პოლიტიკოსი 15 სექტემბერს დააკავეს - კახა კალაძის საარჩევნო პლაკატზე წარწერის „რუსული ოცნების“ დატოვების მეორე დღეს. მას ედავებიან „სხვისი ნივთის დაზიანებას“ - საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით და სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ელენე ხოშტარიამ კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით წარწერა მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე. დიასამიძემ კალაძის ბანერს წააწერა „რუსული ოცნება“ - ის სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„რამდენჯერად მომინდება, იმდენჯერ დავაწერ კალაძის ბანერს, რომ რუსების მონაა!“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის პლაკატზე წარწერა დატოვა.
ელენე ხოშტარია უარს ამბობს დაცვის უფლებასა და სასამართლოში სიარულზე. ის დღევანდელ სხდომაზეც არ მივიდა სასამართლო დარბაზში. პოლიტიკოსის წინააღმდეგობის მიუხედავად, 17 სექტემბერს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა, რომელთან შეხვედრაზეც ხოშტარიამ უარი თქვა.
იმავე დღეს იმავე მოსამართლემ მას 5000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა და თანხის გადასახდელად 20 დღე მისცა. პოლიტიკოსმა თანხა არ გადაიხადა.
ფორუმი