Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიკემიით გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს ვატიკანი წმინდანად შერაცხავს


კარლო აკუტისი, 15 წლის მოზარდი, რომელიც 2006 წელს, ლეიკემიით გარდაიცვალა
კარლო აკუტისი, 15 წლის მოზარდი, რომელიც 2006 წელს, ლეიკემიით გარდაიცვალა

კარლო აკუტისი, იტალიელი მოზარდი, რომელიც 2006 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა, ვატიკანი წმინდანად შერაცხავს.

კანონიზაციის ცერემონია 7 სექტემბერს წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ განაცხადა რომის პაპმა, ლეო XIV-მ.

თავდაპირველად ცერემონია 27 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო ის გადაიდო.

აკუტისი 15 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა ის ჯერ კიდევ სიცოცხლეში გახდა ცნობილი და მას "ღმერთის ინფლუენსერად" მოიხსენიებდნენ.

მოზარდი ქმნიდა ვებსაიტებს სკოლის სამრევლოსთვის და შექმნა ონლაინ-პორტალი ქრისტიანულ სასწაულებზე.

აკუტისს უყვარდა ვიდეოთამაშები. მის გამოსახულებას ხშირად ბეჭდავენ მოზარდების ტანისამოსზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს კათოლიკეების ახალ თაობაში.

კათოლიკური ტრადიციის მიხედვით, წმინდანად შერაცხვისთვის აუცილებელია მინიმუმ ორი სასწაულის აღიარება, რომელიც კანდიდატის სახელს უკავშირდება.

პირველი შემთხვევა, რომელსაც მოზარდის სასწაულს მიაწერენ, 2013 წელს, ბრაზილიაში მოხდა - პანკრეასის დაავადების მქონე ბავშვი განიკურნა მას შემდეგ, რაც მისი გადარჩენისთვის ახლობლებმა აკუტისის სახელზე ილოცეს.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, 2022 წელს, იტალიაში, 21 წლის კოსტარიკელმა ქალმა, ველოსიპედიდან ვარდნის შედეგად თავის მძიმე ტრავმა მიიღო. თუმცა, როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, მას შემდეგ, რაც დედამისმა აკუტისის საფლავზე ილოცა, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, მან იმავე დღეს, დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა, ხელოვნური აპარატის გარეშე. ათი დღის შემდეგ კი საავადმყოფოდან გაწერეს.

სწორედ ეს ორი შემთხვევა სცნო ვატიკანმა სასწაულად, რაც მოზარდის წმინდანად შერაცხვის საფუძველი გახდა.

კარლო აკუტისი, 15 წლის მოზარდი იტალიაში, ქალაქ ასიზიში, აკლდამაშია დასვენებული, 10 ოქტომბერი, 2020 წელი
კარლო აკუტისი, 15 წლის მოზარდი იტალიაში, ქალაქ ასიზიში, აკლდამაშია დასვენებული, 10 ოქტომბერი, 2020 წელი

კარლო აკუტისი დასვენებულია იტალიის ქალაქ ასიზის აკლდამაში. მისი სხეული, რომელიც ცვილითაა დაფარული და აცვია ჯინსები და Nike-ის კედები, ყოველწლიურად ათასობით მლოცველს იზიდავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG