Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელექტროენერგიის საფასურის ამოღების მიზნით საქართველოში სადამსჯელო ღონისძიებები გრძელდება - ქუთაისის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგია უკვე 2 კვირაა არ მიეწოდება.


ელექტროენერგიის საფასურის ამოუღებლობის გამო "გაერთიანებულმა სადისტრიბუციო კომპანიამ" დასასჯელი რაიონების სია გაზარდა. 18 ივნისიდან ელექტროენერგიის მიწოდება კომპანიის 7 ფილიალს შეუწყდა,

რაც იმას ნიშნავს, რომ დენის მიწოდება საქართველოს კიდევ 7 რაიონს შეეზღუდა. ასეთი სადამსჯელო ღონისძიების გამო ქალაქ ქუთაისის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგია ორი კვირაა არ მიეწოდება, ამას ერთვის მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების პრობლემაც. ქუთაისის მოსახლეობა სადამსჯელო ღონისძიებას მოთმინებით შეხვდა. საპროტესტო გამოსვლა იქ მხოლოდ 18 ივნისს მოეწყო, მაგრამ რა იქნება შემდგომ, არავინ იცის. 18 ივნისს სახელმწიფო კანცელარიაში ენერგეტიკის საკითხებზე თათბირი გაიმართა, სადაც გაიცა დავალება ენერგოობიექტების მაქსიმალური დაცვისა, გაფიცვების შემთხვევაში.


სადამსჯელო ღონისძიების არეალში "გაერთიანებულმა სადისტრიბუციო კომპანიამ" ზესტაფონის, გარდაბნის, წყალტუბოს, თეთრიწყაროს, სამტრედიის, ხარაგაულის და ქარელის რაიონებიც მოაქცია, ასე რომ, არაგადამხდელთა დასჯის აქცია გრძელდება და ფართოვდება. მას ქუთაისის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ორი კვირაა უძლებს ისე, რომ მისი მხრიდან სერიოზულ საპროტესტო გამოსვლებს ადგილი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით ელექტროენერგიის მოთხოვნით რაჭა-ლეჩხუმის საავტომობილო გზის გადაკეტვას, რაც 18 ივნისს მოხდა. იმერეთში პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულის თემურ შაშიაშვილის მტკიცებით, ქალაქი რომ სრულად გაეთიშათ, ისე როგორც იმუქრებოდნენ, ვითარება გაცილებით რთული იქნებოდა. "პროცესები უმართავი არ გახდა იმიტომ, რომ ქუთაისს დღე-ღამეში 15 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდება და ეგრეთ წოდებული კომერციული დენიც ქმნის გარკვეულ შეღავათს. სადამსჯელო ოპერაციის შედეგად ელექტროენერგიის საფასურის ამოღების პროცესი ადგილიდან არ დაძრულა. ამერიკელები შეცდნენ, როცა იფიქრეს, რომ მოსახლეობას დასჯით აიძულებენ, ფული გადაიხადოს, " - ამბობს თემურ შაშიაშვილი. ჩვენი ქუთაისელი კორესპონდენტი ნინო ღაჭავა კი განმარტავს:

[ნინო ღაჭავას ხმა] "გადაცემაში "გისმენთ რწმუნებული" გამოითქვა აზრი, რომ თუ მოსახლეობა გადაიხდის თანხას, მაშინ მათ ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ. არ ვიცი, რა გაანგარიშებით, მაგრამ ხელისუფლება ირწმუნება, რომ თვეში უნდა გადავიხადოთ 10 ლარი მაინც. ამ თანხის შეგროვება უკვე დაწყებულია და რომელ ქუჩებზეც დასრულდა, ამ ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგათ კიდეც. "

ნინო ღაჭავა ირწმუნება, რომ მოსახლეობაში ფულის აკრეფა ადგილობრივი ხელისუფლების ინიცირებით მოხდა. არადა, ამ პროცესს თემურ შაშიაშვილი შემდეგნაირ კომენტარს უკეთებს:

[თემურ შაშიაშვილის ხმა] "უფრო უარესი რამეები დაიწყეს და აღრმავებენ კორუფციას. მე ვხედავ, რომ ენერგეტიკის სფეროში მოქცეულმა კორუფციულმა ძალებმა თავის გავლენის ქვეშ მოაქციეს უცხოელი კოლეგები. "

იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული არ გამორიცხავს, რომ ქუთაისისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვა პოლიტიკასთან იყოს დაკავშირებული. ფიქრობს, რომ საქართველოს ამ ქალაქში ვითარების დაძაბვა იმ პოლიტიკოსებისთვის არის ხელსაყრელი, რომლებიც ქუთაისიდან აპირებენ დეპუტატობის გაგრძელებას. მინიშნებები ჟვანიასა და სააკაშვილის გუნდებზე კეთდება, მით უფრო, რომ 18 ივნისის პლენარულ სხდომაზე სწორედ "გაერთიანებული დემოკრატების" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, შოთა სანდუხაძემ, მოითხოვა თემურ შაშიაშვილის საქმიანობის შესწავლა მის მიერ გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გამო: ქუთაისი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს, თუ ელექტროენერგიას მთლიანად გაუთიშავენო. შაშიაშვილი დემოკრატებს ურჩევს საკუთარი პარტიის ფინანსური საქმიანობა შეისწავლონ. ელექტროენერგიის საფასურის ამოღების მიზნით სადამსჯელო ღონისძიება კი გრძელდება. დაზარალებული მოსახლეობაა, რომლის პრობლემებიც ხელისუფლებას მარტო არჩევნების წინა დღეებში ახსენდება.
XS
SM
MD
LG