აზერბაიჯანმა სვერდლოვსკის ოლქის დედაქალაქ ეკატერინბურგში ჩატარებულ ე.წ. პოლიციურ ოპერაციას, რომლის შედეგადაც 27 ივნისს ორი ეთნიკურად აზერბაიჯანელი გარდაიცვალა, მკაცრი განცხადებისა და საპროტესტო ნოტის გარდა, ასევე უპასუხა ბაქოში რუსული სააგენტო Sputnik-ის ოფისის დახურვითა და ФСБ-ს ორი აგენტის დაკავებით. ექსპერტების თქმით, ბაქოს მკაცრი რეაქცია რეგიონში მომხდარი მასშტაბური გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგია.
ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების მასობრივი დაკავების დროს დაღუპული ძმების, ზიადინ და გუსეინ საფაროვების ცხედრები აზერბაიჯანში გადაასვენეს და დაკრძალეს.
როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „APA“ იუწყება, აზერბაიჯანის სასამართლო ექსპერტიზამ ФСБ-სა (რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თვითნებური ქმედებების შედეგად დაღუპულთა ცხედრების განმეორებითი ექსპერტიზა ჩაატარა. გარდაცვლილი ძმების ნათესავის, სეიფადინ გუსეინლის თქმით, ცხედრებს წამების აშკარა კვალი ამჩნევიათ.
„რუსული მხარის ინფორმაცია ჩემი ძმების გარდაცვალების მიზეზის შესახებ აბსურდულია. სამედიცინო ექსპერტიზის დროს, რომელზეც მიმიწვიეს ჩემი ძმების ცხედრების იდენტიფიცირებისთვის, საშინელი სურათის მომსწრე გავხდი, რამაც კიდევ უფრო შოკში ჩამაგდო. მათ სხეულებზე წამების მრავალი კვალი უდავოდ ადასტურებს, რომ რუსული მხარის მიერ გამოგონილი და გავრცელებული ინფორმაცია ჩემი ძმების სიკვდილის მიზეზის შესახებ სრული აბსურდია“, - განაცხადა სეიფადინ გუსეინლიმ.
გამოცემა Minval-ი აზერბაიჯანელი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, წერს, რომ გუსეინ საფაროვს დამტვრეული ჰქონდა ცხვირი და მკერდი, გარდა ამისა სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა სასქესო ორგანოს არეში. გაკვეთამ ასევე აჩვენა: ფართო სისხლჩაქცევები შინაგან ორგანოებში, ნეკნების მოტეხილობები, პლევრა-ფილტვის დაზიანება. სისხლი აღმოჩნდა მუცლის ღრუშიც.
მეორე გარდაცვლილს, ზიადინ საფაროვსაც სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა „თითქმის მთელ სხეულზე“, მათ შორის სასქესო ორგანოს მიდამოში. დამტვრეული ჰქონდა მკერდი და ნეკნები, თუმცა რუსეთის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად მითითებული იყო „გულის დაავადება“.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქში ჩატარებულ ე.წ. პოლიციურ ოპერაციას უწოდა „რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეთნიკური ნიშნით აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ჩადენილი დემონსტრაციული, მიზანმიმართული და სასამართლოს გარეშე ჩადენილი მკვლელობები და ძალადობრივი აქტები“, რამაც, ოფიციალური ბაქოს თქმით, ბოლო დროს სისტემატური ხასიათი მიიღო.
27 ივნისს ეკატერინბურგში ადგილობრივი პოლიციის სპეცრაზმმა აზერბაიჯანული წარმოშობის 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა ისე, რომ დაკავებისას ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმემ კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ბაქომ მოითხოვა დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა, ხოლო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა. თუმცა პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა, რომ ეთნიკური კუთვნილება არაფერ შუაშია, რადგან „დაკავებულებიც და გარდაცვლილებიც რუსეთის მოქალაქეები არიან“.
კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორმა, აჰმედ ალილიმ, რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ პროექტს, Current Time-ს განუცხადა, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები ბოლო რამდენიმე თვეა, რაც მკვეთრად უარესდება.
„აზერბაიჯანს აქვს განცდა, რომ კრემლსა და მოსკოვში ზოგიერთებს სურთ როგორმე ზეწოლა მოახდინოს აზერბაიჯანზე. მათი აზრით, აზერბაიჯანს აქვს ახალი სტატუსი 2020 წელს ყარაბაღის ომის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც რუსმა სამშვიდობოებმა ყარაბაღი დატოვეს - ეს სწორედ ის სცენარია, რომლის ნახვასაც, შესაძლოა, ბევრი არ ისურვებდა. მაგრამ აზერბაიჯანს ეს გამოუვიდა, ისინი კი სანაცვლოდ ისეთ რამეს ითხოვენ, რის დასათმობად, სავარაუდოდ, აზერბაიჯანი მზად არ არის ან არ ფიქრობს, რომ უნდა მისცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინ ვის ვალშია, ბაქოსა და მოსკოვში ამის ძალიან განსხვავებული გაგება აქვთ. სწორედ ამას მივყავართ იმ მდგომარეობამდე, რასაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით“, - თქვა აჰმედ ალილიმ.
აზერბაიჯანელი ექსპერტის თქმით, ეკატერინბურგში ჩატარებული რეიდები ბაქომ აზერბაიჯანზე „ზეწოლის ელემენტად“ აღიქვა. შესაბამისად, ისევე როგორც 2024 წლის 25 დეკემბერს ბაქოდან გროზნოში მიმავალი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ Embraer E190-ის ჩამოვარდნის შემთხვევაში (კატასტროფას 38 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა), ბაქომ მკაცრი რეაგირება მოახდინა.
„ბაქოსთვის ეს არის გზავნილი, რომ აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლებს ასე შეიძლება მოექცნენ... ძალიან დიდი ხნის განმავლობაში (აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგაც კი) იყო განწყობა, რომ გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელი გახდებოდა ძველი, ნორმალური ურთიერთობის აღდგენა. თუმცა ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები უკვე იმის სიგნალია, რომ წინა ნორმალური ურთიერთობის დაბრუნება რთული იქნება“, - ვარაუდობს აჰმედ ალილი, თუმცა იგი იმასაც დასძენს, რომ აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობები დიდწილად პირადი ურთიერთობებია:
„იმის მიხედვით, როგორი იქნება პრეზიდენტ პუტინის საჯარო პოზიცია, ვფიქრობ, ბაქოც შეძლებს თავისი პოზიციის ადაპტირებას. ჯერჯერობით პუტინი არ ურეკავს პრეზიდენტ ალიევს, არ უხდის ბოდიშს და არც სხვა საჯარო განცხადებებს აკეთებს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ახლა პრინციპული საკითხია. რაც ახლა ხდება, სამზადისია. მოგვიანებით კი, როდესაც პრეზიდენტი პუტინი განცხადებას გააკეთებს, ვფიქრობ, ბაქოც ადეკვატურად უპასუხებს ამ განცხადებას“.
რა მოხდა ეკატერინბურგში?
27 ივნისს ეკატერინბურგში ფართომასშტაბიანი რეიდები ჩატარდა იმ მისამართებზე, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და მუშაობენ. ჩატარდა 14 ჩხრეკა, 11 ავტომობილისა და არასაცხოვრებელი ფართის შემოწმება, დაიკითხა 10 მოწმე.
ე.წ. პოლიციური ოპერაციის მსვლელობისას დააკავეს 50-ზე მეტი ადამიანი. ინტერნეტგამოცემა E1.RU-ს ცნობით, ჩხრეკა ჩატარდა ეკატერინბურგის მკვიდრის, იუნის ფაშაევის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც 2001 წლის მაისში, ბლუხერის ქუჩაზე, კაფე „კასპიის“ მახლობლად მოხდა (ფაშაევი მოკლეს სამზარეულოს დანებით). პოლიციამ ეჭვი დაწესებულების მფლობელებზე, ძმებ ზიადინ და ჰუსეინ საფაროვებზე მიიტანა, თუმცა საბოლოოდ ისინი პასუხისგებაში არ მისცეს. E1.RU-ს ინფორმაციით, ჰუსეინ საფაროვი ადრე გაუპატიურებისთვის იყო გასამართლებული.
28 ივნისს, სვერდლოვსკის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა „ეთნიკური კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობის აღკვეთის“ შესახებ განაცხადა: „აღიძრა სისხლის სამართლის საქმე პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულებით მკვლელობის, შეკვეთილი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობისთვის“. გამომძიებლების თქმით, დაჯგუფების წევრები 2001, 2010 და 2011 წლებში ეკატერინბურგში ჩადენილ რამდენიმე მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდნენ: საუბარია არა მხოლოდ ფაშაევის, არამედ აზერბაიჯანის კიდევ ერთი მოქალაქის, გაჯიევის მკვლელობაზეც.
საერთო ჯამში დააკავეს ექვსი ადამიანი, ყველა რუსეთის მოქალაქე: საფაროვი მაზაჰირ მოჰბალი ოღლუ, საფაროვი აკიფ მოჰბალი ოღლუ, საფაროვი აიაზ მოჰბალი ოღლუ, გიანჯიევი ახლიმან სათდარა ოღლუ, ლალაევი შაჰინ მამედალი ოღლუ და საფაროვი ბაქირ მეჰდი.
კიდევ ორი ეჭვმიტანილი, ზიადინ და გუსეინ საფაროვები, დაკავების დროს დაიღუპნენ. როგორც E1.RU წერს, ზიადინს ინსულტისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი აღენიშნებოდა, ხოლო ჰუსეინს ემბოლიის (სისხლძარღვთა დაცობა) დიაგნოზი დაუსვეს.
რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ მას მიმართა აზერბაიჯანის ომბუდსმენმა „27 ივნისს რუსეთში აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლების დაკავების, გარდაცვალების და ფიზიკური დაზიანების გარემოებების გარკვევის“ თაობაზე. მოსკალკოვას თქმით, მან რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურას სთხოვა შეამოწმოს ეკატერინბურგში უსაფრთხოების ძალების ქმედებების კანონიერება.
29 ივნისს, ეკატერინბურგის ლენინის სახელობის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 2001-2011 წლებში ჩადენილ მკვლელობებში ეჭვმიტანილ სამ პირს. ერთ-ერთი ბრალდებულის, მაზაჰირ საფაროვის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავების დროს უსაფრთხოების ძალებმა მის კლიენტს ნეკნები მოტეხეს. კიდევ ერთი მამაკაცი, აიაზ საფაროვი, სასამართლოში დალურჯებული სახით მიიყვანეს.
ბაქოს პასუხი
30 ივნისს აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ბაქოს ფილიალის ოფისში მივიდნენ და მისი ორი ხელმძღვანელი - „Sputnik-აზერბაიჯანის“ მთავარი რედაქტორი იგორ კარტავიხი და შეფ-რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი - ადგილობრივი მედიის მტკიცებით, ФСБ-ს ფარული ოფიცრები - დააკავეს.
„სააგენტოს აკრედიტაცია 2025 წლის თებერვალში შეუჩერდა. თუმცა მივიღეთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ სააგენტო უკანონო დაფინანსებით აგრძელებდა ფუნქციონირებას“, - განმარტა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ბაქოში ასევე დააკავეს კრემლისტური სააგენტოს Ruptly-ის ჟურნალისტი, რომელიც Sputnik Azerbaijan-ის ოფისში ჩხრეკას იღებდა.
ის, რომ აზერბაიჯანელი სამართალდამცავების ქმედებები ეკატერინბურგში ჩატარებულ რეიდებზე რეაგირება იყო, ირიბად დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი, რაც ხდება, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას უკავშირდება, ეს კი არ შეიძლება და არ უნდა იქცეს ასეთი რეაქციის საბაბად“, - თქვა პესკოვმა Sputnik-ის რედაქციაში ჩატარებული ოპერაციის კომენტირებისას.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ასევე გააუქმა რუსეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მიერ აზერბაიჯანში დაგეგმილი ყველა ერთობლივი კულტურული ღონისძიება. როგორც აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ განმარტა, გადაწყვეტილება მიიღეს ეკატერინბურგში „რუსი სამართალდამცავი ორგანოების მიერ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ეთნიკური ნიშნით განხორციელებული მიზანმიმართული ქმედებების“ გამო.
ძმობის დასასრული
მოსკოვი აცხადებს, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებზე ბაქოს ასეთი რეაგირება გაუმართლებელია. თუმცა, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები შენიშნავენ, ბაქოს მკაცრი რეაქცია დიდწილად მასშტაბური გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგია.
„სულ რამდენიმე წლის წინ ასეთი ტრაგედიები გავლენას ვერ ახდენდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი იქცა რეგიონულ ძალად, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოსკოვის დომინანტურ როლს სამხრეთ კავკასიაში. რუსეთის წინააღმდეგ პრეტენზიებიც ამის გამოვლინებაა“, - დაწერა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) რუსულმა რედაქციამ.
გარდა იმისა, რომ ბაქომ გააუქმა რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსეი ოვერჩუკის ვიზიტი და რუსი მუსიკოსების კონცერტები პროსამთავრობო აზერბაიჯანულმა პრესამ რუსეთის მკაცრი კრიტიკა დაიწყო. „სისხლიანი რეპრესიების საკითხში პუტინმა თავად სტალინს გადააჭარბა“, - ნათქვამია ერთ სტატიაში..
შექმნილი ვითარება ექსპერტებს აგონებთ, 2024 წლის ბოლოს დაწყებულ კრიზისს, როდესაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეცდომით ჩამოაგდო აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი. მაშინ მგზავრების ნახევარზე მეტი დაიღუპა, მათ შორის, დაიღუპნენ პილოტები, რომლებმაც დაზიანებული თვითმფრინავის ყაზახეთში გადაყვანა მოახერხეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთს დანაშაულის აღიარება და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება მოსთხოვა. პუტინმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დაიწყო პროპაგანდისტული ომი, ბაქომ ჯაშუშობის ბრალდებით დახურა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ სტრუქტურა „რუსული სახლი“ და მოითხოვა რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ფილიალის დახურვა.
თუმცა, Sputnik-ი მუშაობას განაგრძობდა 2025 წლის 30 ივნისამდე, ვიდრე რედაქციაში პოლიცია შევიდოდა ჩხრეკის ჩასატარებლად.
როგორც BBC წერს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან დაკავშირებული ტრაგედიები, ეკატერინბურგში მომხდარის მსგავსი, რუსეთში ადრეც მომხდარა, თუმცა მათ ბაქოში მსგავსი რეაქცია არ გამოუწვევიათ, ინციდენტი ფორმალური რეაგირებით (განცხადებებით) შემოიფარგლებოდა ხოლმე. ექსპერტების თქმით, ბაქოს ამჟამინდელი მძაფრი რეაქცია ორ ქვეყანას შორის ძალთა ბალანსის ცვლილების შედეგია: 2020 წელს აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ ომი მოიგო და რეგიონულ ლიდერად წარმოჩინდა. აზერბაიჯანი ისედაც რეგიონის უდიდესი ეკონომიკა იყო, მისი მოსახლეობა მეზობელი სომხეთისა და საქართველოს ჯამურ მოსახლეობას აჭარბებდა, თუმცა სამხედრო გამარჯვებამ და, შესაბამისად, უპირატესობამ მას თვისებრივად ახალი პოლიტიკური წონა შესძინა. ამას დაემატა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა, რამაც მოსკოვის პოზიციები სამხრეთ კავკასიაში კიდევ უფრო შეასუსტა. უკრაინის ტერიტორიებსაც, რომლებსაც რუსეთი თავისად აცხადებს, აზერბაიჯანი ოკუპირებულად მიიჩნევს, კიევს კი ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის.
თუმცა, როგორც BBC წერს, მოსკოვი იძულებულია ბაქოს ბევრი რამ აპატიოს იმ პროექტებში მონაწილეობის გამო, რომლებიც მკაცრი სანქციების ქვეშ მყოფ რუსეთს გარე სამყაროსთან აკავშირებს. აზერბაიჯანში გადის არა მხოლოდ საკვანძო გაზსადენები, არამედ ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განშტოებაც, რომელიც რუსეთს აზიის ბაზრებზე წვდომის საშუალებას აძლევს.
„ბაქო ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის დომინანტურ როლს სამხრეთ კავკასიაში", - ამბობს ზაურ შირიევი, ბერლინში კარნეგის ფონდის რუსული და ევრაზიული კვლევების ცენტრის მკვლევარი, - "ბაქოს არ სურს, რომ რუსეთმა დაიბრუნოს თავისი გავლენა საქართველოზე, მით უმეტეს, რომ საქართველოზე გადის აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტები. <..> მოკლედ, აზერბაიჯანი მკაფიოდ აცხადებს, რომ პასიურად აღარ მიიღებს რუსეთის ქცევას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისივე ინტერესებია სასწორზე“.
აზერბაიჯანი ასევე არ არის დაინტერესებული იმით, რომ სომხეთის ხელისუფლებაში მივიდნენ პრორუსული ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბაქოსთან შერიგებას და მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებული მოთხოვნების საბოლოო უარყოფას.
მოსკოვთან დაპირისპირებით ბაქო კიდევ ერთ სარგებელს ნახულობს. „რუსეთთან დისტანცირება სასარგებლოა [აზერბაიჯანისთვის] საკუთარი ცოდვების დასავლეთისგან დასამალად“, - ეუბნება ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს სამხრეთ კავკასიის ექსპერტი კირილ კრივოშეევი, რომელიც მიუთითებს ათობით ჟურნალისტსა და ოპოზიციურ ფიგურაზე, რომლებიც აზერბაიჯანის ციხეებში სხედან.
რუსეთში წახალისებული ქსენოფობია და ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი სხვა სკანდალები
რუსეთის პოლიციის სპეცრაზმები ასევე სასტიკად ეპყრობიან ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ჩასულ შრომით მიგრანტებს იმ მასობრივი რეიდების დროს, რომლებიც ერთ წელზე მეტია განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს. ამის ფორმალური საბაბი მოსკოვში, „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხარი ტერორისტული თავდასხმაა, რაშიც, გამოძიების მტკიცებით, ტაჯიკეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
თუმცა რეიდები ტარდება ყველა მიგრანტის წინააღმდეგ, არა მხოლოდ ტაჯიკების, არამედ უზბეკების, ყირგიზების და სხვა ეროვნებების წარმომადგენლების წინააღმდეგაც.
უსაფრთხოების ძალები მიგრანტებს უხეშად ეპყრობიან, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი მიგრაციის რეჟიმის დამრღვევები. დაკავებულებს ხშირად სცემენ, ამცირებენ, შეურაცხყოფენ უცენზურო სიტყვებით, ხოლო რუსული პასპორტების მქონე მიგრანტებს რეიდების შემდეგ მასობრივად აგზავნიან ჯერ სამხედრო კომისარიატებში, შემდეგ კი უკრაინასთან ომში.
ორგანიზაცია „მემორიალის“ ადამიანის უფლებათა დამცველმა სტეფანია კულაევამ Current Time-ს განუცხადა, რომ რუსი პოლიციელები ხშირად მიმართავენ ძალადობას, განსაკუთრებით მიგრანტების მიმართ.
„რა თქმა უნდა, შესაძლებელია საპოლიციო ოპერაციების ჩატარება ძალადობის გარეშე, მით უმეტეს, ლეტალური შედეგების გარეშე. ეს თითქმის ყოველთვის შესაძლებელია. ჩვენ ვიცით, რომ დაკავების დროს ძალიან საშიში ადამიანებიც კი, მათ შორის მასობრივი მკვლელობების მომწყობი შეიარაღებული პირები არ მოუკლავთ. მაგალითად „კროკუსის სიტი ჰოლში“ მოწყობილი ტერაქტის ორგანიზატორები, რომლებმაც დაკავებისას წინააღმდეგობა გასწიეს. ამიტომ, რაც ეკატერინბურგში მოხდა, ამას ეწოდება პოლიციური განუკითხაობა, რაზეც ხელისუფლების ჯანსაღი რეაქცია იქნებოდა მკაცრი გამოძიება და ძალადობაში მონაწილე პირების სამსახურიდან გათავისუფლება“.
უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ ბაქოს საპროტესტო ნოტა რუსეთში პოლიციური ძალადობის პრობლემის ფუნდამენტურად ვერ შეცვლის:
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთმა ქვეყანამ გაუგზავნა [საპროტესტო] ნოტები მოსკოვს მათი მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. ეს ქვეყნებია: ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი. თუმცა რუსეთის მსგავსი ქვეყნებისთვის საპროტესტო ნოტა დიპლომატიური გავლენის სუსტი ინსტრუმენტია“.
სტეფანია კულაევამ ასევე მიიჩნევს, რომ მიგრანტების მიმართ სასტიკი მოპყრობა სისტემური პრობლემა და რუსეთის სახელმწიფოს ცენტრალური ხაზია. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ქსენოფობიური განცხადებები სულ უფრო ხშირად ისმის თავად სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებისგან. ამასთან, როგორც სტეფანია კულაევა ამბობს, მიგრანტებისა და რუსეთის „არარუსი“ მცხოვრებლების მიმართ ასეთი პოლიტიკა ძალიან სახიფათოა:
„ამას აქვს ზრდის გამოხატული სახე, ეს არის ტენდენცია, რომელიც 2022 წელს დაწყებულ ომს უკავშირდება. მთლიანობაში სახეზეა ნაციონალიზმის ზრდა, ყველაფერში უმცირესობების, სხვების, არარუსების დადანაშაულების მცდელობები. ეს ისმის პროპაგანდაში, ამას მუდმივად ახმოვანებენ ძალოვანი ბლოკის წარმომადგენლები. ბასტრიკინიც და კოლოკოლცევიც მუდმივად აკეთებენ ქსენოფობიურ განცხადებებს, რომლებიც მიუღებელია საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ამის შეჩერება ძალიან რთულია“.
ფორუმი