2022 წლის თებერვლის ანუ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა რუსი ჩინოვნიკების, სამხედრო ხელმძღვანელებისა და მსხვილი სახელმწიფო კომპანიების მმართველების ცხოვრებაში.
თვითმკვლელობების, საეჭვო უბედური შემთხვევების, ხმაურიანი დაპატიმრებების ფიგურანტები ხშირ შემთხვევაში არიან როგორც რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მსხვილი სახელმწიფო და კერძო კომპანიების (მათ შორის „გაზპრომი“, „ლუკოილი“, „ტრანსნეფტი“) ტოპ-მენეჯერები.
7 ივლისს რუსული სახელმწიფო მედიიდან გაირკვა, რომ თავი მოიკლა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, რომან სტაროვოიტმა, რომლის ცხედარი ოდინცოვოს რაიონში მინისტრის ავტომობილში აღმოაჩინეს.
გავრცელებულ კადრებში სტაროვოიტის ავტომობილი ცარიელია, ცხედარი კი რამდენიმე მეტრში, ბუჩქებს შორის აგდია. როგორც რუსული მედია წერს, ეს არის რუსეთის მთავრობის წევრის თვითმკვლელობის პირველი შემთხვევაა 1991 წლის ე.წ. ГКЧП-ის პუტჩის შემდეგ: 1991 წლის 22 აგვისტოს სსრკ შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, ბორის პუგომ, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა, ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თვითონ მოიკლა თავი ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით.
რუსეთის ფედარაციის ტრანსპორტის მინისტრად დანიშვნამდე რომან სტაროვოიტი 2018-2024 წლებში კურსკის ოლქს ხელმძღვანელობდა. 2024 წელს სტაროვიოტი გუბერნატორის თანამდებობაზე შეცვლა ალექსეი სმირნოვმა, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სასაზღვრო ზონაში „დრაკონის კბილების“ - დამცავი ზღუდეებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების - მშენებლობის პროექტიდან დიდძალი თანხების მითვისების ბრალდებით.
„რომან სტაროვოიტის თვითმკვლელობამ ჩვენც შოკში ჩაგვაგდო, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებისთვის 8 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, - "ამან შეუძლებელია შოკში არ ჩააგდოს ნორმალური ადამიანები“.
პესკოვის თქმით, პუტინს მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა. „რა თქმა უნდა, ამ ტიპის ინფორმაცია ყოველთვის ტრაგიკული და სამწუხაროა“, - განაცხადა მან.
მოქმედი მინისტრის სუიციდი?
რომან სტაროვოიტის სახელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 2012 წელს, როდესაც ის „როსავტოდორის“ („რუსეთის საავტომობილო გზების“) ხელმძღვანელად დაინიშნა. მანამდე სტაროვოიტი მთავრობის აპარატში მუშაობდა - რეფერენტად, შემდეგ კი მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. რუსეთში კორუფციის მკვლევრები სტაროვოიტის დაწინაურებას უკავშირებენ ძმებ როტენბერგების მფარველობას. სანქტპეტერბურგელი მილიარდერები, არკადი და ბორის როტენბერგები პუტინის ახლო წრის წევრებად მიიჩნევიან.
„როსავტოდორის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნისას სტაროვოიტი მონაწილეობდა რუსეთის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების (სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული ობიექტები, ძირითადი სატრანსპორტო კვანძები და მაგისტრალები და ა.შ.) ბიუჯეტების განაწილებაში, რაც უზარმაზარ თანხებთან და სარფიან, კორუფციულ გარიგებებთან იყო დაკავშირებული. სწორედ სტაროვოიტი ხელმძღვანელობდა ყირიმში საგზაო ინფრასტრუქტურის (მათ შორის ყირიმის ხიდის) მშენებლობის პროექტებს.
მინისტრობამდე სტაროვოიტი კურსკის ოლქის გუბერნატორი იყო. 2022 წლის თებერვლის შემდეგ კურსკი ფრონტისპირა რეგიონად იქცა, რის გამოც დაიწყო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკრაინისგან დაცვის მიზნით, თუმცა 2024 წლის 6 აგვისტოს, როცა უკრაინის შეიარაღებული ჯარები შეიჭრნენ კურსკის ტერიტორიაზე, გაირკვა, რომ კურსკის ოლქში მდგრადი თავდაცვითი ინფრასტრუქტურა არ აშენებულა.
პასუხისგებაში მისცეს როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები. სტაროვიტი ამ დროისათვის უკვე ტრანსპორტის მინისტრად იყო გადაყვანილი ფედერალურ მთავრობაში, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მისი ყოფილი მოადგილისა და იმ დროისათვის მოქმედი გუბერნატორის, სმირნოვის წინააღმდეგ, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, დანაშაულებრივმა სქემამ მუშაობა სწორედ სტაროვიტის ხელში დაიწყო, „დრაკონის კბილები“ - სწორედაც რომ მისი პროექტი იყო.
კორუფციის მკვლევრების ნაწილის თქმით, სტაროვოიტის გარდაცვალების ისტორია ძალიან ჰგავს რუსული ნავთობისა და გაზის კერძო და სახელმწიფო კომპანიების ტოპ მენეჯერების აღსასრულს.
„ასეთ პარალელს მარტივი მიზეზის გამო ვავლებ, - ეუბნება გამოცემა Meduza-ს ანტიკორუფციული ექსპერტი ილია შუმანოვი, - აქაც გარდაცვალების გარემოებები სავსეა იდუმალებით. ჩვენ ვხედავთ საეჭვო დეტალებს: ფანჯრებიდან ხტებიან საღ აზრზე მყოფი ადამიანები. ფხიზელ, ფსიქიკურად სტაბილურ ადამიანებს მოულოდნელად გაურბით ხელი იარაღისკენ ან უეცრად უჩერდებათ გული და შემდეგ მათ თავიანთ კაბინეტებში ნახულობენ გარდაცვლილებს. ამასთან, ეს არის არა ცალკეული ისტორიები, არამედ ესაა შემთხვევათა მთელი რიგი. ამიტომ, შეუძლებელია მათი ახსნა სტრესის მაღალი დონით. ლოგიკის თვალსაზრისით, ეს პროცესები უჩვეულოდ გამოიყურება“.
შუმანოვის თქმით, სტაროვოიტის შემთხვევაში სახეზეა მოვლენათა ჯაჭვი: სამშენებლო კორპორაციის ხელმძღვანელი ლუკინი აძლევს ჩვენებას გუბერნატორ სმირნოვის წინააღმდეგ, ხოლო გუბერნატორი სმირნოვი, სავარაუდოდ, ჩვენებას აძლევს სტაროვოიტის წინააღმდეგ. სტაროვოიტიც სავარაუდოდ არ არის ამ ჯაჭვის ბოლო რგოლი.
„ლოგიკურია, რომ მას შეეძლო ლაპარაკი უმაღლეს რგოლზე - როტენბერგებზე ან სხვა ფედერალურ მოთამაშეებზე. რისკის ასეთმა მაღალმა დონემ პოტენციურად შესაძლოა გამოიწვიოს მკვლელობა, რომელიც შეინიღბება იმიტირებული თვითმკვლელობით. ცხადია, რომ ნათქვამში ბევრი შეთქმულების თეორიაა...
სტაროვოიტი იყო როტენბერგების ახლო წრიდან, რომელსაც, კორპორაციულ-კლანური ადმინისტრირების ყველა კანონის თანახმად, თავისი კაცი უნდა შეენარჩუნებინა მინისტრის თანამდებობაზე და დაეცვა ის. ეს არის ამოცანა, რომელიც უნდა შეესრულებინათ კლანის ლიდერებს, ანუ იმათ, ვინც კორუფციული რენტის განაწილებაში მონაწილეობენ და, ვისაც წვდომა აქვთ პრეზიდენტთან. თუმცა ისინი ამ ამოცანას ვერ გაუმკლავდნენ“, - ამბობს ილია შუმანოვი.
თეორიულად სტაროვოიტს მართლაც შეეძლო თავის მოკვლა პირადი გარემოებების გამო, რომლებიც, როგორც რუსული მედია წერს, დაკავშირებული იყო განქორწინებასთან, ალკოჰოლის მოხმარებასთან, დეპრესიასთან და ა.შ. გარდა ამისა, შესაძლოა მას თვითმკვლელობისკენ უბიძგა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულმა სირთულეებმაც, რადგან ის სმირნოვის სისხლის სამართლის საქმეში მოწმედ გადიოდა. ცხადია, ეს ყველაფერი მსხვილ ლაქებს დაამჩნევდა მის კარიერას, რაც ფედერალურ გზაზე მის წინსვლას დაბლოკავდა. ასეთი სტრესის ქვეშ მყოფ ადამიანს კი, რომელსაც ტაბელური იარაღი აქვს, მართლაც შეეძლო თავის მოკვლა.
თუმცა როგორც ანტიკორუფციული ექსპერტი, ილია შუმანოვი ამბობს, ასეთ შემთხვევაში საჭიროა გარკვეული, დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა:
„ვიცით, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ოპონენტების განადგურება და შემდეგ ბუნებრივი სიკვდილის იმიტირება. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებიც სისტემის შიგნით მუშაობენ და საფრთხეს უქმნიან მას. ცხადია, ესაა ოფიციალური ვერსიის არდაჯერების მთავარი არგუმენტი, რომლის გასაქარწყლებლად საჭიროა დამაჯერებელი მტკიცებულებები. თუმცა სავარაუდოდ, არანაირი მტკიცებულებები არ იქნება, ისევე როგორც არ იყო სახელმწიფო და კერძო ნავთობისა და გაზის კომპანიების ტოპ-მენეჯერების იდუმალებით მოცული გარდაცვალებების შემთხვევებში“.
როგორც მიმომხილველები ამბობენ, რომან სტაროვოიტს ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ: ამბობდნენ, რომ ფედერალურ მთავრობაში გადასვლის შემდეგ, მას მალე ვიცე-პრემიერის ან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს (დუმის) კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე განაწესებდნენ. როტენბერგები აქტიურად მფარველობდნენ მას. მილიარდერმა ძმებმა დიდძალი რესურსები ჩადეს სტაროვოტში, რომელიც, თავის მხრივ, ერთგულად უბრუნებდა ვალს, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქში შეჭრის ისტორიამ ყველა გეგმა თავდაყირა დააყენა. ილია შუმანოვის თქმით, ასეთი ჩავარდნის დასაძლევად როტენბერგებიც კი უძლური აღმოჩნდნენ.
სხვა მოხელეები, რომლებმაც წასვლა გადაწყვიტეს
2022 წლიდან რუსეთში სამთავრობო უწყებებთან დაკავშირებულ თანამდებობის პირებს შორის თვითმკვლელობის რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ქვემოთ მოცემულია ყველაზე ცნობილი ეპიზოდების სია, რომლებიც აღიარებულია ან სავარაუდოდ კლასიფიცირებულია, როგორც თვითმკვლელობა:
ვლადიმირ მაკაროვი - რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსტრემიზმთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს (ცენტრი „Э“) ყოფილი უფროსი.
პოლიციის გენერალ-მაიორის ცხედარი სოფელ გოლიკოვოს აგარაკზე, 2023 წლის 13 თებერვალს ნახეს. გამოძიების ვერსიით, მაკაროვმა თავი მოიკლა „ბერკუტ-2M“ კარაბინით იმ დროს, როდესაც მისი ცოლი სახლში იმყოფებოდა. ქალმა შვილს დაურეკა, რომელმაც სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა გენერლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
2023 წლის იანვარში ვლადიმირ პუტინმა გენერალი მაკაროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. Telegram-არხ „ВЧК-ОГПУ“-ს ცნობით, მაკაროვი, რომელიც ოპოზიციონერებსა და ურჩ ჟურნალისტებზე „ნადირობის“ მთავარ ორგანიზატორად მიიჩნეოდა, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა. როგორც რუსული მედია წერდა, გარდაცვლილის ნათესავების განმარტებით, უმუშევრად დარჩენილ გენერალს ნერვული აშლილობა განუვითარდა.
პოლიციის პოლკოვნიკ ალექსეი ტრიფონოვის თქმით, გენერალი მაკაროვი იდგა ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის შექმნის სათავეებთან:
„მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება პოლიციის სამსახურში გაატარა. ის სისტემის ნაწილი იყო და სისტემით ცხოვრობდა. ის თვითონ იყო სისტემა“.
ცენტრი „Э“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულია, რომლის თანამშრომლებს რეგულარულად ადანაშაულებენ სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტების დევნაში, დაკავებულთა წამებასა და ოპოზიციის დათრგუნვაში.
მარინა იანკინა - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთის სამხედრო ოლქის ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი. 2023 წლის 15 თებერვლის დილას იანკინას ცხედარი ნახეს საცხოვრებელი სახლის ფანჯრებს ქვემოთ. საერთო აივანზე, მე-16 სართულზე, პოლიციას დახვდა გარდაცვლილის დოკუმენტები და პირადი ნივთები. როგორც მედია წერდა, გამოძიება ძირითად ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომდე მარინა იანკინა მუშაობდა რუსეთის ფედერალურ საგადასახადო სამსახურში, ასევე იკავებდა სანქტ-პეტერბურგის ქონებრივი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.
არტურ პრიახინი - რესპუბლიკა კარელიის ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელი. ჩინოვნიკის ცხედარი 2025 წლის 4 თებერვალს დილით, კარელიის ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის ადმინისტრაციის შენობასთან იპოვეს. ინციდენტი დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა.
გარდაცვალების მთავარ ვერსიად დასახელდა თვითმკვლელობა. პრიახინმა კაბინეტში დატოვა წერილი, რომელშიც მეუღლეს ბოდიშს უხდიდა და სთხოვდა, რომ მის სიკვდილში არავინ დაედანაშაულებინა.
რუსი ჩინოვნიკი 56 წლის იყო. ის კარელიის ოლქის ანტიმონოპოლიურ სამსახურს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა.
როგორც ანალიტიკოსები შენიშნავენ, მაღალი თანამდებობის მქონე ჩინოვნიკებისა და მენეჯერების თვითმკვლელობის მიზეზები ოფიციალურად არასოდეს სახელდება, თუმცა ექსპერტების ვარაუდით მათ სუიციდს იწვევს:
- ზეწოლა სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით
- თანამდებობიდან გათავისუფლება
- გავლენისა და სტატუსის დაკარგვა
რუსეთის საზოგადოებრივ სტრუქტურაში თანამდებობისა და სტატუსის დაკარგვა სერიოზული განსაცდელია, რადგან რუსეთის ხელისუფლების ვერტიკალში თანამდებობა არა მხოლოდ შემოსავლის წყარო, არამედ უსაფრთხოების გარანტიაცაა. გათავისუფლების შემდეგ, თანამდებობის პირები კარგავენ ე.წ. სახურავს, რესურსებზე წვდომასა და პრივილეგიებს.
ასევე ანგარიშგასაწევია ფსიქოლოგიური და სხვა სახის წნეხი, რომელსაც ხელისუფლების ან უშიშროების სამსახურები ახდენენ სისტემიდან გარიყული პირების მიმართ. ცნობილია, რომ 2022 წლის ანუ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთში სისტემატურად მიმდინარეობს გაძლიერებული შიდა წმენდები და შემოწმებები, რომლებსაც ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურები ატარებენ. ხშირად, თანამდებობის პირები „მორალურად იმსხვრევიან“ აღიარებითი ჩვენებების ხელმოწერამდე ან დაპატიმრების წინა დღეს. წამების, შანტაჟის ან ზეწოლის შიშს „მხილებული მოხელეების“ ნაწილი სასოწარკვეთილ ნაბიჯამდე მიჰყავს.
როგორც ანალიტიკოსები შენიშნავენ, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ელიტების შიდა კონფლიქტები, რომელთა ფარგლებშიც ზოგიერთი შემთხვევა შეიძლება შენიღბული იყოს თვითმკვლელობად, რეალურად კი ადგილი ჰქონდეს ელიტებს შორის მიმდინარე ბრძოლაში მომხდარ მკვლელობას. ამგვარი ეჭვის საფუძველს იძლევა უეცარი „გულის გაჩერებები“ და გახშირებული „თვითმკვლელობები“ ფანჯრებიდან გადახტომის, გადავარდნის, თავის ჩამოხრჩობის სახით და ისეთ პირობებში, როცა არც წერილია დატოვებული და არც სხვა დამაჯერებელი არგუმენტი არსებობს. ასეთ შემთხვევებში თვითმკვლელობა მხოლოდ ოფიციალური ვერსიაა, რომელიც ეჭვებს ბადებს. ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები და ექსპერტები მიუთითებენ რამდენიმე გარემოებაზე:
- დროში დამთხვევებზე (მასობრივი სიკვდილიანობა მოკლე პერიოდში)
- კორუფციასთან ან სამხედრო საქმეებთან კავშირზე
- გამოძიების საეჭვო ვერსიებზე
როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, ბოლო წლებში რუს ჩინოვნიკებში თვითმკვლელობების (ან იმიტირებული თვითმკვლელობების) რიცხვის ზრდა, სავარაუდოდ, გამოწვეულია შემდეგი ფაქტორების კომბინაციით:
- სისხლისსამართლებრივი დევნა
- თანამდებობის დაკარგვა
- ვერტიკალური ძალაუფლების სტრუქტურა
- დამოუკიდებელი სასამართლოსა და დაცვის უფლების არარსებობა
- პოლიტიკური ბრძოლა
- მკვლელობა, რომელიც თვითმკვლელობად არის შენიღბული
ცუდი დრო მენეჯერებისთვის
შთამბეჭდავია 2022 წლიდან რუსეთში საეჭვო ან გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი სახელმწიფო კომპანიების თანამდებობის პირებისა და ხელმძღვანელების სია:
ანდრეი ბადალოვი - ტრანსნეფტის ვიცე-პრეზიდენტი, 62 წლის. 2025 წლის 4 ივლისს მოსკოვში, მე-17 სართულის ფანჯრიდან გადავარდა. გამოძიების ვერსიით, ბადალოვმა თვითმკვლელობა ჩაიდინა. როგორც რუსული მედია წერს, ბადალოვის შემთხვევა იყო რიგით მე-12 „თვითმკვლელობა“ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ტოპ-მენეჯერთა შორის 2022 წლის შემდეგ.
რავილ მაგანოვი - ლუკოილის თავმჯდომარე, 67 წლის. 2022 წლის 1 სექტემბერს ის მოსკოვში, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა. ოფიციალური ვერსია: ავადმყოფობა/თვითმკვლელობა.
მიხაილ როგაჩოვი - „იუკოსისა“ და „ნორილსკ ნიკელის“ ყოფილი ტოპ მენეჯერი, 64 წლის. 2024 წლის ოქტომბერში მოსკოვში მე-10 სართულის ფანჯრიდან გადავარდა. გამოძიების თანახმად, როგაჩოვმა თავი მოიკლა.
ვიტალი რობერტუსი - „ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტი, 58 წლის. 2024 წლის 13 მარტი, მოსკოვის ოფისში იპოვეს ჩამოხრჩობილი; ოფიციალური ვერსია: თვითმკვლელობა.
ლეონიდ შულმანი და ალექსანდრე ტიულიაკოვი - „გაზპრომის“ ტოპ მენეჯერები, 2022 წლის იანვარსა და თებერვალში გარდაცვლილები (ჩამოხრჩობილები) იპოვეს. გამოძიებამ ამ საქმეშიც თვითმკვლელობის უტყუარი ნიშნები დაინახა.
- საჯარო მოხელეები, მოსამართლეები და პროკურორები
არტემ ბარტენევი - ფედერალური მოსამართლე (კიროვის ოლქი, ყაზანი), 42 წლის - 2023 წლის ივნისი, იპოვეს გარდაცვლილი მე-12 სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ.
პიოტრ კუჩერენკო - მეცნიერების მინისტრის მოადგილე, 46 წლის. 2023 წლის მაისს გარდაიცვალა კუბიდან რუსეთში მიმავალ თვითმფრინავში; ოფიციალური დიაგნოზი: უეცარი ავადმყოფობა.
ანდრეი ფომინი - ჩუვაშეთის პროკურორი, 57 წლის. დაიხრჩო 2023 წლის 1 ივლისს ვოლგაში ცურვისას; კლასიფიცირებულია, როგორც უბედური შემთხვევა, მაგრამ შედის საეჭვო გარდაცვალებათა ზოგად სტატისტიკაში.
ნატალია ლარინა - მოსკოვის ტაგანკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 50 წლის. 2024 წლის ივნისში გადმოვარდა თავისი ბინის ფანჯრიდან; დატოვა წერილი, თუმცა, როგორც რუსული მედია წერს, გარემოებები აქაც საეჭვოა.
დასავლური გამოცემებიც იკვლევენ, თუ რატომ იღუპებიან რუსი ოლიგარქები და ტოპ-მენეჯერები ამგვარი უცნაური სიხშირით. ცოტას თუ ვინმეს სჯერა უბედური შემთხვევებისა და თვითმკვლელობის ვერსიებისა. ყველა ამ შემთხვევას უკვე უწოდეს „უეცარი გარდაცვალების რუსული სინდრომი“, რომელმაც უკვე შეიწირა მსხვილი რუსული კომპანიების რამდენიმე ათეული მენეჯერი, მათ შორის:
- გაზის კომპანიის მენეჯერი
- ძეხვის მაგნატი
- გემთმშენებელი ქარხნის დირექტორი
- ავიაციის ჩინოვნიკი
- რკინიგზის მაგნატი
ფორუმი