Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დელიმხანოვი, ალაუდინოვი თუ დაუდოვი? ვინ განიხილება კადიროვის მემკვიდრედ


აპტი ალაუდინოვი (მარცხენა) და ადამ დელიმხანოვი
აპტი ალაუდინოვი (მარცხენა) და ადამ დელიმხანოვი

მოსკოვში კადიროვის შემცვლელზე მსჯელობენ. სახელდებიან „ახმატის“ მეთაური აპტი ალაუდინოვი და დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი. ალაუდინოვი უფრო მოსკოვის ფავორიტია, დელიმხანოვი კი - კადიროვის კლანის ნაწილი. ანალიტიკოსები კადიროვის მთავრობის მეთაურს, მაგომედ დაუდოვსაც ძლიერ კანდიდატად მიიჩნევენ.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობის ძალოვანი ბლოკი უკვე განიხილავენ ჩეჩნეთის მომავალი ლიდერის კანდიდატურებს, რომელთა შორის ყველაზე რეალურებად სპეცრაზმ „ახმატის“ მეთაური, აპტი ალაუდინოვი და სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ადამ დელიმხანოვი სახელდებიან. გარკვეული მსგავსების მიუხედავად (ორივე გენერლის წოდებას ატარებს), მათი ბიოგრაფიები და ჩეჩნეთის ამჟამინდელ ლიდერთან ურთიერთობები განსხვავებულია. ალაუდინოვისა და დელიმხანოვის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ პუტინის ადმინისტრაციასა და მთავრობის ძალოვან უწყებებსაც. ვის რა შანსი აქვს და როგორია ჩეჩნეთში კრემლის სამომავლო გეგმები? - რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის (Kavkaz.Realii) რედაქციამ, ექსპერტებთან ერთად, სცადა ვითარებაში გარკვევა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩეჩნეთის მომავალ ხელმძღვანელად განიხილავს სპეცრაზმ „ახმატის“ მეთაურს აპტი ალაუდინოვს,- ამის შესახებ დაწერა გამოცემა „ვაჟნიე“ ისტორიიმ“ ორ წყაროზე - ფსბ-ს მოქმედი ოფიცრის და ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით მომუშავე დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის ინფორმაციაზე - დაყრდნობით. ჟურნალისტების თქმით, ალაუდინოვის კანდიდატურის წინააღმდეგი არიან ფსბ-ს წარმომადგენლები: ისინი ჩეჩნეთის მეთაურის მემკვიდრედ სახელმწიფო დუმის დეპუტატს, ადამ დელიმხანოვს ხედავენ. თავად კადიროვი კი, თითქოს, თანამდებობისთვის თავის 17 წლის შვილს, ადამს ამზადებს.

ჩეჩნეთის მომდევნო მეთაურის პოსტზე ალაუდინოვისა და დელიმხანოვის კანდიდატურები მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ყოველ ჯერზე ეს ხდება, როგორც წესი, კადიროვის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად. ბოლოს ასეთი რამ მოხდა 2025 წლის ივლისში, როდესაც თურქეთის ქალაქ ბოდრუმში დასვენებისას, ადგილობრივი მედიის ცნობით, რამზან კადიროვი ძლივს გადაურჩა დახრჩობას.

რამზან კადიროვის ავადმყოფობის დაუდასტურებელი ინფორმაცია 2019 წლიდან ვრცელდება. თავად კადიროვი, რომელსაც გასულ თვეში 49 წელი შეუსრულდა, უარყოფს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას, მაგრამ ჩეჩნეთის ლიდერი ასევე არაფერს ამბობს მის გარეგნობაში, მეტყველებასა და მოძრაობაში გაჩენილ აშკარა ცვლილებებზე.

2025 წლის სექტემბერში, გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპა“ იტყობინებოდა, რომ ფსბ-ს ჩეჩნეთის ფილიალი კადიროვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მის გარემოცვაში მყოფი აგენტების მეშვეობით აგროვებდა, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ კადიროვი ხშირად არღვევდა ან უგულებელყოფდა მოსკოველი ექიმების დანიშნულებას, მიმართავდა თვითმკურნალობას, რასაც ის კრიზისულ მდგომარეობამდე მიჰყავდა. ჟურნალისტების წყაროს მტკიცებით, ჩეჩენი ლიდერის ავადმყოფობა „განუკურნებელი და პროგრესირებადია“. თუმცა პასუხად კადიროვი საჯაროდ უარყოს თავისი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციას და მას აკეთებს სხვადასხვა სახის ფიზიკური ვარჯიშის ვიდეოებით.


ერთი წლის წინ, რამდენიმე ხანგრძლივი შვებულების შემდეგ, კადიროვმა აღიარა, რომ ყოველ სამ თვეში ერთხელ გადის ჯანმრთელობის „კაპიტალურ რემონტს“ და ყოველ ექვს თვეში ერთხელ „საფუძვლიან რემონტს“. 2025 წლის მაისში კი კადიროვმა კვლავ მოითხოვა გადადგომა მისთვის ჩვეული ფსევდოფილოსოფიური გააზრებებით, რომელშიც სიკვდილს „ყველა ადამიანის გზა“ უწოდა. თუმცა, მალევე პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, კადიროვი დაუბრუნდა თავის ჩვეულ რიტორიკას, რომ „მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ძალიან გაზვიადებულია“.

უახლოესი თანამშრომელი შერისხული მეთაურის წინააღმდეგ

„ახმატის“ მეთაურისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილის, აპტი ალაუდინოვის სახელი ბოლო დროს საჯარო სივრცეში იმაზე გაცილებით ხშირად ჩნდება, ვიდრე რამზან კადიროვსა. ჩეჩნეთის მეთაური კამერების წინ სულ უფრო იშვიათად, ისიც ძირითადად გროზნოში მდებარე სამშენებლო ობიექტების დათვალიერებისას ან პუტინის სახელობის მორიგი რაიონის გახსნისას თუ ჩნდება, გენერალი ალაუდინოვი კი მეთოდურად აფართოებს თავისი პასუხისმგებლობის არეალს, რომელიც დიდი ხანია არ შემოიფარგლება მის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფით.

ალაუდინოვი ხშირად საუბრობს რუსეთის ხალხების ერთიანობაზე, ღიად აკრიტიკებს რუს ნაციონალისტებს, მართლმადიდებელ მღვდელთან ქრისტიანობასა და ისლამზე კამათობს, ცდილობს შექმნას „რუსული თემის“ პარალელური სტრუქტურები და ადმინისტრაციული პასუხისგება დააკისროს თავის ოპონენტ Z-ბლოგერებს.

ამ ფონზე გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურება სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ადამ დელიმხანოვი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის მოსკოვური საქმეების მმართველად მიიჩნევა. დელიმხანოვი იშვიათად საუბრობს საჯაროდ და გაცილებით იშვიათად ერთვება კონფლიქტებში. თუმცა, როგორც ჩეჩნების კრიტიკით გამორჩეული ბლოგერის, არეგ შჩეპიხინის გატაცების შემთხვევა აჩვენებს, დელიმხანოვი უპირატესობას ანიჭებს კონფლიქტების გადაჭრის არასაჯარო გზას.

ადამ დელიმხანოვის გვარიც იმავე ტეიპ ბენოიდან (კლანიდან - რედ.) მოდის, რომელსაც ჩეჩნეთის ამჟამინდელი მეთაური მიეკუთვნება. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დელიმხანოვი მძღოლად მუშაობდა სალმან რადუევთან - ჩეჩენ საველე მეთაურთან, ბრიგადის გენერალთან და მოგვიანებით ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის არმიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტის მეთაურთან.

აპტი ალაუდინოვი დაიბადა სტავროპოლის მხარეში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა, ჩეჩნეთში პირველი ომის დროს კი მისი მთელი ოჯახი რუსეთის ფედერალურ ძალებს მიემხრო: მისი მამა და ძმა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის წინააღმდეგ ბრძოლებში დაიღუპნენ.

დელიმხანოვისა და ალაუდინოვის გზები ჩეჩნეთის მეორე ომის დასრულების შემდეგ გადაიკვეთა - ორივემ ლიდერის თანამდებობები დაიკავა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაპირველად ახმატ კადიროვის, შემდეგ კი რამზან კადიროვის მმართველობის დროს.

2003 წელს დელიმხანოვი სათავეში ჩაუდგა ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ნავთობისა და გაზის ობიექტების არასაუწყებო დაცვის სამმართველოს პოლკს, ცნობილს „ნავთპოლკის“ სახელით, რომელიც გამოიყენებოდა შეიარაღებული სეპარატისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაციებში. უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ ანგარიშის თანახმად, სწორედ დელიმხანოვის ამ „ნავთპოლკიდან“ და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგზაო პოლიციის მეორე პოლკიდან დაიწყო კადიროვის ერთგული თანამშრომლების ინტეგრაცია რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მოგვიანებით სწორედ ეს დანაყოფები იქცნენ რუსეთის ეროვნული გვარდიის „ჩეჩნურ სპეცრაზმებად“, ამასთან კადიროვისადმი პირადი ლოიალობის პრინციპი უცვლელი დარჩა. ადამ დელიმხანოვს, „ნავთობის პოლკის“ ყოფილი წევრს, ჯერ კიდევ 2009 წელს რამზან კადიროვი თავის პოტენციურ მემკვიდრედ და „უახლოეს მეგობრად“ ასახელებდა.

ალაუდინოვს კი სპეცრაზმთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ის მუშაობდა პოლიციის „ტრადიციულ“ სტრუქტურებში, რომლებიც ქვეყნის ყველა რეგიონში არსებობს: თავდაპირველად შინაგანი უსაფრთხოების სამმართველოში, შემდეგ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში და მოგვიანებით კრიმინალურ პოლიციაში. თუმცა, დელიმხანოვის მსგავსად, ისიც ჩართული იყო რეპრესიებში, წამებასა და ანგარიშსწორებაში.

კადიროვისა და ალაუდინოვის ურთიერთობაში გარდამტეხი აღმოჩნდა 2019 წელი. მაშინ ჩეჩნეთის ხელმძღვანელს ხელში ჩაუვარდა არგუნის მერის, იბრაგიმ ტემირბაევის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი (ტემირბაევი ცოტა ხნის კორუფციის გამო გაათავისუფლეს), რომელშიც ყოფილი მერი რესპუბლიკის ხელმძღვანელზე არასასურველ კომენტარებს აკეთებდა რეგიონულ ჩინოვნიკებთან და უსაფრთხოების ძალებთან საუბრისას, - წერდა „ნოვაია გაზეტა“. ყველა თანამოსაუბრეს აერთიანებდა ის, რომ ისინი ომის დროს ფედერალური ჯარების მხარეს იბრძოდნენ, ხოლო 2006 წელს მონაწილეობას იღებდნენ ჩეჩნეთის პრეზიდენტ ალუ ალხანოვთან შეხვედრაში, რომელზეც რამზან კადიროვის წინააღმდეგ შეთქმულების (რომელიც ვერ შედგა) საკითხი განიხილებოდა.

ტემირბაევის თანამოსაუბრეებს შორის იყო აპტი ალაუდინოვი. ის ოფიციალურად ამ თანამდებობას 2021 წლამდე იკავებდა, სანამ პუტინმა ჩეჩნეთის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან არ გაათავისუფლა. თუმცა, „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, ის 2019 წლის აგვისტოდან თავის კაბინეტში არ გამოჩენილა და მხოლოდ ხელფასსა და ნამსახურების მიხედვით განსაზღვრულ სპეციალურ დანამატს ინარჩუნებდა. უფლებამოსილების ოფიციალურად დათმობის შემდეგ, ალაუდინოვი მოსკოვში გადავიდა, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ მან ხელახლა „გამოიგონა“ საკუთარი თავი, როცა პოლიციელიდან სამხედრო მეთაურად იქცა.

გარეგნულად ძლიერი, შინაგანად სუსტი?

„მიზეზი, რის გამოც აპტი ალაუდინოვი შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ჩეჩნეთის მომდევნო ხელმძღვანელად განიხილებოდეს, დაკავშირებულია „რუსული სამყაროს გულწრფელი მეგობრის“ იმიჯთან, რომელიც მაინც შეიქმნა“, - აცხადებს პოლონეთში იჩქერიის რესპუბლიკის წარმომადგენლის მოადგილე ისლამ ბელოკიევი:

„მასთან შეიძლება დაჯდომა და გულითადი საუბარი. ეს ნიშნავს, რომ რუსებისთვის ის გარკვეულწილად თავისიანია. თუმცა მას ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს. აქედან დასკვნა: კირიენკო ალაუდინოვის მიმართ პირადი სიმპათიით ხელმძღვანელობს და არა ცივი გათვლებით“.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფედერალური უწყებების რომელიმე თანამდებობის პირს მსგავსი სიმპათია ჰქონდეს დელიმხანოვის მიმართ, რადგან დელიმხანოვი „მხოლოდ კრიმინალთან და დანაშაულებრივ სამყაროსთანაა დაკავშირებული, - ამბობს ისლამ ბელოკიევი, - ამ თვალსაზრისით, მას მხოლოდ პრაგმატიზმიდან გამომდინარე შეიძლება დაეყრდნონ და, ისიც ფსბ-ს ხელმძღვანელები მოსკოვში, რადგან დელიმხანოვის ავტორიტეტიც ჩეჩნეთის მიღმაა კონცენტრირებული და არა მის შიგნით“.

დმიტრი დუბროვსკი
დმიტრი დუბროვსკი

თუმცა დმიტრი დუბროვსკი, პოლიტოლოგი და პრაღის კარლოსის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის ლექტორი, ამბობს, რომ დელიმხანოვი კადიროვის კლანიდანაა და ამ გაგებით, ის ახმატ და რამზან კადიროვების მემკვიდრეობის ნაწილია, რაც კრემლის პერსპექტივიდან განსაკუთრებით ხელსაყრელი არ უნდა იყოს, მაგრამ ჩეჩნეთში დელიმხანოვი უფრო ფართო მხარდაჭერით ისარგებლებს, ვიდრე ალაუდინოვი. ეს უკანასკნელი მართლაც უფრო ძლიერია „გარედან“, რადგან უფრო მეტად არის დამოკიდებული კრემლზე და „ეყრდნობა თავის კარიერასა და სამხედრო ძალას“, - ამბობს დუბროვსკი.

„დელიმხანოვი უფრო „ომის გმირების“ სახელმწიფოს მართვაში ჩართვის ლოგიკაში ჯდება, მაშინ როცა ალაუდინოვი, პირობითად რომ ვთქვათ, „საჯაროა“ და ამ გაგებით, ის უფრო ჰგავს პოლიტიკოსს, ვიდრე ბოევიკს და, ამის გამო, რა თქმა უნდა, უფრო მიმზიდველი უნდა იყოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის“, - ამბობს დმიტრი დუბროვსკი.

ორივე ექსპერტი მიიჩნევს, რომ არც ალაუდინოვი და არც დელიმხანოვი არ არის კადიროვის ყველაზე სავარაუდო მემკვიდრე, მაგრამ ისინი რადიკალურად განსხვავდებიან იმაში, თუ ვინ შეიძლება იყოს მემკვიდრე.

„ვფიქრობ, რომ ორივე კანდიდატი პრობლემურია, რადგან თავად კადიროვი არ მოიწონებს მათ, რადგან ის თავის მემკვიდრედ აშკარად ამზადებს უმცროს ვაჟს [ადამის ვაჟს]“, - აღნიშნავს დუბროვსკი.

„ჩეჩნეთის მომდევნო მეთაურის არჩევისას პუტინი დაეყრდნობა უშუალოდ ჩეჩნეთში მომუშავე ფსბ-ს ოფიცრების მოსაზრებებს და არა კადიროვს, - მიაჩნია ისლამ ბელოკიევს, რომლის თქმითაც, ამ ლოგიკის თანახმად, კადიროვის ერთადერთი პოტენციური მემკვიდრე რესპუბლიკის მთავრობის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, მაგომედ დაუდოვია.

მაგომედ დაუდოვი
მაგომედ დაუდოვი

„წარმოვიდგინოთ „რვაფეხა“, რომლის საცეცებიც ჩეჩნეთში ყველაფერს აკონტროლებს. სწორედ ასეთია დაუდოვი. ვერც ალაუდინოვი და ვერც დელიმხანოვი ვერ შეედრება მას რეგიონში გავლენის თვალსაზრისით. კადიროვი არსებითად არაფერს აკეთებს; ყველაფერს დაუდოვი უძღვება. და ის ფაქტი, რომ სწორედ დაუდოვი ანაცვლებს მუდმივად კადიროვს ყველანაირ შეხვედრაზე და მათ შორის ფედერალურ დონეზეც კი, იმაზე მიუთითებს, რომ პუტინი მას ყველაზე შესაფერის კანდიდატად მიიჩნევს“, - ასკვნის ისლამ ბელოკიევი.

  • სპეცრაზმ „ახმატის“ მეთაური აპტი ალაუდინოვი კვლავ აღმოჩნდა მედიასკანდალის ცენტრში, რადგან კვლავ დაუპირისპირდა ომის მომხრე Z-ბლოგერებს. თუმცა, ამჯერად, მის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ არა ცალკეული „სამხედრო კორესპონდენტები“, არამედ კრემლთან დაახლოებული პროპაგანდისტები.
  • „ნოვაია გაზეტა ევროპა“ გასული წლის აპრილში იუწყებოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საბოლოოდ არჩევანი აპტი ალაუდინოვზე შეაჩერა. მაშინ ალუდინოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
  • ადამ დელიმხანოვი ჩეჩენი ლიდერის გარე ბიძაშვილი და დიდი ხნის მოკავშირეა. მრავალი წლის განმავლობაში დელიმხანოვი კადიროვის კრიტიკოსების დევნით იყო დაკავებული. მაგალითად, დელიმხანოვის სახელი ფიგურირებს 2015 წელს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG