Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი რუსული განმარტებითი ლექსიკონი: ენა პუტინის იდეოლოგიის სამსახურში


წარწერა პლაკატზე: "რუსეთი მთავრდება იქ, სადაც მთავრდება რუსული ენა".
წარწერა პლაკატზე: "რუსეთი მთავრდება იქ, სადაც მთავრდება რუსული ენა".

2025 წელს რუსეთის ფედერაციაში გამოიცა ახალი სახელმწიფო ენის განმარტებითი ლექსიკონი, რომელშიც სიტყვები იდეოლოგიური მიზნების შესაბამისადაა განმარტებული - ხაზს უსვამს ე.წ. ტრადიციული რუსული ღირებულებების პოპულარიზაციას და სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელობას ენის გამოყენებაზე.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ენის ახალი განმარტებითი ლექსიკონი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის (СПбГУ) მეცნიერ-თანამშრომლებმა შეადგინეს. მთავრობამ ლექსიკონი უკვე შეიტანა ნორმატიული (სტანდარტული) ლექსიკონების, ცნობარებისა და გრამატიკის სახელმძღვანელოების ახალ ჩამონათვალში, რომელიც განსაზღვრავს თანამედროვე რუსული ლიტერატურული ენის ნორმებს. სწორედ ამ ჩამონათვალში შეტანილ ლექსიკონებსა და სახელმძღვანელოებს დაეყრდნობიან რუსეთის სამთავრობო უწყებები თავიანთ მუშაობაში.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ენის ახალი განმარტებითი ლექსიკონის შექმნაში, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. როგორც ინტერნეტ-გამოცემა Тhe Barents Observer-ი შენიშნავს, ლექსიკონში შეტანილი არაერთი სიტყვის განმარტება შეცვლილია პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზანშეწონილობის შესაბამისად. ახალი განმარტებით ლექსიკონის მიხედვით, სიცოცხლე ჩასახვის მომენტიდან იწყება (სწორედ ამ არგუმენტით ებრძვის სახელმწიფო პროპაგანდა აბორტის უფლებას), ტელევიზია სახელმწიფოს ჩამოყალიბების ფუძემდებლურ როლს ასრულებს, კონსტიტუცია აღარ არის ქვეყნის ფუნდამენტური კანონი, ხოლო ავტორიტარიზმი სახელმწიფო მმართველობის ყველაზე ეფექტიანი ფორმაა ქვეყნისთვის რთულ დროებაში.

ლექსიკონის ავტორების თქმით, „ზოგიერთი სიტყვის დეფინიცია შეთანხმდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იურიდიულ დეპარტამენტთან, ხოლო მთლიანობაში ლექსიკონის მომზადებას რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობდა“. ავტორები პირდაპირ ამბობენ, რომ ლექსიკონში შეტანილი სიტყვები „აღწერენ იმ ტრადიციული რუსული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების შინაარსს“, რომლებიც ჩამოთვლილია „სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ“ რუსეთის პრეზიდენტის 2022 წლის ბრძანებულებაში.

ნიკოლაი კორპაჩოვი, სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორი (მარცხენა, აწეული ხელით) და დმიტრი მედვედევი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი
ნიკოლაი კორპაჩოვი, სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორი (მარცხენა, აწეული ხელით) და დმიტრი მედვედევი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი

ლექსიკონისთვის დართულ წინასიტყვაობაში სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის (СпбГУ) რექტორი, ნიკოლაი კროპაჩოვი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ლექსიკონის შექმნაზე იმუშავეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მშობლიური სასწავლებლის მკვლევრებმა და ეს გარემოება შემთხვევით არ არის.

„ლექსიკონსა და რუსეთის პრეზიდენტის (სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის მთავარი კურსდამთავრებულის) ბრძანებულებას შორის კავშირი სისტემურია: ლექსიკონი ხდება პრაქტიკული ინსტრუმენტი სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად ტრადიციული რუსული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. მისი დახმარებით მომავალ თაობებს გადავცემთ ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს და ვქმნით საიმედო სისტემას სულიერი და ზნეობრივი საფუძვლების დასაცავად“, - განმარტა პროექტის დირექტორმა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორმა ნიკოლაი კროპაჩოვმა.

„სახელმწიფო ლექსიკონის“ ათი ყველაზე ნიშანდობლივი განმარტება

ლექსიკონი მთლიანობაში 45 000 სიტყვას განმარტავს, ლექსიკური ერთეულები კი, როგორც ავტორები ამტკიცებენ, „შეირჩა სახელმწიფო ენის სავალდებულო გამოყენების ძირითად სფეროებში სიტყვების გამოყენების სიხშირის ანალიზის საფუძველზე“.

The Barents Observer-თვის მიცემულ კომენტარში ჰელსინკის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ლინგვისტმა მიხაილ კოპოტევმა აღნიშნა, რომ ლექსიკონი „გასაკვირად უდიერად არის შედგენილი“:

„განმარტებების აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ კოპირებულია „რუსული ენის დიდი განმარტებითი ლექსიკონიდან“ (სერგეი კუზნეცოვი ორივე ლექსიკონის რედკოლეგიის წევრია), ოღონდ ათასობით სიტყვასაა გამოტოვებული. ლექსიკონზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკვე ცხადია, რომ იქმნება „სწორი ლექსიკონი“.

ლინგვისტი ასევე ამბობს, რომ სახელმწიფო ენის ლექსიკონის საჯაროდ ხელმისაწვდომი ვერსია რამდენჯერმე უფრო მცირეა, ვიდრე მისი წინამორბედი, 2000 წლის „დიდი განმარტებითი ლექსიკონი“, რომელიც დაახლოებით 130 000 განმარტებას შეიცავს. The Barents Observer-ი აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ლექსიკონში“ არ არის ისე სიტყვები, როგორიცაა: „გულაგი“, „ოსობისტი“, „სტალინიზმი“, „რწმენა“, „იმედი“, „კეთილი“, „სიმართლე“, თუმცა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ლექსიკონში შეტანილი სიტყვების უმრავლესობა განმარტებულია უკიდურესად სუბიექტურად, არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად. მაგალითად:

ავტორიტარიზმი - [ბერძნულიდან auctoritas — ავტორიტეტი]. პოლიტმმართველობის ფორმა, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტული ინდივიდის ავტორიტეტზე და, რომლის ფარგლებშიც შეზღუდულია საზოგადოების მონაწილეობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებაში. ქვეყნისთვის რთულ პერიოდში მმართველობის ყველაზე ეფექტიანი ფორმა, რადგან უშვებს საკუთრების სხვადასხვა ფორმას, ხშირად ეყრდნობა პარტიებისა და მოძრაობების ბლოკს, არ ანადგურებს მტრულ ძალებს და უშვებს ტრადიციულისგან განსხვავებული ღირებულებითი სისტემების შეზღუდულ არსებობას.

ქორწინება - ოჯახური კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის; ცოლქმრობა. კანონიერი ქორწინება (ქვეყანაში მიღებული წესების შესაბამისად დადებული ოჯახური კავშირის შესახებ). შერეული ქორწინება (ქორწინება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის). ერთსქესიანთა ქორწინება (მამაკაცსა და მამაკაცს, ან ქალსა და ქალს შორის ინტიმური ჰომოსექსუალური კავშირი, რომელიც დაგმობილია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ და არ არის მხარდაჭერილი რუსეთის სახელმწიფოს მიერ).

მტერი - 1. ის, ვინც სუვერენული ხელისუფლების მიერ აღიარებულია ხალხის, მთავრობისა და სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილად. იდეოლოგიური მტერი. მოსისხლე მტერი. 2. სამხედრო მოწინააღმდეგე. 3. რაღაცის. რაღაცის პრინციპული მოწინააღმდეგე. მოწევის მტერი. კერძო საკუთრების მტერი.

ჰომოსექსუალობა - [ბერძნულიდან ómós — იდენტური, sexus — სქესი]. სექსუალური გადახრის სახეობა, რომელიც ვლინდება ერთი და იმავე სქესის პირებთან სენსუალური ვნების დაკმაყოფილებით; მამათმავლობა, პედერასტია, მამაკაცებს შორის სქესობრივი ურთიერთობები; მამაკაცის სექსუალური ლტოლვა მამაკაცის მიმართ.

ჰუმანიზმი - [ლათინურიდან humanus — ადამიანი].ტრადიციული რუსული სულიერი და ზნეობრივი ღირებულება: მსოფლმხედველობა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირებულების, მისი ღირსების, სხვების პატივისცემის, მათი კეთილდღეობისადმი ზრუნვის და თავისუფლების, თანასწორობისა და ბედნიერების უფლების პრინციპებზე; ქველმოქმედება და ჰუმანურობა.

დემოკრატია - [ბერძნული démos — ხალხი და krátos — ძალაუფლება]. ძალაუფლების განხორციელება, რომელიც დაფუძნებულია ყველას (სახელმწიფოში, ყველა მოქალაქის) აზრის გათვალისწინების, დისკუსიის ღიაობისა და მთავრობის გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების საჯარო ზედამხედველობის პრინციპებზე. // დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ პრაქტიკაში: მმართველობის ფორმა, რომელშიც მოქალაქეებს აქვთ გარკვეული უფლებები და თავისუფლებები, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებენ ყველაზე გავლენიანი პირების ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც გავლენას ახდენენ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე (საპირისპირო: დემოკრატია). ფიქციური დემოკრატია.

სიცოცხლე - ტრადიციული რუსული სულიერი და ზნეობრივი ღირებულება: ადამიანის არსებობის პერიოდი მისი არსებობის დასაწყისიდან (ჩასახვიდან), სოციალური განვითარებიდან სიკვდილამდე.

ერთიანობა - მთლიანობა, განუყოფლობა. მაგ. საჯარო ხელისუფლების სისტემის ერთიანობა. ბელარუსების, რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობა. რუსეთის ხალხების ერთიანობა (ტრადიციული რუსული სულიერი და მორალური ღირებულება: მდგომარეობა, როდესაც სხვადასხვა ეთნიკური, ეროვნული, კულტურული და რელიგიური ჯგუფის ადამიანები, რომლებიც საერთო ინტერესების, მიზნებისა და ღირებულებებისკენ ისწრაფვიან, მშვიდობიანად, ჰარმონიულად და ურთიერთგაგებით არსებობენ). // რაღაცის კონცენტრაცია ერთ ადგილას, ერთ დროში, ერთ ხელში და ა.შ. არმიის სარდლობის ერთიანობა.

რეჟიმი - [ფრ. régime]. პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ზომების ერთობლიობა, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლება იყენებს საზოგადოების სამართავად; სახელმწიფო სისტემა, მმართველობის ფორმა. დემოკრატიული რეჟიმი. რეაქციული რეჟიმები. პოლიტიკური, ეკონომიკური რეჟიმი. კიევის რეჟიმი (უკრაინაში 2014 წლიდან: პოლიტიკური მმართველობის დამკვიდრებული ფორმა, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსულენოვანი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებსა და ინტერესებს).

ოჯახი - სისხლით ნათესაობისა და ქორწინების ნიადაგზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო საცხოვრებელი სივრცითა და ეკონომიკური და მორალური პასუხისმგებლობებით. დიდი, მრავალშვილიანი ოჯახი. მჭიდროდ შეკრული ოჯახი. ძლიერი ოჯახი (ტრადიციული რუსული სულიერი და მორალური ღირებულება: ადამიანთა ერთობა, რომელშიც ურთიერთობები დაფუძნებულია ურთიერთსიყვარულზე, ზრუნვასა და პატივისცემაზე, სულიერ ერთიანობაზე, ნდობაზე, ურთიერთდახმარებაზე, ურთიერთ პასუხისმგებლობასა და პატიოსნებაზე).

აკრძალული სიტყვები

"ლექსიკონში „პირველად მკაფიოდ არის განსაზღვრული სფეროები, სადაც შეიძლება გარკვეული სიტყვებისა და მათი მნიშვნელობების გამოყენება და სად - არა", - ნათქვამია სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებსაიტზე. უნივერსიტეტის რექტორი ნიკოლაი კროპაჩოვი ამბობს:

„პირველად, ასეთი ნორმები მკაფიოდ იქნა დადგენილი და ისინი ატარებენ არა აღწერით, არამედ მარეგულირებელ ხასიათს“.

კროპაჩოვი აღნიშნავს, რომ ლექსიკონში მოცემულია 14 ფუძისგან შემდგარი სია - „უცენზურო სიტყვები, რომლებიც კლასიფიცირდებიან უხამსობად“. ლინგვისტების განმარტებით, ადრე, რუსეთში უხამსობად მიიჩნეოდა მხოლოდ ოთხი ფუძისგან წარმოებულები სიტყვები. 2013 წელს როსკომნადზორმა გამოსცა სპეციალური განმარტება მედიასაშუალებებისთვის, რომლებსაც იმავე წლის დასაწყისში აეკრძალათ უხამსი ენის გამოყენება. „უხამსს სიტყვებსა და გამოთქმებს განეკუთვნება ოთხი გავრცელებული სიტყვა, რომლებიც იწყებიან ასოებზე: „х“, „п“, „е“, „б“ (ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოები, სექსუალური აქტის აღმწერი ზმნა) და მათგან წარმოებულ სიტყვები და გამონათქვამები“, - ნათქვამი იყო მარეგულირებელი უწყების პრესრელიზში.

პირველად, ასეთი ნორმები მკაფიოდ იქნა დადგენილი და ისინი ატარებენ არა აღწერით, არამედ მარეგულირებელ ხასიათს

2005 წლის 1 ივნისის „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ენის შესახებ“ ფედერალური კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი აკრძალვის დაცვის უზრუნველსაყოფად, „უხამსი ენა“ გაგებული უნდა იქნეს, როგორც შემდეგი ძირებიდან მიღებული სიტყვების გამოყენება: -бзд- (ჰაერის გაფუჭება და მისგან წარმოებულები); -ёб/еб- (трах. და ა.შ.), ху.; дер.; жоп.; пиз. და ა.შ.

ამ ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ, როსკომნადზორმა კომენტარი გააკეთა უხამსი სიტყვების სიის გაფართოებასთან დაკავშირებით:

„ზემოთ ჩამოთვლილი ფუძეების მქონე სიტყვებს, რომლებიც თავისი არსით შეურაცხმყოფელი, ვულგარული, უხეში და ჟარგონულია, აქვთ შესაბამისი აღნიშვნა რუსული ენის ლექსიკონებში. თუმცა ეს სიტყვები არ არიან ტაბუირებული. ეს სიტყვები მიეკუთვნება არანორმატიულ ლექსიკას, რომლის გამოყენება საჯარო, სოციალურად და ეროვნულად მნიშვნელოვან კომუნიკაციაში მიუღებელია. თუმცა ეს სიტყვები რუსული ენის პერსპექტივიდან გამომდინარე უხამს, უცენზურო გინებად არ მიიჩნევიან.

მორიგი ცუდი ამბავი

ჰელსინკის უნივერსიტეტის ლინგვისტმა მიხაილ კოპოტევმა სახელმწიფო ენის ლექსიკონში აღმოაჩინა ასობით ლექსემა, რომლებიც რუსული ენის დიდ განმარტებით ლექსიკონში (БТС) არ არის. ესენია ვიწრო სპეციალობის იურიდიული ლექსიკის არაერთი ნიმუში, ასევე სიტყვები, რომლებიც პოლიტიკურ დღის წესრიგს ასახავს. კერძოდ, რუსული ენის ლექსიკონში ახლა შეტანილია სიტყვა „უცხოელი აგენტი“ - პირი, რომელიც უცხო სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებს და მისგან დაფინანსებას იღებს. ეს სიტყვა БТС-ში არ არის.

„არ ვიცი, რამდენად საფუძვლიანად დაინერგება ახალი ლექსიკონი საგანმანათლებლო პროცესში, მაგრამ ეს ყველა შემთხვევაში ნამდვილად ძალიან სერიოზულია; ეს ბავშვების აზროვნების ერთგვარი გადაწყობაა. ისტორიაში არასდროს ყოფილა იდეოლოგიური ინდოქტრინაცია ასე მასშტაბური; მოკლედ, ამ ლექსიკონის გამოცემა მორიგი ცუდი ამბავია“, - ამბობს ისტორიკოსი, პედაგოგი და ისტორიული ცოდნის პოპულარიზატორი მიხაილ კოპიცა, რომელმაც რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დატოვა.

„ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სახელმძღვანელოებს აქვთ სპეციალური განყოფილებები - გამოყენებული ცნებების ლექსიკა. თუ ახალი განმარტებითი ლექსიკონი სტანდარტი გახდება, მაშინ მისი შინაარსი გავლენას მოახდენს ამ განყოფილებებზე, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ტერმინების ფორმულირებაზე. ეს ძალიან ჰგავს სოკოს სპორებს, რომლებიც ყველგან ვრცელდება და ყველაფერს აინფიცირებს. ამ ყველაფერს გრძელვადიანი ეფექტი ექნება“, - ამბობს მიხაილ კოპიცა.

ლინგვისტ მიხაილ კოპოტევის თქმით, ლექსიკონს, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიის წარმოების საშუალებას, გამოყენების დიდი ხნის ტრადიცია აქვს.

ლექსიკონი „მემარჯვენეს“ ასე განმარტავს: რეაქციული, კონსერვატიული, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში პროგრესული მიმდინარეობების მიმართ მტრულად განწყობილი

„დ.ნ. უშაკოვის პირველი საბჭოთა განმარტებითი ლექსიკონი შეიქმნა საბჭოთა ადამიანის აღზრდის მიზნით. მაგალითად, უშაკოვის ლექსიკონი „მემარჯვენეს“ ასე განმარტავდა: „რეაქციული, კონსერვატიული, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში პროგრესული მიმდინარეობების მიმართ მტრულად განწყობილი“. ასი წლის შემდეგ, ეს განმარტება თითქმის უცვლელი სახით გადავიდა რუსეთის სახელმწიფო ენის ახალ ლექსიკონში“.

მიხაილ კოპოტევის თქმით, ლექსიკონს დაემატა სიტყვები და მნიშვნელობები, რომლებიც გამოახატავენ „სულიერ და მორალურ ღირებულებებს“, რაც, ექსპერტის თქმით, საზოგადოების სულისკვეთების ასამაღლებელი იმპერიული და საბჭოთა ელემენტების მოსალოდნელი ნაზავია.

„არსებითად, იქმნება ენის სრული კონტროლის მექანიზმი: ლექსიკონი რუსეთის მოქალაქეს ავალდებულებს სიტყვების გამოყენებას დამტკიცებული მნიშვნელობით „სახელმწიფო ენის სავალდებულო გამოყენების ყველა სფეროში“. ლექსიკონი ნორმატიულია ამ სიტყვის იურიდიული გაგებით“, - ამბობს მიხაილ კოპოტები.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG