თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა გიორგი მინდაძეს, რომელსაც თბილისში პროდასავლურ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ჰქონდა ბრალი წარდგენილი.
საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი ინსპექტორი შმაგი ჯაჭვაძე. მან სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე დაკითხვისას თქვა, რომ პიროტექნიკის ნამწვი მოხვდა და ფეხი დაეწვა. თქვა, რომ „პიროვნება“, რომელმაც „აღნიშნული პიროტექნიკა“ წყლის ჭავლის მანქანას ესროლა და მისი ნასროლი კაფსულის გახსნისას, ნამწვი ფეხში მოხვდა, დარბაზში, ბრალდებულის სკამზე იმყოფებოდა.
სასამართლოს სხდომებზე გიორგი მინდაძის ადვოკატი აცხადებდა, რომ დაზარალებულად ცნობილ შმაგი ჯაჭვაძეს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, თინათინ ნინიაშვილმა, სასამართლოში განაცხადა, რომ 2 დეკემბერს ჩატარებული ექსპერტიზისას, დაზიანება, სავარაუდოდ, ორი-ოთხი დღის ხანდაზმული იყო. ექსპერტი საუბრობდა მარჯვენა ბარძაყის მიდამოში დამწვრობითი სახის დაზიანებაზე.
დღეს, 3 ივლისს, საქალაქო სასამართლოს ფოიეში შეხლა-შემოხლა და ჭყლეტა იყო. მანდატურებმა შენობის გარეთ გამოყარეს მინდაძის სასამართლო სხდომაზე დასწრების მსურველთა ნაწილი.
თავდაპირველად განსაზღვრული მე-15 დარბაზის ნაცვლად, რომელიც შედარებით დიდია, სხდომა გადაიტანეს მე-10 დარბაზში, სადაც 25-მდე ადამიანი ეტევა. სასამართლოს შენობის შესასვლელ კართან და ეზოში პოლიციელები განლაგდნენ.
შეხლა-შემოხლის დროს სასამართლოს ფოიეში შეუძლოდ გახდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა - ადგილზე სასაწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
მოგვიანებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით კლინიკაში გადაიყვანეს აქტივისტი ლადო ჯახუაც - როგორც ადგილზე მყოფი თვითმხილველები ჰყვებოდნენ, მას მანდატურები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტს, სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი.
გიორგი მინდაძის დედამ ნანი წულაიამ, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს, შესვენებისას, როცა მოსამართლე განაჩენის გამოსატანად იყო გასული, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან შვილის წერილი და ნახატი გამოიტანა.
წერილში გიორგი მინდაძე ყველას მადლობას უხდის გვერდში დგომისთვის.
"არ გავტყდეთ! ბიჭებს სჭირდებათ თქვენი დახმარება, მე მაგრად ვარ, თქვენც მარგად იყავით. არცერთ დაბადების დღეზე ასეთი სტუმრები ცხოვრებაში არ მეყოლებოდა",- უთხრა სასამართლოს ეზოში შეკრებილ გულშემატკივრებს ნანი წულაიამ.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის გიორგი მინდაძე 1 დეკემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტში დედასთან ერთად ბიძაშვილთან იყო სტუმრად, როდესაც დააკავეს.
ადვოკატის თქმით, პროკურატურამ სასამართლოზე წარადგინა 29 ნოემბერს გადაღებული ფოტოსურათი, რომელშიც მინდაძეს პიროტექნიკა უჭირავს ხელში, და ერთი პოლიციელის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი მინდაძის ნასროლი პიროტექნიკა მოხვდა.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით. თუმცა გამოძიების დაწყებიდან თითქმის შვიდი თვის თავზე, არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, არც გამოვლენილი და არც დასჯილი არაა.
ფორუმი