ამ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ჩინეთის სახელმწიფო კომპანია, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ China Railway 23rd Bureau Group Co (CR23), ხოლო ზედამხედველია თურქული კომპანია UBM-ი.
- გზების დეპარტამენტი ახლა აცხადებს, რომ კონტაქტორისგან - „23-ე ბიუროს ჯგუფისგან“ - უსაფრთხოების ნორმების დაცვის „მაქსიმალურ გამკაცრებას“ ითხოვს.
- ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში „23-ე ბიუროს ჯგუფის“ წარმოებული სამუშაოებისას დასაქმებული დაიღუპა ან დაშავდა.
- ამ კომპანიას წარსულში მსოფლიო ბანკის დაფინანსებულ ტენდერებში მონაწილეობა 9 თვით ჰქონდა აკრძალული.
წლებია, საქართველოს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩინეთის სახელმწიფოს კუთვნილი სხვადასხვა კომპანია აშენებს. არაერთის მიმართ არსებობს კითხვის ნიშანი, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების მიმართულებებით.
ოთხი დაღუპული, ერთი დაშავებული
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, - რომელიც არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, - 23 ნოემბერს გაავრცელა ცნობა წკერესთან მომხდარის შესახებ.
გზების დეპარტამენტის ცნობით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, - სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, - სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი მოჰყვა ჩამოშლილი მასის ქვეშ.
ეს თანამშრომლები თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ.
ოთხი ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს, ერთი კი გადარჩა და კლინიკაში გადაიყვანეს.
დღეს, 24 ნოემბრის დილით კლინიკის წარმომადგენელმა - თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ბეჟან ხოზრევანიძემ განაცხადა, რომ „პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო“ და ის „ინტენსიური მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“.
მშენებელი კომპანია - CR23
ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყო.
პირველადი დათქმით, სამუშაოები 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, - და უკვე დასრულებულია 9-კილომეტრიანი მთავარი და საევაკუაციო გვირაბების გაყვანა, - თუმცა პროექტის მშენებლობა ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტს ორი კონტრაქტორი ჰყავდა, ორივე ჩინეთის სახელმწიფო კომპანია:
- „ჩინეთის რკინიგზის გვირაბის ჯგუფი“ (CRTG - იგივე China Railway Tunnel Group Co. Ltd) - ამ კომპანიას მუშაობა დასრულებული აქვს; სწორედ მან გაჭრა 9 კმ-იანი, 15მ დიამეტრის გვირაბი TBM ტექნოლოგიით. ეს არის საქართველოში ყველაზე გრძელი და მთავრობის შეფასებითვე, „მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ინფრასტრუქტურული ობიექტი“.
- მეორე კომპანია კი არის „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ (China Railway 23rd Bureau Group Co (CR23).
სწორედ ამ კონტრაქტორის - CR23-ის - მიერ წარმოებული სამუშაოებისას დაიღუპა 23 ნოემბერს ოთხი დასაქმებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იმავე დღეს გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა, რომ იგი „კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას“.
2025 წლის 17 ნოემბერს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" წერდა, რომ პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია, ხოლო „მშენებლობის დასრულება, ეტაპობრივად, 2025-2026 წლებშია დაგეგმილი“.
ზედამხედველი კომპანია - UBM
რადიო თავისუფლებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრში უთხრეს, რომ პროექტის ზედამხედველი კომპანია არის UBM-ი.
ეს არის თურქული კომპანია, რომლის სრული დასახელებაცაა UBM ULUSLARARASI BİRLEŞMİŞ MÜŞAVİRLER MÜŞAVİRLİK HİZMETLERİ A.Ş.
კითხვაზე, თუ რას მოიცავს ზედამხედველობა, დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ საზედამხედველო ჯგუფი ობიექტზე ახორციელებს:
- „სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგს პროექტთან მიმართებაში,
- გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების და შესრულებული სამუშაოების შემოწმებას,
- შესაბამისი ლაბორატორიული ტესტირების ჩატარებას,
- ხარისხის კონტროლს,
- სამშენებლო სამუშაოების მეთოდოლოგიების შეთანხმებას,
- სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შემოწმებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობების შემოწმებასა და დამტკიცებას,
- სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე კონტროლს, გარემოს და სოციალური საკითხების შესწავლას
- სამუშაოების მიმდინარეობისას და შესაბამისი მონიტორინგის გაწევას,
- შრომის და უსაფრთხოების შესაბამისობის კონტროლს სამუშაოების მიმდინარეობისას,
- ყოველთვიურად ანგარიშების მომზადებას, ტექნიკური დოკუმენტაციების (ნახაზების, საინჟინრო ანგარიშების) შემოწმებას/დამტკიცებას“.
რადიო თავისუფლება ცდილობს თურქულ კომპანიასთან დაკავშირებას კითხვით, გამოუვლენიათ თუ არა რაიმე დარღვევა CR23-ზე ზედამხედველობის ფარგლებში და რა კომუნიკაცია ჰქონდათ საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე. კომპანიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
წარსულში მომხდარი ინციდენტები
ეს არ არის საქართველოში CR23-ის მშენებლობაზე დასაქმებულების დაშავებისა და გარდაცვალების პირველი შემთხვევა. 2019 წელს ხარაგაულში მუშებს ხანგრძლივი პროტესტი ჰქონდათ კომპანიის წინააღმდეგ.
- 2018 წლის ოქტომბერში ზვარეში გარდაიცვალა რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლი, 55 წლის კაცი. დაღმართით მიმავალი ერთი ავტომანქანა მეორეს დაეჯახა, რასაც ერთ-ერთის მძღოლის დაღუპვა მოჰყვა;
- 2019 წლის 6 ოქტომბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში 41 წლის კაცი დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ის „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ თანამშრომელი იყო. კომპანიამ განაცხადა, რომ ის დაიღუპა „ავტოსაგზაო შემთხვევის“ შედეგად.
„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ ინფორმაციით, მას კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
შრომის ინსპექციამ სამუშაო პროცესი დროებით შეაჩერა და 50 000 ლარით დააჯარიმა. „აღნიშნულ კომპანიაში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დამკვიდრება“, - აცხადებდა სახელმწიფო უწყება.
„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ მაშინდელი განცხადებითვე, წინასწარი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მხრიდან დარღვეული იყო „სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმა და სტანდარტები“.
2018 წლის 22 იანვარს სოფელ ბეჟათუბანში მიმდინარე სამუშაოების დროს - გვირაბის გაყვანისას აფეთქების შედეგად სამი დასაქმებული დაშავდა და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პროფკავშირის განცხადებით, მუშები წინასწარ არ გაუფრთხილებიათ დაგეგმილი აფეთქებითი სამუშაოების შესახებ.
2019 წლის იანვარში ხარაგაულში 80-მდე დასაქმებული საპროტესტო აქციას მართავდა და საუბრობდა უსაფრთხოების წესების დაუცველობის პრობლემასა და მძიმე სამუშაო პირობებზე.
ჩინეთის სახელმწიფო კომპანია
ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში დაფუძნებული „23-ე რკინიგზის ჯგუფი“ არის სახელმწიფო კორპორაციის „ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციის“ (CRCC) შვილობილი კომპანია.
CRCC-ც და CR23-იც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია ჩართული საავტომობილო გზების, გვირაბების, ხიდების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაში.
2023 წლის ივლისში საქართველომ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ გამოაცხადეს, რომ „სტრატეგიული პარტნიორები“ გახდნენ.
სამოქალაქო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“, რომელიც ჩინეთის რბილ ძალასა და ინვესტიციებს იკვლევს საქართველოში, 2023 წლის ანგარიშში წერდა, რომ სახელმწიფომ CR23-ს ინსპექციის შედეგად 2021 წელს არაერთი დარღვევა გამოავლინა. მათ შორის:
- დისკრიმინაცია,
- ენობრივი ბარიერი შრომით ურთიერთობებში,
- ხელშეკრულების ხანგრძლივობასთან დაკავშირებული ხარვეზები,
- ბუნდოვანი სამუშაო გრაფიკი,
- დაუდგენელი სამუშაო ადგილი,
- სამუშაოს შესრულება მოვალეობებს ფარგლებს გარეთ,
- გადაჭარბებული დროით სამუშაოს შესრულება.
2019 წლის ივნისში მსოფლიო ბანკმა 9-თვიანი აკრძალვა დააწესა ჩინურ კომპანიებზე - CR23-სა და CRCC International-ზე. აკრძალვა უკავშირდებოდა საქართველოში „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში გამოვლენილ გადაცდომებს.
მსოფლიო ბანკის თანახმად, გზატკეცილის მშენებლობის ხელშეკრულების წინასწარი კვალიფიკაციისა და ტენდერის ჩატარების დროს, პროექტში მონაწილე დასახელებულმა ჩინურმა კომპანიებმა არასწორად წარადგინეს ინფორმაცია პერსონალის, აღჭურვილობისა და წინა გამოცდილების შესახებ, რაც მსოფლიო ბანკის ადმინისტრაციული სანქციების სისტემამ თაღლითობის პრაქტიკად განიხილა.
გზების დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ კომპანიასთან კონტრაქტის დადებაზე გადაწყვეტილება 23 მაისს მიიღეს, - მსოფლიო ბანკის სანქციის გამოცემამდე ერთი თვით ადრე და მათ არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი, ერთი წლით ადრე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ.
24 ნოემბერს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ ზაბახიძემ განაცხადა: „გამოძიების დასრულების შემდგომ დადგინდება შემთხვევის გამომწვევი კონკრეტული მიზეზები“.
ფორუმი