Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დააკავეს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსის ძმა და ძმისშვილი


ღვთისმსახურება ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო ტაძარში კათოლიკოსის გარეგინ II-ის აღსაყდრების წლისთავისადმი. ვაღარშაპატი, სომხეთი, 2 ნოემბერი, 2025 წელი
ღვთისმსახურება ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო ტაძარში კათოლიკოსის გარეგინ II-ის აღსაყდრების წლისთავისადმი. ვაღარშაპატი, სომხეთი, 2 ნოემბერი, 2025 წელი

სომხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააპატიმრეს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ძმა და ძმისშვილი. უზენაესი სასულიერო პირის ნათესავების დაკავების ფონზე სულ უფრო იზრდება დაძაბულობა მთავრობასა და ეკლესიას შორის სომხეთში.

ადვოკატმა არა ზოჰრაბიანმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება კათოლიკოსის ძმის, გევორგ ნერსისიანის და მისი შვილის დაკავების შესახებ. საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერმა, კიმა ავადლიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს დაუდასტურა, რომ ორი პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 211-ე მუხლით, რაც გულისხმობს პირის იძულებას საარჩევნო აქტივობების ჩატარების ან ჩატარებისგან თავის შეკავების მიზნით ან ასეთი საქმიანობისთვის სხვაგვარად ხელის შეშლას.

ზოჰრაბიანმა ასევე განაცხადა, რომ ვაღარშაპატის თემში, სადაც ადგილობრივი არჩევნებისთვის კამპანია მიმდინარეობს, პროსამთავრობო პოლიტიკური პარტიის კანდიდატმა Facebook-ზე განაცხადა, რომ "1 ნოემბერს კათოლიკოსის ძმამ, გევორგ ნერსისიანმა, შვილებთან ერთად, ხელი შეუშალა საარჩევნო კამპანიაში".

ზოჰრაბიანმა ბრალდება უარყო.

დაპატიმრებები, რომლებსაც ქვეყნის ოპოზიცია და ეკლესიის დამცველები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ, იმ დროს ხდება, როდესაც პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კვლავ საჯაროდ აკრიტიკებს სომხური სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელობას. 2 ნოემბერს ფაშინიანი დაესწრო ღვთისმსახურებას, რომელიც ერევნიდან 30 კილომეტრში, ოჰანავანში, ჰოვჰანავანკის მონასტერში გამართა სტეფან ასატრიანმა. ფაშინიანი მეორე კვირაა ესწრება უფლებაჩამორთმეული მღვდლის ხელმძღვანელობით გამართულ წირვას.

სომხური სამოციქულო ეკლესიის სულიერმა ცენტრმა, წმინდა ეჯმიაწინის მთავარმა საკათედრო ტაძარმა, ადრე ასატრიანი ეკლესიიდან განკვეთა და აუკრძალა ნებისმიერი რელიგიური რიტუალის შესრულება. გასულ კვირას ეკლესიამ ასატრიანის მსახურება „სულის გამანადგურებელ ინიციატივად“ შეაფასა და ფაშინიანი „ეკლესიის გაყოფის“ მცდელობაში დაადანაშაულა.

ფაშინიანმა სოციალურ მედიაში 2 ნოემბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა კათოლიკოს გარეგინ II-ის თანამდებობიდან გადაყენების მოწოდება და განაცხადა, რომ „სომხური სამოციქულო ეკლესიის სულიერი და ზნეობრივი განახლება, უპირველეს ყოვლისა, თითოეული ჩვენგანის სულიერი და ზნეობრივი განახლებით იწყება“.

გარეგინ II მან საერო სახელით მოიხსენია და თქვა, რომ „სანამ წმინდათაწმინდას კტრიჩ ნერსისიანისა და მისი ჯგუფისგან გაათავისუფლებენ,“ სომხებმა „სულიერად და მორალურად უნდა დაიმსახურონ წმინდათაწმინდა“.

ასევე ნახეთ


ფორუმი

XS
SM
MD
LG