Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“კიდევ ერთხელ შეცდა” - ასლან ისმაილოვი პუტინის „გეოპოლიტიკურ კრუნჩხვებზე“


ვაჟა თავბერიძის ინტერვიუ ასლან ისმაილოვთან
ვაჟა თავბერიძის ინტერვიუ ასლან ისმაილოვთან

„ეს განხეთქილება სსრკ-ის დაშლის დღიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება“, — ამბობს აზერბაიჯანელი იურისტი, უფლებადამცველი და ავტორი ასლან ისმაილოვი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, რომელშიც ის რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებაზე, კრემლის ბერკეტებზე და ალიევის ურყევ პოზიციაზე საუბრობს.

ისმაილოვი აღწერს, თუ როგორ ცდილობს კრემლი აზერბაიჯანული დიასპორის გამოყენებით ბაქოზე ზეწოლას, რა ვერ გათვალა პუტინმა ალიევთან მიმართებაში და რატომ მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანმა საბოლოოდ მიუთითა „რუსკი მირს“ კარისკენ.

“პუტინს ეგონა, სომხები ისევ რუსების დაკრულზე ცეკვას არჩევდნენ და ფაშინიანს დაამხობდნენ. ეს იყო პუტინის განზრახვა, აზერბაიჯანის დახმარება კი არა. მაგრამ ვერ გათვალა - ფაშინიანმა გაძლო.”

რადიო თავისუფლება: მოდით, ქრონოლოგიურად შევხედოთ: როგორ და საიდან დაიწყო ეს განხეთქილება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის?

ასლან ისმაილოვი: რუსული არხები ცდილობენ, ეს ყველაფერი მოულოდნელობად და დიდ სიურპრიზად წარმოაჩინონ - ოი, როგორი მეგობრობა გვქონდა, ახლა კი ყველაფერი ჩამოიშალაო... ეს კლასიკური რუსული ზღაპარია - “სკაზკა”. ეს განხეთქილება სსრკ-ს დაშლის დღიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მაგალითად, 1993 წელს რუსეთს ძალიანაც სურდა, აქ თავისი ადამიანი მოეყვანა ხელისუფლებაში, მუთალიბოვი. მაგრამ მაშინდელმა პრეზიდენტმა, ელჩიბეიმ, ალბათ ყველაზე გონივრული ნაბიჯი გადადგა — ჰეიდარ ალიევის მოსვლას შეუწყო ხელი, რადგან იცოდა მისი შესაძლებლობები, მისი გამოცდილება, იცოდა, რომ ეს იყო კაცი, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებდა.

ალიევის მოსვლის შემდეგაც, ათამდე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მაინც იყო აზერბაიჯანში, და უმეტესობის უკან სწორედ რუსეთი იდგა. ეს მცდელობები ხმაურდებოდა, მაგრამ საჯაროდ არავინ იშვერდა თითს რუსეთისკენ, იმიტომ, რომ ქვეყანამ და ალიევმა რუსეთიდან მომავალი საფრთხის შესახებ კარგად უწყოდნენ. ამიტომ დუმილი არჩიეს.

შემდეგ მოვიდა პუტინი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ ტრაგედიად გამოაცხადა. უკვე მაშინ გამოჩნდა, რომ პუტინის და პუტინის რუსეთის მიზანი სსრკ-ის აღდგენა იყო. 2008 წელს იყო საქართველო, შემდეგ - ყირიმი. ამ სტრატეგიის ნაწილი იყო ისიც, რომ ბაქოს მოსკოვის ჭკუაზე ევლო. ახლა რუსული პროპაგანდა გვაყვედრის, რომ თითქოსდა პუტინი ილჰამ ალიევს „დაეხმარა ყარაბაღის განთავისუფლებაში“, ალიევი კი „უმადური გამოდგა“. ეს ურცხვი ტყუილია - დიახ, პუტინი მართლაც არ ჩაერია, მაგრამ არა იმიტომ, რომ აზერბაიჯანზე გიჟდებოდა - მას იმედი ჰქონდა, რომ როდესაც აზერბაიჯანი დაიწყებდა მიწების გათავისუფლებას, და ცხადია, იცოდა, რომ [სომხეთის მხარეს] მისი ჩარევის გარეშე აზერბაიჯანი მიწებს უცილობლად დაიბრუნებდა, ეს 2+2 იყო, ამის შემხედვარე სომხები ისევ რუსების დაკრულზე ცეკვას არჩევდნენ და ფაშინიანს დაამხობდნენ. აი, ეს იყო პუტინის განზრახვა, აზერბაიჯანის დახმარება კი არა. მაგრამ ვერ გათვალა - ფაშინიანმა გაძლო, ის თავის წინამორბედებზე გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა.

ბატონი თავის მოჯამაგირესთან ბოდიშს არ იხდის - პუტინი ასე თვლის... და აქ ის კიდევ ერთხელ შეცდა, ისევ ვერ გათვალა — არ გაითვალისწინა ილჰამ ალიევის ხასიათი.

რადიო თავისუფლება: და მალევე, ის კიდევ ერთხელ შეცდება გათვლაში - უკრაინაში შეიჭრება, იმ ვარაუდით, რომ სამ დღეში აიღებს.

ასლან ისმაილოვი: სწორედ ასეა. და რატომ დაიწყო უკრაინით? იმიტომ რომ კარგად იცოდა: თუ მოახერხებდა და მართლაც აიღებდა უკრაინას სამ დღეში, მერე ყველაფერი დანარჩენი - შუა აზიაც და სამხრეთი კავკასიაც - უკვე ჯიბეში ექნებოდა. ომის მეორე დღეს დავწერე: დღეს უკრაინელი ხალხი არა მარტო საკუთარი დამოუკიდებლობისათვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის თავისუფლებისათვის იბრძვის-მეთქი. ეს აშკარაა.

ამ მოვლენების შემდეგ ილჰამ ალიევმა მკაფიო პოზიცია დაიკავა. მან აღიარა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. დაიწყო მატერიალური და მორალური დახმარება უკრაინელი ხალხისთვის და არ მიემხრო რუსეთს.

შარშან, როცა ეს განხეთქილება ჯერ კიდევ ღვივდებოდა, ისინი, ვინც ყურადღებით ვადევნებდით თვალს, ვამბობდით, რომ კრემლის მხრიდან რაღაც ზომებს მიიღებდნენ, ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. ამის შემდეგ მალევე ჩამოაგდეს სამგზავრო თვითმფრინავი.

ალიევის პოზიცია, მისი გზავნილი მკაფიო იყო: რუსეთის ხელისუფლებას ბოდიში უნდა მოეხადა და მსხვერპლთათვის ზარალი აენაზღაურებინა. ცხადია, მსგავსი არაფერი მომხდარა, რამეთუ ბატონი თავის მოჯამაგირესთან ბოდიშს არ იხდის - პუტინი ასე თვლის.

და აქ ის კიდევ ერთხელ შეცდა, ისევ ვერ გათვალა — არ გაითვალისწინა ილჰამ ალიევის ხასიათი. ალიევი არ გაჩერდა. მან კიდევ უფრო დაჟინებით გაიმეორა თავისი მოთხოვნები. მერე მოდის მაისი, ზეიმები, აღლუმი. პუტინმა პირადად დაპატიჟა ალიევი - ალიევმა უარი თქვა.

ბაქოში ჩამოდის ფედერაციის საბჭო, მატვიენკო. ისევ უარი. შემდეგ გამოგზავნეს გუნდიაევი, კირილი, ფსბ-შნიკი, რომელიც მოცალეობისას რუსეთის პატრიარქის როლს ასრულებს ხოლმე. ალიევი თავისაზე იდგა - პუტინს მოსკოვში არ ეახლა.

და მაშინ კი რუსეთი უკვე ვა-ბანკზე წავიდა. ერთადერთი კოზირი, რომელიც კრემლს შემორჩა, აზერბაიჯანული დიასპორაა. აქ, აზერბაიჯანში, ჩვენი ხალხი სრულებით უზრუნველყოფილია, არაფერში სჭირდება დახმარება. იქ მცხოვრებთ სხვა რეალობა აქვთ.

რადიო თავისუფლება: რამდენად ქმედითი ბერკეტია ეს დიასპორა პუტინის ხელში? რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს ალიევის გადაწყვეტილებებზე?

ასლან ისმაილოვი: ეს კრემლის ყველაზე მთავარი და ერთადერთი კოზირია, სერიოზული კოზირი. იქ მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულეა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, არა აზერბაიჯანის, არამედ რუსეთის — ისინი იქ 20-30-40-50 წელია ცხოვრობენ. ეკატერინბურგის რეიდი პირველი არ ყოფილა - მანამდეც იყო ასეთი შემთხვევები, პირუტყვული მოპყრობა, მაგრამ სიკვდილი არ ახლდა თან. ეკატერინბურგში კი სასტიკი ცემა სიკვდილით დასრულდა და პრეზიდენტისთვის ამაზე გაჩუმება ქვეყნის უპატივცემულობა იქნებოდა. მან კარგად იცოდა ხალხის განწყობა, ამიტომაც დაიკავა მკაფიო პოზიცია.

“[რუსები] ეცდებიან რაღაც ისეთს, რაც საქართველოში გააკეთეს და გამოუვიდათ. „აზერბაიჯანული ბიძინა“ უკვე ჰყავთ. ყველა იცნობს მას - ეს ილჰამ რაგიმოვია, მილიარდერი ოლიგარქი და პუტინის უახლოესი მეგობარი."

რადიო თავისუფლება: და თუ რუსეთი მიგანიშნებთ: „შევწყვეტთ, თუ უფრო დამყოლები იქნებით“. ასეთი შეთავაზება ბაქოსთვის მისაღები იქნებოდა?

ასლან ისმაილოვი: არა. ჩვენ არ გავხდებით უფრო დამყოლები, უფრო გამგონეები. ეს საერთოდ არ შეეფერება ალიევის ხასიათს. ის ჰეიდარ ალიევის შვილია. შეიძლება დუმდეს, მაგრამ გამგონე და მორჩილი? ეს გამორიცხულია. პასუხი სარკისებური იქნება. სინანულით მინდა აღვნიშნო მხოლოდ ერთი რამ: აქ დააპატიმრეს "სპუტნიკის" აგენტურული ქსელის ხალხი, ფსბ-ს (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) სატელიტები. ცხადია, უნდა დაეპატიმრებინათ, მაგრამ არა ისე, როგორც რუსეთი აკეთებს. საჯაროდ გამოვთქვი ჩემი გულისწყრომა ამის გამო.

რადიო თავისუფლება: რომ სცემეს, იმას გულისხმობთ?

ასლან ისმაილოვი: დიახ. ეს რუსული „სილოვიკების“ ხელწერაა, ჩვენ მათზე უკეთესი უნდა ვიყოთ. მაგრამ აგენტურის წმენდა გაგრძელდება - ეს ფაქტია.

რადიო თავისუფლება: და რა შედეგები მოჰყვება ამას რუსეთის მხრიდან?

ასლან ისმაილოვი: ჩვენი საზღვარი უკვე ხუთ წელზე მეტია დახურულია. აშკარაა, ალიევმა იცოდა, რომ მოვიდოდა დრო და პუტინი ამას გააკეთებდა. ჩაკეტილი საზღვრის ფონზე თვითმფრინავით მილიონი ადამიანის აზერბაიჯანში შეყვანა და აქ საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა — ეს აბსურდის ჟანრიდანაა. ბუნებრივია, აზერბაიჯანშიც ბევრი უკმაყოფილოა ხელისუფლებით და მისი უკანონო ქმედებებით — ამას ვაღიარებ. მაგრამ ამ საკითხში ხალხი მთავრობის პოზიციას იზიარებს.

ერთადერთი ისაა, რომ იქ (რუსეთში) ძალიან ბევრი გავლენიანი აზერბაიჯანელია. არიან მილიარდერებიც, არიან დიასპორის გავლენიანი ლიდერებიც. ახლა მათზე იქნება მაქსიმალური ზეწოლა, რომ აზერბაიჯანზე ზემოქმედებისთვის გამოიყენონ. ეცდებიან რაღაც ისეთს, რაც საქართველოში გააკეთეს და გამოუვიდათ. „აზერბაიჯანული ბიძინა“ უკვე ჰყავთ. ყველა იცნობს მას - ეს ილჰამ რაგიმოვია, მილიარდერი ოლიგარქი და პუტინის უახლოესი მეგობარი. ახლა უნდათ, გმირად გამოიყვანონ - ვითომ ეს მან გაათავისუფლებინა ეკატერინბურგის დიასპორის ლიდერი. მერე ის ლიდერი აიძულეს, რომ რაგიმოვისთვის მადლობები ეხადა. არადა, კრემლმა თვითონ დააპატიმრა და თვითონვე გამოუშვა. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ რაგიმოვის რეიტინგი აემაღლებინათ. ეს ცხადია. იწყება მისი ტირაჟირება — ვითომ ქვეყნის მხსნელია და ასე შემდეგ. მე ძალიან კარგად ვიცნობ მას. მისთვის აზერბაიჯანი სამშობლო არაა, მისი სამშობლო რუსეთია. ესაა პუტინის ბოლო კოზირი, რომელსაც წლებია, „სახელოში ინახავს“. მაგრამ ესეც არ გაამართლებს. ერთი ისაა, რომ ჩვენს თანამემამულეებს რუსეთში რთული დღეები ელით.

რადიო თავისუფლება: რეალპოლიტიკის გადმოსახედიდან, ის, რასაც ახლა ვხედავთ, დროებით გაუარესებული ურთიერთობაა, თუ აზერბაიჯანმა საბოლოოდ დაუქნია ხელი „რუსკი მირს“?

ასლან ისმაილოვი: მგონია, რომ ეს უკვე გასცდა მობრუნების წერტილს (point of no return). ბუნებრივია, აზერბაიჯანსა და აზერბაიჯანელ ხალხს — ამას გულწრფელად ვამბობ — არ უნდა რუსეთის მტერი იყოს. ჩვენ გვინდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ვინმეს დიქტატის გარეშე, თანაბარ პირობებში.

რადიო თავისუფლება: და როგორ გგონიათ, დათანხმდება რუსეთი ამას? იციან კრემლში, რა არის თანასწორობა, თანაბარი პარტნიორობა?

ასლან ისმაილოვი: არა, რუსეთის მთავრობა მსგავს კონცეფციას არ იცნობს - პუტინი და პუტინის რუსეთი ძალის გარდა, არაფერს აღიარებენ. ბრალის აღიარებას მორიგი ტყუილის თქმა ურჩევნიათ - აი, მაგალითად, ახლა კრემლი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეკატერინბურგში რაც ხდება, ვითომ სამართალდამცავების „პერებორია“ და კრემლი არაფერში ერევა — ამას ვინ ჭამს?

"სომხეთში ვნახეთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა — ოლიგარქი სამველ კარაპეტიანი, „სომხური ბიძინა“, იქ სწორედ ამ გადატრიალებისთვის მიიყვანეს. ეჯმიაწინიც კრემლის აგენტურული ქსელია და ისიც რუსეთის მხარეს დგას."

რადიო თავისუფლება: ამ ყველაფერთან ერთად, ჩანს, რომ რუსეთი კარგავს შუამავლის როლსაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის — განვითარების რა ახალ სცენარებს მოასწავებს ეს რეგიონის გეოპოლიტიკისთვის?

ასლან ისმაილოვი: დიახ, ეს ამოსავალი კითხვაა. 2020 წლის შემდეგ სომხეთმა, ფაშინიანის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა, რომ მეზობლებთან მტრობა კარგს არაფერს მოუტანს — და რომ ჯობს, წავიდეს მშვიდობის შეთანხმებაზე. ჩვენც დავთანხმდით. პირდაპირ ვაცხადებ: ის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დღემდე გაფორმებული არ არის, ეს, პირველ რიგში, რუსეთის პირდაპირი ჩარევის გამოა. ახლახან ლავროვმა თქვა, რომ რუსეთის გარეშე დადებულ ნებისმიერ შეთანხმებას სომხეთში ვითარების გაუარესება მოჰყვება. ეკატერინბურგის მოვლენების ლამის პარალელურად, სომხეთში ვნახეთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - ოლიგარქი სამველ კარაპეტიანი, „სომხური ბიძინა“, იქ სწორედ ამ გადატრიალებისთვის მიიყვანეს. ეჯმიაწინიც კრემლის აგენტურული ქსელია და ისიც რუსეთის მხარეს დგას. კოჩარიანის და სარგსიანის ძალებიც იმავე სცენარს ცდილობენ, მაგრამ ვფიქრობ, თუ სომხეთის ხალხი საკუთარ არჩეულ ხელმძღვანელს დაუჭერს მხარს, მათ არაფერი გამოუვათ.

პუტინის ეს „გეოპოლიტიკური კრუნჩხვები“ სწორედ იმან გამოიწვია, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთში რუსეთის გარეშე დადებენ შეთანხმებას და საბოლოოდ გავლენ კრემლის გავლენის სფეროდან. აზერბაიჯანის და სომხეთის გასვლა კი ავტომატურად ნიშნავს საქართველოს გასვლასაც. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს სამხრეთ კავკასიის დაკარგვას. და სამხრეთ კავკასიის დაკარგვა მომავალში შუა აზიის დაკარგვასაც მოიტანს. პუტინი, შესაძლოა, შეშლილი ბერიკაცია, მაგრამ ამას კარგად ხვდება, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საქმეებიც აქვს - სადაც ასევე ხელი მოეცარა - მაინც მოიცალა ჩვენთვის. რადგან თავზარს სცემს იმის წარმოდგენაც კი, რომ სწორედ ეს შეიძლება იქცეს მის მემკვიდრეობად, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის ისტორიაში თანამედროვე "ცარად" ჩაწერონ.

ვიტყოდი, რომ საქართველოში ახლა ორი საქართველოა — ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა.

რადიო თავისუფლება: ერთი დეტალი - რა მოხდება, თუ საქართველო არ მოისურვებს, რუსეთს „დაეკარგოს“?

ასლან ისმაილოვი: მე რასაც ვხედავ, [საქართველოში] მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვადევნებ თვალს და ვიტყოდი, რომ საქართველოში ახლა ორი საქართველოა - ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა. ეს დაპირისპირებული მხარეებია. თუ ქართველ ხალხს ერთმნიშვნელოვნად, პრინციპულად და უპირობოდ სურს დასავლეთი, მაშინ საქართველოს მთავრობა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ვეღარ შეძლებს რუსეთის ორბიტაზე დარჩენას. მარტივი ჭეშმარიტებაა: თუ ხალხი თავისი ლიდერის გვერდში დგას, მთელი მსოფლიოც ვერ დაამხობს მას. მეორე მხრივ, თუ ხალხი თავად მოისურვებს ლიდერის დამხობას, მთელი მსოფლიოც ვერ შეაკავებს მას, ადრე თუ გვიან, ხალხი თავისას გაიტანს. აქ სიტყვა ქართველ ხალხზეა.

თურქეთი აქ - რეგიონში - არ მოიქცევა ისე, როგორც რუსეთი — როგორც ბატონი და ყმა.

რადიო თავისუფლება: და ბოლო კითხვა. თურქეთის როლი რამდენად გაიზრდება? და რას მოიტანს ეს?

ასლან ისმაილოვი: ვფიქრობ, აქ ყველაზე მთავარია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის შეთანხმების დადება. ორივე ლიდერმა ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს — თავიანთი ქვეყნების გადასარჩენად. თურქეთი ამ პარადიგმაში საკვანძო მოთამაშეა. ამიტომ წავიდა იქ ფაშინიანი — ერევანმაც და ბაქომაც კარგად იციან, რომ თურქეთი ნატოს წევრია და რეგიონში ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს. და თურქეთი აქ - რეგიონში - არ მოიქცევა ისე, როგორც რუსეთი — როგორც ბატონი და ყმა. თურქეთს თანასწორობის პირობებში თანამშრომლობა უნდა.

რადიო თავისუფლება: მოდით, თავს პროკრემლისტ ჟურნალისტად წარმოვიდგენ და გკითხავთ: იქნებ, როდესაც რუსეთი წავა, თურქეთმაც შეწყვიტოს „კარგი ბიჭის“ როლის თამაში?

იასლან სმაილოვი: არა, ეს შეუძლებელია. იმიტომ რომ თურქეთი ნატოს წევრია. ნატოს წევრები არ მისცემენ თურქეთს უფლებას, აქ რუსეთივით მოიქცეს. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული ამ სამყაროში. და თურქეთი ბირთვული სახელმწიფო არ არის, დასავლეთს თურქეთზე მეტი ზემოქმედების ბერკეტები აქვს, ვიდრე რუსეთზე.

რუსეთს ასე მარტივად აზერბაიჯანის „გადაყლაპვა“ არ გამოუვა.

რადიო თავისუფლება: და თუ რუსეთს წასვლა არ მოუნდა?

ასლან ისმაილოვი: და? რას იზამს? შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი სამხედრო თვალსაზრისით სუსტი ქვეყანა არ არის. ერთი, რომ აზერბაიჯანმა ჯერ ყარაბაღში აჩვენა თავისი ძალა. და მეორეც, ზუსტად ვიცი, რომ იმ დღიდან აზერბაიჯანი ძალიან აქტიურად ზრდის თავის სამხედრო პოტენციალს. გარდა ამისა, არსებობს შუშის დეკლარაცია თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. არის ასევე აზერბაიჯანსა და პაკისტანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის კავშირი. პაკისტანი, სხვათა შორის, ბირთვული სახელმწიფოა. ამიტომ რუსეთს ასე მარტივად აზერბაიჯანის „გადაყლაპვა“ არ გამოუვა. მიუხედავად იმისა, რას ყეფენ პუტინის ქოფაკები: ომი უნდა გამოვუცხადოთ, ჯარი შევიყვანოთ და ასე შემდეგ - ეს რუსეთს საბოლოო დაშლამდე მიიყვანს. იმიტომ რომ ჯარის ნებისმიერი გადაადგილება ჩრდილოეთ კავკასიის გავლით ჩრდილოეთ კავკასიასვე ააფეთქებს. იქ არის დაღესტანი, ჩეჩნეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაევო-ჩერქეზეთი. იქ გაჩენილი ცეცხლი გადაედება თათრეთს, ბაშკირეთს, იაკუტიას... თუ პუტინი ამ გზას გაჰყვება, ეს რუსეთის დაშლამდე მიიყვანს.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG