Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურის ცნობით, დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის ბინიდანაც $1,319,300 ამოიღეს


გრიგოლ ლილუაშვილი
გრიგოლ ლილუაშვილი

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კობა ხუნდაძე. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული $1 319 300.

კობა ხუნდაძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია „ფულის გათეთრების“ - სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით უკანონო შემოსავლების ლეგალიზიცია ისჯება 9-დან 12 წლამდე პატიმრობით.

პროკურორმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბრალდებულმა ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შეიმუშავა რამდენიმეეტაპიანი სქემა.

„აღნიშნული ქმედებებით დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განახორციელა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა“, - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა და დასძინა, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია 2017-2025 წლებში მოხდა.

ამავე ბრიფინგზე თქვეს, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში გამოძიება ჩატარდა დამატებით 11 ობიექტზე. გამიძიების ფარგლებში ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ მიხეილ ჩოხელისა და მისი ოჯახის საბანკო სეიფებიდან კი ამოიღეს $2 904 900.

საჯარო რეესტრის მიხედვით, კობა ხუნდაძეს არაერთი ბინა აქვს შეძენილი. პროკურატურის ვერსიით, „დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში“.

ის არის კომპანია „დაგი ბილდინგის“ 100%-იანი წილის მფლობელი.

17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სამი ყოფილი მაღალჩინოსნის, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი ბინები გაჩხრიკეს. გამომძიებლებმა ამოიღეს „სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“.

მეორე დღეს, 18 ოქტომბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირად ღირებული ნახატები, ათასობით გვერდი დოკუმენტაცია, 50 მობილური ტელეფონი და 119 ელექტრომოწყობილობა.

ყოფილი მაღალჩინოსნების (ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის) დაკავების შემდეგ მედია მუდმივად სვამდა კითხვებს, მიდიოდა თუ არა კვალი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სუსის ყოფილ ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან. ამაზე „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პასუხს არ სცემდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG