თავად ოკუპირებულ რესპუბლიკაში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოთხოვნის მიუხედავად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების არჩევნებში ჩარევის გამოსაძიებლად სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.
რუსეთმა აფხაზ ოპოზიციონერებზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების ხელმოწერის მე-11 წლისთავზე, რუსეთიდან არცთუ სადღესასწაულო ახალი ამბავი გავრცელდა: სოჭის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის წევრ კან კვარჩიასა და კიდევ ორ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ინტერპოლის ხაზით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ამჟამად ისინი მხოლოდ ფედერალურ ძებნილთა სიაში იმყოფებიან.
ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნა ცალკე პროცედურაა დამოუკიდებელი ფედერალური ძებნისგან, რომლის ინიციირება შესაძლებელია მხოლოდ კომპეტენტური ორგანოების, როგორც წესი, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ან გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილების შემდეგ და თანაც გარკვეული პირობების დაცვით. კერძოდ: დანაშაული, რომლის გამოც მიმდინარეობს ძებნა, უნდა იყოს სისხლის სამართლის, ასევე უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ ძებნილი პირი საზღვარგარეთ იმყოფება.
საუბარია საქმეზე, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განიხილება როგორც სოხუმში, ასევე მოსკოვში: თავდასხმა რუს პოლიტტექნოლოგებზე - ივან რევაზე, პაველ ტიმოფეევსა და დმიტრი ბუდიკინზე.
რუსული გამოძიების თანახმად, "აფხაზეთის რესპუბლიკის" ტერიტორიაზე სამმა პირმა წინასწარი განზრახვით მოაწყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მუქარის შემცველი ყაჩაღური თავდასხმა „საგნის მეშვეობით, რომელიც იარაღად იქნა გამოყენებული“. ზარალმა 1,975 მლნ რუბლი შეადგინა. ეჭვმიტანილებზე - კან კვარჩიაზე, ეშსოუ კაკალიასა და ხინა დუმააზე - რუსეთში ფედერალური ძებნა გამოცხადდა. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
5 ნოემბერს, აფხაზეთში ე.წ. მუნიციპალური არჩევნების წინ, დე ფაქტო რესპუბლიკის "პარლამენტის" წევრმა კან კვარჩიამ და ოპოზიციის აქტივისტებმა სოხუმში აღმოაჩინეს ოფისი, სადაც რუსეთის სამი მოქალაქე - ივან რევა, პაველ ტიმოფეევი და დმიტრი ბუდიკინი - მუშაობდნენ და საიდანაც პროსახელისუფლებო გაზეთი „აბხაზსკი ვესტნიკი“ და ბადრა გუნბას საარჩევნო კამპანია იმართებოდა. ერთ-ერთ რუს პოლიტოლოგს წაასწრეს საარჩევნო კომისიაში მუშაობისას, რაც ადგილობრივი "კანონმდებლობის" დარღვევაა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოში ივან რევამ აღიარა, რომ ქირაობდა ადამიანებს გუნბას კონკურენტების საარჩევნო პლაკატების ჩამოსახსნელად.
მეორე დღეს, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვების შემდეგ, რუსმა პოლიტტექნოლოგებმა განაცხადეს, რომ მათ სცემეს და იარაღით დაემუქრნენ:
„ეს არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ჩემს და ჩემი მეგობრების ოფისში შევიდა. ორმოცამდე იქნებოდნენ - ვიღაც შემოდიოდა, ვიღაც გადიოდა. გვასახიჩრებდნენ, გვცემდნენ და ცეცხლსასროლი იარაღით გვემუქრებოდნენ, რომ რუსეთში ცოცხლები ვერ დავბრუნდებოდით. გვეუბნებოდნენ, რომ სარდაფში დაგვკიდებდნენ და გვაწამებდნენ. რისთვის? არ ვიცი. <...> მათი ლიდერი კან კვარჩიაა, რომელიც ფიზიკურად გამისწორდა და მოკვლით დამემუქრა“, - განაცხადა ივან რევამ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნის ეფექტიანობა დამოკიდებული იქნება ძებნილთა ადგილსამყოფელზე. თუ ისინი აფხაზეთში იქნებიან, ძებნის შედეგი პრაქტიკულად ნულის ტოლი იქნება, რადგან ოკუპირებული რესპუბლიკა არ არის ამ „საერთაშორისო ორგანიზაციის“ წევრი. თუმცა აფხაზეთს მიღმა ძებნამ შესაძლოა შედეგი გამოიღოს.
მოსკოვმა ოფიციალურად აცნობა დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას გამოძიების დაწყებაზე და სამართლებრივი დახმარების შესახებ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებებზე მიუთითა.
ოკუპირებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ 25 ნოემბრის საღამოს განაცხადა, რომ "აფხაზეთის მოქალაქეები" რუსეთში „ექსტრადიციას არ ექვემდებარებიან“.
ძებნილების პასუხი
აფხაზმა ოპოზიციონერებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აიდგილარას“ ლიდერებმა კან კვარჩიამ და ეშსოუ კაკალიამ 25 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართეს, რათა რუსეთში მათ წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარი გაეკეთებინათ.
კან კვარჩიამ, რომელსაც მოსკოვმა ადრე რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა, განაცხადა:
„გვადანაშაულებენ გარკვეული თანხის მოპარვაში... ეს ნამდვილად არ ვიყავით ჩვენ... არ ვიცი ვისზე საუბრობენ... რაღაც პისტოლეტებიო, შეიარაღებული პირებიო, ძარცვაო, რაღაც სხვა... (თითქოს) ტანკებით ჩავედით... არ ვიცი რით მივედით. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც დაკავებული ვართ სახელმწიფო საკითხებით. ჩვენ თვითონ დავრეკეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რადგან ამ ადამიანების საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა აფხაზეთის კანონმდებლობას. დავრეკეთ და გადავეცით ისინი უსაფრთხოების სამსახურს. გასაკვირია, რომ არანაირი რეაქცია არ ყოფილა. ისინი იმავე საღამოს გაათავისუფლეს და საზღვარგარეთ გაგზავნეს“.
კვარჩიამ ასევე ილაპარაკა რუსი პოლიტტექნოლოგების აფხაზეთის "არჩევნებში" ჩარევაზე:
„ნუ ერევიან ჩვენს საქმეში. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ მეგობრები, მზად ვართ ვიყოთ მოკავშირეები, მაგრამ არ შევეგუებით იმას, რომ ვიღაც შემოვიდეს ჩვენს სახლში საკუთარი წესებით. არ არის საჭირო ამის გაკეთება. მივმართავ ჩვენს მეგობრებს და, როგორც ამბობენ, მოკავშირეებს. დროა, ჩვენმა მთავრობამ ყურადღება მიაქციოს ამ ტიპის უკანონობას და უპასუხოს მას“.
რუსეთის მიერ ძებნილი აფხაზი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის მთავრობამ „თავისი უფლებამოსილებები მეზობელ სახელმწიფოს გადასცა“, თავისთვის კი მხოლოდ „წარმომადგენლობითი ფუნქციები“ დაიტოვა. მათივე თქმით, მოსკოვის ამგვარი ნაბიჯები მხოლოდ ესკალაციას გამოიწვევს: „ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს პასუხისმგებელ პირებს ეს არ ესმით“.
„ჯვარი პოლიტიკურ კარიერაზე“
თავად აფხაზეთში, ოპოზიციის მოთხოვნის პასუხად, რომ "არჩევნებში" უცხო ძალები იყვნენ ჩართული, გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ. საპარლამენტო მოსმენებზე განაცხადეს, რომ საქმე ჯერ „ვერ ქაჩავს“ სისხლის სამართლის ბრალდებამდე: მიმდინარეობს შემოწმება და არა გამოძიება. მთავარი კითხვაა, იყო თუ არა კანონიერი რუსი პოლიტტექნოლოგების მონაწილეობა "არჩევნების" პროცესში.
ამასობაში, დე ფაქტო მთავრობისადმი ლოიალურმა Telegram-არხებმა კვარჩიასა და სხვების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ განაცხადეს, რომ „ეს არის კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპული საკითხი“. მათი შეფასებით, რუსეთის პასუხი აჩვენებს მოსკოვის მზადყოფნას, დაიცვას თავისი მოქალაქეები:
„არავის ეპატიება რუსების დაუსჯელად ცემა და იარაღის მუქარა. კან კვარჩია, რომელმაც ამდენი ზიანი მიაყენა აფხაზ ხალხს, სამართლიან სასჯელს მიიღებს“, - წერს Insider Abkhazia.
ოპოზიციის მოწინააღმდეგეები დარწმუნებული არიან, რომ კან კვარჩიასა და მისი მხარდამჭერების ქმედებები სისტემური პრობლემაა, რომელიც აფხაზეთს „განუკითხაობისა და კრიმინალის ეპოქაში“ აბრუნებს, რაც, მათი თქმით, ამ პოლიტიკოსების პოლიტიკურ კარიერას ჯვარს უსვამს.
კან კვარჩია აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრი, მოძრაობა „აიდგილარას“ ლიდერი და აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპოზიციური ფიგურაა. კვარჩია თავს დამოუკიდებელი სამოქალაქო ინტერესების დამცველად წარმოაჩენს. ის მიიჩნევა აფხაზეთში ნოემბრის საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ლიდერად - აქციებმა "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას გადადგომა გამოიწვია.
კვარჩია გეგმავდა 2025 წლის "საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობას, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი განაცხადა კენჭისყრაზე. საქმე ისაა, რომ 2024 წლის დეკემბერში, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის შენობაში სროლა მოხდა: მოკლეს ე.წ. პარლამენტის წევრი ვახტანგ გოლანძია, ხოლო კვარჩია დაჭრეს.
2025 წლის დასაწყისში ოპოზიციონერ კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კვარჩიამ ჩაიდინა ქმედებები, რომლებიც „დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს“ და საფრთხეს უქმნიდა რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. თავად კვარჩია და მისი მხარდამჭერები ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ მის უკან აფხაზეთის ყოფილი "პრეზიდენტი", ასლან ბჟანია დგას.
ეშსოუ კაკალია, კან კვარჩიას თანამოაზრე და აფხაზეთის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ოპოზიციური მოძრაობა „აიდგილარას“ წევრია. კაკალიაც დე ფაქტო მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკოსია. მან გააპროტესტა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება, რასაც აფხაზური ოპოზიცია ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხედ მიიჩნევდა.
ხინა დუმაა - ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ უმაღლესი საბჭოს წევრი. 2022 წელს ის მესამე საარჩევნო ოლქში აფხაზეთის "სახალხო კრების" დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. "არჩევნების" დროს 25 წლის დუმაა ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი იყო. დუმააც ე.წ. მთავრობის ღია კრიტიკოსია და, კვარჩიასა და კაკალიას მსგავსად, ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას იმპიჩმენტს მოითხოვდა.
„ვიღაცამ გადაწყვიტა, გადააგდოს ის ხალხი, რომელმაც აფხაზეთისთვის სისხლს დაღვარა“
ოპოზიციური Telegram-არხები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთს „ბნელი დრო დაუდგა, რადგან ქვეყნის დამცველებს დევნიან, მოღალატეებს კი ხოტბას ასხამენ“:
„ასლან ბჟანია გაიქცა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა ცოცხალია. ახლა ძნელია სრულად გადმოსცე მიმდინარე მოვლენების სიღრმე, მაგრამ შედეგები ყველასთვის კატასტროფული იქნება. ჩვენ კვლავ ვეფლობით იმ ბნელ დროებაში, როდესაც ვიღაცამ გადაწყვიტა, გადააგდოს ის მოქალაქეები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს აფხაზეთისთვის. ეს სრული სიგიჟეა, მეგობრებო!!!“ - წერს „ისკრა აბხაზია“.
Telegram-არხი RESPUBLICA სრულ პასუხისმგებლობას დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს, ბადრა გუნბას აკისრებს და აცხადებს, რომ ის „სრულიად კონტროლდება გარედან და, რომ მან დაარღვია აფხაზეთის საარჩევნო კანონი“. თავად გუნბას ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
აფხაზური Telegram-არხები განიხილავენ კან კვარჩიას შემდგომ სავარაუდო ნაბიჯებს, კერძოდ, სად შეიძლება წავიდეს ოპოზიციის დევნილი ლიდერი - მთაში გაიხიზნება თუ ქართულ პასპორტს აიღებს:
„შეუძლია გაამზადოს საიდუმლო თავშესაფარი მაღლა მთებში, შეუძლია უშიშრად იაროს ბრეხალოვკაზე ან შეუძლია ჩუმად სთხოვოს ქართულ მხარეს პასპორტი (აფხაზეთის მოქალაქეებს თბილისში საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევენ) და შეერიოს ხალხის ნაკადს, რომელიც სარფში თურქეთის საზღვარს კვეთს. თუმცა ეს ტექნიკური საკითხია და არჩევანი თავად კვარჩიაზეა. მაგრამ რა უნდა ქნას პარლამენტმა? დაიწყება ზეწოლა დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით. აფხაზეთში კი არ მოსწონთ, როცა აწვებიან. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის სახალხო კრების კედლებში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დეპუტატის (კვარჩიას ოპონენტის) იმუნიტეტის მოხსნას დიდი დრო დასჭირდა, კვარჩიას შეუძლია იმედიანად იყოს, რომ დეპუტატის იმუნიტეტს ვადის ამოწურვამდე არ მოუხსნიან“, - წერს „აფხაზია-ცენტრი“.
ტრადიციულად, როგორც ყოველი ასეთი ინციდენტის შემდეგ, აფხაზეთის ოპოზიცია ახლაც, 27 ნოემბერს ყრილობის ჩატარებას გეგმავს, რომელზეც ფართო საზოგადოების მიწვევა იგეგმება. ღონისძიება დაგეგმილი იყო კან კვარჩიას ძებნილთა სიაში შეყვანამდე, მაგრამ ახლა ამ სკანდალის ფონზე მიმდინარეობს. აფხაზური მედია აღნიშნავს, რომ „ვიღაცამ ცეცხლზე ნავთი დაასხა, როცა უშუალოდ ყრილობის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებზე ინტერპოლით ძებნა გამოაცხადა, თითქოს რუსეთს უფრო სერიოზული დამნაშავეები არ ჰყავდეს“.
„ეს არის არცთუ საუკეთესო გამოსავალი, ხოლო აფხაზეთის გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა კონტრპროდუქტიულიც კი. ყრილობაზე კვარჩია მიიღებს ან პირდაპირ მხარდაჭერას, ან ირიბ სოლიდარობას; ნებისმიერ შემთხვევაში, არავინ გაემიჯნება მას“, - წერს „აიაშარა“.
აფხაზეთის ოპოზიციურ წრეებში შენიშნავენ, რომ მოსკოვის მკაცრმა ზომებმა შეიძლება შექმნას ისეთი ვითარება, როცა მთელი ოპოზიციური სპექტრი, უნებლიედ ჩათრეული აღმოჩნდება რუსეთთან დაპირისპირებაში. ეს კი გაცილებით ღრმა პოლიტიკური კრიზისის საფრთხეს ქმნის, ამიტომ „მოსკოვის კურატორები კარგად უნდა დაფიქრდნენ“.
მაგრამ ვიდრე მოსკოვი აფხაზ "დეპუტატს" ეძებს, თავად სოხუმში ღიად რჩება კითხვა: ვინ მიიწვია რუსი პოლიტტექნოლოგები აფხაზეთში და იყო თუ არა მათი საქმიანობა კანონიერი?
ფორუმი