადასვლას მოითხოვდნენ. რაც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა. ფოიეში შეკრებილებს იქაურობა მანდატურებისა და პოლიციის ძალით დაატოვებინეს.
სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ შვედეთისა და ჩეხეთი საელჩოს, ასევე Amnesty International-ის წარმომადგენლები.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა ასევე ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატის შუამდგომლობა სხდომას დასწრებოდნენ აშშ-სა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები. ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა თქვა, რომ დიპკორპუსის წარმომადგენლების დასწრება მოსამართლეს გუშინ განცხადებით შეატყობინა და ითხოვა, ხელი არ შეშლოდა.
მოსამართლემ განაცხადა რომ "სასამართლოს მიაჩნია, რომ დღევანდელ სხდომაზე საჯაროობაც და გამჭვირვალობაც უზრუნველყოფილია, დარბაზი სავსეა ჟურნალისტებით და დამკვირვებლებით. დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, შეგიძლიათ გაასაჩივროთ".
ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს, რაც მოსამართლე შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა, იმასთან დაკავშირებით, რომ გამოეკითხათ საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე და მისი მოადგილე სერგი ბზიშვილი თუ რატომ გადაიკეტა სასამართლოს ყველა შესასვლელი, რა გადაწყვეტილება მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ვის მიერ.
ადვოკატ ნიკა გვარამიას სიტყვებით, ვაჟა სირაძე გარეთ იმყოფება და "მას ჰკითხონ, თუ რატომ არის სპეციალური ზომები გამოყენებული და სასამართლოს დარბაზში, დერეფანში კი არა, ეზოშიც კი რატომ არ უშვებენ ადამიანებს".
კიდევ ერთი ადვოკატი გოგიტა გაბაიძე კი ამბობდა, რომ სასამართლოსთან სამართალდამცავებმა „პირდაპირი მნიშვნელობით აბურთავეს“, მიუხედავად ორდერისა, არ უშვებდნენ სასამართლოში" სხდომათა დარბაზის სიმცირის გამო "კი ისე ზის, მუხლებზე უდევს ლეპტოპი".
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის დაკითხვასთან დაკავშირებით.
მოგვიანებით სხდომაზე ოცწუთიანი შესვენება გამოცხადდა. სხდომათა დარბაზში დაბრუნების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძის სამმა ადვოკატებმა სხდომათა დარბაზი დატოვა .მათი თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ სასამართლომ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მათ ყოფნას დარბაზში აზრი აღარ ჰქონდა. რასაც დაეთანხმა ზურაბ ჯაფარიძეც. მან ასევე მოითხოვა ადვოკატის დანიშვნა.
პროკურორის განცხადებით, ადვოკატების ეს ქცევა მიმართული იყო იქითკენ, რომ სხდომა გადადებულიყო.
ამის შემდეგ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე, გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა.
დაბრუნების შემდეგ არ დააკმაყოფილა ზურაბ ჯაფარიძის მიერ ადვოკატის მოთხოვნის შუამდგომლობა, მისი თქმით, ეს პროცესის გაჭიანურებისკენ არის მიმართული.
ამ დროს, ყოფილმა მოსამართლემ ქეთი ჩომახაშვილმა,რომელიც მანამდეც ესწრებოდა სასამართლოს, წარმოადგინა ორდერი და თქვა, რომ ის დაიცავდა ზურაბ ჯაფარიძის ინტერესებს. მოსამართლემ მას მანამდე მიმართა, ხომ დაიცავდა უადვოკატოდ დარჩენილი ზურაბ ჯაფარიძის ინტერესებს, რაზეც ჩომახაშვილმა უპასუხია, რომ შესაბამისი ორდერი არ ჰქონდა.
დაცვის ინიციატივის დაყენების შემდეგ ჩომახაშვილმა სხდომის გადადება მოითხოვა და თქვა, რომ არ იცნობს საქმის მასალებს და გასაცნობად დრო სჭირდება.
რაზეც მოსამართლემ მოუგო, რომ "სავალდებულო დაცვის შემთხვევა არ გვაქვს. მასაც [ზურაბ ჯაფარიძესაც] შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები, თქვენ თუ გინდათ დარჩით და ჩაერთეთ”.
ამის შემდეგ სხდომათა დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ქეთი ჩომახაშვილმაც და მოსამართლეს მიმართა:
"ყველა უფლება გააფუჭეთ დღეს რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა. თქვენ დაარღვიეთ დაცვის უფლება, თქვენ დაარღვიეთ უფლება განხორციელებულიყო მართლმსაჯულება, გადაწყვეტილება რომ მიღებულია და ჯაფარიძეს ვნახავთ ბორკილდადებულს ამაში ეჭვი არ გვეპარება, თქვენი მიზანი არ იყო მართლმსაჯულების ზოგადი პროცედურის დაცვაც კი”.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. კომისიის თავმჯდომარეა ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი.
„ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. "კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობისთვის თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
ამავე საქმეზე ბრალი უკვე წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: ნიკა მელიას (50 000 ლარი) მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი), ნიკა გვარამიას (30 000 ლარი).
ფორუმი