„უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ. დრო ყველაფერს აჩვენებს“, - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი. ის არის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის ძმა.
„ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს“, - წერს იგი.
სუსმა დღეს საღამოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მოწმის სახით გამოჰკითხეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მისი თქმით, ღარიბაშვილისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.
იგი ასევე ამბობს, რომ ოქროს ზოდები ღარიბაშვილის "ოჯახიდან არ არის ამოღებული“.
მოგვიანებით ადვოკატმა „ტვ პირველს“ უთხრა: „[ეს, რაც მოხდა] არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კორუფციის აღიარებას, ეს არის აბსოლუტურად სხვა დეფინიცია“.
ადვოკატის თქმითვე, ირაკლი ღარიბაშვილი მომდევნო დღეებში დეტალურად ისაუბრებს ამ საკითხზე.
ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის პირველი გამოკითხვა და მანამდე იგი დაბარებული არ ყოფილა.
სუსში განაცხადეს, რომ ღარიბაშვილმა დღეს გამოკითხვაზე „სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი“.
ფეისბუკზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ტოვებს ღარიბაშვილი უწყებას. ის არ დაუკავებიათ.
სუსი აცხადებს, რომ მომდევნო „დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე“.
ფორუმი