Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გინახავთ სხვა დროს აქციაზე? - ვინ არის ქალი, რომელიც პოლიციის მანქანაზე ავიდა


48 წლის თამარ ლორთქიფანიძე ხულიგნობის მუხლითაა დაკავებული. ილუსტრირებული ფოტო
48 წლის თამარ ლორთქიფანიძე ხულიგნობის მუხლითაა დაკავებული. ილუსტრირებული ფოტო

მოკლედ

  • 48 წლის თამარ ლორთქიფანიძე, საპროტესტო აქციების მუდმივი მონაწილე, საპატრულო მანქანაზე ასვლის გამო დააკავეს.
  • იურისტების შეფასებით, მისი საქციელი შესაძლოა პოლიციის დაუმორჩილებლობად ჩაითვალოს, მაგრამ არა ხულიგნობად, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
  • კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ, 19-23 ოქტომბერს 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

48 წლის თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციის მანქანაზე ასვლის გამო, ხულიგნობის მუხლით, სისხლის სამართლის წესით დააკავეს, ბრალის წარდგენას ახლა იზოლატორში ელოდება.

გუჯა ავსაჯანიშვილი, ადვოკატი, რომელმაც თამარი წინასწარი დაკავების იზოლატორში გვიან ღამით მოინახულა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იგი მხნედ და შემართებითაა.

„მითხრა ასეთი რამ, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება. ხოლო რატომ გააკეთა ის, რაც გააკეთა და რა მოტივაცია ჰქონდა, ამ ყველაფერს საზოგადოება მოისმენს სასამართლო პროცესზე. მთხოვა, რომ მოვლენებს არ გავუსწრო, რადგან სურს, რომ თავად ისაუბროს მის დამოკიდებულებაზე, ქმედებასა და მოტივაციაზე“, - ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, ამ მუხლის რომელი პუნქტით დაიწყო გამოძიება. დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი კი გულისხმობს როგორც ჯარიმას, ისე პატიმრობას, მათ შორის, ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ვადით. გააჩნია, 239-ე მუხლის რომელი ნაწილით წარუდგენს დაკავებულს ბრალს პროკურატურა.

რა მოხდა 22 ოქტომბრის საღამოს?

როგორც წინა 328 დღის განმავლობაში, პროტესტის 329-ე დღესაც, გამკაცრებული კანონმდებლობისა და სანქციების მიუხედავად, საპროტესტო აქციაზე მისულმა რამდენიმე მონაწილემ, საღამოს რვა საათისკენ, უკვე ტრადიციულად, ისევ გადაწყვიტა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა.

რუსთაველის გამზირი. 22 ოქტომბერი. მოქალაქეები გზის გადაკეტვას ცდილობენ.
რუსთაველის გამზირი. 22 ოქტომბერი. მოქალაქეები გზის გადაკეტვას ცდილობენ.

მათ შორის აღმოჩნდა თამარ ლორთქიფანიძეც. ქალი, რომელიც ბოლო ერთი წელია, თითქმის ყოველ საღამოს რუსთაველზე დგას.

კადრებში ჩანს, რომ თამარი, აქციის სხვა რამდენიმე მონაწილესთან ერთად, ჯერ გზის სავალ ნაწილზე ზის, შემდეგ ფეხზე დგება, ხელებს შლის და ასე ცდილობს შეაჩეროს ავტომობილების მოძრაობა.

დაახლოებით ორ წუთში, საპირისპირო მიმართულებიდან (თავისუფლების მოედნიდან) საპატრულო ეკიპაჟის მანქანა ჩნდება კადრში, ქალი ამჯერად პოლიციის მანქანის პირისპირ, რამდენიმე მეტრში დგება და შლის ხელებს. რამდენიმე წამში კი გარბის საპატრულო მანქანისკენ, მასზე ადის და დგება სახურავზე.

მანქანიდან გადმოდიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ცდილობენ მის ჩამოყვანას. ქალი თავისით ჩამორბის მანქანიდან და კვლავ ხელგაშლილი დგება გზის სავალ ნაწილზე.

რამდენიმე წუთში თამარს აკავებენ. მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ ის სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლითაა დაკავებული.

22 ოქტომბრის საღამოს რუსთაველის გამზირზე, გზის გადაკეტვისთვის, ადმინისტრაციული წესით, ჯამში, 30-მდე ადამიანი დააკავეს. 22 ოქტომბერს დაკავებულთა შორის ერთადერთია თამარ ლორთქიფანიძე, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით დაიწყო.

22 ოქტომბერი. რუსთაველის გამზირი
22 ოქტომბერი. რუსთაველის გამზირი

ვინ არის თამარ ლორთქიფანიძე?

საპატრულო მანქანაზე ასული ქალის კადრების გავრცელებიდან მალევე, სოციალური ქსელის მომხმარებელთა და პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა თამარ ლორთქიფანიძის ეს ჟესტი და საპროტესტო აქტი განსაკუთრებულ გამბედაობად და სიმამაცედ აღიქვა.

ნაწილმა კი იკითხა: „ვინ არის ეს ქალი?“ „გინახავთ სხვა დროს აქციაზე?“ „პროვოკატორია და ასე ცდილობს აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას“...

თამარ ლორთქიფანიძე 48 წლის დიასახლისია. ჰყავს ორი შვილი და შვილიშვილი. ხატავს. საპროტესტო აქციის მუდმივი და აქტიური მონაწილეა.

მისი სოციალური ქსელი (განსაკუთრებით გასული წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო დროებით აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს) სავსეა საპროტესტო აქციების ფოტოებით, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პოსტებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და რედაქტორის, დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი გზავნილებით.

ერთ-ერთი ვერსიით, საპატრულო პოლიციის ავტომობილზე ასვლისას მან დაიძახა: "მზიასთვის". თუმცა ამის დადასტურება რადიო თავისუფლებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა.

გასული წლის დეკემბერში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს მისი უმცროსი შვილიც. ამის შესახებ თამარი 5 დეკემბერს სოციალურ ქსელში წერდა:

„ჩემი შვილიც უმიზეზოდ სცემეს და დაიჭირეს ამ ჩაჯ...მა ძაღლის შვილებმა...კიდე უფრო ბევრი ვიქნებით!“

თამარ ლორთქიფანიძის მეგობარი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მის შვილს, 20-21 წლის ბიჭს, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ, შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე ინფორმაციით, თამარ ლორთქიფანიძის შვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლა.

თამარის ფეისბუკიდან ირკვევა ისიც, რომ ის, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის გამო, 5000 ლარით დაჯარიმდა. 29 სექტემბერს მან დაწერა, რომ ჯარიმის გადასახდელი თანხა ხალხმა შეუგროვა:

„ძალიან დიდი მადლობა საქართველოს გვერდში დგომისთვის და ძალიან დიდი ბოდიში ამ უსამართლო ნაძირლების გამო რომ შეგაწუხეთ. ჩემი ჯარიმა, 5000 ლარი, გადამიხადა იმ ქართველმა ხალხმა, ვისთვისაც ადამიანების ღირებულება, დაცვა, გვერდში დგომა, უპირველესია... მიყვარხართ, მეამაყებით და ჩვენ ვიმსახურებთ გამარჯვებას“...

დაკავებული ქალის მეგობარი ანუკა მინდიაშვილი, რომელიც მას ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თამარ ლორთქიფანიძე ყოველთვის იყო სიმართლისთვის მებრძოლი, ძლიერი ქალი:

„როდესაც ეს კადრი ვნახე, პირველი რა რეაქციაც მქონდა, ძალიან შევშინდი, როცა მივხვდი, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას. მაგრამ ასეთი ტიპია - ჯიუტი, ძლიერი. ალბათ ეს მისი არცთუ იოლი წარსული ცხოვრების დამსახურებაა. როცა უცხოს ხედავ, რომ საპროტესტო აქციაზე ასე იქცევა, ეს კიდევ სხვა განცდაა, მაგრამ როცა შენი ახლობელია, ამას სხვაგვარი ნერვიულობა ახლავს.

საპროტესტო აქციის ძალიან აქტიური მონაწილეა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცავები და დააკავეს. აქციაზე ძირითადად მარტო დადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა იქვე ვყოფილიყავით მისი მეგობრებიც, ის მარტო გამოდიოდა სახლიდან და მარტო მიდიოდა აქციაზე და თითქმის ყოველდღე“, - უყვება რადიო თავისუფლებას ანუკა მინდიაშვილი.

დაკავებამდე ორიოდე საათით ადრე, თამარ ლორთქიფანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ახლა ვფიქრობ როგორი ტატუ გავიკეთო ციხეში. დამეხმარეთ რა ფანტაზიებში.“

რამდენიმე დღით ადრე კი წერდა:

„ყველას დაგვიჭერენ აუცილებლად და ვინც დღეს ჩვენთან ერთად არ დგახართ, იმიტომ, რომ არ დაგიჭირონ, აი რუსთაველი რომ მოპრიალდება და ჩვენ, უდანაშაულო ხალხი, სამწუხაროდ, ციხეს გავავსებთ, ისევ თქვენ მოგიწევთ რუსთაველზე გამოსვლა და ჩვენი რეჟიმის ტყვეების განთავისუფლება! აბა ციხეში ხომ არ ამოგვკეტავთ ბიძინასავით. აბა თქვენ იმედს არ მოვიკლებთ და საქართველო აუცილებლად გადარჩება!“

რატომ თვლიან იურისტები, რომ თამარ ლორთქიფანიძეს ხულიგნობა არ ჩაუდენია?

სისხლის სამართლის იურისტი გოგა ხატიაშვილი, სასამართლო პრაქტიკაზე, კონკრეტულად კი უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თამარ ლორთქიფანიძეს საპატრულო პოლიციის მანქანაზე ასვლით არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული, ხულიგნობა.

როგორც ის გვიხსნის, იმისათვის, რომ ქმედება შეფასდეს ხულიგნობად, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულად, საჭიროა, რომ არსებობდეს მისი ყველა შემადგენელი კომპონენტი:

  • პირველი - ადამიანი უხეშად უნდა არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს;
  • მეორე - საზოგადოების მიმართ უნდა გამოხატავდეს აშკარა უპატივცემულობას;
  • მესამე - ეს ყველაფერი უნდა ჩაიდინოს ძალადობით ან ძალადობის მუქარის გამოყენებით.


გოგა ხატიაშვილი, იურისტი
გოგა ხატიაშვილი, იურისტი

„სასამართლო ამბობს, რომ ამ სამიდან ერთ-ერთის არარსებობაც კი გამორიცხავს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის შემადგენლობას...უზენაესი სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში იმასაც მიუთითებს, რომ თუკი ადამიანმა უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, ძალადობაც ჩაიდინა ან ძალადობის მუქარაც, მაგრამ მისი მოტივი არ ყოფილა საზოგადოებისადმი უპატივცემულობის გამოხატვა, ესეც კი ვერ შეფასდება ხულიგნობად“, - გვეუბნება გოგა ხატიაშვილი, რომელიც თვლის, რომ იმ კადრებზე დაყრდნობით, რომლებიც მედიაში გავრცელდა, თამარ ლორთქიფანიძეს შესაძლოა მიესადაგოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომელიც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს:

„რა თქმა უნდა, პირობითად, მანქანაზე რომ ადის ადამიანი და მას მოუწოდებს პოლიცია, რომ ჩამოვიდეს და ის არ ჩამოდის, ეს შეიძლება ჩაითვალოს დაუმორჩილებლობად. წვრილმან ხულიგნობადაც კი არ უნდა შეფასდეს ეს. მას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. მას არ გამოუხატავს აგრესიული ფორმა. ძალიან გართულდება ამ ქმედების ხულიგნობად დაკვალიფიცირება.

ეს არ არის ჩემი ინტერპრეტაცია ან ჩემი სუბიექტური განმარტება. ამაზე მეტყველებს არა მარტო სასამართლო პრაქტიკა, არამედ იმ სახელმძღვანელოებშიც, რომლითაც სტუდენტებს ვასწავლით, სწორედ ასეა განმარტებული, რომ ხულიგნობის შემადგენლობისთვის აუცილებელია სამივე კომპონენტი: საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, საზოგადოების უპატივცემულობის მოტივი და ეს ყველაფერი ჩადენილი ძალადობით ან მუქარის გამოყენებით“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.

2016 წელს პროექტ "პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციაზე, გარემოსდამცველ აქტივისტს, ნატა ფერაძეს, საპატრულო პოლიციის მანქანაზე ასვლის გამო 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს.

თამარ ლორთქიფანიძეს პროკურატურა ბრალს, სავარაუდოდ, 23 ან 24 ოქტომბერს წაუყენებს. ამის შესაბამისად დაინიშნება თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სხდომაც.

გასულ კვირაში სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას.

კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:

მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;

თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.

ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული:

  • აქციაზე ნიღბის ტარებისთვის;
  • ცრემლმდენი საშუალების ფლობისთვის;
  • გზის გადაკეტვისთვის.

18 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით, გამკაცრებული კანონების შესაბამისად, უკვე 80-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

ფორუმი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG