ბიჭის ადვოკატი, მაკა ბერაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ამბის შემდეგ თავს ცუდად გრძნობენ ბავშვის მშობლებიც და ჟურნალისტებთან საუბარი არ სურთ.
როგორ აღმოჩნდა ბავშვი ხაფანგში - ადვოკატის მონათხრობი
ადვოკატი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ სასტიკად ნაცემ ბავშვთან დალაპარაკება, მხოლოდ რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ შეძლო.
„ექიმისგან მქონდა მიღებული მითითება, რომ არ გამოგვეკითხა, სანამ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შედარებით არ დასტაბილურდებოდა და არ გაიხსენებდა მომხდარს. ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩა კლინიკაში. ეს იყო მის მიმართ განხორციელებული დაუნდობელი, არაადამიანური ქმედება“, - ამბობს მაკა ბერაძე და აღწერს იმ დაზიანებებს, რომელიც მან 15 წლის მოზარდის სხეულზე ნახა:
„დანით აქვს დასერილი სხეული. არის სასტიკად ნაცემი. განსაკუთრებით ურტყეს სახესა და თავში. ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ დეტალებზე ვისაუბრო. თუმცა, არსებობს უმძიმესი კადრები და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კადრები საქმეზე მტკიცებულებებად იქნება დართული“.
მაკა ბერაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოზარდი თანატოლმა გოგომ მოტყუებით მიიყვანა თბილისში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან მიტოვებულ შენობაში, სადაც მას რვაკაციანი ჯგუფი გაუსწორდა.
ადვოკატი ამბობს, რომ ბიჭი მოძალადეებს პირადად არ იცნობს და „მათი გადაკვეთის ერთადერთი წერტილი“ იყო სოციალური ქსელი:
„ამ დაჯგუფებას შეიძლება ვუწოდო ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი დაჯგუფება. ეს ადამიანები ბავშვს პირადად არ იცნობენ. მხოლოდ სოციალურ ქსელში დაეკონტაქტნენ. დაკავებულებს შორისაა გოგოც. ეს იყო ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, ანუ ჯგუფურად, ყველა აყენებდა ბავშვს დაზიანებას.
ეს არ მომხდარა ბავშვის სახლთან ახლოს. ამ დაჯგუფებას აქვს თავისი ობიექტები, სადაც ძალადობენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოზარდი, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, გოგონამ, მოტყუებით მიიყვანა იმ ადგილას და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მოზარდის ადვოკატი.
მისი თქმით, შემთხვევა დაახლოებით 10-11 დღის წინ მოხდა.
9 დაკავებულიდან 7 არასრულწლოვანია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ ამ ამბის შესახებ საჯაროდ მხოლოდ მას შემდეგ თქვეს, რაც გამოძიებამ დააკავა 9-კაციანი ჯგუფი, მათ შორის 7 არასრულწლოვანი, ბრალი წარუდგინა დაკავებულებს, სასამართლომ კი ყველა მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
ყველაზე ასაკოვანი ბრალდებული, ამ არაფორმალური ჯგუფის ლიდერი - 30 წლისაა.
ბრალდებულებს შორისაა კიდევ ერთი სრულწლოვანი - 18 წლის ახალგაზრდა.
დანარჩენი შვიდი დაკავებული 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან, მათ შორისაა 15 წლის გოგოც.
იცოდნენ რას აკეთებდნენ - რას ამბობს გამოძიება?
პროკურატურის 8 ივლისის განცხადებაში წერია, რომ ე.წ. „ფაშისტური“ იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, ცოტა ხნით ადრე სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ბავშვი წინასწარი გეგმით მიტოვებულ შენობაში შეიტყუეს:
„ [ბიჭი] შეურაცხყოფის, დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და დაჩოქილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
[აიძულეს] ღირსების შემლახველი ქმედებებით, დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფს, მობილური ტელეფონის ვიდეოზარით ბოდიში მოეხადა დაჯგუფების ე.წ. ლიდერისათვის.
ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ატვირთეს სოციალურ ქსელში“, - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურაში ამ საქმეზე სხვას არაფერს ამბობენ.
ყველა დაკავებულს ბრალად ედებათ არასრულწლოვანის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება. რის გამოც ბავშვმა განიცადა ძლიერ ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად და წინასწარი შეცნობით. ეს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებია.
სასჯელი 10 წლამდე პატიმრობა.
იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო ბრალდებულებს დამნაშავედ ცნობს, არასრულწლოვანი ბრალდებულებისთვის სასჯელის დანიშვნისას, მოსამართლე იხელმძღვანელებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ 14-დან 16 წლამდე ბრალდებულის შემთხვევაში დანიშნული სასჯელი შემცირდება ერთი მესამედით, ხოლო 16-დან 18 წლამდე ბრალდებულის შემთხვევაში, ერთი მეოთხედით.
რატომ არქმევს გამოძიება ამ ჯგუფს „ფაშისტურს“?
ამაზე ბევრი არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით - ბრალდებულების სახლების ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონებთან ერთად ნახეს „ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატიკური იარაღები“.
სამინისტროს კადრებში ჩანს: დასაკეცი დანები, „კასტეტები“, სამკლავურები სვასტიკის გამოსახულებით.
„ვერაფერს გეტყვით“ - რა პოზიცია აქვთ ბრალდებულების ადვოკატებს?
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ერთ-ერთი ბრალდებულის, 18 წლის ბიჭის ადვოკატს, მაია ქავთარაძეს, რომელმაც გვითხრა:
„მე ვერაფერს ვერ გესაუბრებით ამ თემაზე, ვინაიდან, ბრალდებულისგან ამის უფლება და ნებართვა არ მაქვს, აქედან გამომდინარე ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სრულწლოვანია“.
რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატმა.
კიდევ ორი დაკავებულის ადვოკატი, ხათუნა ჩხაიძე კი რადიო თავისუფლებას მოკლე ტექსტურ შეტყობინებას უგზავნის და სწერს:
„საქმის დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით. ვერაფერს გეტყვით ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე“. მან არ გვიპასუხა კითხვაზე, აღიარებენ თუ არ ბრალს მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანები.
იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურა დამატებით კომენტარს არ აკეთებს, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სასამართლო სხდომა უკვე ჩატარებულია, რადიო თავისუფლება მოკლებულია სხვა დამატებითი დეტალების, მათ შორის ბრალდებულთა პოზიციების გაცნობის შესაძლებლობას.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოსაა დანიშნული.
კონტექსტი - არასრულწლოვანი დაზარალებულები და ბრალდებულები - სტატისტიკა
ბოლო ორ თვეში ეს არის მეორე გახმაურებული შემთხვევა, როდესაც სოციალურ ქსელში, არასრულწლოვანებს შორის დაწყებული უთანხმოება ფიზიკური ძალადობით დასრულდა.
16 მაისს, საქართველოს პროკურატურამ ოთხ არასრულწლოვანს წარუდგინა ბრალი გორში ჯგუფურად ცემის გამო.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ გაარკვია, რომ 16 მაისს, გორში, წარსულში ქურდობისთვის და ცემისთვის ნასამართლევი, 16 წლის მოზარდი თავისი ინიციატივით შეხვდა არასრულწლოვან, 13 და 15 წლის ძმებს და სხვა მოზარდებთან ერთად მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შვილების ცემის გამო პოლიციას ძმების დედამ მიმართა.
სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ 5 თვეში დაზარალებულად ცნეს 573 არასრულწლოვანი.
- მათგან ერთი არასრულწლოვანი განზრახ მკვლელობის მსხვერპლია;
- მეორე - სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის.
- ამ პერიოდში დაფიქსირდა განზრახ მკვლელობის მცდელობის 4 შემთხვევა.
2025 წლის პირველ 5 თვეში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 335 არასრულწლოვანის მიმართ. ისინი ბრალდებულნი არიან ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან მსუბუქი დაზიანება, განზრახ მკვლელობის მცდელობა.
ფორუმი