Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკუთარ წარმომადგენელს ნიშნავს, ევროკავშირის სამეულის მორიგი ვიზიტი ამ რეგიონში


8 ივლისს თბილისში ევროკავშირის სამეულის მოლოდინში იყვნენ. ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამშაბათს სამეულის თბილისში ჩამოსვლით დაიწყო.

ევროკავშირის დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს ოთხშაბათს დაიწყებს და სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს - სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკუთარ წარმომადგენელს წარუდგენს. რას ნიშნავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა და რამდენად არის მოსალოდნელი, სამეულის ვიზიტის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონფლიქტთა მოწესრიგების პროცესში ევროკავშირის როლის გააქტიურების საკითხის განხილვა? ამ შეკითხვაზე ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს ელჩმა, ამჯერად თბილისში მყოფმა კოტე ზალდასტანიშვილმა ასე მიპასუხა:

[კოტე ზალდასტანიშვილის ხმა] “ეს თემა აუცილებლად იქნება - ევროკავშირის როლის გააქტიურება სამხრეთ კავკასიის კონფლიქტთა მოწესრიგების საკითხებში და, საერთოდ, ამ რეგიონში ევროკავშირის პოლიტიკური როლის გაძლიერება, რაც თავისთავად ნიშნავს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მის გააქტიურებას. ამას მოწმობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაც. ის არის ფინელი დიპლომატი და მას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეებს ევროპული მხარე
ოთხშაბას გააცნობს. “

ხსნებულ დიპლომატს ექნება საკმაოდ ფართო მანდატი. ის, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, უფლებამოსილი იქნება იმუშაოს როგორც რეგიონის ქვეყნებთან ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, ისე პოლიტიკური თანამშრომლობის, პირველ რიგში, რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში ევროკავშირის გააქტიურების საკითხებზე. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის კანდიდატს ევროპული მხარე რეგიონის ქვეყნების წინაშე ოთხშაბათს თბილისში წარადგენს. სამეულის ვიზიტი თბილისში ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მარგარიტა ბონივერის, ხელმძღვანელობით იწყება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ევროკავშირის მომდევნო თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის, წარმომადგენელი და ევროკავშირის საბჭოს სამდივნოსა და ევროკომისიის თანამშრომლები.
ევროკავშირის სამეული, მინისტრების დონეზე, საქართველოს არცთუ შორეულ წარსულშიც სტუმრობდა და მაშინაც დელეგაციას ქალი, ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის, საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ლინდი ხელმძღვანელობდა. სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონფლიქტთა მოწესრიგების პროცესში ევროკავშირის როლის საგრძნობი გააქტიურების შესაძლებლობა მაშინ სწორედ მან აღნიშა. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა. 2007 წელს ევროკავშირში რუმინეთისა და ბულგარეთის გაწევრიანება იგეგმება, რაც საქართველოსთან ევროკავშირის დამეზობლებას და, იმავდროულად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროკავშირის ისედაც სერიოზული ინტერესის გაძლიერებას მოასწავებს. ევროკავშირი მკაცრი პოლიტიკური განცხადებებით გამოეხმაურა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ საქართველოს საზღვრის დარღვევისა და საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტებს. ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს ელჩის კოტე ზალდასტანიშვილის აზრით, ესეც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მარტო ეკონომიკური აქტივობით არ შემოიფარგლება. თუმცა სამეულის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკური საკითხების განხილვას კუთვნილი სერიოზული ადგილი დაეთმობა. დაგეგმილია ევროკავშირის სივრცეში ქართული ღვინის ექსპორტისა და ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობაში საქართველოსთვის გარკვეული შეღავათების დაწესების საკითხებზე მსჯელობა.

როგორც დასაწყისში ვთქვით, ევროკავშირის სამეული ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში 9 ივლისს დაიწყებს, რასთან დაკავშირებითაც სამშაბათს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის სახელმწიფო საბჭოს სხდომა გაიმართა.
XS
SM
MD
LG