Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი რუსეთთან დაკავშირებულ ღონისძიებებს აუქმებს


აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა მას შემდეგ, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში 50-ზე მეტი აზერბაიჯანული წარმოშობის ადამიანი დააკავეს.
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა მას შემდეგ, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში 50-ზე მეტი აზერბაიჯანული წარმოშობის ადამიანი დააკავეს.

აზერბაიჯანში რუსეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მიერ დაგეგმილი ყველა ერთობლივი კულტურული ღონისძიება გაუქმდა - განაცხადა აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ეკატერინბურგში „რუსი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეთნიკური ნიშნით აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებები“.

უქმდება კონცერტები, ფესტივალები, გამოფენები, წარმოდგენები და სხვა პროგრამები. ბილეთის მფლობელებს შეეძლებათ თანხის უკან დაბრუნება.

აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციამ გადაწყვიტა, არ მიეღო მონაწილეობა რესპუბლიკის მილი მეჯლისისა და რუსეთის ფედერალური ასამბლეის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის კომისიის სხდომაში. პარლამენტის განცხადებაში მითითებულია, რომ მიზეზი რუსი სამართალდამცავი ორგანოების მიერ „დემონსტრაციული და უკანონო ქმედებები“ იყო, რამაც აზერბაიჯანელებს შორის მსხვერპლი გამოიწვია.

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა მას შემდეგ, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში 50-ზე მეტი აზერბაიჯანული წარმოშობის ადამიანი დააკავეს. ორი მათგანი დაიღუპა, კიდევ ორი მძიმედ დაშავდა რეიდის დროს. ბაქომ მოითხოვა დამნაშავეების დასჯა.

აზერბაიჯანის რუსულმა თემმა დაგმო რუსეთის ქმედებები და მოითხოვეს ეკატერინბურგში მომხდარი მოვლენების ობიექტური გამოძიება.

ბაქომ პროტესტი გამოთქვა ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდების გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებები განხორციელდა სერიოზული დანაშაულების გამოძიების ფარგლებში და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დააკონკრეტა, რომ საუბარია 2001, 2010 და 2011 წლებში ჩადენილ მკვლელობებთან დაკავშირებულ საქმეებზე.

როგორც პორტალი E1.ru იტყობინება, 2001 წელს ეკატერინბურგში მოკლეს აზერბაიჯანელი იუნის ფაშაევი. იმ დროს მთავარი ეჭვმიტანილები იყვნენ კაფე „კასპიის“ მფლობელები, ძმები გუსეინ და ზიადინ საფაროვები, რომლებიც, როგორც იუწყებიან, 27 ივნისს დაკავების დროს დაიღუპნენ. ეს ინფორმაცია დაადასტურა RBC-ის წყარომ სამართალდამცავ ორგანოებში. საქმის გამოძიების ფარგლებში, დღეს ეკატერინბურგის სასამართლომ 19 ივლისამდე დააკავა სამი პირი: მაზაჰირ, აკიფ და აიაზ საფაროვები. მათ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. სასამართლო დარბაზიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთს სახეზე სილურჯეები აქვს. დანარჩენ სამ ეჭვმიტანილს, ახლიმან განჯიევს, შახინ ლალაევს და ბაკირ საფაროვს, პატიმრობა 72 საათით გაუხანგრძლივდა. აღმკვეთი ღონისძიების შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG