Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოზე მორიგ მწვავე რეზოლუციას განიხილავს ევროპარლამენტი - რაზე შფოთავენ, ვის ადანაშაულებენ, რას მოითხოვენ?


ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას განიხილავენ.
ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას განიხილავენ.

“ქართული ოცნების” “რეჟიმის” ლეგიტიმაციის არაღიარების გაგრძელება, ძალადობის ფაქტები, ახალი სანქციები, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა, თვითმმართველობის არჩევნების ტესტი - ეს და სხვა აქცენტებია თავმოყრილი ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის პროექტში, რომელსაც ევროპარლამენტი 9 ივლისს დაამტკიცებს.

რეზოლუცია ეყრდნობა “საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებს” - სადაც თავს იყრის ყველა მწვავე შეფასება თუ ფაქტი, რომლებზე ბოლო წლებში საერთაშორისო პარტნიორები ლაპარაკობენ.

ტექსტში წერია, რომ “ვითარება საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესებულია ევროკომისიის ბოლო ანგარიშის [2024 წლის 30 ოქტომბერს] გამოქვეყნების შემდეგ და ეს გაუარესება "ქართული ოცნების" ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია.

ანგარიშსა და რეზოლუციის პროექტს ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. მისი კრიტიკული ანგარიში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 4 ივნისს 55 ხმით დაამტკიცა. კომიტეტში სულ 79 წევრია.

რადიო თავისუფლებამ წინასწარ გადაავლო თვალი რეზოლუციის პროექტის საჯაროდ ხელმისაწვდომი ვერსიის ძირითად აქცენტებს.

ტექსტის თანახმად, ბოლო წლებში საქართველო “დემოკრატიულ უკუსვლას” განიცდის და განსაკუთრებით - 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - “რომელიც არ შეესაბამებოდა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებსა და საქართველოს ვალდებულებებს ეუთოს ფარგლებში”, რამაც შედეგად მოიტანა “არალეგიტიმური პარლამენტი - მხოლოდ ერთი პარტიის - “ქართული ოცნების” შემადგენლობით”.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები “გაყალბებულ არჩევნებად” არის მოხსენიებული. მითითებულია - რომ საარჩევნო პროცესი მოიცავდა - “ამომრჩეველთა დაშინებას, ხმების მოსყიდვასა და დამკვირვებლების დევნას”. აქვე აღნიშნულია, რომ “რუსეთი სისტემატურად ერეოდა დემოკრატიულ პროცესებში საქართველოში”.

„ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე ტექსტში მხოლოდ სახელითა და გვარით არის ნახსენები; ხოლო მისი 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება - ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლის ბოლომდე გადადების შესახებ შეფასებულია - საქართველოს კონსტიტუციური ვალდებულების იგნორირებად და „ქართველი ხალხის მიერ არსებითად მხარდაჭერილი საქართველოს ევროატლანტიკური სუვერენული მისწრაფებების ძირის გამომთხრელად“. აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებამ მასშტაბური მშვიდობიანი აქციები გამოიწვია, რასაც „უპრეცედენტოდ სასტიკი“ ძალა დაუპირისპირეს.

მითითებულია კონკრეტული მაჩვენებლები:

  • 2024 წლის ნოემბრიდან, სულ მცირე - 62 ადამიანი გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის; 54 ადამიანი რჩება - წინასწარ პატიმრობაში;
  • 500-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს ადმინისტრაციული წესით; დაახლოებით 300 მათგანის შესახებ არსებობს ცნობები - წამებისა თუ სხვა სახის არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის შესახებ.
  • სულ ცოტა 157 ადამიანს ჰქონდა სერიოზული დაზიანებების ხილული ნიშნები.


ტექსტში აღნიშნულია, რომ ”ქართული ოცნების” “დე ფაქტო ხელისუფლება” მუდმივ ზეწოლას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე - საკანონმდებლო შეზღუდვებით თუ ფიზიკური ძალადობით.

  • 2024 წლის ნოემბრის შემდეგ, დოკუმენტირებულია მედიის თავისუფლების დარღვევის, სულ ცოტა - 138 შემთხვევა, მათ შორის - პროევროპული პროტესტის ფარგლებში;
  • ერთიანად, მედიის 174 თანამშრომელი გახდა სახელმწიფო რეპრესიების სამიზნე.
  • სულ ცოტა 30 რეპორტიორზე მრავალგზის იძალადეს - [ჩამოთვლილია] ფიზიკური ანგარიშსწორება, პროფესიული ტექნიკის დაზიანება, ადმინისტრაციული ჯარიმები, სისხლის სამართლის ბრალდებები.


ცალკე აღნიშნულია ასევე, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი დღემდე იმყოფება წინასწარ პატიმრობაში - “გაყალბებული [გაზვიადებული] ბრალდებებით”.

ევროპარლამენტი მტკიცედ გმობს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების „განგრძობად და მიზანმიმართულ“ ნგრევას - რასაც, ტექსტის მიხედით - იწვევს „რუსული სტილის“ მთელი რიგი შემზღუდველი კანონების მიღება. პრობლემურ კანონებს შორის დასახელებულია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი, ასევე - „გრანტების შესახებ" კანონი, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციას გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა ესაჭიროება.

რეზოლუციის პროექტში ყურადღება გამახვილებულია - “პროევროპულ რეფორმებზე“ პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურების გაუქმებისა და პოლიტიკური კრიტიკის, პროევროპული ხედვის ან ძალადობის დაგმობის გამო სამსახურებიდან გათავისუფლებული ადამიანების შესახებ.

ტექსტში აღნიშნულია, რომ, 2024 წლის დეკემბრიდან, სამსახურებიდან ამ მიზეზებით დაახლოებით 700 საჯარო მოხელე გათავისუფლდა. მითითებულია, რომ „ასეთი შურისძიება ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ“.

სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ

ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მტკიცედ უჭერს მხარს ხალხის ევროპულ, ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და სურვილს იცხოვრონ აყვავებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში.

გმობს რეპრესიებს, პოლიტიკურად მოტივირებულ, დაუსაბუთებელ დაკავებებსა და ძალადობას - მშვიდობიანი დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წინააღმდეგ.

ევროპარლამენტი გამოხატავს საგანგებო შეშფოთებას - „პოლიტიკური პატიმრების“ მზარდი რაოდენობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს [„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას] ყველა მათგანის „მყისიერი და უპირობო“ გათავისუფლებისკენ.

გამოუყენებელი ისტორიული შესაძლებლობა

ევროპარლამენტი გამოხატავს სინანულს, იმის გამო, რომ - „მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა საქართველოსთვის, როგორც კანდიდატი ქვეყნისთვის, მიცემული ისტორიული შესაძლებლობა - წაეწია წინ ევროინტეგრაციის გზაზე“ და რომ ევროკომისიის ბოლო 9 რეკომენდაციის ["9 დათქმა"] შესრულების ჭრილში არა თუ წინსვლა არ აღინიშნება, არამედ ფაქტობრივად - მდგომარეობა გაუარესებულია საკვანძო რეკომენდაციებთან მიმართებით.

ტექსტში აღნიშნულია, რომ ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა "ქვეყანაში განგრძობადი დემოკრატიული უკუსვლისა და 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შედეგად, რაც იქცა ავტორიტარული რეჟიმისკენ შეტრიალების მკაფიო მომენტად".

ამავე კონტექსტში ლაპარაკია, მათ შორის - დემოკრატიული ინსტიტუტების მიტაცებასა და ანტიდემოკრატიული, ევროკავშირის ფუნდამენტურ ფასეულობებთან შეუსაბამო კანონების მიღებაზე.

სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და სხვებს

მე-6 მუხლში, ბიძინა ივანიშვილით იწყება პოლიტიკური ლიდერების სია, რომლის წევრების პასუხისმგებლობასაც ევროპარლამენტი „საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესების“კუთხით გამოყოფს.

ამ სიაში არიან ასევე:

  • ირაკლი კობახიძე,
  • შალვა პაპუაშვილი,
  • ვახტანგ გომელაური,
  • კახა კალაძე,
  • ირაკლი ღარიბაშვილი.

"პოლიტიკური პროცესის გაუარესებასთან" მიმართებით ხაზგასმულია დემოკრატიული უკუსვლა, ძალაუფლების ავტოკრატიული კონსოლიდაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაციასთან დაკავშირებული კონსტიტუციური მიზნის წინააღმდეგ სვლა.

ევროპარლამენტი ითხოვს მყისიერ ინდივიდუალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და გარემოცვის წინააღმდეგ და მოუწოდებს ევროკავშირს ითანამშრომლოს, მათ შორის - დიდ ბრიტანეთთან ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყინვის საკითხზე.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს „ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე“ დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები „ქართული ოცნების“ "საკვანძო პოლიტიკურ ლიდერებს, თანამდებობის პირებს და რეჟიმის ხელშემწყობებს ადმინისტრაციაში, ბიზნესში, მედიაში, სასამართლო სისტემაში, ძალოვან სტრუქტურებში, საარჩევნო კომისიაში, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა - დემოკრატიული უკუსვლისთვის, არჩევნების გაყალბებისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნისთვის“.

ევროპარლამენტი სანქციებს ითხოვს ასევე: დაბალი და საშუალო რგოლის სახელმწიფო მოხელეებისთვის, რომლებიც „რეპრესიული ზომებით“ უპირისპირდებიან „რეჟიმის მოწინააღმდეგეებს“.

ტექსტში ლაპარაკია ასევე SWIFT-იდან გამორთვისა და სექტორალური სანქციების მექანიზმზეც - „ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლების წყაროს გადასაკეტად „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის“.

ოპონენტების დევნა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა

რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” პარლამენტი პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იყენებს დროებით საგამოძიებო კომისიას და დაჭერილი არიან პოლიტიკური ლიდერები.

ამ ეტაპზე გამოქვეყნებული პროექტის ვერსიაში [რომელიც 12 ივნისით თარიღდება] მოხსენიებული არიან ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მელია. მითითებულია, რომ იგივე ტიპის გამოწვევის წინაშე დგანან სხვებიც.

ტექსტის თანახმად, ხელისუფლების სათავეში 12 წელიწადზე მეტი ხნის წინ მოსული “ქართული ოცნება” საგამოძიებო კომისიას ქმნის ახლა, ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების პარალელურად.

კომისიის თავმჯდომარეზე, თეა წულუკიანზე წერია, რომ ის ავრცელებს "რუსულ ნარატივებს".

ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, რომ განზრახული აქვთ არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ ოპოზიციური პარტიები და პირველ რიგში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ტექსტში აღნიშნულია, რომ ამ პარტიამ ითამაშა საკვანძო როლი საქართველოს ევროინტეგრაციის ინიციირებისა და წინ წაწევის პროცესში. პარტიების აკრძალვის კუთხით ტექსტში გავლებულია პარალელები „კრემლის ამჟამინდელ რეჟიმთან“.

ევროპარლამენტი კვლავ ადასტურებს თავის მოთხოვნას - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების შესახებ - ჰუმანიტარული მიზნებით, საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობის გამო. აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და დაისჯება მისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანისთვის.

ახალი არჩევნები, ლეგიტიმაციის არაღიარება

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ უნდა გაგრძელდეს “ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკა” მანამ, ვიდრე “საქართველოს პოლიტიკური კურსი ხელშესახებად შეიცვლება და ჩატარდება ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები”.

მოუწოდებს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს, “თავი შეიკავონ შეხვედრისგან რეჟიმის წარმომადგენლებთან, ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტით დაწყებული”; ასევე, ევროპარლამენტი კვლავ სალომე ზურაბიშვილს აღიარებს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად”. “აფასებს მის [ზურაბიშვილის] მცდელობებს მშვიდობიანად დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე“.

ევროპარლამენტი იმეორებს თავის პოზიციას, რომ ამჟამინდელი “პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის” დაძლევა საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით - რომელიც "უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში" - გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, გაუმჯობესებული რეგულაციებით.

თვითმმართველობის არჩევნები, დამატებითი სანქციები

ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ 2025 წლის შემოდგომისთვის დანიშნული თვითმმართველობის არჩევნები წარმოადგენს „კიდევ ერთ ტესტს საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის“, „მოუწოდებს ოპოზიციას, გამოიყენოს ამ არჩევნების შესაძლებლობა, რათა აირეკლოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ, როგორც ეს უკვე გამოჩნდა მშვიდობიანი პროტესტის მიმდინარეობისას საპარლამენტო არჩევნების მანიპულირებისა და რეპრესიების წინააღმდეგ“.

აქვე, ევროპარლამენტის მოწოდებაა - თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს - „გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის კონტროლითა და ფხიზელი საერთაშორისო მეთვალყურეობით, რათა გარანტირებული იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი“.

თვითმმართველობის არჩევნების ჭრილში, ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს საარჩევნო სისტემისა და საერთო დემოკრატიული ატმოსფეროს შემდგომი გაუარესების გამო და კერძოდ - 2024 წლის დეკემბერში, ორგანულ კანონში, საარჩევნო კოდექსში დაჩქარებული წესით დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო - „რომელიც ძირს უთხრის თანაბარ საარჩევნო უფლებას და მიმართულია მმართველი პარტიის დომინაციის გამყარებისკენ მმართველობის ყველა დონეზე“. ტექსტში მითითებულია, რომ ეს ცვლილებები ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა და მათი გაუქმებაც მოითხოვა.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს/ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში [კაია კალასი] და წევრ ქვეყნებს - „განიხილონ დამატებითი ინდივიდუალური სანქციების დაწესების საქართველოს თანამდებობის პირების წინააღმდეგ - თუკი შემდეგი თვითმმართველობის არჩევნები არ იქნება შესაბამისი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კრიტერიუმებთან“.

უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება

ევროპარლამენტი მიესალმება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას - დიპლომატებისთვის და თანამდებობის პირებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების შესახებ - როგორც “პირველ ნაბიჯს” საქართველოში უცვლელი ნეგატიური მოვლენების ფონზე

ახალი რეზოლუციის ტექსტში კვლავ მოუწოდებს ევროკომისიასა და საბჭოს - “გადაიხედოს საქართველოს უვიზო სტატუსი, შეჩერების შესაძლებლობით, თუკი დემოკრატიულ მმართველობასთან და თავისუფლებებთან დაკავშირებული შესაბამისი კრიტერიუმები და სტანდარტები არ არის დაცული, მმართველი პარტიის ქმედებების გამო”.

ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ - საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებულ შედეგებზე სრულად პასუხისმგებელია “ქართული ოცნება”.

ევროპარლამენტი აღნიშნავს უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის და ჟურნალისტებისთვის, მათ შორის, როგორც - ევროკავშირში გასამგზავრებლად, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმირებისთვის, ასევე თავად მათთვის შესაძლებლობის მისაცემად - საჭიროების შემთხვევაში სწრაფად დატოვონ ქვეყანა - “რადგან ბევრი განიცდის პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან”.

ევროპარლამენტის რეზოლუციები სარეკომენდაციო ხასიათისაა და სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის. თუმცა ევროკავშირის დედაქალაქებში მათ შინაარსს ითვალისწინებენ.

ყოველ ჯერზე, როდესაც ევროპარლამენტი მწვავე რეზოლუციას განიხილავს, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები აღნიშნავენ - რომ ეს მათთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს. ირაკლი კობახიძის სიტყვებია, რომ - ევროპარლამენტის რეზოლუციებს „ჩალის ფასი აქვს“.

*განახლება: რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა 8 ივლისს, სტრასბურგში, განიხილა, 9 ივლისს უყრიან კენჭს. ამის შესახებ, სხდომაზე, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG