Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამშობლოს ძალა“ გიხმობს - როგორ ცდილობს რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ ომში ქართველები მიიზიდოს


მოკლედ

  • რუსული ვებსაიტი „სამშობლოს ძალა“ ქართველებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.
  • ვებსაიტი გულუხვ დაპირებებს გასცემს, თუმცა მისი სანდობაა საეჭვოა.
  • ექსპერტები ვებსაიტს პროპაგანდისა და დაზვერვის ინსტრუმენტად და საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევად მიიჩნევენ.

მილიონები, მოქალაქეობა და „პატივი, ემსახურო რუსეთს“ - რუსული ვებსაიტი „სამშობლოს ძალა“ საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა სურთ. პორტალი ხაზს უსვამს ქართველების „მეომრულ ტრადიციებს“ და მათ „განსაკუთრებულ პირობებს“ სთავაზობს.

გადაბირების, პროპაგანდისა და სპეცსამსახურებისთვის საინტერესო ინფორმაციის შეგროვების მცდეობის ნაზავი - ასე აფასებენ ამ პროექტს ექსპერტები. რა დგას უცხო ქვეყნის მოქალაქეების რეკრუტირების ამ პროექტის უკან?

საქართველოს მამაცი მეომრები

ვებსაიტი „სამშობლოს ძალა“, რომელიც თავს საკონტრაქტო სამსახურის ცენტრად წარმოაჩენს, უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ჯარისკაცების რეკრუტირებას ახდენს.

ცენტრი მსურველებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში „ოფიციალურად“ დასაქმებას ჰპირდება და განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოს მოქალაქეებს უთმობს, ვებსაიტი მათ უკეთეს პირობებს სთავაზობს:

რეგულარულ სარგოს (ერთჯერადი თანხა 2,5 მილიონი რუბლია, თითქმის 31 000 აშშ დოლარი), ყოველთვიურ ხელფასს - 210 000 რუბლს (თითქმის 3 000 აშშ დოლარი), თანამედროვე აღჭურვილობას, სრულ სოციალურ პაკეტსა და მთელი ოჯახისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ პროცედურას.

„საქართველო უძველესი დროიდან განთქმულია თავისი მამაცი მეომრებითა და სამხედრო ტრადიციებით. დღეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, გააგრძელონ ეს დიდებული ისტორია მნიშვნელოვან მისიაში მონაწილეობით. კონტრაქტი - ეს არ არის მხოლოდ სამსახური, არამედ პატივი, მოვალეობა და შანსი, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

<...> სპეციალური სამხედრო ოპერაცია მოითხოვს პროფესიონალებს და ქართველებს შეუძლიათ გახდნენ ამ პროცესის ღირებული მონაწილეები. <...> ქართველები, რომლებიც ამ გზას ირჩევენ, იღებენ არა მხოლოდ მატერიალურ სარგოს, არამედ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ თავიანთი საუკეთესო თვისებები, რომლებიც საუკუნოვან ტრადიციებშია ფესვგადგმული“, - ნათქვამია ვებსაიტზე.

მოსკოვი, რომელიც „კიევის სამ დღეში აღებას“ გეგმავდა, უკვე მეოთხე წელია, რაც ჯარისკაცებს კარგავს.
მოსკოვი, რომელიც „კიევის სამ დღეში აღებას“ გეგმავდა, უკვე მეოთხე წელია, რაც ჯარისკაცებს კარგავს.

„სამშობლოს ძალა“ აცხადებს, რომ ნებისმიერს მიიღებენ - მთავარია კანდიდატი რუსეთში იმყოფებოდეს, თუნდაც არალეგალურად. საქართველოს გარდა, „სამშობლოს ძალას“ რეკრუტირებისთვის შერჩეული ჰყავს სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი.

თუმცა, ვებსაიტის დეტალური შესწავლისას ჩნდება კითხვები: ვინ დგას მის უკან? ნამდვილად არის თუ არა ის დაკავშირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და რამდენად სანდოა დაპირება გადახდებსა და მოქალაქეობის მიღებაზე?

„ორგანიზაციის შესახებ“ განყოფილებაში არ არის დაზუსტებული ცნობები კომპანიაზე, მათ შორის არ არის მითითებული, აქვს თუ არა მას და მის პერსონალს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აკრედიტაცია. ამ განყოფილებაში ეს არის ნათქვამი:

„ჩვენი კომპანია დახელოვნებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების მოზიდვაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ რუსეთის 12-ზე მეტ მსხვილ ქალაქთან და ვეხმარებით მათ საუკეთესო ვაკანსიების პოვნაში ამ პრიორიტეტებით: მაქსიმალური ფულადი სარგო, სათანადო სპეციალობა ან სასურველი რეგიონი სამსახურისთვის“.

ვებსაიტზე გამოქვეყნებულია ვითომდა იმ კანდიდატებთან მიმოწერა, რომლებმაც „სამშობლოს ძალის“ შუამავლობით მოაწერეს ხელი კონტრაქტს და ანაზღაურებაც მიიღეს.

აი, კანდიდატ არტიომთან გასაუბრების შინაარსი:

2 მაისი
- გამარჯობა, კონტრაქტი ხელმოწერილია, ყველაფერი მშვენივრადაა. 810-ე ბრიგადაში მაგზავნიან, როგორც მინდოდა
- გამარჯობა. არაფრის - ეს ჩვენი მოვალეობაა. წარმატებულ სამსახურს გისურვებთ
- თუ კითხვები გექნათ, მოიწერეთ - დაგეხმარებით რითაც შევძლებთ.
- დიდი მადლობა …ხომ ვერ მეტყვით, ფული როდის ჩამერიცხება?
- პირველი ნაწილი კონტრაქტის ხელმოწერიდან 2-3 კვირაში
- მადლობა, დაველოდები

დღეს

- სალამი. გადმორიცხვები მოვიდა, დიდი მადლობა ყველა ეტაპზე დახმარებისთვის

- არაფრის

მინაწერი გამოხმაურებებზე ასეა დასათაურებული: ჩვენი კანდიდატების გამოხმაურებები მესენჯერის ჩატებში ნამდვილია - შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ.
მინაწერი გამოხმაურებებზე ასეა დასათაურებული: ჩვენი კანდიდატების გამოხმაურებები მესენჯერის ჩატებში ნამდვილია - შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ.

საიტის სანდოობის შეფასების სხვადასხვა სერვისი აჩვენებს, რომ ამ რესურსის სანდოობისა თუ უნდობლობის ხარისხი ნულია - ანუ მასზე განთავსებული ინფორმაცია დადასტურებულად ვერ ჩაითვლება.

დომენი ახლახან არის დარეგისტრირებული - სხვადასხვა მონაცემებით, 2024 წლის 4 ნოემბერს, 2024 წლის 4 აპრილს ან 2025 წლის მარტში. ერთი რესურსის თანახმად, IP მისამართი მოსკოვთან არის დაკავშირებული, ხოლო მეორეს თანახმად - ევროკავშირთან.

ქართული პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ფიფიამ, „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში ივარაუდა, რომ ვებსაიტი შესაძლოა თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შექმნილი იყოს.

ოქტომბრის დასაწყისში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი დენის პუშილინი დონეცკში ქართველ პრორუს პოლიტიკოსებს შეხვდა. მან თავის სტუმრებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს რიგებში მებრძოლი „დაქირავებული ქართველების“ სია გადასცა. ამ შეხვედრას მამუკა ფიფიაც ესწრებოდა.

„გმირულად იბრძვიან რუსეთის მხარეს“

რუსეთის ომმა უკრაინაში ორივე მხარეს უზარმაზარი დანაკარგები მოუტანა. მოსკოვი, რომელიც „კიევის სამ დღეში აღებას“ გეგმავდა, უკვე მეოთხე წელია, რაც ჯარისკაცებს კარგავს.

BBC-მ, Mediazona-სთან და მოხალისეებთან ერთად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 136 286 რუსი სამხედროს დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. უკრაინის ოფიციალური სტატისტიკა გაცილებით მაღალია: უკრაინის მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის, უახლესი ანგარიშით, მხოლოდ 2025 წლის იანვრიდან სექტემბრის დასაწყისამდე უკრაინაში 299 210 რუსი ჯარისკაცია დაღუპული.

ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების კვლევითი ცენტრის, CYSEC-ის დამფუძნებელი.
ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების კვლევითი ცენტრის, CYSEC-ის დამფუძნებელი.

„საიდუმლო არ არის, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც მას კრემლი უწოდებს, წარუმატებელია და უზარმაზარ ადამიანურ რესურსს მოითხოვს. როგორც ჩანს, რესურსები იწურება: ომი უკვე მეოთხე წელია გრძელდება. კრემლმა გადაწყვიტა, ისინი საზღვარგარეთ და რუსეთში ეთნიკურ უმცირესობებში ეძებოს.

ახლა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მოსკოვთან გარკვეულწილად „თბილ“ ურთიერთობებს ინარჩუნებს, კრემლი ცდილობს ამ გზით ხალხის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გადაბირებას“, - ამბობს ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების კვლევითი ცენტრის, CYSEC-ის დამფუძნებელი.

ისეთი ვებსაიტები, როგორიცაა „სამშობლოს ძალა“, რომლებიც სწრაფ კონტრაქტებს, დიდ ანაზღაურებას და საბრძოლო ზონებზე მარტივ წვდომას სთავაზობენ მებრძოლებს, შესაძლოა უბრალოდ რეკრუტირების ინსტრუმენტზე მეტი იყოს; ექსპერტები თვლიან, რომ ისინი ასევე წარმოადგენენ პროპაგანდისა და დაზვერვის ინსტრუმენტს.

უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი ასეთ რესურსებს სტატისტიკის შესაგროვებლად იყენებს, რათა შეაფასოს თავისი პროპაგანდის გავლენა საქართველოს მოსახლეობაზე:

„იმისათვის, რომ საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდეს, ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიული რუსული პროპაგანდა მუშაობს. ეს რუსეთის მთავრობისა და სადაზვერვო სამსახურების საქმეა. ამ მეთოდების გამოყენებით მათ შეუძლიათ აკონტროლონ, თუ როგორ მოქმედებს ეს პროპაგანდა საქართველოს მოსახლეობაზე, უნდა გაძლიერდეს თუ შესუსტდეს ის, ასევე დაგეგმონ ბიუჯეტები - რამდენი უნდა დაიხარჯოს პროპაგანდაზე კონკრეტულ ქვეყანაში.“

მამულაშვილის თქმით, ასეთი ვებსაიტები უნდა აიკრძალოს და ეს უნდა გააკეთონ საქართველოს ხელისუფლებამ და სადაზვერვო სამსახურებმა, რაც, მისი აზრით, არ ხდება. ის აღნიშნავს, რომ ამჟამად ისინი უკრაინულ გვერდებს უფრო წარმატებით ბლოკავენ, ვიდრე რუსულებს.

უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი
უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი

„ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში პრორუსული გავლენა იზრდება. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ასეთ ომში რუსეთის მხარეს მონაწილეობა საქართველოს ღალატია. მეგობარი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას პირდაპირი შედეგები მოჰყვება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გააზრებული ჰქონდეთ ჯარისკაცებსაც და მოხალისეებსაც.

თუ საქართველოს მთავრობა აკრძალავს ამ ვებსაიტებს და დაიცავს თავის მოსახლეობას, მაშინ მე დავიჯერებ, რომ მათ კავშირი არ აქვთ ამასთან. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ეს ვებსაიტები არსებობს და მათ ხედავენ საქართველოში.“

"ქართული ლეგიონის" მეთაური აღიარებს, რომ არიან რუსეთში დაბადებული ქართული წარმოშობის ადამიანები, რომლებიც ახლა ამ ომში უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან. მაგრამ, მისი თქმით, ამ ხალხს "არ აქვს კავშირი საქართველოსთან“ და ასეთი ერთეული შემთხვევაა.

„ასეთი რამ ნამდვილად ხდება და ბევრი მათგანი აქ, უკრაინაში დაიღუპა. მე პირადად ძალიან ცოტა საქართველოს მოქალაქეს ვიცნობ, რომლებზეც მედიაშიც დაიწერა, რომლებიც პრორუსები იყვნენ და რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ. ეს ადამიანები მოღალატეები არიან“, - ამბობს მამულაშვილი.ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი ცდილობს, „ქართული ლეგიონის“ საპირწონე დანაყოფი შექმნას.

პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია ადასტურებს: „ჩვენ ახლოს ვართ ქართული ბატალიონის შექმნასთან“. ფრონტზე მიმოფანტული მებრძოლები, მისი თქმით, „ერთი დროშის ქვეშ შეიკრიბებიან“.

ნიკოლოზ მჟავანაძე, პაატა აბულაძე, მამუკა ფიფია და გიორგი ირემაძე დენის პუშილინთან შეხვედრაზე
ნიკოლოზ მჟავანაძე, პაატა აბულაძე, მამუკა ფიფია და გიორგი ირემაძე დენის პუშილინთან შეხვედრაზე

„როდესაც დონეცკში პუშილინს შევხვდი, ვიღაცამ რაღაც თქვა იმის შესახებ, თუ როგორ კარგავდნენ დროს ამ „ქართული ლეგიონის“ პოპულარიზაციაში, არადა, ჩვენი ბიჭები გმირულად იბრძვიან რუსეთის მხარეს და არავინ არაფერს ამბობს მათზეო...უახლოეს მომავალში, თუ ომი გაგრძელდა, ჩვენ შევქმნით ქართულ ბატალიონს“, - ამბობს ის და აზუსტებს, რომ პირადად ის მებრძოლებს არ აგროვებს, უბრალოდ იდეაა მისი.

რუსეთი დღემდე მალავს მონაცემებს ოფიციალური დანაკარგების შესახებ. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებმა მოახერხეს ათასობით დაღუპულის ვინაობის გარკვევა, მათ შორის ასობით ჯარისკაცს ქართული გვარები ჰქონდა. მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქე იყო, თუმცა ზოგიერთს ორმაგი მოქალაქეობაც ჰქონდა.

ანდრო გოცირიძე ხაზს უსვამს, რომ თუ საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაამყარებენ კონტაქტს - ეს დანაშაულია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სასჯელს იმ სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებისთვის, რომელსაც საქართველოსთან არამეგობრული ურთიერთობა აქვს.

„ჩვენ ოფიციალურად არამეგობრული ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან. ჩვენ გვაქვს ღია საომარი მდგომარეობა. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. ...თუკი ვინმე უარს იტყვის საქართველოს მოქალაქეობაზე და შეუერთდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, იურიდიულად ეს პრობლემას არ წარმოადგენს - ისინი რუსეთის მოქალაქეები ხდებიან. თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის ასეთი ქმედებები დანაშაულად ითვლება და სახელმწიფო ყველა საშუალებით, მათ შორის ელექტრონული არხებით, უნდა ებრძოლოს გადაბირებას“, - ამბობს გოცირიძე.

„ერთი ბრძოლა“

საქართველოდან მოხალისეების პირველი ტალღა უკრაინაში 2022 წლის მარტის დასაწყისში გაემგზავრა. პირველი ცნობები ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გამოჩნდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ომის პირველი დღეებიდან უკრაინაში 2000-მდე ქართველი იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში მსახურობენ და ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ. ყველაზე დიდი დანაყოფი „ქართული ლეგიონია“.

2024 წლის მაისში რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (ფსბ) ლეგიონი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის უზენაესმა სასამართლომ ბატალიონის მეთაურ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად თავისუფლების 23 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

„საქართველოსა და ქართველებისთვის - ეს ერთი ბრძოლაა, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო და დღესაც გრძელდება უკრაინის ტერიტორიაზე. [მაშინ] საქართველოს დასახმარებლად მარტო უკრაინელი ჯარისკაცები ჩამოვიდნენ. „ქართული ლეგიონი“ უკრაინაში დღესაც ყველაზე დიდ ეთნიკურ დაჯგუფებად რჩება“, - ამბობს მამულაშვილი.

2024 წლის თებერვალში რუსეთმა საქართველოს 100 მოქალაქე ძებნილად გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის. აგვისტოს მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG