„ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში“, - აცხადებს შსს.
თუმცა რადიო თავისუფლების მიერ დემონსტრანტებზე დაყრდნობით მოგროვებულ ინფორმაციაში დაკავებულთა რაოდენობა 29-ს აღწევს.
ამასთან, შსს-ის პრესცენტრის ცნობით, ახალგაზრდა ქალი, - რომელიც პატრულის მანქანაზე ავიდა, - ხულიგნობის ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით დააკავეს. საუბარია თამარ ლორთქიფანიძეზე.
დემონსტრანტების ცნობით, ეს იყო პერფორმანსი, რომელიც ლორთქიფანიძემ მიუძღვნა დაპატიმრებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, რომელსაც დღეს ევროკავშირმა პრესტიჟული ჯილდო, სახაროვის პრემია მიანიჭა.
პოლიცია აცხადებს, იგი „არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებას, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მათ ღირსებასა და მუნდირს, ასევე საზოგადოებას“.
იგი დაკავებულია ხულიგნობის ბრალდებით, სსკ-ის 239-ე მუხლით. ამ მუხლის რომელი პუნქტითაა ლორთქიფანიძე დაკავებული, შსს ჯერ არ აზუსტებს.
- ზოგადად, ხულიგნობა ისჯება ჯარიმით, 120-დან 180 საათამდე საზოგადოებრივი შრომით, ერთ წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
- ხოლო ხულიგნობა, - ჩადენილი „ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ“, - შეიძლება 2-დან 5 წლამდე პატიმრობითაც დაისაჯოს.
„წვრილმანი ხულიგნობაა“
იურისტი საბა ბრაჭველი წერს, რომ ეს ქმედება არ შეიძლება „ხულიგნობად“ იქნას მიჩნეული და ეს არის წვრილმანი ხულიგნობა, რაც ადმინისტრაციული გადაცდომაა.
„ვისზე იძალადა ამ გოგომ, მანქანაზე? ვის დაემუქრა ძალადობით, სახურავს?“ - კითხულობს ბრაჭველი.
„სამართლის მეორეკურსელმა სტუდენტმაც კი იცის, რომ თუნდაც შეურაცხმყოფელი ქმედება, თუ მას თან ძალადობა ან ძალადობის მუქარა არ სდევს, სისხლის დანაშაული კი არა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - წვრილმანი ხულიგნობაა“, - წერს ის.
„ადმინისტრაციული ბრალდებითაც შეეძლოთ 60 დღით იზოლატორში გამოკეტვა, მაგრამ კანონი ფეხებზე დაიკიდეს“, - წერს საბა ბრაჭველი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, „თავი შეიკავონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად, უკანონოდ გადაკეტვისგან“.
ახალი, შემზღუდავი ცვლილებები 17 ოქტომბერს შევიდა ძალაში, რის შემდეგაც 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ფორუმი