Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ქვეყანაზე ზეწოლის გაზრდას ელის და ამბობს: უკრაინამ შეიძლება დაკარგოს ან ღირსება ან მნიშვნელოვან პარტნიორი


ვოლოდიმირ ზელენსკი. 21 ნოემბერი, 2025 წელი
ვოლოდიმირ ზელენსკი. 21 ნოემბერი, 2025 წელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ქვეყანაზე ზეწოლის ზრდას ელის აშშ-ის მთავრობის მიერ ომის დასრულების პროექტის გამო. მომდევნო კვირა ძალიან რთული იქნება, განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა პარლამენტს და მთავრობას თანამშრომლობისკენ. ზელენსკიმ განაცხადა: „ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის — ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს .“ ამავდროულად, მან განაცხადა, რომ გააგრძელებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას აშშ-სთან.


აშშ-ის მთავრობის პროექტი, რომელიც რამდენიმე მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს უკრაინის მიერ რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობებს. კიევმა ასევე სამხედროთა რაოდენობა უნდა შეამციროს და ნატოში წევრობაზე უარი თქვას. სანაცვლოდ, აშშ-ის გეგმის თანახმად, უკრაინა „უსაფრთხოების სანდო გარანტიებს“ მიიღებდა. დამატებითი დეტალები არ არის მოცემული.
პროექტის თანახმად, რუსეთს, უკრაინასა და ევროპას შორის „თავდაუსხმელობის ყოვლისმომცველი შეთანხმება“ უნდა დაიდოს. გარდა ამისა, 28-პუნქტიანი გეგმის დასაწყისში ხაზგასმულია უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, აშშ-ის მთავრობა მოითხოვს, რომ უკრაინამ მომავალ კვირას ხელი მოაწეროს შეთავაზებულ გეგმას.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა AFP-ს განუცხადა, რომ „პრეზიდენტი ტრამპი ორივე მხარესთან მუშაობს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი, რომელიც ძალიან დიდხანს გრძელდება და ძალიან ბევრი უაზრო სიკვდილი გამოიწვია.“

ზელენსკიმ 21 ნოემბერს სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან, მოგვიანებით კი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან, იტყობინება Reuters-ი.



ფორუმი

XS
SM
MD
LG