Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი აცხადებს, რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ ევროპის საპასუხო შეთავაზებას რუსეთი ვერ მიიღებს


სააგენტო Reuters-ის თანახმად, კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის საპასუხო ევროპული შეთავაზება არ არის კონსტრუქციული და მას მოსკოვი, უბრალოდ, ვერ მიიღებს.

გასულ კვირას აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პროექტის გამოქვეყნებამ გააღრმავა უკრაინისა და ევროპის ქვეყნების შეშფოთება იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა მიიღო რუსეთის ძირითადი მოთხოვნები ნატოსთან, ტერიტორიასთან და ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ქრონოლოგიასთან დაკავშირებით.

Reuters-ი გაეცნო ასლს, რომლის თანახმადაც, ევროპული გეგმა მნიშვნელოვნად ცვლის ნატოსა და ტერიტორიასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების აზრსა და მნიშვნელობას.

„ერთი შეხედვით, ევროპული გეგმა... სრულიად არაკონსტრუქციულია და ჩვენ მას ვერ მივიღებთ”, - განუცხადა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვმა, ჟურნალისტებს მოსკოვში.

პარასკევს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის წინადადებები უკრაინაში მშვიდობის შესახებ შეიძლება კონფლიქტის მოგვარების საფუძველი გახდეს, თუმცა თუ კიევი ამ გეგმაზე უარს იტყვის, მაშინ რუსული ძალები გააგრძელებენ წინსვლას.

უშაკოვმა თქვა, რომ „ამ (აშშ-ის) გეგმის არა ყველა, მაგრამ ბევრი დებულება ჩვენთვის სავსებით მისაღები ჩანს“. თუმცა, დასძინა, რომ ზოგიერთი მათგანი უფრო დეტალურ განხილვას მოითხოვს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG