Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია მოპოვებული“ - პროკურორი ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ფარცხალაძის როლზე


ფოტოილუსტრაციაზე: მოკლული ლევან ჯანგველაძე და ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე (არქივის ფოტოები)
ფოტოილუსტრაციაზე: მოკლული ლევან ჯანგველაძე და ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე (არქივის ფოტოები)

„კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, საქმეში ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარშემო „ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციებია მოპოვებული“, - თუმცა რა, ჯერჯერობით არ განმარტავს.

დღეს, 24 ოქტომბერს, სასამართლომ „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის, ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური დამნაშავედ ცნო როგორც განზრახ, ასევე ანგარებითა და შეკვეთით მკვლელობაში და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა ჯანგველაძეების ნათესავიც, რომელმაც სხდომის დასრულების შემდეგ რამდენიმე სიტყვა უთხრა ჟურნალისტებს. მისი თქმით, ის ელოდა, რომ სასამართლო ამ განაჩენს გამოიტანდა. მან უძილაურს „სასტიკი დამნაშავე“ უწოდა.

„რა თქმა უნდა, ვგულისხმობ“ - ფარცხალაძეს

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია ოჯახის პოზიცია, „არის თუ არა ყველა დამნაშავე ციხეში“, „არის ვინმე, ვინც ციხის გარეთ არის?“ - მან განაცხადა:

„რა თქმა უნდა, არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება სრულად [დაადგენს ყველაფერს]“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ფარცხალაძეს, მან უპასუხა:

„რა თქმა უნდა, ვგულისხმობ და მე ვიცი, რომ ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი და ყველა დაისჯება, როგორც დაისაჯა უძილაური“.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციებია“

ჟურნალისტებმა პროკურორ ლევან ვეფხვაძეს ჰკითხეს, რა ხდება ამ საქმეში ოთარ ფარცხალაძის შესაძლო დანაშაულის გამოკვეთის მიმართულებით, რაზეც მან უპასუხა:

„ჯერჯერობით აღნიშნული საქმე არის გამოყოფილი გამოძიების ეტაპზე და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“.

პროკურორი ლევან ვეფხვაძე
პროკურორი ლევან ვეფხვაძე

„სხვას, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი“, - განაცხადა მან, თუმცა ასევე თქვა:

„ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციებია მოპოვებული, რომელიც უკვე დევს საქმეში, აქედან გამომდინარე ვერანაირ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“.

შესაბამისად, არც ის დაუზუსტებია, რა „მნიშვნელოვან ინფორმაციებზეა“ საუბარი.

რა შუაშია ფარცხალაძე

ფარცხალაძე საბრალდებო დასკვნაში არ ფიგურირებს.

თუმცა უძილაურის საქმის სასამართლო განხილვებისას ერთ-ერთმა დეტექტივმა, - „ოპერატიულ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით, წყაროს დასახელების გარეშე, - ასევე მოკლულის მამიდაშვილმა, ახსენეს იგი და 2013 წელს მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი ირაკლი უსოიანი, როგორც მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორები.

„დედ ჰასანის“ შვილიშვილი ირაკლი უსოიანი. წყარო: ტელეგრამ-არხი BAZA
„დედ ჰასანის“ შვილიშვილი ირაკლი უსოიანი. წყარო: ტელეგრამ-არხი BAZA
  • 29 სექტემბერს პროკურორის კითხვას, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი ირაკლი უსოიანი ხომ არ იყო დაინტერესებული ჯანგველაძეებით, ჯანგველაძეების მამიდაშვილმა მიხეილ ბერძენიშვილმა ასე უპასუხა:
  • „[უსოიანის] ოჯახის წევრები, შვილი და შვილიშვილი ეძებდნენ მამის და ბაბუის მკვლელს, თანხასაც იხდიდნენ ინფორმაციისთვის, რომ ვიღაცას რაღაც ინფორმაცია მიეწოდებინა. რამდენიმე მილიონზეც იყო საუბარი, რომ შური ეძიათ“.

2024 წელს - 3-დან 9 დეკემბრამდე შუალედში - ლევან ჯანგველაძე და ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ერთმანეთს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობაში შეხვდნენ - და ეს მათი მეორე შეხვედრა იყო იმ წელს.

მოწმეების, ჯანგველაძის მამიდაშვილისა და მძღოლის/მცველის თქმით, შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა და, როგორც ჯანგველაძისგან იცოდნენ, შეეხებოდა „სიგარეტისა და კოკა-კოლის ბიზნესს“.

ამასთან, მამიდაშვილის თქმით, ჯანგველაძე შეხვედრის შემდეგ გაკვირვებული და უკმაყოფილო იყო და მოგვიანებითაც ფარცხალაძეზე გაბრაზებით საუბრობდა.

ოთარ ფარცხალაძე (შუაში) და გიორგი (მარცხნივ) და დავით მიქაძეები
ოთარ ფარცხალაძე (შუაში) და გიორგი (მარცხნივ) და დავით მიქაძეები

რადიო თავისუფლება ერთ-ერთ სტატიაზე მუშაობისას დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და კითხვები დაუსვა ამ შეხვედრაზე:

  • მიმდინარე სასამართლო საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით;
  • იმის გათვალისწინებით, რომ ჯანგველაძე-ფარცხალაძის შეხვედრა შესაძლოა საკვანძო იყოს მკვლელობის სავარაუდო მოტივის გამოკვეთის პროცესში;
  • იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ჩვენებები აჩენს კითხვებს, იყო თუ არა ეს შეხვედრა მოქცეული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩარჩოებში.

„კომენტარს არ ვაკეთებთ“, - განგვიცხადეს უწყებაში.

2024 წელს, - როდესაც, მოწმეთა თანახმად, შეხვედრა გაიმართა, - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო სოსო რამიშვილი. მან 2025 წლის 2 აპრილს დატოვა პოსტი.

ამ ეპიზოდთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების კითხვაზე - შესაძლოა თუ არა ეს შეხვედრა ცალკე სისხლის სამართლის საქმის დაწყების საფუძველი გახდეს - პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ 13 ოქტომბერს განაცხადა:

„ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულად მიმდინარეობს აქტიური გამოძიება. თუ რაიმე დამატებითი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ისიც იქნება მხედველობაში მიღებული. იმიტომ არის გამოყოფილი გამოძიება, რომ აქტიურად წარიმართოს ყველა მიმართულებით“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, - „მათ შორის არის თუ არა შესაძლო ფინანსური გადაცდომა“ - გვიპასუხა: „კონკრეტულ შემთხვევაში ყველა მიმართულებით ნიშნავს, რომ ვსწავლობთ ყველა საკითხს“.

„ანტიკორუფციული წმენდა“

გასულ პარასკევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დაანონსებული „ანტიკორუფციული წმენდის“ ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა ყოფილი მაღალჩინოსნების და მათი გარემოცვის სახლებში.

  • ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - მას დღეს ₾1-მილიონიანი გირაო შეუფარდეს;
  • ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე - პოსტს 2013 წელს იკავებდა, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში; ბრალდება კვლავ არ აქვს წაყენებული;
  • სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი - არც მას აქვს ბრალი წაყენებული.

მათ გარდა, გაჩხრიკეს ხუთი ადამიანის სახლები, მათ შორის ფარცხალაძის მეგობრის, მიხეილ ჩოხელის ქონება.

გამოძიებამ ჩოხელისა და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებიდან 2,9 მილიონი აშშ დოლარი „ამოიღო“.

ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეუძლია ამ თანხის ლეგალური წარმომავლობის დადასტურება და შესაბამის დოკუმენტაციას პროკურატურას წარუდგენენ.

  • მიხეილ ჩოხელი არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (იგივე „ფინანსური პოლიციის“) ყოფილი თანამშრომელი. მთავარ პროკურორად დანიშვნამდე სწორედ ამ უწყებას ხელმძღვანელობდა ოთარ ფარცხალაძე;
  • მიხეილ ჩოხელი დაახლოებით 2014-16 წლებში ასევე მუშაობდა შემოსავლების სამსახურში, საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის პოსტზე.

ფარცხალაძისა და მისი გარემოცვის ქონების ჩხრეკა ოფიციალურად არ დაუკავშირებიათ ჯანგველაძის საქმესთან.

უვადო პატიმრობა უძილაურს

გელა უძილაურს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება დღეს, 24 ოქტომბერს, დაახლოებით 14:30 საათზე გამოცხადდა.

უძილაური მკვლელობას აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს განზრახ, - და, მით უმეტეს, შეკვეთით - არ გაუკეთებია.

მისი ვერსიით, მკვლელობა უკავშირდებოდა უკრაინაში ლევან ჯანგველაძის დავალებით მისადმი ფიზიკურ ანგარიშსწორებას, თუმცა დაცვის მხარეს ამ ვერსიის დამადასტურებელი მოწმეები ან სხვა გარემოებები არ წარმოუდგენია.

გელა უძილაურის ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

განაჩენის გამოცხადებამდე, სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა ადვოკატმა დავით მუხიაშვილმა. დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც.

მუხიაშვილმა განაცხადა, რომ უძილაურის დაკავებიდან დღემდე, „საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით, მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია მისი „კილერად“ წარმოდგენის მიზნით“. ის სასამართლოს მოუწოდებდა, „მხოლოდ მტკიცებულებებით“ ეხელმძღვანელა.

დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდების მხარემ „მხოლოდ ეჭვებსა და ვარაუდებზე დაყრდნობით ისაუბრა და გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაადასტურა შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა“.

რა ხდება ახლა

ამ განაჩენით ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიება არ სრულდება.

გრძელდება სასამართლოები გამოყოფილ ორ საქმეზე: სანდრო (ჯანო) წივწივაძისა და კიდევ ხუთი ადამიანის, მათ შორის ძმები მიქაძეების საქმეზე.

მოსამართლე გელაშვილის გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ გამოყოფილ საქმეზე ბრალდებულებს მკვლელობის ორგანიზება/შეკვეთა დაუმტკიცდათ.

  • სანდრო წივწივაძეს ბრალად ედება იმ იარაღის „გასხვისება“, რომლითაც, სავარაუდოდ, ჯანგველაძე მოკლეს;
  • ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს გამოძიება მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

მიქაძეებისა და ჯოხაძის ადვოკატებმა ოქტომბრის შუა რიცხვებში მიმართეს მოსამართლე გიორგი გელაშვილს და მიმართეს, რომ უძილაურის საქმის განხილვისას „მკვლელობის ორგანიზების შეფასება არ იყო მისი უფლებამოსილება“.

„დაცვის მხარეს აქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მოგვიანებით მათი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ იქნება გამამართლებელი განაჩენი, თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია, რომ ბრალდების მხარის იმ მანიპულაციური მეთოდის გამოყენების გამო, რასაც გელა უძილაურის ბრალდების საქმიდან სისხლის სამართლის საქმის, ორგანიზების ნაწილში ცალკე გამოყოფა ჰქვია, პრეიუდიციული მნიშვნელობა არ შეიძინოს თქვენს განაჩენში აღწერილმა ფაქტობრივმა გარემოებებმა, რაც არ დასტურდება მტკიცებულებებით“, - აცხადებდნენ ადვოკატები.

პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა: „განაჩენს, ზოგადად, აქვს პრეიუდიცია, მაგრამ რასაკვირველია, ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას“.

მიქაძეების, ჯოხაძისა და კიდევ ორი ადამიანის საერთო საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 12:00 საათზეა დანიშნული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG