Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ დაიცვა ელექტრონულმა სამაჯურმა ქალი ყოფილი ქმრისგან, რომელმაც მისი მოკვლა სცადა? - შსს დუმს


„ბრალდებული დაკავებული არ არის. ეშინია, რომ ის კვლავ შეეცდება მის მოკვლას. ამბობს, რომ დაუცველად გრძნობს თავს"...
„ბრალდებული დაკავებული არ არის. ეშინია, რომ ის კვლავ შეეცდება მის მოკვლას. ამბობს, რომ დაუცველად გრძნობს თავს"...

ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ორი კვირის წინ, ოქტომბრის ბოლოს, ყოფილ ცოლს, ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, 11 ჭრილობა მიაყენა, ჯერაც თავისუფალია. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ექიმებმა გადაარჩინეს. ის მკურნალობას განაგრძობს და ადვოკატს ეუბნება, რომ თავს დაუცველად გრძნობს.

რადიო თავისუფლებას შსს-ში უთხრეს, რომ ყოფილი ცოლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისა და ადევნების ფაქტზე ბრალდებული კაცის სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

რა მოხდა 31 ოქტომბერს ლილოში?

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, ე.წ. დრაივის ჯიხურში მუშაობდა, 31 ოქტომბერს, საღამოს 7 საათისთვის დაჭრა ყოფილმა ქმარმა.

მან ცივი იარაღის გამოყენებით, ყელისა და გულმკერდის არეში, 11 ჭრილობა მიაყენა ქალს და ადგილიდან მიიმალა.

ქალი კლინიკიდან უკვე გამოწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას სახლში აგრძელებს.

ელისო რუხაძე, იურისტი და უფლებადამცველი, ახალგაზრდა ქალს 12 ნოემბერს, ვიდეოზარის საშუალებით ელაპარაკა და მას იურიდიული კონსულტაცია გაუწია.

ელისო რუხაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ქალი ახლა მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ებრძვის, აქვს შიშები და მასთან მხოლოდ დისტანციურ კომუნიკაციას დათანხმდა. მედიასთან საუბარზე უარს ამბობს:

„ბრალდებული დაკავებული არ არის. ეშინია, რომ ის კვლავ შეეცდება მის მოკვლას. ამბობს, რომ დაუცველად გრძნობს თავს, რადგან სახლთან სამართალდამცავები არ დაუნახავს“.

ელისო რუხაძე დაზარალებულ ქალზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბრალდებულსა და მსხვერპლზე ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კაცი ატარებდა ელექტრონულ სამაჯურს.

მისივე ინფორმაციით, კაცი, სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის მუხლით, 2024 წლიდან იყო მსჯავრდებული, თუმცა, პენიტენციური დაწესებულება დროზე ადრე, რამდენიმე თვის წინ, დამცავი ორდერისა და ელექტრონული ზედამხედველობის თანხლებით დატოვა:

ელისო რუხაძე, იურისტი და უფლებადამცველი
ელისო რუხაძე, იურისტი და უფლებადამცველი

„ცოლზე ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ერთ-ერთი ბოლო ძალადობის შემდეგ, როდესაც კაცმა მას ტუჩი გაუხეთქა, კბილები დაუზიანა და ქალი რამდენიმე ხნის განმავლობაში იწვა საავადმყოფოში, ეს ადამიანი დააკავეს და 2024 წელს მოხვდა პენიტენციურ დაწესებულებაში. სამწუხაროდ, ქალმა არ იცის, რა მუხლით გაასამართლეს ის, რადგან არანაირი დოკუმენტი და ინფორმაცია არ აქვს.

განაჩენი გამოტანილია 2024 წელს, თუმცა, მან პენიტენციური დაწესებულება, სავარაუდოდ, ამნისტიის საფუძველზე, დროზე ადრე, რამდენიმე თვის წინ დატოვა. ქალი ამბობს, რომ კაცს ჰქონდა გამოწერილი როგორც დამცავი ორდერი, ისე ელექტრონული სამაჯური“.

ელისო რუხაძეს დაზარალებულმა ქალმა უთხრა, რომ ყოფილი ქმარი, რომელიც ახლა მართლმსაჯულებას ემალება, მასთან 31 ოქტომბრამდეც მივიდა. ამის შესახებ ქალმა პოლიციასაც შეატყობინა, თუმცა „მას გაჩუმება ურჩიეს“:

„ამბობს, რომ დაჭრამდე ცოტა ხნით ადრეც მივიდა მასთან ყოფილი ქმარი. მითხრა, რომ მას მაშინ ეკეთა ელექტრონული სამაჯური. თავად იმ დღეს კი, როდესაც დაჭრა, ვეღარ იხსენებს, ეკეთა თუ არა სამაჯური.

მისივე თქმით, როდესაც კაცმა პირველად მიაკითხა, ურჩიეს, რომ ამაზე არ ესაუბრა. ურჩია როგორც გარემოცვამ, ისე შსს-მ. ქალი ირწმუნება, რომ როდესაც კაცი პირველად მივიდა მასთან, ამის შესახებ შსს-ს შეატყობინა, თუმცა, პოლიციამ უთხრა, რომ გავესაუბრებით, რომ აღარ მოგიახლოვდესო და ამით ამოიწურა ინციდენტი“.

რაც შეეხება მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან სავარაუდოდ დროზე ადრე გათავისუფლებას, ელისო რუხაძე ამბობს, რომ ეს ქალის თანხმობით მოხდა:

„ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულებს ამნისტია ეხებათ იმ შემთხვევაში, თუკი მსხვერპლი ამაზე თანხმობას განაცხადებს. ქალი ამბობს, რომ ყოფილი ქმარი ციხიდან ემუქრებოდა, რომ თუ არ დათანხმდებოდა მის დროზე ადრე გამოშვებას, გაუსწორდებოდა. ამიტომ ქალს შეეშინდა და დათანხმდა, რომ გაეთავისუფლებინათ. თუკი ოფიციალურად ჩავერთვები ამ საქმეში, ყველა დოკუმენტს გამოვითხოვ და შემდეგ უკვე მექნება საშუალება, რომ მეტ დეტალზე ვისაუბრო“, - ამბობს ელისო რუხაძე.

რატომ დუმს შსს?

  • იყო თუ არა ახალგაზრდა კაცი ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ დანაშაულის ჩადენისას?
  • თუკი ახალგაზრდა კაცი ატარებდა ელექტრონულ სამაჯურს, რატომ ვერ მოხდა დანაშაულის პრევენცია?
  • რატომ ვერ მოახერხა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრმა მსხვერპლის დროული გაფრთხილება?
  • რატომ ვერ შეაჩერა სპეციალურმა ეკიპაჟმა დამნაშავე, სანამ ის მსხვერპლთან მივიდოდა?


რადიო თავისუფლების ამ კითხვებს შინაგან საქმეთა სამინისტროში, იმ უწყებაში, რომელიც ელექტრონულ მონიტორინგზეა პასუხისმგებელი, არ პასუხობენ. გვეუბნებიან, რომ „ინფორმაციას ამოწმებენ“. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, რომ კაცი ელექტრონულ სამაჯურს ატარებდა.

უკვე რამდენიმე დღეა მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 30 წლის კაცი, რომელმაც ყოფილ ცოლს ცივი იარაღით 11 ჭრილობა მიაყენა და მიიმალა, ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ანუ მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა. ელექტრონულ მეთვალყურეობას ადასტურებს დაჭრილი ქალიც.

ეკეთა თუ არა თავდამსხმელს ელექტრონული სამაჯური, ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს არ სჭირდება არც რამდენიმე საათი და მით უმეტეს, არც რამდენიმე დღე, რადგან ელექტრონული მონიტორინგი ყოველწლიურად მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე ხორციელდება.

ელექტრონული სამაჯურების სტატისტიკა

ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, რომელიც 112-ში 2020 წლიდან ფუნქციონირებს, 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს „ქალთა მიმართ ძალადობის ანდა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ზედამხედველობას.

  • 2020-21 წლებში ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესდა 20-ზე მეტ მოძალადეს.
  • 2022 წელს ეს რიცხვი კიდევ უფრო ნაკლები იყო.
  • 112-ის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდა 104 ადამიანზე.
  • 2024 წელს ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესდა 89-ს.
  • 2025 წლის მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.


საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, 112-ის 2024 წლის წლიური ანგარიშის თანახმად, 2020 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესდა 232 მოძალადეს.

რა არის ელექტრონული ზედამხედველობა და როდის შეიძლება გაუკეთდეს ის მოძალადეს?

კანონმდებლობა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწყებისა და განხორციელების შესახებ, საქართველოში 2020 წლის პირველი სექტემბრიდან მოქმედებს. პირველი ელექტრონული სამაჯური მოძალადის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონის ამოქმედებიდან 12 დღეში, 2020 წლის 12 სექტემბერს გამოიყენა.

ელექტრონული ზედამხედველობის აღჭურვილობა - ელექტრონული სამაჯური, ორი გადამცემი
ელექტრონული ზედამხედველობის აღჭურვილობა - ელექტრონული სამაჯური, ორი გადამცემი

ელექტრონული ზედამხედველობა არის პოლიციელის მიერ დაწესებული ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიება, რომელიც აკონტროლებს მოძალადის მსხვერპლთან მიახლოებას.

ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას და ასევე შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს.

ელექტრონული ზედამხედველობა წყდება შემაკავებელი ორდერის, ანუ 30-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.

ელექტრონული ზედამხედველობა წესდება განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე და ამასთანავე, ელექტრონულ ზედამხედველობაზე მსხვერპლის თანხმობა. ძალადობის განმეორების საფრთხეს პოლიციელი აფასებს რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების გადაწყვეტილების შემდეგ, რომელსაც აუცილებლად უნდა ახლდეს მსხვერპლის თანხმობაც (წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედამხედველობა არ წესდება), მხარეები, მსხვერპლიცა და მოძალადეც, აღიჭურვებიან შესაბამისი მოწყობილობებით. მოძალადეს წვივზე უმაგრდება ელექტროსამაჯური და ამასთანავე გადაეცემა მიმღები მოწყობილობა. მსგავსი ტიპის მიმღები მოწყობილობა გადაეცემა მსხვერპლსაც.

ელექტრონული მეთვალყურეობა ხორციელდება 112-ში არსებულ ელექტრონული მონიტორინგის ცენტრში. ადამიანთა ჯგუფი, მორიგეობით, 24 საათის განმავლობაში ადევნებს თვალს მონიტორს და იმ შემთხვევაში, თუკი მსხვერპლსა და პოტენციურ მოძალადეს შორის მანძილი 500 მეტრამდე მცირდება, მონიტორინგის ცენტრი აფრთხილებს მოძალადეს, დაუყოვნებლივ დაიხიოს უკან.

თავის მხრივ, მსხვერპლის მიმღები აპარატი ითვლის მსხვერპლსა და მოძალადეს შორის არსებულ დისტანციას და მსხვერპლს განგაშის სიგნალის მეშვეობით ატყობინებს მოძალადის მოახლოებას.

მსხვერპლის მიმღებ აპარატს აქვს დახმარების (SOS) ღილაკის ფუნქცია. დახმარების ღილაკის გააქტიურების შემთხვევაში, განგაშის სიგნალი იგზავნება ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში.

სწორედ ამ ლოგიკითაა გათვლილი საგანგაშო და ბუფერული ზონებიც, რომ პოლიციამ ადგილზე მისვლა და დანაშაულის პრევენცია მოასწროს.

საგანგაშო ზონად 100-მეტრიანი რადიუსი ითვლება. 100-მეტრიდან 500 მეტრამდე რადიუსი კი ბუფერული, ანუ დაცვის გარე ზონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი 500-მეტრიან რადიუსში შედის პოტენციური მოძალადე, მონიტორინგის ცენტრი ამას უკვე ხედავს:

გოგა ხატიაშვილი, იურისტი და უფლებადამცველი
გოგა ხატიაშვილი, იურისტი და უფლებადამცველი

„ეს სისტემა გათვლილია არა მხოლოდ განზრახ მიახლოების მეთვალყურეობისთვის, არამედ, მაგალითად, როდესაც საჯარო სივრცეში ხდება შემთხვევითი მიახლოება. პირობითად, მოძალადე შევიდა ბუფერულ, 500-მეტრიან რადიუსში. მონიტორინგის ცენტრი უკავშირდება მოძალადეს და ეუბნება, რომ უკან დაიხიოს, აღარ გააგრძელოს გზა წინ. იმ შემთხვევაში, თუკი ის ამ მოთხოვნას არ ემორჩილება, მონიტორინგის ცენტრი გადასცემს შსს-ს უფლებამოსილ ორგანოს ინფორმაციას, რომ დაუყოვნებლივ გავიდეს ადგილზე პოლიციის ეკიპაჟი“, - ეუბნება ეუბნება რადიო თავისუფლებას გოგა ხატიაშვილი, იურისტი და უფლებადამცველი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში.

მისი თქმით, მოძალადის მხრიდან ამ მითითების, ანუ უკან დახევის შეუსრულებლობა, ეს უკვე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია:

„გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ობიექტურად ვერ ხერხდება უკან დახევა. ამ სიტუაციაში იწყება გამოძიება, რათა დადგინდეს, რა იყო მიზეზი იმისა, რომ მოძალადემ ეს მითითება არ შეასრულა და გზა გააგრძელა მსხვერპლის მიმართულებით. ასე უნდა მუშაობდეს სისტემა გამართულად“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი, რომლის თქმითაც, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებული კაცი ელექტრონული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა და მიუხედავად ამისა, ვერ მოხერხდა ქალის დაცვა, უკიდურესად აზიანებს დანაშაულის პრევენციის მეტად მნიშვნელოვანი მექანიზმის რეპუტაციას და ამით კიდევ უფრო ზრდის მსხვერპლი ქალების შიშსა და სტრესს:

"ძალადობის ერთ-ერთ მსხვერპლს ვუწევ იურიდიულ დახმარებას. ყოფილმა ქმარმა სცადა მისი მკვლელობა. შეთანხმებულები ვიყავით, რომ ელექტრონული სამაჯურით გაგვეგრძელებინა ცხოვრება. გუშინ ვესაუბრე ამ ქალს, ძალიან იყო შეშინებული, ჰქონდა სერიოზული სტრესი და კითხვები, რომ თუკი სამაჯურმა ვერ დაიცვა ის ქალი, მას როგორღა დაიცავს? " ამბობს ის, და ამატებს - „ყველა საერთაშორისო გამოცდილება მიუთითებს, რომ ელექტრონული სამაჯური დაცვის ძალიან კარგი მექანიზმია. ამ საქმემ კი გააჩინა დამატებითი შიშები და დაუცველობის განცდა, რადგან აქამდე ყოველთვის ვამბობდით, რომ ელექტრონული სამაჯური არის დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, რომელიც თითქმის 100%-ით იცავს მსხვერპლს....

ჩვენ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ წლების განმავლობაში, რომ მსხვერპლები დაგვერწმუნებინა, რომ დაცვის ეს მექანიზმი გამოეყენებინათ, რადგან დღემდე ვრცელდება მითები, რომ მაგალითად, ეს მოწყობილობა მსხვერპლს დაასხივებს ან რაიმე დაავადებას გაუჩენს, ან ჰგონიათ, რომ ვიღაც უთვალთვალებთ. ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე, არსებობს საფრთხე, რომ კიდევ უფრო აუცრუვდეთ გული მასზე და ფაქტობრივად, ხელიდან გამოგვეცალოს დაცვის ეს ძლიერი მექანიზმი“.

გოგა ხატიაშვილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს კითხვებს, რომლებიც ქალის დაჭრის საქმეს მოჰყვა და რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ელექტრონული სამაჯურის გამოყენების ეფექტიანობას ეხება:

„ახლა შსს კი არ უნდა დუმდეს, არამედ განმარტებას უნდა აკეთებდეს, რა მოხდა, რადგან ეს პირველ რიგში სჭირდებათ მსხვერპლებს. შსს-მ თავადაც ძალიან კარგად იცის, რომ ოჯახში ძალადობა ქვეყანაში სისტემური პრობლემაა და შესაბამისად, დაცვის მექანიზმები და ის სერვისები, რომლებიც ქვეყანაში გვაქვს, პოტენციურად ძალიან ბევრ ადამიანს ეხება. ესეც არის არგუმენტი, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება. ჩვენ ვხედავთ შსს-ს ბრიფინგებს სხვა ტიპის დანაშაულებზე, მაგრამ მაგალითად, ოჯახში ძალადობაზე ბოლო პერიოდში არანაირი გამოხმაურება და კომენტარი არ გვსმენია ამ უწყებისგან.

დღეს, როდესაც ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო დაცვის საშუალებად ოჯახში ძალადობის განმეორების პრევენციისათვის და როდესაც ვრცელდება სავარაუდო ინფორმაცია, რომ ამ ზედამხედველობის პირობებში იქნა ჩადენილი მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, პასუხისმგებლობიანი უწყება დაინტერესებული უნდა იყოს, ერთი მხრივ, თავად მოიკვლიოს, რა მოხდა და ხომ არ გვაქვს საქმე სისტემის კრახთან და მეორე მხრივ, საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია. საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ ეს შემთხვევა არ არის სისტემური პრობლემის შედეგი და რომ დაცვის ამ მექანიზმზე უარის თქმა არ შეიძლება“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.

მას კითხვები აქვს სახელმწიფოსთან მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების ვადაზე ადრე დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც.

ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ოჯახში და ქალთა ძალადობისთვის მსჯავრდებული პირი ტოვებს ციხეს, როგორც პენიტენციურ სამსახურს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონმდებლობით გათვალისწინებული მთელი რიგი ზომები აქვთ მისაღები:

„როდესაც ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ადამიანი ციხეს ტოვებს, არ აქვს მნიშვნელობა, კალენდარულად გასდის ვადა თუ ვადაზე ადრე ტოვებს ციხეს, პენიტენციურ სამსახურს აქვს ვალდებულება, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინოს შსს-ს ინფორმაცია ამის შესახებ. ხოლო შსს-ს თავის მხრივ აქვს ვალდებულება, რომ ეს ინფორმაცია მიაწოდოს მსხვერპლს და ამის პარალელურად, შეაფასოს რისკები. ის უნდა გაესაუბროს როგორც მსხვერპლს, ისე მსჯავრდებულს. ასევე „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში“ წერია, რომ შსს-მ პენიტენციური სამსახურიდან მოძალადის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში უნდა გამოითხოვოს და ამ ყველაფერზე დაყრდნობით შეაფასოს რისკები და საფრთხეები. საჭიროების შემთხვევაში კი თავისი ინიციატივით უნდა გამოსცეს შემაკავებელი ორდერი და დააწესოს ელექტრონული ზედამხედველობა".

მას აინტერესებს, "რა მექანიზმით დატოვა მან დაწესებულება და თუკი იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მას საპატიმრო ვადაზე ადრე დაეტოვებინა, შეფასდა თუ არა რისკები და საფრთხეები, რადგან ოჯახში ძალადობა განმეორების ძალიან მაღალი ხარისხით და ბუნებით გამოირჩევა და ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დადგინდეს, რომ თუკი იყენებ შეღავათს, ამით პოტენციურ საფრთხეს ხომ არ უქმნი ძალადობის მსხვერპლი ქალის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს“.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში დაიხვეწა და გამკაცრდა კანონმდებლობა როგორც ოჯახში ძალადობის, ისე ფემიციდის მიმართულებით და ფემიციდი რიგ შემთხვევაში, უვადო პატიმრობასაც გულისხმობს, ქვეყანა ქალთა მკვლელობებისა და ოჯახში ძალადობის სტატისტიკას ვერ ცვლის.

შსს-ს სტატისტიკით - 2025 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოცემულია 631 შემაკავებელი ორდერი. ოჯახში ძალადობის სტატისტიკა 2025 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით კი ასე გამოიყურება - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის 7612 ფაქტი აღრიცხა. ღია წყაროებში ფემიციდის 2025 წლის ოფიციალური სტატისტიკა ჯერ არ იძებნება, თუმცა წელს, ქალების მკვლელობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. პროკურატურის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მონაცემებით, 2014 წლიდან 2024 წლამდე დათვლილია ფემიციდის 241 შემთხვევა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG