Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დამქანცველი ხოცვა-ჟლეტა“ - დაიწყო თუ არა რუსეთის არმიის ზაფხულის შეტევა?


თუ უკრაინის ტექნიკურ ინოვაციებს სამხედრო ექსპერტები მიესალმებიან, ასეთივე არაა ცოცხალი ძალისა და გაწვევის მიმართ დამოკიდებულება.
თუ უკრაინის ტექნიკურ ინოვაციებს სამხედრო ექსპერტები მიესალმებიან, ასეთივე არაა ცოცხალი ძალისა და გაწვევის მიმართ დამოკიდებულება.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში მეოთხე ზაფხულია გრძელდება. ალყაში მოქცეული, დაქანცული უკრაინული დანაყოფები ნელ-ნელა ნადგურდება. გაცილებით დიდი არმიით, მეტი იარაღითა და საბრძოლო მასალით, კრემლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კიევს კაპიტულაცია აიძულოს, მაგრამ ეს ადვილი არ არის.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა საბრძოლო მოქმედებების ტემპი გაზარდა. ეს მოსალოდნელი საზაფხულო შეტევაა თუ ის ჯერ კიდევ წინ არის? - ეს კითხვა ღიად რჩება. ასეა თუ ისე, უახლოეს თვეებში მოსკოვმა საშინელი ეტაპი უნდა გადალახოს: 1 მილიონი დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცის სახით. ეს რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველა კონფლიქტში განცდილ ერთად აღებულ დანაკარგებზე გაცილებით მეტია.

ზაფხულის შეტევა ჯერ არ დაწყებულა, ამბობს ივან ტორესი, აშშ-ის არმიის გადამდგარი მაიორი, რომელიც ამჟამად რუსეთის სამხედრო საქმეების უფროსი ანალიტიკოსია პოლონურ კვლევით ჯგუფ Rochan Consulting-ში. მისი თქმით, „რუსები ახლა ზაფხულის კამპანიის სეზონს იწყებენ, ამაგრებენ ბოლო დროს მიღწეულ წარმატებებს, აღადგენენ ძალებს, მოიზიდავენ სარეზერვო ჯარებსა და აღჭურვილობას და ამასთანავე, ინარჩუნებენ წნეხს და შეტევით დინამიკას".

ზაფხულის შეტევის ბოლოსთვის რუსეთის ჯარებს დონეცკის მთელი რეგიონის დაკავება სურთ.

"ისინი ნელ-ნელა მიიწევენ წინ, მაგრამ დანაკარგების ძალიან, ძალიან მაღალი მაჩვენებლით“, - ამბობს რაჯან მენონი, ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის, Defense Priorities-ის „დიდი სტრატეგიის“ პროგრამის დირექტორი.

აქ წაიკითხავთ 1945 წლის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური სახმელეთო ომის დაწყებიდან ფრონტის ხაზებზე 40 თვეზე მეტი ხნის შემდეგ არსებული ვითარების მოკლე მიმოხილვას

სუმი

1100-კილომეტრიანი ფრონტის ხაზი, სადაც უკრაინა რუსული ჯარების შეკავებას ცდილობს, გადაჭიმულია დაახლოებით ხერსონთან ახლოს მდებარე დნეპრის ქვედა დინებიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქებთან - პოკროვსკსა და ტორეცკთან ახლოს, შემდეგ კი - ჩრდილოეთით, ჩასივ-იარამდე და კუპიანსკამდე, რუსეთის საზღვართან ბელგოროდის ოლქამდე.

თუმცა კუპიანსკიდან ჩრდილო-დასავლეთით, 300 კილომეტრში რუსეთის ჯარი სუმისკენ მიიწევენ, ქალაქისკენ, რომლის მოსახლეობა ომამდე 255 000 ადამიანს შეადგენდა. სუმი მდებარეობს მთავარ გზატკეცილზე, რომელიც ჩრდილოეთით რუსეთის საზღვართან და კურსკის ოლქთან მიდის, სადაც უკრაინა გასული წლის აგვისტოში შეიჭრა. აპრილის ბოლოს, დაახლოებით 11 000 ჩრდილოკორეელით გაძლიერებულმა რუსულმა ჯარებმა საბოლოოდ განდევნეს კურსკის ოლქიდან უკრაინის ძალები.

სუმის ოლქზე რუსული დარტყმების ერთ-ერთი შედეგი, 2025 წლის ივნისი
სუმის ოლქზე რუსული დარტყმების ერთ-ერთი შედეგი, 2025 წლის ივნისი

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის სარდლობამ ჩრდილოეთიდან სუმის მიმართულებით მიზანმიმართული, მაგრამ მცირე მასშტაბის შეტევა დაიწყო. 3 ივლისის მონაცემებით, რუსეთის ჯარი ქალაქიდან დაახლოებით 20 კილომეტრში იმყოფებოდა. რუსი ოფიციალური პირები სუმის შეტევას საზღვრის გასწვრივ „ღრმა ბუფერული ზონის“ შექმნის მცდელობად აფასებენ. ივნისის შუა რიცხვებში სანქტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, შეტევის შესახებ კითხვაზე პასუხისას, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შენიღბული მუქარა გამოხატა ქალაქის აღების შესახებ: „ჩვენი მიზანი არ არის სუმის აღება. თუმცა, პრინციპში, ამას არ გამოვრიცხავ“.

რამდენიმე დღის შემდეგ, 26 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ, გამოაცხადა, რომ რუსული ჯარების სუმისკენ წინსვლა შეჩერდა.

"მაისისა და ივნისის შედეგების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოწინააღმდეგის მიერ რუსეთის ტერიტორიიდან „ზაფხულის შეტევის“ მცდელობები შეჩერდა", - თქვა სირსკიმ. - „რუსული ჯარების წინსვლა სუმის ოლქის სასაზღვრო ზონაში
შეჩერებულია და საბრძოლო შეხების ხაზი სტაბილიზებულია“.

სუმი „დამხმარე, თუმცა მნიშვნელოვანი ოპერაციაა“, - თვლის ივან ტორესი. - „ის აკავებს მნიშვნელოვან უკრაინულ ძალებს არაკრიტიკული ოპერატიული მიმართულებით, რაც რუსებს საშუალებას აძლევს, მოიპოვონ კონტროლი მნიშვნელოვან ტერიტორიაზე“.

ჩასივ-იარი (ჩასივ-არი)

რუსული ჯარი დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ-იარისკენ 2024 წლის გაზაფხულიდან მიიწევს - მას შემდეგ, რაც იმავე წლის თებერვალში ავდეევკა დაიკავეს. უკრაინის ძალები გასული წლის მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში მოწინააღმდეგის შეკავებას ახერხებდნენ და ბუნებრივ დაცვად სარწყავ არხს იყენებდნენ. თუმცა გასულ კვირას, ანალიტიკური ჯგუფის DeepState-ის მონაცემებით, რუსულმა დანაყოფებმა ქალაქის დაახლოებით 90 პროცენტი დაიკავეს.


რუსი სამხედრო მოსამსახურე დროშას აღმართავს მალაია ლოკნიაზე, კურსკის ოლქი, 2025 წლის 9 მარტი
რუსი სამხედრო მოსამსახურე დროშას აღმართავს მალაია ლოკნიაზე, კურსკის ოლქი, 2025 წლის 9 მარტი

ბოლო დღეებში რუსეთის ჯარები სამხრეთიდან კონსტანტინოვკასკენ დაიძრნენ, ამბობს ვიქტორ კევლიუკი, უკრაინის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი და კიევის ანალიტიკური ცენტრის - „თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის“ თანამშრომელი.

"რთული ვითარებაა, მაგრამ მოწინააღმდეგის წინსვლა მინიმალურია; მას ჩასივ-იარის რაიონში ტაქტიკური წარმატების მიღწევაც კი არ შეუძლია, რაც გარღვევას შეუწყობდა ხელს“, - თვლის იგი.

თუ უკრაინა ჩასივ-იარს მთლიანად დაკარგავს, ეს რუსულ ჯარებს მისცემს უპირატესობას. ისინი შეძლებენ დაბომბონ კონსტანტინოვკა, სარკინიგზო და საავტომობილო კვანძი დონეცკის რეგიონის სამხრეთ-დასავლეთით. ეს საფრთხეს შეუქმნის უკრაინის მიწოდების ხაზებს და აგრეთვე ქალაქებს - სლავიანსკსა და კრამატორსკს, რომლებიც უკრაინის ჯარის თავმოყრის ძირითად პუნქტებს წარმოადგენს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების პრობლემა არის ძალებისა და სივრცის თანაფარდობის პრობლემა; ისინი ერთდროულად ყველგან ვერ იქნებიან, ხოლო რუსებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს უპილოტო საფრენი მოწყობილობების დარტყმების რაოდენობა მთელ აღმოსავლეთ ფრონტზე", - ამბობს რაჯან მენონი. - "ისინი იმდენ რაიონში მოქმედებენ, რომ უკრაინელებს უბრალოდ არ შეუძლიათ, ყველაფერი მოიცვან."

პოკროვსკი

ჩასივ-იარიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 55 კილომეტრში მდებარეობს პოკროვსკი, კიდევ ერთი დიდი ქალაქი, სადაც უკრაინელებმა ძლიერი თავდაცვითი ზოლი შექმნეს. ამან რუსეთის ჯარები აიძულა სამხრეთით და დასავლეთით წინ წასულიყვნენ და იქ დაეკავებინათ მეორეხარისხოვანი გზა.

E50 - უფრო დიდი მაგისტრალი - პოკროვსკიდან დასავლეთით, დნეპროპეტროვსკი მიემართება. ამ გზის დაკარგვა საფრთხეს შეუქმნის პოკროვსკს. მისი დაკარგვა კი, თავის მხრივ, დაემუქრება უკრაინის ფრონტის ხაზის მთელ მონაკვეთს, სადაც მსხვილი სამრეწველო აგლომერაცია მდებარეობს.

„ზაფხულის შეტევის მთავარი მიზანი დონეცკის რეგიონის სრული ოკუპაციაა, ანუ სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციის დაკავება“, - აღნიშნავს ვიქტორ კევლიუკი.

თვეების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებით განადგურებული პოკროვსკი
თვეების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებით განადგურებული პოკროვსკი

„თუ ორ ადგილს დავასახელებ, რომლებსაც ურტყამენ და რომელთა დაკავებაც უკრაინისთვის სერიოზული დანაკარგი იქნება, ეს არის პოკროვსკი და კონსტანტინოვკა. შედეგად, იზიუმიდან კრამატორსკამდე დიდი ურბანულ ტერიტორია დარჩება ღიად“, - თქვა მენონმა.

„რუსები ჯერ კიდევ შორს არიან ორივე ამ ქალაქის აღებისგან“, - დასძინა მან. - „კითხვა ისმის, რამდენ ხანს?“

ივნისის ბოლოს გამოსვლისას გენერალმა სირსკიმ ილაპარაკა რუსეთის მცდელობაზე წინ წავიდეს პოკროვსკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დობროპოლიესკენ.

ომის მეოთხე ივლისი

კონფლიქტი გამოფიტვის ომში გადაიზარდა, როგორც უკრაინამ, ასევე რუსეთმა სწრაფად დანერგეს ახალი ტექნოლოგიები და ტაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარი უკრაინელების დასასუსტებლად მხოლოდ ადამიანურ და ცეცხლსასროლ ძალას ეყრდნობიან, კიევი, ბევრი ექსპერტის აზრით, უფრო მეტად იყენებს ინოვაციებს, განსაკუთრებით დრონების შემთხვევაში. ამასობაში, მათმა ფართო გამოყენებამ შეცვალა რუსული ტაქტიკა, მძიმე ჯავშანტექნიკის წინსვლიდან სწრაფად მოძრავ მოტოციკლეტებით აღჭურვილ ქვედანაყოფებზე გადავიდა, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის დაძლევა შეუძლიათ. რაჯან მენონის თქმით, ეს რუსეთის არმიისთვის დიდი დანაკარგია: მან ბევრი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა უკრაინის დრონებითა და არტილერიით მიყენებული დარტყმების შედეგად.

პოტენციური ახალწვეულების დიდი რაოდენობისა და უფრო ხელსაყრელი ტაქტიკის გათვალისწინებით, რუსეთის სამხედრო მეთაურებმა მოახერხეს „ხორცის იერიშების“ - ქვეითთა სისხლიანი ფრონტალური თავდასხმების - ტაქტიკის გამოყენება, რომელსაც დიდ დანაკარგები ახლავს, მაგრამ რომლითაც უკრაინის თავდაცვა დაძლიეს.

„ვლაპარაკობთ დრონებზე, მოტორიზებულ თავდასხმებზე, ახალ ელექტრონულ საომარ სისტემებზე, განვითარებულ ხელოვნურ ინტელექტზე, სამეთაურო და საკონტროლო სისტემებსა და ბრძოლის ველზე კომუნიკაციებზე. ეს ყველაფერი უფრო დიდი ორგანული სისტემის - დაზვერვისა და საცეცხლე დარტყმის ნაწილებია“, - ამბობს ივან ტორესი.

„სწორედ ბრძოლის ველზე დომინირების სურვილმა, - სწრაფი დარტყმის ჯაჭვის მეშვეობით, რომელიც დაკავშირებულია გაუმჯობესებულ სენსორებთან, დაზვერვის ანალიზთან და ბრძანების შესრულებასთან, - გახადა უკრაინის ფრონტი ასეთი გამანადგურებელი. ეს ომი დამქანცველ სასაკლაოდ იქცა. რუსეთს უპირატესობა აქვს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით და შეუძლია შეინარჩუნოს ინიციატივა და მიაღწიოს წარმატებას“.

თუ უკრაინის ტექნიკურ ინოვაციებს სამხედრო ექსპერტები მიესალმებიან, ასეთივე არაა ცოცხალი ძალისა და გაწვევის მიმართ დამოკიდებულება. მობილიზაციის კანონებისა და სამხედრო სამსახურის დებულებების გადახედვის მიუხედავად, უკრაინელმა მეთაურებმა ჯერ ვერ მოახერხეს მრავალი დანაყოფის სრულად დაკომპლექტება - რომ აღარაფერი ითქვას სამხედრო მოსამსახურეებისთვის სათანადო დასვენებისა და მარაგის უზრუნველყოფაზე.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან კრიზისს განიცდიან დაკომპლექტების, მობილიზაციის, წვრთნებისა და აღჭურვილობის განაწილების სფეროებში“, - მიიჩნევს ტორესი. - „თუმცა მაშინაც კი, თუ ყველა ეს საკითხი მოგვარდება, დარჩება უფრო სერიოზული პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია არასწორ ორგანიზებასთან, ცუდ მეთაურობასთან და კონტროლთან, არაეფექტიან ხელმძღვანელობასთან და უკიდურესად არაადეკვატურ ორგანიზაციულ სტრუქტურასთან... დრო უკრაინელების წინააღმდეგ მუშაობს“, - ასკვნის ექსპერტი.

შარშან, შემოდგომაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავისი სერიოზული რეფორმირების გეგმების შესახებ გამოაცხადა და ბრიგადულიდან უფრო მსხვილ - კორპუსების სტრუქტურაზე გადავიდა: „სერიოზული პრობლემები აქვთ. მაგრამ ის მაკვირვებს, რომ მაინც აგრძელებენ თამაშს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG