ამ ამბავს მზია ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებაში შეიტყობს.
ამ სტატიაში გიყვებით თანამედროვე საქართველოში პოლიტპატიმრად მიჩნეული პირველი ქალი ჟურნალისტის გზის შესახებ.
საკნამდე...
მზიას სამუშაო ოთახის კედლები თეთრია. თეთრია მისი სამუშაო მაგიდაც. ზედ კომპიუტერი, რამდენიმე წიგნი, ჭიქის დასადგამი დევს. თეთრია მისი სკამიც, გორგოლაჭებზე შემდგარი, გააგორე საითაც გინდა.
მაგიდის გასწვრივ ფანჯარაა. დღისით მზე უხვად შემოდის. თავის მარცხნივ მიტრიალებაც საკმარისია, რომ ქუჩას გადახედო. ფანჯარა მემედ აბაშიძეზე გადის, წინ თოჯინების თეატრი და საჯარო ბიბლიოთეკაა.
მზიას თეთრ ოთახში ბორიალი და მის სამუშაო მაგიდაზე ძილი უყვარს შავ კატას - „ნიუსს“, სამი წლის წინ რომ შეიკედლა მზიამ და „ბათუმელების“ მთელმა რედაქციამ.
დღე-ღამის დიდ ნაწილს, მზია ამ ოთახში, ამ სამუშაო მაგიდასთან ატარებს. ყველაზე დიდხანს მის ოთახში ანთია შუქი.
ან, უფრო ზუსტად, ის ამ ოთახში ყველაზე დიდ დროს ატარებდა, ყველაზე დიდხანს მის ოთახში ენთო შუქი... 2025 წლის 11 იანვრამდე.
იმ ღამეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ბათუმში, პროევროპული აქციის მსვლელობისას, ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოშვებიდან რამდენიმე წუთში უკან შეაბრუნეს და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააპატიმრეს.
იმ დღიდან მოყოლებული თეთრ ოთახს ახალი ნივთები - პლაკატები ემატება - „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „მედიასთან ომს აგებს ხელისუფლება“...
მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს - შენობის კედელზე სტიკერის გაკვრის გამო მისი თანამშრომლების დაკავების პროტესტის ნიშნად, გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, თავადაც გააკრა სტიკერი. გამოშვების შემდეგ მალევე, იმავე ღამით, უკვე 12 იანვარს, ხელახლა, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო შეაბრუნეს პოლიციაში. იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელი იყო და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა ბრალი, რომელიც ჟურნალისტს წაუყენეს - „სამართალდამცავზე თავდასხმა“, დანაშაული, რომელიც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთით ისჯება.
2025 წლის 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა, მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამ განაჩენს წინ უძღოდა 38-დღიანი შიმშილობა, 20-ზე მეტი სასამართლო სხდომა, ყოველი სხდომის წინ ასობით კილომეტრი რუსთავის ქალთა კოლონიიდან ბათუმის სასამართლომდე და სასამართლო დარბაზში ფეხზე გატარებული ათობით საათი.
7 თვის განმავლობაში გაწელილ პროცესზე მზია ამაღლობელი ერთი წამითაც არ დამჯდარა საბრალდებო სკამზე - ერთადერთი მიზეზით - ის ბრალს არ აღიარებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მზიას ახალი ოთახი, უფრო ზუსტად კი მისი საკანი, სადაც ბოლო ათი თვეა ცხოვრობს, მწვანეა.
„ჩემი საკანი მწვანედაა შეღებილი - იმავე ფერად, როგორითაც ოდესღაც ჩვენი რედაქცია იყო შეღებილი. იატაკზე მტკიცედაა მიმაგრებული ორი სკამი და მაგიდა. აქ არაფერი მოძრაობს...საკანში მხოლოდ ერთი ფანჯარაა, მაღლა, ჭერთან ახლოს... " - ჰყვება ის ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან საუბრისას. ინტერვიუ სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნდა.
"... ჩემს 50-ე დაბადების დღეზე მეგობრები და კოლეგები ციხის წინ მდებარე გორაკზე შეიკრიბნენ, ხელში ბუშტებითა და პლაკატებით. სკამზე ავედი, მაგრამ ვერაფერი დავინახე. მათი მისალმება მოგვიანებით, ტელევიზიით ვნახე“...
„ამიტომ გადავწყვიტეთ ჟურნალისტობა“
მზია ამაღლობელი 1975 წლის 12 მაისს დაიბადა.
მაღალმთიანი აჭარის, შუახევის სოფელ ჭვანაში, მის მშობლებს, შუშანას და მიხეილს, სამი ვაჟის, რევაზის, მალხაზის, ნუგზარის შემდეგ ნაბოლარა - მზია შეეძინათ.
მზიამ სკოლა ჭვანაში დაამთავრა და 90-იანი წლების დასაწყისში, სასწავლებლად ბათუმში წავიდა. პროფესიად ქართული ფილოლოგია აირჩია, თუმცა, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ჟურნალისტობა გადაწყვიტა.
"თავიდანვე გვინდოდა იმის შეცვლა, რაც არ მოგვწონდა, რომ ადამიანი უნდა ყოფილიყო ამ ქვეყანაში მთავარი ღირებულება და არა სისტემა, აქ კი ყველაფერი პირიქით ხდებოდა, არავინ ეკითხებოდა ადამიანს, მაგალითად, როგორი განათლების, ჯანდაცვის სისტემა სჭირდებოდა მათ, ყველაფერი მათ გარეშე წყდებოდა, ზუსტად ეს არ მოგვწონდა, ზუსტად, ეს არ მოსწონდა მზიას და ამიტომაც მოვედით ჟურნალისტიკაში" - გვეუბნება ლელა დუმბაძე, „ბათუმელების“ ჟურნალისტი, მზიას ჯგუფელი, ახლო მეგობარი და კოლეგა.
16-17 წლისები იყვნენ, ერთმანეთი ინსტიტუტში რომ გაიცნეს. მას მერე, 30 წელზე მეტია, ერთად მოდიან.
„ბათუმელების“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან, ეთერ თურაძესთან ("ბათუმელების" რედაქტორი) ერთად, 2001 წლის 21 მაისს, გაზეთ „ბათუმელების“ პირველი ნომერი გამოუშვეს.
იმ პერიოდში აჭარას ასლან აბაშიძე მართავს - რეგიონის ერთპიროვნული ლიდერი. ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების საქმიანობა უსაფრთხო არაა, დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.
თუმცა, ამან მზია ამაღლობელი და მისი კოლეგები ვერც შეაშინა და ვერც ხელი შეუშალა, რომ აბაშიძის "სამფლობელოში" ყოველკვირეული ბეჭდური გაზეთი გამოეცათ, რომელიც მოგვიანებით, 2010 წელს, მზია ამაღლობელის დაფუძნებულ კიდევ ერთ მედიაპლატფორმასთან, „ნეტგაზეთთან“ ერთად, დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე სანდო და გავლენიან მედიასაშუალებად ითვლება საქართველოში.
„2001 წლის 21 მაისს გამოვიდა „ბათუმელების“ პირველი ნომერი. ერთად ვიმუშავეთ ამ ნომერზე. მაშინ დაახლოებით 25-26 წლისები ვიყავით. არ გვეშინოდა ასლან აბაშიძისა და მისი გარემოცვის, ვაცნობიერებდით, რომ რეჟიმს ვუპირისპირდებოდით, რომ მონსტრს ვებრძოდით ჩვენი სიტყვით, მაგრამ არ გვეშინოდა.
ვიცოდით, რომ უნდა შეგვექმნა თავისუფალი მედია, სადაც ყველა პრობლემაზე ვილაპარაკებდით, სადაც გაისმებოდა ხალხის ხმა. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ეს ვიღაცებს არ მოეწონებოდათ, მაგრამ ამისთვისაც მზად ვიყავით, რადგან თუკი ცვლილებები გვინდოდა, ეს ცვლილებები პირველ რიგში, ჩვენ უნდა დაგვეწყო“, - იხსენებს ლელა დუმბაძე და ამბობს, რომ არც ასლან აბაშიძის წასვლის შემდგომ ყოფილა ამ გამოცემისა და მისი ჟურნალისტების ცხოვრება მარტივი:
„იმ საქმიანობის გამო, იმ სტატიების გამო, რასაც ვაქვეყნებდით, ყველა მომდევნო რეჟიმისგან ვიყავით „განებივრებული“ რეპრესიებით, მაგრამ შიშის გრძნობა არ გვქონია. ჩვენი გუნდის ძირითადი ბირთვი დღესაც ის არის, ვინც ეს გაზეთი შევქმენით და ის, რომ „ბათუმელები“ გადარჩა და აქამდე მოვიდა, მზიას დამსახურებაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლელა.
მეგობრები ჰყვებიან, რომ მზია იშვიათად, თითქმის ვერასდროს ახერხებდა მათთან ერთად, თუნდაც ყავის დასალევად გასვლას. „იმიტომ არა, რომ არ უნდოდა, იმიტომ, რომ არ შეეძლო“, - ამბობენ ისინი და ცდილობენ, მიახლოებით მაინც ახსნან, როგორ შრომობდა მზია ამაღლობელი, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარებულიყო არა მხოლოდ მის მიერ შექმნილი გამოცემები, არამედ ეკეთებინა სხვა, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებიც:
„24 საათიდან 20 საათს ატარებდა ოთახში, კომპიუტერში თავშერგული... თითზე ჩამოსათვლელად გვახსოვს, რომ მზია ჩვენთან ერთად სადმე გამოსულიყო, მხოლოდ მაშინ, როცა ამის გადაუდებელი აუცილებლობა იყო, მაგალითად, სტუმარი ჩამოვიდოდა ვინმე... ვეუბნებოდით ხოლმე, ადექი მზია, წადი ახლა სახლში... მოვიდოდა დილით და შუაღამემდე იჯდა, შაბათ-კვირასაც აქ იჯდა... იცი, ამას საქმის კეთება არ ჰქვია, ჩემი აზრით, ამას ალბათ უფრო ღვაწლი შეიძლება ვუწოდო“.
„ამ სტატიას თუ ნახავს, ვიცი, გამიბრაზდება“
2000-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, მზია ამაღლობელსა და მის მეგობრებს, აჭარისთვის, აჭარის მოსახლეობისთვის, ახალგაზრდებისთვის, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთათვის, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვთ განხორციელებული.
ყველაფერი კი 2001 წლიდან დაიწყო, როდესაც „ბათუმელების“ დაფუძნების პარალელურად, მზია ამაღლობელმა და ასლან ჭანიძემ დააარსეს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და ისეთ პრობლემებზე დაიწყეს მუშაობა, რაც იმ დროისთვის, რეგიონს განსაკუთრებით აწუხებდა.
„მზიაზე ყველა საუბრობს, როგორც ჟურნალისტსა და მედიამენეჯერზე. სინამდვილეში კი ის გაცილებით დიდი მნიშვნელობის ადამიანია " - ეუბნება რადიო თავისუფლებას მალხაზ ჭკადუა, მზია ამაღლობელის კიდევ ერთი მეგობარი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევარი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
ვრცელია იმ პროექტების ჩამონათვალი, რომელიც მზია ამაღლობელმა წლების განმავლობაში თანამოაზრეებთან, კოლეგებთან ერთად დაგეგმა და ბოლომდე მიიყვანა.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს“ ჰქონდა სამი მიმართულება - ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, მედიასკოლა, მოსწავლეების ცოდნით აღჭურვა. ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა მაღალმთიან აჭარაში...
მეორე მიმართულება იყო სოფლის სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება თანადაფინანსების კუთხით. ეს ადამიანები აკეთებდნენ მოკვლევას, აიდენტიფიცირებდნენ პრობლემას მოსახლეობასთან ერთად, ელაპარაკებოდნენ ევროპელ დონორებს, რომ ამ პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდნენ. ათეულობით ასეთი პროექტი გაკეთდა მაღალმთიან აჭარაში... მათ შორის, ამ პროექტების საშუალებით დაიქსელა სოფლები წყლის ახალი მილებით...
და მესამე და რა თქმა უნდა, ცალკე გამოსაყოფი მიმართულება - ქალთა გაძლიერება“, - ჰყვება მალხაზ ჭკადუა, რომელმაც მზია 2014 წელს, მაშინ გაიცნო, როცა ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ.
სწორედ მაშინ დაიწყო მზიას და მალხაზის მეგობრობა და ერთობლივ პროექტებზე მუშაობა.
„2014 წლიდან 2024 წლის ჩათვლით განხორციელდა ათეულობით პროექტი. NED, USAID, „სოროსის ფონდი“, დონორები გერმანიიდან, ფინეთიდან“, - ჩამოთვლის მალხაზი მზიას პროექტების დამფინანსებლებს და განსაკუთრებით გამოყოფს საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ ნაჩუქარი ავტომობილის ამბავს:
„იაპონიის საელჩომ „ბათუმელებს“ აჩუქა ავტომობილი, რომელიც მზიამ გადააკეთა მოსიარულე ბიბლიოთეკად, აღჭურვა „ბათუმელების“ შესანიშნავი გამოცემებით, შეიძინა წიგნები და პანდემიის დროს დადიოდა სოფელ-სოფელ. იწვევდა თანამედროვე მწერლებს, რომლებიც ბავშვებისთვის ატარებდნენ საგანმანათლებლო შეხვედრებს. ამ მანქანას ახლაც აწერია, იაპონელი ხალხის საჩუქარი საქართველოს“...
2015-17 წლებში მზიას ინიციატივით და მისი პროექტების ფარგლებში, უამრავი წარმატებული ადამიანი ადიოდა აჭარის მაღალმთიან სოფლებში - მართავდნენ შეხვედრებს, მათ შორის, შემწყნარებლობასა და ქალთა უფლებებზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე.
მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ თუკი მზია ამ სტატიას წაიკითხავს, ალბათ გამიბრაზდებაო - მზია ამაღლობელს არ უყვარს საუბარი მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე, მაგრამ ახლა „სხვაგვარად აღარ გამოვა“, ამბობს მალხაზი:
„ვიცი, რომ დღეს ყველაზე მეტად მას იმის გამო უჭირს, რასაც მთელი ცხოვრება გაურბოდა - საჯაროობას. ადამიანი, რომელიც ყოველთვის დაკეტილ კარში აკეთებდა საქმეს, ახლა ფილიპინებიდან დაწყებული აშშ-დან დამთავრებული, სადაც კი ვინმე ლაპარაკობს დემოკრატიაზე, ჟურნალისტიკასა და თავისუფალ სიტყვაზე, ყველა საუბრობს მზიას შესახებ.
ვიცი, გამიბრაზდება, მაგრამ მისი პიროვნების დასახასიათებლად, აუცილებლად უნდა ვთქვა ესეც - მის სასამართლო სხდომაზე მოსულები იყვნენ პატარა გოგოები. მზიას ოჯახის წევრებს ეგონათ, რომ „ბათუმელების“ თანამშრომლები იყვნენ. თუმცა, ამ გოგონებთან გასაუბრების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მზიამ მათგან დამოუკიდებლად შეიტყო, რომ ისინი სწავლის ფულს ვეღარ იხდიდნენ და საკუთარი ჯიბიდან, ისე, რომ არავისთვის უთქვამს, გადაუხადა მათ სწავლის ფული. ისე გავიდოდა 100 წელი, რომ მზია ამის შესახებ არაფერს იტყოდა. მზია მთელი ცხოვრება ებრძოდა მის პერსონაზე საუბარს. მაგრამ ახლა ასე მოგვიწია, რა ვქნათ“.
მზია ამაღლობელის „ჩუმი ხასიათის“ მკაფიო მაგალითი აღმოჩნდა ციხეში მისი 38-დღიანი შიმშილობა.
ახლობლები იხსენებენ, რომ პირველი ხუთი დღის განმავლობაში არავინ იცოდა, რომ მან შიმშილობა დაიწყო. ციხის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ საჭმელი ხელუხლებელი რჩებოდა.
შიმშილობის 24-ე დღეს, მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ციხის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ჟურნალისტი კლინიკა „ვივამედში“ გადაეყვანათ.
მზია ამაღლობელმა შიმშილობა კოლეგებისა და მხარდამჭერების არაერთი მოწოდების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების რისკის ფონზე შეწყვიტა:
„განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ“, - დაწერა მან 18 თებერვალს.
„მა“ - მამიდა, რომელიც დედაც არის და მამაც
მზია ამაღლობელს დიდი ოჯახი ჰყავს. ძმები, მათი შვილები და შვილიშვილები. როდესაც მზიას უფროსი ძმა, 28 წლის რევაზი ტრაგიკულად დაიღუპა, სრულიად ახალგაზრდა, პირველკურსელმა მზიამ, მის ოთხ შვილზე აიღო პასუხისმგებლობა. ის იყო დაქვრივებული რძლისა და ობლად დარჩენილი მცირეწლოვანი ძმისშვილების იმედი.
შუათანა ძმის, მალხაზის სახლში, მის ოჯახთან ერთად იცხოვრა მზიამ წლების განმავლობაში. დაკავებამდე 2-3 წლით ადრე გადავიდა ცალკე ბინაში.
მზიას ხელში გაიზარდა მისი ერთ-ერთი ძმისშვილი ივეტაც, რომელიც ახლა 35 წლისაა და ამბობს, რომ მზია მისთვის და მთელი ოჯახისთვის, არა მხოლოდ მამიდა, არამედ დედაც არის, მამაც, მეგობარიც და მთავარი საყრდენი ძალაც:
„მზიას ეს არასდროს უთქვამს და ამას არც არასდროს იტყვის, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცი, რომ მზიამ თავისი ცხოვრება ჩვენ მოგვიძღვნა. ყველაფერი გააკეთა, რომ განათლება მიგვეღო, რადგან მამაჩემი ამას დამოუკიდებლად ფიზიკურად ვერ გასწვდებოდა. ჩვენც და ჩვენი ბიძაშვილებიც თითქმის თანატოლები ვართ, ყველას ერთმანეთის მიყოლებით გვიწევდა უნივერსიტეტში ჩაბარება და მამასთან ერთად, მის კისერზეც გადაიარა ყველაფერმა“...
„მა“, - ასე მიმართავენ ძმისშვილები მზიას. „მზია კი ასე გვეძახის, ბაი, ანუ პატარებოო“, - გვეუბნება ივეტა და ამბობს, რომ მზია ხასიათით დედას ჰგავს:
„ხო სოფელში გაზრდილი ქალი იყო ბებიაჩემი, მაგრამ ზუსტად მზიასნაირი შეხედულებები ჰქონდა მასაც, რომ არავინ უნდა დაჩაგრულიყო, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა ეროვნებას, რელიგიას, ყველა თანასწორი უნდა ყოფილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ღრმად მორწმუნე მუსლიმი იყო, არასდროს უთქვამს და არასდროს გასჩენია კითხვა, რატომ მოვინათლეთ მისი შვილები და შვილიშვილები ქრისტიანებად. ბავშვობიდან ასე გავიზარდეთ, ამას გვეუბნებოდა ზაფხულობით, სოფელში ასულებს ბებია, ამას გვეუბნებოდა ყოველთვის მზიაც“.
წიგნის სიყვარულიც მზიამ ასწავლა ძმისშვილებს:
„მოიტანდა წიგნს, მოგვცემდა და გვეტყოდა, მამი, დღეს მინდა, რომ ეს წიგნი წაიკითხოთ. მარტში რომ ჩავედი მამიდასთან, ციხეში, ვკითხე, მა, რა წიგნები ჩამოგიტანო-მეთქი და მითხრა, მე კი ნუ შემომიტანთ, ციხის ბიბლიოთეკას აჩუქეთ და მერე, მე რაც მინდა, იმას ავიღებო. ყველას საკეთილდღეოდ ზრუნავს და ცდილობს, ასეთია, სხვანაირად არ შეუძლია“...
მზია ამაღლობელს დღეს წიგნების კითხვა უჭირს, რადგან ციხეში მისი მხედველობა უკიდურესად გაუარესდა - ცალ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. მეორე თვალში კი მხედველობის მხოლოდ 10%-იღა დარჩა:
„მამიდა ბოლოს სექტემბრის შუა რიცხვებში ვნახე. წუხდა, რომ დღეში სამ გვერდზე მეტს ვეღარ კითხულობს. დამაბარა, იქნებ ლექსიკონი ნახო, ოღონდ დიდი შრიფტით რომ იყოს დაბეჭდილიო, ინგლისურის განმტკიცება გადაწყვიტა. ციხის ბიბლიოთეკაში მხოლოდ წვრილი შრიფტით ნაბეჭდი ლექსიკონი აქვთ და ახლა ვეძებ დიდი შრიფტით დაბეჭდილს, რომ გავუგზავნო“, - ამბობს ივეტა.
ძმისშვილებს ახლა ყველაზე მეტად მამიდასთან დიალოგი აკლიათ. დიალოგი, რომელიც მათი თქმით, გამოუვალ სიტუაციაშიც კი ამშვიდებდათ - „გაწონასწორებული, აუღელვებელი“:
„ვერასდროს დავიჯერებდი, რომ მზიას ასეთი რამ დაემართებოდა, რადგან მისთვის, ყოველგვარი ძალადობის გამოვლინება ყოველთვის მიუღებელი იყო და არის, ისიც კი არ მოსწონდა, ბავშვები რომ სათამაშო თოფებით თამაშობდნენ ხოლმე. მისთვის ყოველგვარი აგრესია მიუღებელია. მისი სილა და რეაქცია მხოლოდ უკიდურესი შეურაცხყოფის შედეგი იყო, რომელიც მას თავზე დაატეხეს“...
„სილა რეჟიმს“ - დაუჯდომელი სხდომები
„სილა რეჟიმს“ - ეს ორი სიტყვა დაწერა მზია ამაღლობელმა 6 აგვისტოს ფურცელზე, როდესაც ის მოსამართლემ ორი წლით გაუშვა საპატიმროში.
მზია ამაღლობელს გამოძიებისა და სასამართლო სხდომების არცერთ ეტაპზე არ უცნია თავი დამნაშავედ. ამიტომაც მისთვის სრულიად მიუღებელი იყო შეთავაზება საპროცესო შეთანხმებაზე.
თავის დასკვნით სიტყვაში, მზია ამაღლობელმა 4 აგვისტოს თქვა:
„იქ, სადაც 7 თვეა ვიმყოფები, საპროცესო შეთანხმება „გამოსავალია“. ჩემს საკანში ისმის ბავშვის ხმა - დედა მენატრები. როცა გავიგე, რომ მისი ოჯახი საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობდნენ გამიხარდა.
ჩემთვის პირიქითაა. შემოთავაზებაც კი სიკვდილივითაა. ადვოკატებმა უკვე თქვეს, რომ არა და ვერ მოვაწერ ხელს - იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. 7 თვეა ამაზე ვფიქრობ.
ჩემი დაკავების პირველივე დღიდან ამ სასამართლო სხდომათა დარბაზში მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც ვიმეორებ - პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით დგებუაძისგან [პოლიციელი, რომელზე თავდასხმასაც ედავებოდა გამოძიება მზია ამაღლობელს]. მგონია, რომ კანონში წერია „სილის გაწვნის“ ადეკვატური მუხლი“.
6 აგვისტოს მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი, რომელიც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა და მზია ამაღლობელს სასჯელი დააკისრა შედარებით მსუბუქი, მუქარის ან ძალადობის მუხლით საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ.
მოსამართლის ეს გადაწყვეტილებაც ისეთივე უსამართლო და მიუღებელი იყო მზია ამაღლობელის ადვოკატების, კოლეგებისა და ახლობლებისთვის, როგორც თავდასხმის მუხლი, გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და ამ საჩივარს სააპელაციო სასამართლო 28 ოქტომბერს განიხილავს.
ამასთან ერთად, ადვოკატები მზია ამაღლობელის დაზარალებულად ცნობას მოითხოვენ.
პარალელურად, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობს მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებასთან და "მის სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილს მიმართა.
მაია მწარიაშვილმა, მისმა ადვოკატმა, მზია ქალთა მეხუთე დაწესებულებაში ბოლოს რამდენიმე დღის წინ, ოქტომბრის შუა რიცხვებში მოინახულა.
ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მზიას უკიდურესად გაუარესებული მხედველობა დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს და მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მზია ამაღლობელის მხედველობის კვლევა ამ დრომდე არ ჩატარებულა იმ კლინიკაში, სადაც გადაყვანას ითხოვს პატიმარი და მისი ადვოკატი:
„ბოლო კვლევა ივლისში ჩაუტარდა. ერთ თვალზე, სადაც 10%-ზეა დარჩენილი მხედველობა, რეკომენდაცია მისცეს სამედიცინო მანიპულაციაზე, ანუ, რამ შეიძლება გააჩეროს მხედველობის ვარდნა. მეორე თვალზე ნულოვანია მხედველობა, მაგრამ იქაც არის, სავარაუდოდ, სამედიცინო ჩარევის საშუალება. ივლისის შემდეგ სასჯელაღსრულებას არანაირი ღონისძიებისთვის არ მიუმართავს. არაერთხელ მივწერე მათ, რას აკეთებენ იმისათვის, რომ ეს მანიპულაცია ჩატარდეს. მეორე თვალზე ლაპარაკია რქოვანის გადანერგვაზე.
წინა კვირაშიც მივწერე იუსტიციის მინისტრს, რადგან არავინ იცის, შესაძლოა, ერთ დღეში მოხდეს მხედველობის დრამატული ვარდნა. მანამდე ვარდნა იყო ორ დღეში, ამიტომ არაპროგნოზირებადი მდგომარეობაა და ყოველი დღე რისკის შემცველია მზიას მხედველობისთვის“, - ამბობს ადვოკატი.
მაია მწარიაშვილის თქმით, მზია „ძალიან გამხდარია“.
„არ იკვებება. ამბობს, რომ ბევრი ჭამა არ შეუძლია. შიმშილობამ ძალიან იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე. ჩემი ინფორმაციით, პრაქტიკულად არ ჭამს.
სხვა მხრივ მას არ აქვს პრეტენზია ციხის პერსონალთან. საკანში მარტოა. ეს მისი არჩევანია. განაჩენის შემდეგ, შესაძლებელი იყო მისი გადაყვანა სხვა საკანში, მაგრამ სადაც იყო, ისევ იქ არის.
ემოციურად ეს ადამიანი ყოველთვის იყო მშვიდი. ასეთია ახლაც. მშვიდი და გაწონასწორებული. არაფერს ითხოვს, არ გაწუხებს, როგორი მყარიც იყო შინაგანად, ახლაც ასეა“, - გვითხრა მაია მწარიაშვილმა.
საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრში
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, დაკავების დღიდან მოექცა არა მარტო ადგილობრივი მედიისა თუ საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რასაც პერმანენტული საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში, არამედ ის, როგორც პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააკავეს, მალევე იქცა საერთაშორისო საზოგადოებისთვის საქართველოში არსებული ვითარების სიმბოლოდ.
არაერთი გავლენიანი ორგანიზაცია მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდა და მოითხოვს. მზია ამაღლობელის დამნაშავედ ცნობის გადაწყვეტილებას სპეციალური მკაცრი, დამგმობი განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირიც.
მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს „არაპროპორციული და პოლიტიზებული“ უწოდეს 24 საელჩოს წარმომადგენლებმა.
ჟურნალისტის განაჩენის გამოცხადების შემდეგ განცხადება გაავრცელა პრესის თავისუფლებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ და ეს გადაწყვეტილება ასე დაახასიათეს: „შერჩევითი გადაწყვეტილება, რომელიც ასახავს ხელისუფლების ავტორიტარულ ტენდენციას“.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საერთაშორისო გამოხმაურებებისა, რომლებიც მზია ამაღლობელის დაკავებასა და პატიმრობას მოჰყვა ბოლო თვეების განმავლობაში.
The Guardian-ისათვის მიცემულ ინტერვიუში მზია ამაღლობელი თავადაც მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას და მათ მოუწოდებს:
“მხარი დაუჭირეთ საქართველოს ალყაში მოქცეულ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას. ნუ დასჯით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის გაუქმებით. მიზანში ამოიღეთ პასუხისმგებელი პირები: „ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენლები და მათი ბიზნესქსელები. ხმა აიმაღლეთ ქუჩაში გამოსული ადამიანების, ციხეებში მყოფი ჟურნალისტების, იმ საზოგადოების დასაცავად, რომელიც უარს ამბობს დამორჩილებაზე.
საქართველოს მხარდაჭერა მხოლოდ სოლიდარობის აქტი არ არის – ეს პრაგმატული არჩევანია. კიდევ ერთი რეპრესიული რეჟიმი სამეზობლოში საფრთხეს შეუქმნის თვით ევროპის უსაფრთხოებას. საქართველოს მიტოვება ახლა რუსეთის აგრესიის წახალისებას ნიშნავს.
საქართველოს ეროვნული დევიზი ასეთია – „ძალა ერთობაშია“. ჩემთვის ევროკავშირის ნაწილად ყოფნა ამ ძალის გაზიარებას და მასში წვლილის შეტანას ნიშნავს.
ჩვენ არ ვეკუთვნით დიქტატურისა და შიშის რუსულ სამყაროს, არამედ – თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს. ჩემი საკნიდან ახლა უფრო ცხადად ვხედავ, ვიდრე ოდესმე – ევროპა მხოლოდ გეოგრაფია არ არის, ის ღირებულებებია: ღირსება, სამართლიანობა, თანასწორობა და სოლიდარობა“...
საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი კრიტიკის მიუხედავად, "ქართული ოცნების" ხელისუფლება დაპატიმრებული ჟურნალისტის მიმართ ღია აგრესიას გამოხატავდა და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აცხადებდა მას დამნაშავედ. ჟურნალისტის დაკავების შემდეგ, "ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ მზია ამაღლობელი კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა და მის დავალებას პოლიციელის ღირსების შელახვა წარმოადგენდა. იმავეს ამტკიცებდა პარტიის მაშინდელი აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.
მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელს პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადაეცა, "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა: "ლიბერალიზმის სახელით ყველა მოძალადე უნდა შეაქონ, დააჯილდოონ, რომ სხვებმაც დაინახონ- ძალადობა არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც მათ თანამედროვე ლიბერალიზმი უნდა გაატარონ. ეს ეწერება მთლიანად იმ კონცეფციაში, რაც თანამედროვე ლიბერალიზმს აქვს, რომ მოძალადეს წარმოაჩენენ გმირად".
საერთაშორისო ჯილდოები სიმამაცისა და გმირობისთვის
ოქტომბერში მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის გარდა კიდევ ორი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.
10 ოქტომბერს მან მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო მიიღო, რომელსაც „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) „საერთაშორისო მედიის მხარდაჭერასთან“ (IMS-სთან) პარტნიორობით ყოველწლიურად გასცემს.
მათი განცხადებით, მზია ამაღლობელის პატიმრობა სიმბოლურად გამოხატავს მედიის წინააღმდეგობის ძალას მზარდი ავტორიტარიზმის მიმართ:
„მზია ამაღლობელის ათწლეულების განმავლობაში გაწეულმა შრომამ საქართველოს დამოუკიდებელი მედიის განვითარებისთვის, შთააგონა ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც დღეს ხელისუფლების მხრიდან უკიდურესი ზეწოლის მიუხედავად, უარს ამბობენ გაჩუმებაზე. ეს ჯილდო პატივს მიაგებს ამაღლობელის სიმტკიცესა და ჩვენ კვლავ ვითხოვთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“.
12 ოქტომბერს პრაღაში, მზია ამაღლობელს, როგორც ქართული წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლოს, გადაეცა „ფორუმ 2000-ის“ ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის.
საერთაშორისო ჯილდო, რომელიც "ფორუმ 2000-ის" ფონდმა 2021 წელს დააარსა, არის განსაკუთრებული სამოქალაქო გამბედაობისა და პასუხისმგებლობის ჯილდო, რომელიც გადაეცემათ მოქალაქეებს ან ინსტიტუტებს სამეტაპიანი შერჩევითი პროცესის შემდეგ. ეს არის ჯილდო მათთვის, ვინც დემოკრატიის დაცვას, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხელშეწყობას პირად ინტერესზე მაღლა აყენებს.
ირაკლი დგებუაძე, - პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ფიგურირებდა ამაღლობელის საქმეში და რომელსაც ამაღლობელმა სილა გააწნა, - ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტს აღარ იკავებს. შსს-ის ცნობით, დგებუაძე „მუშაობას აგრძელებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე“.
მზია ამაღლობელი მიუთითებდა, რომ დაკავების შემდეგ დგებუაძე მას არაადამიანურად მოექცა ბათუმის პოლიციის შენობაში, არაერთი პოლიციელის თანდასწრებით. ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.
ფორუმი