Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი: ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა


ფოტო არქივიდან: ირაკლი ღარიბაშვილი (მარცხნივ), ბიძინა ივანიშვილი (შუაში) და ირაკლი კობახიძე. 2024 წელი
ფოტო არქივიდან: ირაკლი ღარიბაშვილი (მარცხნივ), ბიძინა ივანიშვილი (შუაში) და ირაკლი კობახიძე. 2024 წელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ.

„დღეს სუსში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას“, - თქვეს სუსში.

ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელმა არ უპასუხა კითხვას, დაკავებულია თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ თანამდებობას ორჯერ იკავებდა.

სისხლის სამართლის კოდექსის 701 მუხლით, „განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის (პირების) ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით მოხერხდა ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობების შექმნა, სასამართლო უფლებამოსილია სრულად გაათავისუფლოს ბრალდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან“.

უკანონო შემოსავლებთან კავშირში ირაკლი ღარიბაშვილის გვარი რამდენიმე დღის წინ დასახელდა.

17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სამი ყოფილი მაღალჩინოსნის, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი ბინები გაჩხრიკეს. გამომძიებლებმა ამოიღეს „სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“.

მეორე დღეს, 18 ოქტომბერს კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, ათასობით გვერდი დოკუმენტაცია, 50 მობილური ტელეფონი და 119 ელექტრომოწყობილობა.

ყოფილი მაღალჩინოსნების (ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის) დაკავების შემდეგ მედია მუდმივად სვამდა კითხვებს, მიდიოდა თუ არა კვალი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სუსის ყოფილ ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან. ამაზე „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პასუხს არ სცემდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG