Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიღაცები გაგყავთ, ანუ გზაზე დგახართ“ - ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს | რეპორტაჟი სასამართლოდან


ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული დემონსტრანტების საქმეები პარალელურად ხუთ მოსამართლეს დაეწერა. ადვოკატებს არ აქვთ ინფორმაცია, რომელი დაკავებული რომელ სხდომათა დარბაზში შეიყვანეს. თავისი დაცვის ქვეშ მყოფების მოსაძებნად სართულიდან სართულზე, ოთახიდან ოთახში დარბიან. 

„ნინი ნაჭყებია მოსამართლე ცაცუას დაეწერა“;

„ნეკა ნათელაშვილი - ნინო ენუქიძე“,

„ბელიკოვთან არავინ არაა, შედით ვინმე, რა, არც ადვოკატი ჰყავს. ვინ დაეხმარება?“

„ექიმი გაფრინდაშვილი ზვიად ცეკვავას დაეწერა, 41-ე დარბაზში ზის“, - ისმის გადაძახილი სასამართლოს დერეფანში.

ჟურნალისტები, დაკავებულთა სიმრავლის გამო, ყველა სხდომაზე შესვლას ვერ ახერხებენ. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო სხდომას დაესწრო. სხდომამ თითქმის ხუთი საათი გასტანა.

22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში პოლიციელებმა შემოიყვანეს. მას ხაშურის იზოლატორში გაათევინეს ღამე.

შსს-მ ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა - გზის ხელოვნურად გადაკეტვა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ იგი სამართალდამრღვევად ცნო და 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტები თინათინ კაჭკაჭიშვილი და თეკლა კობახიძე წარმოადგენდნენ, გაფრინდაშვილის ინტერესებს კი მალხაზ პატარაია იცავდა.

„საქმიანობა? ექიმი“

სხდომის დასაწყისში მოსამართლემ გაფრინდაშვილს ჰკითხა, რატომ ეკეთა პირბადე.

  • ზვიად ცეკვავა - პირბადე რატომ გიკეთიათ?
  • ვაჟა გაფრინდაშვილი: გაციებული ვარ
  • ზვიად ცეკვავა: აიწიეთ და ჩამოიწიეთ ისევ…

ინდენტიფიცირების ამ ფორმალური პროცედურის შემდეგ ცეკვავამ კვლავ ჰკითხა:

  • ზვიად ცეკვავა: საქმიანობა?
  • ვაჟა გაფრინდაშვილი: ექიმი-ორთოპედი.

Fact Box: ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საყოველთაო ყურადღების ქვეშ მოექცა 2019 წელს, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალგორის რაიონში დააკავეს „საზღვრის კვეთის“ ბრალდებით.

ის ფართო საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, თითქმის 2-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 2019 წლის 28 დეკემბერს გაათავისუფლეს უკანონო პატიმრობიდან.

მაშინ მას მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის კახა კალაძემ გამოუცხადეს.

„აქ არ არის კადრი, სადაც მე გზაზე ვდგავარ“

სხდომის განმავლობაში სამჯერ გამოცხადდა შესვენება.

თავდაპირველად დაცვის მხარემ მოითხოვა დრო მტკიცებულებებთან გასაცნობად.

სასამართლოში ჩართეს შსს-ს ვიდეოჩანაწერები, თუმცა გაფრინდაშვილი მიუთითებდა, რომ არც ერთ კადრში არ ჩანდა, რომ ის გზაზე იდგა.

„უკაცრავად, აქ არ არის კადრი, სადაც მე გზაზე ვდგავარ“ - აღნიშნა მან.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ არსებობს მტკიცებულებები, მათ შორის მედიაში გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ გაფრინდაშვილი ტროტუარზე დააკავეს.

მათ მოითხოვეს სხდომის გადადება, რათა აღნიშნული კადრები წარედგინათ. მოსამართლემ მხარეთა მცირედი კამათის შემდეგ შესვენება გამოაცხადა და კადრების მოსაპოვებლად და დისკზე ჩასაწერად ადვოკატებს 25 წუთი მისცა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატები და მეგობრები ჯერ ვიდეოს/დისკს, შემდეგ დისკის წამკითხველს ეძებდნენ, - ვიდეოები კომპიუტერში ვერ იწერებოდა, რადგან თან არ ჰქონდათ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა.

ბოლოს მოსამართლეს მობილური ტელეფონით აჩვენეს ფაილები, რაც მტკიცებულებად ვერ ჩაითვლებოდა, იქამდე სანამ ოფიციალურად დისკის სახით არ წარადგენდნენ.

ამ დროს სხდომათა დარბაზში ადვოკატი ვიქტორ კვიტატიანი შემოვიდა დისკის წამკითხველით ხელში. დისკი შსს-ს იურისტმა თინათინ კაჭკაჭიშვილმა შემოიტანა. საბოლოოდ, ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატებმა ვიდეოები დისკზე ჩაწერეს და მოსამართლეს გადასცეს.

შსს: „სავალ ნაწილზე იდგა“

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა თინათინ კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ არსებობს ჩანაწერი, სადაც გაფრინდაშვილი გზის სავალ ნაწილზე დგას და მოსამართლეს მიაწოდეს ახალი დისკი, რომელიც მას სასამართლოს თანამშრომელმა შესვენებისას გადასცა. მოსამართლემ ახალი ვიდეომტკიცებულება საქმეს დაურთო.

„ბატონმა ვაჟამ თქვა, რომ არ იდგა გზაზე — და ეს ძალიან კარგია, რადგან ჩვენ გვაქვს ჩანაწერი, სადაც ის სწორედ გზის სავალ ნაწილზე ჩანს,“ — აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.

შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაფრინდაშვილმა არ დაემორჩილა პოლიციის მოწოდებებს დაეტოვებინა გზა და გადაადგილდებოდა ბასლეინსა და ტროტუარს შორის, რაც მათ შეფასებით „გზის გადაკეტვის პროცესია“.

„გზის გადაკეტვის განზრახვა არ მქონია“

ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ როცა კონფლიქტი დაიწყო[გულისხმობს მომენტს, როცა ერთ-ერთი მოქალაქე პოლიციის მანქანაზე ავიდა] გზაზე გადავიდა და აშველებდა, შემდეგ კი უკან დაბრუნდა, ტროტუარზე... მას გზის გადაკეტვის განზრახვა არ ამოძრავებდა, მისი მიზანი დაძაბულობის განმუხტვა და დაშოშმინება იყო.


შსს-ს იურისტი: ვიღაცები გამოგყავთ, ანუ დგახართ....

ვაჟა: ვაშველებ, დაპირისპირება იყო

შსს: გამოყვანა დგომის გარეშე ვერ მოხდება

გაფრინდაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ დაკავებისას და შემდეგაც მისთვის უფლებები არავინს განუმარტავს და პროცედურულ დარღვევებზე მიუთითა:

„ჩემი უფლებები არ ყოფილა ახსნილი. გუშინ ცხრის ნახევრიდნა ორ საათამდე არ მომეცა საშუალება ადვოკატს დავკავშირებოდი, არც სახლში დამარეკინეს და არც ადვოკატთან. ხაშურელი ადვოკატი შემოვიდა“.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ დაკავების მომენტში გაფრინდაშვილი უკვე ტროტუარზე იდგა, ხოლო პოლიციამ იგი ძალის გადამეტებითა და გინებით დააკავა.

„პირდაპირ დასტაცეს ხელი და გინებით შეაგდეს მანქანაში,“ — თქვა ადვოკატმა.

„მე ვერცერთ ვიდეოფაილზე ვერ ვნახე, რომ ბატონი ვაჟა კეტავდა გზას. თქვენ რაზეც მიუთითეთ, იქ ის კვეთს გზას. გადაკეტვა კი სტატიკური მდგომარეობაა, ის უნდა იდგეს. მან გადაკვეთა გზა და წავიდა....მეორე შემთხვევაში ის დაბრუნდა - მხოლოდ იმისთის, რომ დახმარებოდა პოლიციელებს და განემუხტა კონფლიქტი. ეს ჩანს მკაფიოდ“, - განაცხადა მალხაზ პატარაიამ.

მისი განმარტებითვე, მესამე კადრში გაფრინდაშვილი „ტროტუარზე დგას, მოძრაობა აღდგენილია და მას აკავებენ პირდაპირ ტროტუარზე“:

„არავის იქ მისთვის არ უთქვამს, რომ რაღაც განკარგულება გაეცა იმ მონეტში. პირდაპირ დასტაცეს ხელო და ბრუტარული მეთოდით და გინებით შეაგდეს მანქანაში და წაიყვაეს ჯერ შსს-ში, შემდეგ დაახლოებით ღამით ოთხ საათზე მის მეუღლეს შეატყობინეს, რომ გადაყვანილი იყო ხაშურში. არც დაარეკინეს, არც გააცნეს უფლებები-მოვალეობები“, - თქვა ადვოკატმა.

ადვოკატი მალხაზ პატარაია დაინტერესდა, რას გულისხმობს შსს როცა ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გზაზე გადასვლით საკუთრებას შეექმნა საფრთხე.


მალხაზ პატარაია: საკუთრების მიმართ საფრთხედ რა მიგაჩნიათ?

თეკლა კობახიძე: ეს ჩანს ვიდეოზე, თუნდაც სახელმწიფო საკუთრება რომელზეც შედგა მოქალაქე

მალხაზი: მაგის გარდა მეთქი

იურისტი: მოქალაქეები რომ გადავიდნენ გზაზე არ შეექმნა იმ მანქანების საკუთრებას საფრთხე? ან თავად მათ საფრთხე?

მალხაზი: ანუ მანქანებს შეექმნა საფრთხე. გავიგე. თქვენ ახსენეთ ბასლაინი, რა პრობლემაა ბასლაინი, აქციის მონაწილეებს ეკავათ?

თინათინი: ჩვენ ხომ გამოვიკვლიეთ კადრები, ბასლაინში არიან მოქალაქეები განთავსებულები.


მალხაზ პატარაიამ რამდენჯერმე შსს-ს იურისტები და კოლეგიალობისკენ მოუწოდა.

ისინი აშკარად გამოხატავდნენ განწყობას და დამოკიდებულებას როგორც დაკავებული ექიმისა და მისი ადვოკატის, ასევე დამსწრეების მიმართ. იყენებდნენ არავერბალურ კომუნიკაციას - ხელის აქნევა, ღიმილი, თავის გადაქნევა, შორისდებულები, როგორიცაა, მაგალითად „ნწ ნწ ნწ“. ეს იმ დროს, როცა დაცვის მხარის მოწმემ თქვა, ვაჟა გაფრინდაშვილმს დაკავებისას პოლიციამ შეაგინაო.

პოლიციელთა ჩვენებები

სასამართლოზე დაკითხული პოლიციელები - ნიკოლოზ აბაშმაძე და ვიქტორ მდინარიძე.

ორივენი ამბობენ, რომ გაფრინდაშვილი რამდენჯერმე გადადიოდა გზის სავალ ნაწილზე.

აბაშმაძემ აღნიშნა, რომ გაფრინდაშვილს პირადად მოუწოდა დაეტოვებინა გზა, თუმცა ის არ დაემორჩილა.

მისი თქმითვე, სამხრე კამერა ამ დროს არ ეკეთა - როგორც თვითონ თქვა, „დაზიანების თავიდან ასაცილებლად“ მოხსნილი ჰქონდა.

  • გაფრინდაშვილი: რა მეცვა?
  • პოლიციელი: კონკრეტულად არ მახსოვს
  • აბა ნიღაბი დიამახსოვრეთ მარტო?
  • ნიღაბი კი. თვალშისაცემია.
  • ქუდი მეხურა?
  • ქუდი კი.
  • რა ფერის?
  • არ მახსოვს.
  • დაკავების დროს თქვენი თავი შეგიძლიათ ამოიცნოთ?
  • თუ დავინახავ, ამოვიცნობ.
  • რითი დამაკავეთ?
  • „მინივენით“.
  • რამდენი დამრღვევი იჯდა?


გაფრინდაშვილის ეს კითხვა შსს-ს იურისტებმა გააპროტესტეს.


პოლიციელი: დავამატებ ერთ რამეს, როცა ვაკავებდით ბატონ ვაჟას, იქ ჩემმა კოლეგებმაც მიიღეს მონაწილეობა და დამეხმარნენ ბატონი ვაჟას ადმინისტრაციული წესით დაკავებაში.


ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, მოწმე ტყუის, რადგან მან თავად გაუმხილა, რომ აქციაზე საერთოდ არ ყოფილა.


„მე ხო იქ არ ვიყავიო მითხრა, მე ხომ იქ არ ვიყავი რომ დაგაკავესო - ეს მითხრა, მას შემდეგ, რაც ვკითხე, სად იყო ჩემი ტელეფონი, რომელიც დაკავების დროს წამართვეს“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

„ეს იყო წინასწარ განზრახული დაკავება“

ექიმის მოსაზრებით, მისი დაკავება წინასწარ დაგეგმილი იყო, რადგან ის აქტიურად მონაწილეობდა 26 ოქტომბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებში.

„ეს იყო ჩემი წინასწარ განზრახული დაკავება, ჩემი აქტიურობიდან გამომდინარე,“ — განაცხადა მან.

მისი თქმით, გუშინ დღისით რეჟისორ გიორგი თავართქილაძის სასამართლო სხდომაზე იყო, იქიდან გამოსულმა კი 112-ში დარეკა:

„ვთქვი, რომ 8-დან 11-მდე ვიქნები აქციაზე. ნახევარ საათში დამირეკეს ვაკე-საბურთალოს განყოფილებიდან, მისამართი და პირადი ნომერი გვითხარიო“.

„მე გამოვდივარ რეციდივისტი, 19 დარღვევა მაქვს თითქოს. შეიძლება დახვრეტაც მომისაჯონ“, - თქვა გაფრინდაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მის მიზანს წარმოადგენდა კონფლიქტის განმუხტვა, როდესაც ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიციის მანქანაზე აპირა ასვლა.

„მივედი უკან გასაშველებლად… აგრესია პოლიციის მისამართით კი არა, იმ ვითარების გამო იყო, რომ მთავრობამ შეცვალა კურსი და აღარ მიდის ევროკავშირში,“ - განაცხადა მან.

ვაჟა გაფრინდაშვილმა მოსამართლე ცეკვავას მიმართა:

„ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ და ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლით“.

„მე გინდ გზა გადამეკეტა, თქვენ უნდა გამოიკვლიოთ ის, რასაც შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე აკეთებს. 30 ადამიანიდან, ვინც ჩემთან ერთად დააკავეს გუშინ, არცერთს მიეცა საშუალება, დაკავშირებოდნენ ადვოკატს და ოჯახს“, - თქვა მან.

„ნუ დაუხუჭავთ თვალს თემიდას“

სხდომის დასასრულს ვაჟა გაფრინდაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მიაჩნია, მოსამართლეს გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული:

„ჩემთის ცხადია გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო 4 საათზე და 9 საათამდე ტყუილად დავკარგეთ მე და თქვენ დრო“.

„მე აგიხსნით, რატომ ვდგავარ რუსაველზე. რუსთაველი არის ჩემი ცხოვრება. ხუთი წლიდან ვიზრდებოდი რუსთაველზე. დედაჩემი პირველ სკოლაში ასწავლიდა და ხშირად დამტოვებდა ხოლმე…

10 წელი ვსწავლობდი რუსთაველზე და სკოლის მერე რუსთაველის მეტრომდე ფეხით მივსეირნობდით ხოლმე. ყველა ხე და ბუჩქი ვიცოდით. 1977 წლის დედაენის ამბებს ვუყურებდით პირველი სკოლის ფანჯრებიდან.

იქ ვიყავით 88 წელს, 91-ში, როცა ომის დრო იყო. ყველა პერიპეტია მიდიოდა რუსთაველზე. იქ ვიყავით შემდგომი აქციების დროს, შევარდნაძის წინააღმდეგ, სააკაშვილის და ახლაც.. გპირდებით მომავალშიც იქ ვიდგები.

დავასრულებ ჩერჩილის სიტყვებით: „თუ ადამიანს შეატყვეთ, რომ მას უყვარს მთავრობა, მიიყვანეთ ფსიქიატრთან“…

„მე უნდა მქონდეს თავისუფალი არჩევნების უფლება, არავინ უნდა აიძულოს ჩემს გვერდით მყოფი ციცო დეიდების და ტიტუშკების თამადობით, რომელიც შსს-ს თავზე აზის და ყველაფერს აკეთებინებს, რაც მას სჭირდება, არ უნდა დამდევდეს შსს და ჩემთან ერთად არ უნდა ჩაესვათ შშმ პირი, რომელიც ვერ გადაადგილდება და დღეს ორ საათამდე ფეხშიშველა იყო ბეტონის იატაკზე.

პოლიციელი მეუბნებოდა, მე რა ვქნა, მე გადავეციო…

ემპათია დაუკარგა შსს-მ ადამიანებს გეკა გელაძის თამადობით. მე ვუჩივლებ გეკა გელაძეს.

მან წამართვა მე და გუშინ დაკავებულებს კონსტიტუციური უფლება, არ დამარეკინა ოჯახთან და ადვოკატებთან.

არ შეიძლება დიაბეტიანი ბიჭი 12 საათამდე იქ გყავდეს და წამალი არ გაუკეთო. ჩემზე არ ვლაპარაკობ, ნანახი მაქვს, ვიცი, დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, მე შეიძლება შეცდომას ვუშვებ, მაგრამ ეს ჩემი საქციელია, არ მინდა თქვენ დაუშვათ შეცდომა, არ მინდა თემიდა თვალახვეული იყოს, ნუ დაუხუჭავთ თვალს თემიდას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG