ის დაკავებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით.
სამართლებრივ ენაზე ეს ბრალდებებია „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.
2025 წლის ივლისში ამავე უწყებამ დააკავა ბურჭულაძის გარემოცვის წევრები - მისი ყოფილი მოადგილე, ცოლისძმა და კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი.
MRT-ის აპარატის საქმე
დღევანდელ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ივლისში გამოვლენილი საქმე, რაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ეხებოდა, მომზადდა „ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით“.
ბრალდების თანახმად, ეს სქემა მომზადდა „ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და ვ.მ.-სთვის გამორჩენის მისაღებად“. საუბარია ექსმინისტრის ცოლის ძმაზე, ვასილ მხეიძეზე.
ბრალდების თანახმადვე, სქემაში მონაწილეობდნენ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური.
მათ მხეიძის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში „მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო“.
შედეგად, სუს-ის მტკიცებით, „არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება“:
- 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იყიდა 3 940 000 ლარად.
- „დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი“, - აცხადებს სუს-ი.
„ფულის გათეთრება“ - სახლი ესპანეთში
მეორე ბრალდება უკავშირდება ესპანეთში ძვირადღირებულ მიწის ნაკვეთს.
2025 წლის იანვარში, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით.
სუს-ი აცხადებს, რომ ამ თანხის „კანონიერი წარმომავლობა“ ექს-მინისტრსა და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ.
ამიტომ ამ თანხის „რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით“, მათ 2024 წლის 9 დეკემბერს ბურჭულაძის მეუღლესა და „მესამე პირს“ შორის გაფორმდა „ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება“.
ამ ხელშეკრულების თანახმად, წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება ბურჭულაძეებმა 620 000 ევროდ გაყიდეს.
„რეალურად კი ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა“, - აცხადებს სუს-ი.
უწყების განცხადების თანახმადვე, დამატებით ბურჭულაძე გამოიყენა „ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები“ და „544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით“, ეს ქონება საერთოდ არ მიუთითა 2025 წლის მარტში ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას.
„ხსენებული მეთოდებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია“, - ასეთია სუს-ის პოზიცია.
ჯერჯერობით ბურჭულაძის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.
1 აგვისტოს ყოფილი მინისტრი აცხადებდა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში გაირკვევა სიმართლე და ჩემი თანამშრომლების ბრალეულობა დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება ამ საკითხში“.
ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ გარემოცვის წევრების დაკავებაში იკვეთება პოლიტიკური ინტერესი, თქვა:
„არამგონია, რომ აქ პოლიტიკური ინტერესი, ან დავალება იყოს. ხელოვნურობის განცდა მე არ მიჩნდება“.
ამ საქმეზე სამივე დაკავებულს პატიმრობა აქვს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული.
ჯუანშერ ბურჭულაძე 2021 წლიდან მსახურობდა თავდაცვის მინისტრად.
ის ამ პოსტზე პრემიერად ახლად დასახელებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა.
მანამდე ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი 2019 წელს პოლიტიკაში დაბრუნდა და თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
ფორუმი