Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ზელენსკის კიდევ ბევრი კოზირი აქვს“ – გენერალი მიკ რაიანი უკრაინის ოპერაცია „ობობას ქსელსა“ და ომის მომავლის შესახებ


გენერალი მიკ რაიანი - ვაჟა თავბერიძის ინტერვიუ
გენერალი მიკ რაიანი - ვაჟა თავბერიძის ინტერვიუ

„ეს უდავოდ იყო ერთ-ერთი ყველაზე გაბედული, მეტიც, თავხედური იერიში დრონებით, რაც კი ოდესმე გვინახავს. ეს აჩვენებს, რომ ომში სიურპრიზი, მეტოქის გაოცება კვლავაც შესაძლებელია – მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საპირისპიროს ამტკიცებს...

ეს იყო კულმინაცია სამი წლისა და მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ინოვაციის, კრეატიულობისა და ომის ხელოვნების ევოლუციისა“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ავსტრალიის არმიის თადარიგის გენერალ-მაიორი მიკ რაიანი, უკრაინის დრონების მასშტაბურ ოპერაციაზე საუბრისას, რომელსაც „ობობას ქსელი“ ( Павутина- Spider Web) უწოდეს. რაიანი ამბობს, რომ ეს იერიში არა მხოლოდ უკრაინის ომის მომავლისთვის, არამედ მთლიანად ომის წარმოებასა და სტრატეგია-ტაქტიკის ხელოვნებაში ახალი ქვეთავის გადაშლას უდრის.

ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში მიკ რაიანი, რომელიც უკრაინის ომის თემატიკაზე ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ დასავლელ ექსპერტად მიიჩნევა, ამ უპრეცედენტო ოპერაციას სტრატეგიულ, ფსიქოლოგიურ და გეოპოლიტიკურ ჭრილში აფასებს –რუსეთის საჰაერო შესაძლებლობების დაკნინებით დაწყებული, ევროპის, ვაშინგტონისა და სხვა ქვეყნების რეაქციების ჩათვლით.

უკრაინელებს რაღაც განსაკუთრებული ნიჭი თუ ალღო აქვთ, ზუსტად დაინახონ, შენიშნონ, სად ვერ მოასწრეს რუსებმა ადაპტაცია...

რადიო თავისუფლება: ოპერაცია „ობობას ქსელი“ – რა მასშტაბის მოვლენაზე ვსაუბრობთ და რას შეცვლის ეს უკრაინის ომში, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ჭრილში?

გენერალი მიკ რაიანი: ვფიქრობ, ამ ოპერაციის გავლენა უშუალოდ უკრაინის ომის ფარგლებს სცდება, მას დიდი მნიშვნელობა ექნება ზოგადად ომის, სამხედრო ხელოვნების მომავლისათვის, მაგრამ კი ბატონო, მოდი, უკრაინით დავიწყოთ.

ამ კონკრეტულ კონფლიქტში, „ობობას ქსელმა“ სამხედრო თვალსაზრისით, საგრძნობლად შეამცირა და დააკნინა რუსეთის სამხედრო ავიაციის შეტევითი შესაძლებლობები - უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, ზუსტად რა რაოდენობით ბომბდამშენები გაანადგურეს, მაგრამ ცხადია, რომ მათ შორის არის თვითმფრინავები, რომლებიც ზუსტ, გრძელ მანძილზე წვდომის, მსხვილქობინიანი რაკეტების სასროლად გამოიყენებოდა, რომელთა ნეიტრალიზება უკრაინას ყველაზე მეტად უჭირდა. ესაა ამ ოპერაციის პირდაპირი სამხედრო სარგებელი.

უკრაინელებს რაღაც განსაკუთრებული ნიჭი თუ ალღო აქვთ, ზუსტად დაინახონ, შენიშნონ, სად ვერ მოასწრეს რუსებმა ადაპტაცია. რუსეთის ავიაბაზებს უკვე მერამდენედ დაარტყეს, ისინი კი ადაპტირებას აგვიანებენ - თანამედროვე ომში, თუ საკმარისად სწრაფად არ ერგები სიტუაციას, მტერი აუცილებლად გადაგახდევინებს ამის საზღაურს.

მაგრამ შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური გავლენა – იქნება ეს რუსეთის საჰაერო ძალებზე თუ უშუალოდ რუს მოსახლეობაზე. არ ვფიქრობ, რომ ეს პუტინის გათვლებს შეცვლის – ძნელი წარმოსადგენია რამე ისეთი, რაც მას აზრს შეაცვლევინებს, რადგან კარგად იცის - თუკი ომს წააგებს, ასიათასობით ბრაზმორეული ჯარისკაცი შინ დაბრუნდება, ხალხი კი ჰკითხავს: „საერთოდ რისთვის იყო ეს ყველაფერი?“ ასე რომ, არ მგონია, ამ ოპერაციამ ომის რაკურსი შეცვალოს – ამისთვის საჭირო იქნებოდა პუტინის გათვლების შეცვლა, აქამდე კი ჯერ არ მივსულვართ.

მაგრამ, როგორც ზემოთ უკვე ვახსენე, ვფიქრობ, ოპერაციის ყველაზე დიდი გავლენა სხვაგან უნდა ვეძებოთ – ეს ოპერაცია ცვლის აქამდე არსებულ აღქმებს, იმას, თუ როგორ აღიქვამენ და შეაფასებენ ახლა სხვა სამხედრო სტრუქტურები საკუთარ შესაძლებლობებსა და რესურსებს მოწინააღმდეგეზე შორი მანძილის დარტყმების განსახორციელებლად. ცივი ომის დროს მხოლოდ ზესახელმწიფოებს შეეძლოთ ასეთი ტიპის ოპერაციების ჩატარება. ახლა კი, გამოდის, ყველას შეუძლია. ბარიერი დაწეულია – არა მხოლოდ სახელმწიფოებისათვის, არამედ სხვა აქტორებისთვისაც. მაგალითად, ნარკოკარტელებსაც კი შეუძლიათ ამის გაკეთება, ან კიდევ ჰუსიტ აჯანყებულებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველამ, და განსაკუთრებით – დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა, დრამატულად უნდა გააძლიერონ სამხედრო ბაზების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ხარისხი. დემოკრატიული ქვეყნები ამ მხრივ ბევრად უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე რუსეთი.

რადიო თავისუფლება: შეიძლება თქმა, რომ ეს იყო ისტორიაში ყველაზე დიდი გავლენისა და მასშტაბის იერიში დრონებით? ვნახე შეფასებებიც, სადაც ამბობენ, რომ ესაა გარდამტეხი ეტაპი, მომენტი, როდესაც უპილოტო ტექნოლოგიებმა ტრადიციულ ტაქტიკას „უჩვენა“, რომ სწორედ მას ეკუთვნის მომავალი.

გენერალი მიკ რაიანი: მე უფრო ფრთხილი ვიქნები შეფასებებში - მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს უდავოდ იყო ერთ-ერთი ყველაზე გაბედული, მეტიც, თავხედური იერიში დრონებით, რაც კი ოდესმე გვინახავს. ეს აჩვენებს, რომ ომში სიურპრიზი, მეტოქის გაოცება კვლავაც შესაძლებელია – მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საპირისპიროს ამტკიცებს... მაგრამ ამას ჯერ კიდევ არ ვუწოდებდი „შემობრუნების წერტილს“. ეს უფრო ძახილის ნიშანია, კულმინაციაა - სამწლიანი ინოვაციის, კრეატიულობის და ომის ხელოვნების ევოლუციისა.

დრონები უდავოდ ცვლიან ომის ხასიათს. მაგრამ ვინც ამ ომს, ამ სამწლიან პროცესს თვალს ადევნებდა, ისედაც კარგა ხნის წინ მიხვდებოდა ამას. იმან, რაც შაბათ-კვირას მოხდა, უბრალოდ ხაზი გაუსვა ამ ცვლილებას – ყველასთვის ცხადი გახადა.

რადიო თავისუფლება: ანუ მათ, ვინც ამ ცვლილებებს თვალს არ ადევნებდა, ანაც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი – ახლა მათთვისაც გაიღო ფანჯარა, სადაც ომის მომავალს მოჰკრეს თვალი.

გენერალი მიკ რაიანი: ვფიქრობ, ასეა. დიახ, ვინც ამ გაკვეთილებს არ აქცევდა ყურადღებას, ან უბრალოდ მათ უგულებელყოფას ამჯობინებდა, მათთვის ეს მაღვიძარაა, გამოფხიზლების ზარია - იმის გასააზრებლად, რომ რაღაცები შეიცვალა, იცვლება და კვლავ შეიცვლება.

ევროპამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ უკრაინა არა მხოლოდ თანაგრძნობას იმსახურებს, არამედ ის, რომ უკრაინას აშკარად შეუძლია თავის დაცვა, ოდნავ მაინც თუ დაეხმარები...

რადიო თავისუფლება: ზემოთ ფსიქოლოგიური ეფექტი ახსენეთ. ჩამოვთვალოთ, რა ზიანი მიადგა რუსეთს - ფინანსური ზარალი $2-დან $7 მილიარდამდეა შეფასებული. დამატებით - უფრო სწორად კი, ალბათ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი – უკრაინამ მოიგო სტრატეგიული დრო და გადაარჩინა როგორც სამხედროების, ისე სამოქალაქო პირების სიცოცხლეები. აქვს თუ არა ამ ყველაფერს სიმბოლური დატვირთვაც?

გენერალი მიკ რაიანი: უპირობოდ. როგორც ვთქვი, ფსიქოლოგიური ზეგავლენა რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – მაგრამ იმდენადვე მნიშვნელოვანია უკრაინისთვისაც.

არ უნდა დაგვავიწყდეს: მაშინ, როცა უკრაინა ამ გაბედულ ოპერაციას ახორციელებდა, რუსეთიც, თავის მხრივ, ომის სამი წლის მანძილზე დიდი რაოდენობის დრონებით ბომბავდა უკრაინის ქალაქებს, მშვიდობიან მოქალაქეებსა და ინფრასტრუქტურას. უკრაინელი ხალხისთვის, რომლებსაც ყოველღამე უწევთ ამ სასტიკი იერიშების ატანა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ნახვა, რომ მათი ჯარი ახერხებს საპასუხო დარტყმას, თანაც როგორ დარტყმას! მათ სჭირდებათ განცდა, რომ უკრაინა „ხურდას აბრუნებს“, უკრაინა ისევ ბრძოლაშია.

ეს ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანია ევროპისთვისაც. ევროპამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ უკრაინა არა მხოლოდ თანაგრძნობას იმსახურებს, არამედ ის, რომ უკრაინას აშკარად შეუძლია თავის დაცვა, ოდნავ მაინც თუ დაეხმარები.

და, იქნებ, ამ ოპერაციამ ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოს ვაშინგტონზეც – განსაკუთრებით იმ ხალხზე, ვინც ან პირდაპირ უჭერს მხარს რუსეთს. ანაც ჰგონიათ, რომ უკრაინას შანსი არ აქვს. მათ უნდა დაინახონ, რომ რუსეთის გამარჯვება, რომელსაც პუტინი, უკვე რა ხანია, ჰპირდებათ, სულაც არ არის გარდაუვალი.

რადიო თავისუფლება: და რომ ზელენსკის მართლა აქვს კოზირები.

გენერალი მიკ რაიანი: ზელენსკის კიდევ ბევრი კოზირი აქვს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი უკრაინელი ხალხის – როგორც სამხედროების, ისე სამოქალაქოების – კრეატიულობა და ინოვაციური შესაძლებლობებია.

რადიო თავისუფლება: უკრაინის პრეზიდენტმა, სხვათა შორის, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ოპერაცია მხოლოდ უკრაინის დაგეგმვით განხორციელდა, გარე ჩარევის გარეშე. როგორ წავიკითხოთ ეს აქცენტის დასმა - დასავლეთი მართლაც საერთოდ არ იყო ჩართული? თუ ეს მხოლოდ კიევის ოფიციალური პოზიციაა?

გენერალი მიკ რაიანი: როდესაც ბოლოს უკრაინაში ვიყავი, ეს სწორედ იმ პერიოდში იყო, როცა აშშ-მა დაზვერვის მონაცემების გაზიარება შეწყვიტა – და ამან საკმაოდ ხელშესახები გავლენა იქონია, განსაკუთრებით კურსკის ფრონტზე. ეს იყო მეტი, ვიდრე უბრალოდ ტაქტიკური შეფერხება ან დროებითი ხარვეზი - ეს იყო ფსიქოლოგიური გამოფხიზლება. უკრაინელებმა ბოლოს და ბოლოს გააცნობიერეს, რამდენად შებოჭილები არიან აშშ-ის მიერ გაზიარებული მონაცემების გარეშე, როდესაც გრძელვადიან დარტყმებს გეგმავენ.

ამიტომაც დაიწყეს ამ მონაცემების ალტერნატიული წყაროების მოძიება – რადგან, ბუნებრივია, არ სურთ, რომ ვინმეს შეეძლოს მათ დარტყმებზე ვეტოს დადება. და თუ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო შეფერხებები, ფეხის თრევა და გაჭიანურებები, ახლა მათ უკვე სერიოზულად სჯერათ, რომ ტრამპის პირობებში ეს პროცესი უარესობისკენ წავა. და მიზეზიც საკმარისად აქვთ ამის საფიქრად.

ასე რომ, ეს კრიტიკული მნიშვნელობის ნაბიჯი იყო: მიზანმიმართული და დამოუკიდებელი დარტყმა და იმის დემონსტრირება, რომ შეუძლიათ ამის გაკეთება. მაგრამ ეს პრეცედენტსაც ქმნის – ამ მაგალითის ფონზე, ახლა სხვა ქვეყნებმაც შესაძლოა, სცადონ და მაქსიმალურად დამოუკიდებლად, გარე ჩარევის გარეშე დაიწყონ ასეთი შესაძლებლობების შეძენაზე მუშაობა, რადგან ეჭვი აქვთ, რომ ტრამპის პირობებში აშშ-ის დაზვერვა მათ საჭირო დროს არ გაუწევს დახმარებას.

რადიო თავისუფლება: პანდორას ყუთის ეფექტი.

გენერალი მიკ რაიანი: სწორედ ასეა. ბევრ ქვეყანას გაუჩნდა კითხვები, რომლებზეც პასუხს ჯერ ვერ პოულობენ. მაგრამ ფაქტია, რომ მრავალი მათგანი ცდილობს, აშშ-ზე დამოკიდებულება შეამციროს. ამ პროცესის ფონზე ევროპული თავდაცვის ინდუსტრია სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს – როგორც შეიარაღების, ასევე დაზვერვის თვალსაზრისით.

ეს უნდა იყოს პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელი პრეზიდენტი ასე მოექცა მოკავშირეს – და ეს უკვე ქმნის საშიშ პრეცედენტს...

რადიო თავისუფლება: აშშ-ის რეაქციაზეც ჩაგეკითხებით - პრეზიდენტ ტრამპის ბოლოდროინდელ საუბარში პუტინთან, თუ მისივე „ტვიტით“ ვიმსჯელებთ, არ ყოფილა არანაირი კრიტიკა რუსეთის მუქარაზე – რომ მათი მხრიდან „მძიმე პასუხი“ იქნება ამ ოპერაციაზე. ტრამპმა უბრალოდ დაწერა, რომ აი, პუტინმა ეს მითხრა, და ასეც მოხდება.

გენერალი მიკ რაიანი: წარსულში ამერიკელი პრეზიდენტები, რომლებსაც თავისუფალი სამყაროს ლიდერებად მივიჩნევდით, ღიად გმობდნენ დიქტატორებს, რომლებიც დემოკრატიებს თავს ესხმოდნენ. ისინი იცავდნენ ამ დემოკრატიებს. ეს აღარ ხდება. ტრამპმა, ფაქტობრივად, თქვა: „რა თქმა უნდა, პუტინი კიდევ დაესხმება თავს უკრაინას“, – და ამას ელემენტარული, ფორმალური დაგმობაც კი არ მოაყოლა. ეს უნდა იყოს პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელი პრეზიდენტი ასე მოექცა მოკავშირეს – და ეს უკვე ქმნის საშიშ პრეცედენტს იმისა, თუ როგორ ეკიდება აშშ თავის მოკავშირე დემოკრატიებს.

პუტინი თუ ტუჩებს ამოძრავებს, ე.ი. უკვე რაღაცას იტყუება...

რადიო თავისუფლება: როგორი იქნება პუტინის მხრიდან დაპირებული „შურისძიება“? მან თქვა, რომ აღარ არსებობს წითელი ხაზები. რას უნდა ველოდოთ?

გენერალი მიკ რაიანი: ვიცით, რომ პუტინი თუ ტუჩებს ამოძრავებს, ე.ი. უკვე რაღაცას იტყუება. განა რა განსხვავებაა მის დაპირებულ „შურისძიებასა“ და იმ ღამეებს შორის, როცა უკრაინის ქალაქებს 300-400 დრონი ეცემა? თვეში 2000-დან 4000-მდე დრონია. ვერ ვხედავ, რა უნდა ქნას განსხვავებული. ის ამ ყველაფერს უბრალოდ მორიგ საბაბად გამოიყენებს, რომ განაგრძოს თავდასხმები სამოქალაქოებზე და ინფრასტრუქტურაზე.

რადიო თავისუფლება: ანუ არ ფიქრობთ, რომ თვისებრივად ახალ დონეზე გადავა – თუნდაც ბირთვულზე? ზოგიერთმა უკვე შეადარა ეს თავდასხმა პერლ ჰარბორს. რამდენად გამართლებულია ასეთი ანალოგია?

გენერალი მიკ რაიანი: ყველაფერი, რაც აქამდე გააკეთა, იმაზე იყო მიმართული, რომ უკრაინელები გაეტეხა - და ფაქტია, რომ საწადელს ვერ მიაღწია, არ გამოუვიდა. ერთადერთი იარაღი, რაც ჯერ არ გამოუყენებია, ბირთვულია. მაგრამ თუ უკრაინელებს ჰკითხავთ, ისინი გეტყვიან – თუნდაც ბირთვული გამოიყენოს, არ დანებდებიან. მათთვის ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მეტი მათგანი მოკვდება, სანამ საბოლოოდ მაინც გაიმარჯვებენ.

არ ვფიქრობ, რომ პუტინი რაიმე შინაარსობრივად მნიშვნელოვან ესკალაციას შეძლებს – რაც უკრაინის წინააღმდეგ აქვს, უკვე ყველაფერს იყენებს.

ვიღაცამ კარგად თქვა: წარმოიდგინეთ, რომ აშშ-ს ერაყში შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ მხოლოდ ქვეყნის 15% რომ გაეკონტროლებინა და მილიონი ჯარისკაცი დაეკარგა. განა ვინმე სრულ ჭკუაზე მყოფი იტყოდა, რომ აშშ იგებს? არა. აი, ეს არის რუსეთის მდგომარეობა. პუტინი შეიძლება გარეგნულად თავდაჯერებულია, მაგრამ ვერ იმარჯვებს. ძნელი წარმოსადგენია, რა უნდა გააკეთოს, რომ შანსები გაიუმჯობესოს თავისი მაქსიმალისტური მიზნების მისაღწევად.

პუტინის „შურისძიება“ შეიძლება უკუქმედებად იქცეს და უარესი სირცხვილი აჭამოს...

რადიო თავისუფლება: ანუ არ ფიქრობთ, რომ რაიმე ჰოლივუდურ, მაიკლ ბეის სტილის, ეპიკური ძალის დემონსტრაციას მოაწყობს – თუნდაც ტაქტიკური ბირთვული დარტყმით, რომ ხაზი გაუსვას, რა ელით მათ, ვინც რუსეთს ეურჩება?

გენერალი მიკ რაიანი: შეიძლება სცადოს კიდეც, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რადგან თავადაც მშვენივრად უწყის, რომ თუკი რაიმე წითელი ხაზი ჯერ კიდევ არსებობს ნატოში – ის მყისიერად გაუქმდება. ტრამპსაც მოუწევს რეაგირება, და ვფიქრობ, ამერიკელი ხალხი და კონგრესიც მოითხოვენ უკრაინის მკვეთრ მხარდაჭერას.

შეიძლება სცადოს ფართომასშტაბიანი ავიაიერიშები, მაგრამ ეს მხოლოდ გაზრდის მის მოწყვლადობას უკრაინული საჰაერო თავდაცვის მხრიდან. ასე რომ, მისი „შურისძიება“ შეიძლება უკუქმედებად იქცეს და უარესი სირცხვილი აჭამოს. ამიტომაც მოუწევს ძალიან ფრთხილად იმოქმედოს.

„ობობას ქსელი“ მხოლოდ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინის გზავნილს: ჩვენ თავისუფლები ვართ, და გვსურს, თავისუფლებივე დავრჩეთ...

არ ველოდები რაიმე გარდამტეხი მნიშვნელობისა და მასშტაბის პასუხს – მაგრამ ვფიქრობ, რომ რეაგირების გარეშე ამ ინციდენტს არ და ვერ დატოვებს. პასუხი იქნება, და სამწუხაროდ, ეს პასუხი, ალბათ, უმეტესად კვლავაც უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე აისახება.

რადიო თავისუფლება: და ბოლოს – „ობობას ქსელმა“ უკრაინის პოზიცია მოლაპარაკებებში გაამაგრა? თუ პირიქით – კიდევ უფრო დავშორდით ომის მშვიდობიან დასრულებას?

გენერალი მიკ რაიანი: მშვიდობა ისედაც ძალიან შორეული პერსპექტივა იყო. პუტინს მიზნები არ შეუცვლია – ისინი კვლავ მაქსიმალისტურია: უკრაინის დაპყრობა, მისი სუვერენიტეტის განადგურება. „ობობას ქსელი“ მხოლოდ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინის გზავნილს: „ჩვენ თავისუფლები ვართ, და გვსურს, თავისუფლებივე დავრჩეთ. ჩვენ არ დავნებდებით.“

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG