Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო მელიას წინააღმდეგ შსს-მ საქმე აღძრა


ნიკა მელია მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალს ასხამს. 30 მაისი.
ნიკა მელია მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალს ასხამს. 30 მაისი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა მელიას წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამჯერად მას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ედავებიან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის შეურაცხყოფას, რაც გამოიხატა მისთვის წყლის შესხმით.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს უპატივცემულობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე, ანდა ერთ წლამდე პატიმრობით.

რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-ში გაარკვიოს, რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება: მოსამართლის მიმართვის, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციისა თუ სხვა.

30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას წინააღმდეგ პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა - პოლიტიკოსი ბრალდებულია, რადგან არ გამოცხადდა სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში.

სასამართლო სხდომის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე, 29 მაისს, მელია თბილისში დააკავეს - მიზეზად დასახელდა პოლიციელის შეურაცხყოფა. 30 მაისს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკოსმა მოსამართლეს ჰკითხა, რატომ არ ინტერესდებოდა მისი დაკავების დეტალებით.

„ადამიანს არ აინტერესებს, გატაცებული ვიყავი თუ არა, შუშის თვალებით იყურება. თანამონაწილე ხართ, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელსაც კითხვა არ უჩნდება, ვინ გამიტაცა“, - თქვა მელიამ სასამართლო დარბაზში და მოსამართლეს ბოთლით წყალი შეასხა.

ამ მიზეზით სხდომა შეწყდა, მოსამართლე შვანგირაძემ პროცესის განახლების შემდეგ თქვა, რომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებას, გირაოს, პატიმრობით უცვლიდა.

მელია მესამე პოლიტიკოსია, ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურა გირჩი ჯაფარიძის შემდეგ, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა იმ საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. ამ კომისიის მიზანი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების შესწავლაა - ნიკა მელია, ისევე როგორც ზურა ჯაფარიძე, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლის შემდეგ შეუერთდნენ, როცა პარტია უკვე ოპოზიციაში იყო. 2012 წლამდე მათ პოლიტიკური თანამდებობები არ ჰქონიათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG