Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ლეონ XIV-მ შვიდი პირი შერაცხა წმინდანად, მათ შორის, ერთი ყოფილი სატანისტი მღვდელი


რომის პაპმა ლეონ XIV-მ შვიდი პირი შერაცხა წმინდანად. ვატიკანი, 19 ოქტომბერი, 2025 წელი
რომის პაპმა ლეონ XIV-მ შვიდი პირი შერაცხა წმინდანად. ვატიკანი, 19 ოქტომბერი, 2025 წელი

ვატიკანში, 19 ოქტომბერს რომის პაპის ლეონ XIV-ის მიერ მოხდა შვიდი პირის წმინდანად კანონიზება: ესენი არიან თურქეთში დაღუპული სომეხი კათოლიკე მთავარეპისკოპოსი, ყოფილი სატანისტი მღვდელი, პაპუაახალგვინეელი რჯულის მასწავლებელი - საერო პირი, ვენესუელელი „ღარიბების ექიმი“ და სამი მონაზონი.

იგნატიუს მალოიანი სომეხი კათოლიკე სასულიერო პირი, ოსმალეთში, მარდინის მთავარეპისკოპოსი იყო, რომელიც ისლამის მიღებაზე არაერთგზის უარის შემდეგ აწამეს და მოკლეს 1915 წელს სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის დროს.

ყოფილი სატანისტი მღვდელი ბარტოლო ლონგო, იტალიელი იურისტი იყო. დაიბადა 1841 წელს და გარდაცვალა 1926 წელს. ის თავის დროზე სატანისტური კულტის მსახური იყო და შემდეგ კვლავ შეუერთდა კათოლიციზმს, დააარსა პომპეის როზარის წმინდა ღვთისმშობლის პაპის სალოცავი.

„დღეს ჩვენ წინაშე შვიდი მოწმეა, ახალი წმინდანები, რომლებმაც ღვთის წყალობით რწმენის ლამპარი ანთებული შეინარჩუნეს“, - განუცხადა ლეონმა შეკრებილებს, დაახლოებით 70 000 ადამიანს.

19 ოქტომბერს კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხილთა შორისაა პიტერ ტო როტი, საერო პირი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში, იაპონიის ოკუპაციის დროს დაიღუპა; ვენესუელელი ექიმი ხოსე გრეგორიო ერნანდეს სისნეროსი, ასევე სამი მონაზონი: მათგან ერთი პირველი სამხრეთამერიკელი ქალი წმინდანია ვენესუელიდან და ორი იტალიელი მონაზონი, რომლებიც ჰოსპიტლებში ავადმყოფებზე ზრუნავდნენ.

კათოლიკურ ეკლესიაში წმინდანად შესარაცხად საჭიროა სამი პირობა - ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შესაბამისმა პირმა სულ მცირე ორი სასწაული მოახდინოს; სულ მცირე ხუთი წლის წინ უნდა იყოს გარდაცვლილი და სამაგალითო ქრისტიანული ცხოვრება უნდა ჰქონდეს განვლილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG