რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში განაცხადა, რომ სიმონიანის მკვლელობა აღკვეთეს და მოსკოვსა და რიაზანის ოლქში დააკავეს ეჭვმიტანილები, რომლებიც დანაშაულის ჩადენას უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით გეგმავდნენ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, რომელსაც ეს საქმე გადაეცა, დღეს, 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი დადგენილი არ არის.
საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, მარგარიტა სიმონიანის მოკვლას 50 ათასი აშშ დოლარის ჯილდოს სანაცვლოდ გეგმავდნენ რუსეთში ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაციის, National Socialism/White Power-ის დამფუძნებელი მიხაილ ბალაშოვი და ჯგუფის წევრი ეგორ საველიევი.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ბალაშოვი, საველიევი და ჯგუფის სხვა წევრები ჟურნალისტ მარგარიტა სიმონიანის მკვლელობას 50 ათას დოლარად დასთანხმდნენ „დაუდგენელი პირების დაკვეთით". გამოძიების თანახმად, თანამონაწილეებმა შეაგროვეს ინფორმაცია სიმონიანის ადგილსამყოფელისა და გადაადგილების შესახებ და „დაუდგენელი პირებისგან" ცეცხლსასროლი იარაღის მიღების შემდეგ ის უნდა მოეკლათ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობითვე, ბალაშოვს, საველიევს და კიდევ 10 პირს ბრალად ედება სხვა დანაშაულიც, მათ შორის უცხოელებსა „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირებზე" თავდასხმები.
ბრალდებულების წინააღმდეგ ტერორისტული საქმიანობის, მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის მცდელობის, ექსტრემიზმის და ეროვნების ნიშნით სიძულვილის გაღვივების მუხლებით აღძრული საქმეები განსახილველად სასამართლოს გადაეცემა.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 2022 წელსაც განაცხადა, რომ აღკვეთა რამდენიმე ჟურნალისტზე თავდასხმა, რომელსაც უკრაინის სპეცსამსახურები ამზადებდნენ. მათ შორის დასახელებული იყო კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ამას რუსეთის სპეცსამსახურების „ახალი ფანტაზიები“ უწოდეს.
ფორუმი