Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ კარგავს რუსეთი სამხრეთ კავკასიას


ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი
ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი

ბაქო მოსკოვისგან დამოუკიდებელ ტრაექტორიაზე იწყებს მოძრაობს. აზერბაიჯანი უკვე ჩამოყალიბდა ანგარიშგასაწევ რეგიონულ ძალად. ბაქოსა და მოსკოვის გამწვავებულ დაპირისპირებაში ეკატერინბურგის ინციდენტი მხოლოდ საბაბია, ნამდვილი მიზეზი რუსეთის დასუსტება და მოსკოვის მიერ დაშვებული შეცდომებია.

რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სულ უფრო და უფრო იძაბება, თუმცა ანალიტიკოსები ამ ეტაპზე კრემლისგან რაიმე მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას არ მოელიან, რადგან, მათი თქმით, უკრაინასთან ომში ჩაფლულ რუსეთს, რომელიც სულ ახლახან შორიდან ადევნებდა თვალს თავისი მოკავშირის, ირანის სამხედრო-სამრეწველო განადგურებას, ბევრი არაფერი შეუძლია.

დიდწილად რუსეთის სისუსტე განაპირობებს იმას, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ღიად და, შეიძლება ითქვას, დემონსტრაციულად უჭერს მხარს რუსეთის მთავარ მოწინააღმდეგესა და მტერს - უკრაინას.

1 ივლისს, როცა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება უკიდურესად გამწვავებული იყო, აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა უკრაინისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„უკრაინისგან მკაფიო მხარდაჭერა გამოვხატე იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი აბუჩად იგდებს აზერბაიჯანის მოქალაქეებს და ემუქრება აზერბაიჯანის რესპუბლიკას“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც რუსი პოლიტოლოგი გრიგორი ტროფიმჩუკი ამბობს, აზერბაიჯანის დაბრუნება რუსეთის ორბიტაზე ისეთი მეთოდებით, როგორსაც კრემლმა მიმართა ჯერ ეკატერინბურგში, შემდეგ კი რუსეთის სხვა რეგიონებში (ეთნიკური აზერბაიჯანელების დევნის სახით), არსებითად ვერაფერს შეცვლის, რადგან დასავლეთისგან იზოლირებული და მძიმე სანქციების ქვეშ მოქცეული რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება.

რუსეთი ჩაფლულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და იზოლირებულია უამრავი დასავლური სანქციით, რამაც აზერბაიჯანი დასავლეთისთვის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ პარტნიორად აქცია. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვი აქტიურად დებს ინვესტიციებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და რუსეთ-ირან-ინდოეთის მარშრუტის პროექტებში.

„პუტინმა ერთხელ და სამუდამოდ დაკარგა კავკასია. სომხეთიც გადის მისი გავლენიდან, აზერბაიჯანმა არა მხოლოდ დატოვა რუსეთის ორბიტა, არამედ თან ადგილი მიუჩინა პუტინს. საქართველო მართალია რჩება, მაგრამ ხალხს იქაც სძულს მოსკოვის მიერ ნაყიდი ხელისუფლება“, - ამბობს გრიგორი ტროფიმჩუკი.

რუსეთი საბედისწერო შეცდომა?

სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ჯერ იყო და კრემლი სომხეთის ერთგული მოკავშირიდან აზერბაიჯანის მეგობრად გადაიქცა, დაეხმარა რა (ან, სულ მცირე, არ შეუშალა ხელი) თურქეთის პირდაპირი სამხედრო და ისრაელის ტექნიკური დახმარებით გაძლიერებულ ილჰამ ალიევს მთიანი ყარაბაღის დაბრუნებაში. როგორც პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი „დოჩე ველეს“ საიტზე გამოქვეყნებულ თვალსაზრისში წერს, ომის დასრულების შემდეგ მოსკოვმა, ანკარამ და ბაქომ დაიწყეს სომხეთისგან მოთხოვნა, გაეხსნა ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“ - სატრანზიტო გზა ქვეყნის სამხრეთით, რომელიც დააკავშირებდა თურქეთსა და აზერბაიჯანს ხმელეთით (და შესაბამისად - რუსეთსა და თურქეთს), იქნებოდა მათი კონტროლის ქვეშ და შესაბამისად, სომხებს მოწყვეტდა ერევნის უკანასკნელ პოტენციურ რეგიონულ მოკავშირეს - ირანს.

2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შემდეგ მთიან ყარაბაღში განლაგებულმა რუსმა სამშვიდობოებმა ხელი არ შეუშალეს რეგიონისათვის დაწესებულ აზერბაიჯანულ ბლოკადას. შემდეგ, 2023 წლის სექტემბერში, რუსი სამხედროები არ ჩაერივნენ ბაქოს სამხედრო ოპერაციაში, რომელიც ყარაბაღის ანკლავის ფაქტობრივი ლიკვიდაციით დასრულდა. 2024 წლის გაზაფხულზე კი, რუსულმა სამშვიდობო კონტინგენტმა რეგიონი საერთოდ ვადაზე ადრე დატოვა, რამაც აზერბაიჯანის ხელისუფლების თვალში რუსეთი ისეთ ძალად აქცია, რომელმაც სამხრეთ კავკასიაში ინიციატივა და გავლენა დაკარგა.

ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ბოლო თვეებში: ისრაელი თავს დაესხა ირანს, რომელიც გარკვეული დროით გამოითიშა დიდი გეოპოლიტიკური თამაშებიდან. თითქმის იმავე დღეებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ისტორიაში პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია თურქეთს. პარალელურად სომხეთმა დისტანცირება მოახდინა რუსეთისგან. ერევანმა დაიწყო უსაფრთხოების გარანტიების ძებნა დასავლეთში, რის გამოც პრორუსული ოპოზიცია და საპატრიარქოს მწვავედ დაუპირისპირდნენ პრემიერ ფაშინიანს.

„ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ რეგიონში მთავარ როლს ახლა არა რუსეთი, არამედ თურქეთი ასრულებს, მის მოკავშირე აზერბაიჯანთან ერთად. რუსული გავლენა მხოლოდ საქართველოში თუღა რჩება. კრემლი თანდათან კარგავს სამხრეთ კავკასიას, რაც შეიძლება იყოს აზერბაიჯანელებზე კონვულსიური თავდასხმის (ეთნიკური აზერბაიჯანელების დევნა-შევიწროება) რეალური მიზეზი“, - ამბობს ივან პრეობრაჟენსკი.

ბაქოს მოსკოვისთვის ახალი წესების შემოღების პირველი მცდელობა 2024 წლის ბოლოს ჰქონდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავი. კრემლმა ტრაგედიის დაფარვა სცადა, აზერბაიჯანმა კი საჯაროდ მოითხოვა დამნაშავეების დასჯა და დაღუპულთა ოჯახებისათვის კომპენსაციების გადახდა. რუსეთმა დაძაბულობის შემცირება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ვლადიმირ პუტინმა ალიევთან პირად საუბარში მოიხადა ბოდიში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მხარეებს შორის სრული შერიგება არ მომხდარა.

„პირიქით", - ამბობს კარნეგის ფონდის ბერლინის ცენტრის საიტზე გამოქვეყნებული ანალიტიკური წერილის ავტორი, ბაშირ კიტაჩაევი, - "თვითმფრინავის ინციდენტმა ბაქოს აჩვენა მოსკოვთან კონფლიქტის პოტენციური სარგებელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამიტომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მზად იყო დაპირისპირების ახალ რაუნდში ჩართულიყო, როგორც კი რუსეთი მათ შესაფერის შესაძლებლობას მისცემდა“.

რა ინსტრუმენტები აქვს მოსკოვს ბაქოზე ზეწოლისთვის?

აზერბაიჯანში ოპოზიცია არ არსებობს. ანალიტიკოსების თქმით, ეს არის ავტორიტარული, ნაციონალისტური რეჟიმი, რომელიც აგებულია დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიმართ მკაცრ ნაციონალისტურ რესენტიმენტზე. რუსეთთან კონფლიქტი მას კიდევ უფრო მეტად თუ გააძლიერებს.

ეკონომიკურად, რუსეთ-აზერბაიჯანის სავაჭრო ბალანსი მოსკოვის სასარგებლოდაა, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანი პირდაპირ რუსეთზეა დამოკიდებული. საუბარია ურთიერთდამოკიდებულებაზე, რომელიც მოსკოვს რუსული ნავთობისა და გაზის აზერბაიჯანულად გასაღებასა და სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებოდა. ექსპერტების თქმით, ასეთ პროექტებზე თავდასხმა უდიდესი ზარალის მომტანი იქნება მოსკოვისთვის.

რუსეთს არ შეუძლია აზერბაიჯანის შეშინება ომით. რუსეთის არმია უკრაინაშია ჩარჩენილი. ალიევის უკან კი თურქეთი დგას. შესაბამისად, მოსკოვი იძულებულია ჯავრი აზერბაიჯანულ დიასპორაზე იყაროს.

რა სარგებელს ნახულობს ბაქო რუსეთთან დაპირისპირებით?

2020 წელს ყარაბაღის მეორე ომში მიღწეული წარმატების შემდეგ, გარე ოპონენტებზე გამარჯვებები პრეზიდენტ ალიევის პოპულარობის მთავარ წყაროდ რჩება, რადგან, ბაშირ კიტაჩაევის თქმით, სხვა სფეროებში განსაკუთრებული წარმატებები არც ყოფილა:

„ქვეყანაში კვლავ უსამართლოდ ნაწილდება სიმდიდრე, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ დაბალ შემოსავალზე ცხოვრობს და ნებისმიერი უკონტროლო პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივობა, სასტიკად იდევნება. ხელისუფლების მოწყვლადობის განცდაზე მეტყველებს ის, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დაკეტილია. <...> ადრე საზოგადოება ყარაბაღისთვის ბრძოლით იყო კონსოლიდირებული, მაგრამ მისი წარმატებული დაბრუნებით გამოწვეული ეფექტი თანდათან სუსტდება. სომხეთთან ომი ბაქოსთვის ძალიან სარისკო ჩანს, რასაც, სავარაუდოდ, მისი უახლოესი მოკავშირე თურქეთიც კი არ დაუჭერს მხარს. ამ პირობებში, ისეთ დამაჯერებელ გარე მტერთან კონფრონტაცია, როგორიც რუსეთია, მოსახერხებელი ინსტრუმენტია აზერბაიჯანული საზოგადოების კიდევ ერთხელ გასაერთიანებლად და მორიგ ჯერზე მათი ყურადღების გადასატანად როგორც ეკონომიკაში არსებული პრობლემებიდან, ასევე პრეზიდენტ ალიევის ლეგიტიმურობიდან. ილჰამ ალიევი ხომ მამისგან მიღებულ თანამდებობაზე 2003 წლიდან იმყოფება”.

პოლიტიკის ანალიტიკოსების თქმით, მოსკოვთან დაპირისპირებას ბაქოსთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს საერთაშორისო ასპარეზზე. აზერბაიჯანი დიდი ხანია ცდილობს, დასავლეთისთვის წარმოჩნდეს, როგორც ენერგეტიკის სექტორში სანდო პარტნიორი და რეგიონში სტაბილური სეკულარული ალტერნატივა.

„თუმცა, ამ იმიჯს მუდმივად აფუჭებს რეპრესიების ტალღები. კრემლთან ამჟამინდელი უთანხმოება ხელს უწყობს დასავლეთის ყურადღების ფოკუსის გადატანას პრობლემური შიდა მმართველობიდან „დამოუკიდებელ“, „ანტირუსულ“ პოზიციაზე. მოსკოვთან დაპირისპირება აჩვენებს, რომ აზერბაიჯანი არ არის რუსეთის ავტორიტარული მოკავშირე, რომ უფრო პირიქით, ბაქო დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორია რუსეთთან დაპირისპირებაში, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში. ეს ნიშნავს, რომ ბრიუსელისა და ვაშინგტონისთვის უფრო გონივრულია თვალის დახუჭვა მათთვის დიდად სასარგებლო ქვეყნის შიდა პრობლემებზე“, - ამბობს ბაშირ კიტაჩაევი.

საბედისწეროდ დარღვეული ბალანსი

რეგიონში რუსეთის გავლენის უკიდურესად შემცირებას მძაფრად აღიქვამენ რუსეთში. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „რაშა თუდეის“ მიმომხილველის, როსტისლავ იშჩენკოს თქმით, ბაქო გარკვეულ მომენტამდე მოსკოვის პრაგმატული პარტნიორი იყო:

„რუსეთი კავკასიაში შედიოდა მისი ინტერესების გათვალისწინებით. მაგრამ ბოლო დროს ბაქო ცდილობს თავისი ინტერესების რეალიზებას რუსეთის ინტერესების ხარჯზე. ამიტომ, ჩვენ კავკასიაში არა ბაქოს გავლით, არამედ ბაქოს ნების საწინააღმდეგოდ შევალთ“.

რუსი პროპაგანდისტი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანის სტრატეგიულ მოკავშირეს, თურქეთს მალე შეექმნება შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, რაც ბაქოს მხარდაჭერის მასშტაბს შეასუსტებს. მისი გათვლებით, ვერც ფაშინიანი მართავს სამუდამოდ სომხეთს:

„ერდოღანს აღარ შეუძლია მხოლოდ საარჩევნო დემოკრატიაზე დაყრდნობა, ამიტომ მიმართავს რეპრესიულ ზომებს თავისი ოპონენტების წინააღმდეგ. ამავდროულად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ალიევი თურქეთის გარდა სხვა მოკავშირეს იპოვის. რაც შეეხება სომხეთს. ძალიანაც შესაძლებელია, რომ სომხეთის ხელისუფლებაში მოვიდნენ რევანშისტები, რომლებიც კვლავ წამოჭრიან ყარაბაღისა და ანტიაზერბაიჯანული ალიანსების საკითხს. საქართველო ამჟამად რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილია. ცენტრალური აზიაც შეშფოთებით უყურებს რუსეთის გაძლიერებას, მაგრამ აზერბაიჯანის გულისთვის თავს არავინ მოიკლავს“.

რუსი პროპაგანდისტი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ამტკიცებს, რომ რუსეთი ძალას იკრებს და ძლიერდება, ისევე როგორც ირანი, რომელიც რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება.

„ირანს დაემატება გაძლიერებული რუსეთი, რომელიც დაიწყებს აქტიური პოლიტიკის გატარებას კავკასიაში“, - ამბობს როსტისლავ იშჩენკო.

თუმცა ბევრად რეალისტურ სურათს ხედავს რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინი, რომლის თქმითაც, ბაქოს რუსეთი აღარ სჭირდება, ისე როგორც სჭირდებოდა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებამდე.

„ახლა ჩვენი ურთიერთობები კიდევ ერთხელ გამწვავდა ეკატერინბურგში მომხდარი მოვლენების გამო. მაგრამ ეს მხოლოდ საბაბია. აზერბაიჯანის ამ კურსს აქვს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. ობიექტური მიზეზები ის არის, რომ დღეს ბაქოს არ აქვს რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობების აუცილებლობა. მაგრამ სჭირდება განსაკუთრებული ურთიერთობები ისრაელთან, თურქეთთან, დიდ ბრიტანეთთან. დიახ, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებით სარგებლობა. მაგრამ ამ ეტაპზე ეს უკვე მეორეხარისხოვანია აზერბაიჯანის სხვა მიზნებთან შედარებით. ამიტომ, ახლა უნდა ვეძებოთ მიზეზები, რათა ავხსნათ, თუ რატომ არ ეთანხმება აზერბაიჯანი რუსეთის ფედერაციას, რატომ ეხუტება ალიევი ზელენსკის, რატომ საუბრობს ყველგან უკრაინის მხარდაჭერაზე“, - უთხრა ზატულინმა „კომსომოლსკაია პრავდას.“

კონსტანტინ ზატულინი
კონსტანტინ ზატულინი

რუსი პოლიტიკოსის თქმით, მოსკოვში ცდილობენ, არ შეიმჩნიონ რეგიონში მიმდინარე თვისებრივი ცვლილებები:

„სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, მიმდინარეობს საბოლოო კონსულტაციები, თუ როგორ გააფორმებენ სამშვიდობო ხელშეკრულებას ფაშინიანის სომხეთი და ალიევის აზერბაიჯანი და ამას გააკეთებენ დასავლურ პლატფორმაზე. ალიევის საქციელი აკვირვებს რუსეთის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს: ისინი ვერ ხვდებიან, რატომ მოიქცა ახლა აზერბაიჯანი ასე გამომწვევად. არ უნდა გაგვიკვირდეს. ალიევი არის ევროპულ კოსტიუმში გამოწყობილი პოლიტიკოსი, რომელიც ყველა გაგებითა და ქცევით აღმოსავლელია. ილჰამ ალიევს არ ერიდება არც სომხურ დროშებზე ფეხით გავლა და არც დაპყრობილ სტეფანაკერტში შენობების დანგრევა“.

კონსტანტინ ზატულინის თქმით, რუსეთში ბევრს ეგონა, რომ ყარაბაღი უსარგებლო რამ იყო და ამბობდა, ეს ჩვენი საქმე არ არის, სომხების საქმეაო.

„გამოაცალეს ეს პატარა აგური ამიერკავკასიის მთელი შენობიდან და ყველაფერი დაიშალა. ჩვენ ვკარგავთ სომხეთს ფაშინიანის პირობებში, მაგრამ ამით აზერბაიჯანის გულსაც ვერ ვიგებთ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ პირამიდას პატარა აგური გამოაცალეს. ჩვენ გვქონდა გარკვეული ტრადიცია: ევგენი პრიმაკოვმა თავის დროზე უარი თქვა ქოჩარიანთან შეხვედრაზე, როდესაც ქოჩარიანი მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი იყო. რატომ მოიქცა ასე? მას მიაჩნდა, რომ აზერბაიჯანთან და ალიევ-უფროსთან მეგობრობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო“, - ამბობს კონსტანტინ ზატულინი.

კავკასიური დრამის ბოლო აქტი?

ზატულინის მსგავსად ჟურნალისტი გიორგი ურუშაძეც დარწმუნებულია, რომ რუსეთმა მძიმე, შეიძლება ითქვას, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, რომლის გამოსწორება არც რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია და არც პროპაგანდას.

„როდესაც ვამბობ, რომ რუსული რეჟიმი მოსალოდნელზე სწრაფად დასრულდება, ხალხი არ მიჯერებს: ამბობენ, რომ ეკონომიკა მყარია და ხალხიც არ აჯანყდება. ჩემი პროგნოზი კი ეფუძნება საკითხის, როგორც წესი, უგულებელყოფილ „მორალურ“ მხარეს. უბრალოდ, ამ რეჟიმს სულ უფრო ნაკლები მნიშვნელოვანი ადამიანი, ქვეყანა და ინსტიტუტი უჭერს მხარს, რეჟიმი დნება. აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაუარესების ამბავშიც ამერიკას ვერავინ დაადანაშაულებს. ყველაფრის თავი და თავი თვითონ რუსეთია. ამასთან მოსკოვს არაფრის შეცვლა არ შეუძლია. არანაირი დიდი იდეა მას არ აქვს. გადავხედოთ, რა დანაკარგები განიცადა რუსეთის ფედერაციამ ბოლო სამი წლის განმავლობაში“, - ამბობს გიორგი ურუშაძე, რომლის თქმითაც, ასევე გადაჭარბებული და გაზვიადებულია რუსული პროპაგანდის შესაძლებლობები:

„სულ უფრო ნაკლები ადამიანი უყურებს პროპაგანდას და ექცევა მისი გავლენის ქვეშ. ამის გამოა, რომ არავინ მიდის ნებაყოფლობით და უსასყიდლოდ ფრონტზე“.

გიორგი ურუშაძის თქმით, რუსეთში ხალხი შეიძლება მართლაც არ აჯანყდეს და ეს, მისი თქმით, არც არის საჭირო, რადგან მთავრობა თავად დააგროვებს შეცდომებს და ჩამოიშლება ამ შეცდომების სიმძიმის ქვეშ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG