დიმიტრი ქვაჭრელიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით პროკურატურამ 2024 წლის 26 იანვარს დააკავა.
დაიჭირეს მისი მოადგილეც - ამირან ნაჭყებია და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთად მას თაღლითობის ბრალიც წარუდგინეს.
პოლიციელების საქმე განიხილა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა. პოლიციის ყოფილ უფროსს მან 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა, მის მოადგილეს 5 - წლით.
„ეს საქმე შეეხება რუს მოქალაქეს, რომელიც არის ნარკოტიკების მომხმარებელი, დაკავებულია სხვადასხვა ქვეყანაში ბარიგობის გამო, მომიყვანა ის თანამშრომელმა სამსახურში, შემომთავაზა თანამშრომლობა… გადის პოლიციიდან და მეორე დღეს საღამოს რვა საათზე წერს საჩივარს [ჩემს წინააღმდეგ]... მე ვფიქრობ, რომ ვიღაცას ხელი შევუშალე მასთან ურთიერთობაში…
არც ქრთამი ამიღია და არც ვინმეზე მიძალადია, ვიღაც მსოფლიო ბარიგას ნათქვამზე ვარ დაპატიმრებული მე, პოლიციის პოლკოვნიკი კაცი“, - ამბობს წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ვიდეოში, რომელსაც მისი ცოლი იღებს. ჩანაწერში ისმის, როგორ აკაკუნებენ პროკურატურის თანამშრომლები მათი ბინის კარზე.
ვინ არის დიმიტრი ქვაჭრელიშვილი
პოლიციის პოლკოვნიკი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში 1991 წლიდან მუშაობს.
- საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მმართველობისას ის ადამიანის გატაცებისა და კანონიერი ქურდების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების თანამშრომელი იყო;
- მომდევნო 8 წელი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ სამსახურში მუშაობდა;
- 2 წელი - სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში;
- იყო საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის სამმართველოების უფროსიც;
- დაკავებამდე 3 წელი მუშაობდა წყნეთის პოლიციის უფროსად.
დიმიტრი ქვაჭრელიშვილის სახელი ფიგურირებს წყნეთში, 30 წლის ზურაბ გველესიანის მკვლელობის საქმეშიც. ქვაჭრელიშვილი შემთხვევის ადგილზე, პოლიციის მანქანაში იჯდა იმ დროს, როდესაც მისი სამმართველოს თანამშრომლის გასროლილ ტყვიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. საქმე ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ეხებოდა. მაშინ წყნეთის პოლიციის უფროსი სასამართლოში მოწმედ დაიკითხა.
2024 წლის იანვარში, დაკავებამდე, წყნეთის პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილემ, თანამდებობები თავად დატოვეს, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ გენერალურ პროკურატურას მათ წინააღმდეგ გამოძიება ჰქონდა დაწყებული. პროკურატურაში საქმე გენერალური ინსპექციიდან მოხვდა. ინსპექციაში კი რუსეთის მოქალაქემ ანდრეი ეროშკინმა იჩივლა - ის ქვაჭრელიშვილს და ნაჭყებიას ქრთამის აღებაში ადანაშაულებდა.
ვინ არის ანდრეი ეროშკინი
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ანდრეი ეროშკინი საქართველოში 2023 წელიდან ცხოვრობს.
მისი თქმით, 2023 წლიდან, საქართველოში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, ვიეტნამში „კანაფის“ ლეგალურ ბიზნესში დააბანდა 10 000-დან 15 000 აშშ დოლარამდე და თვეში 5 480-დან – 9 590 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა. შემდეგ ეს წილები ონლაინ გაყიდა.
2024 წელს შეიძინა 3 მშენებარე ბინა, ავტომობილი მიცუბიში L-200 [მსგავსი ავტომობილის საშუალო საბაზრო ფასი 25 000 დოლარია] და კვადროციკლი.
საქმის მასალებში ასევე წერია, რომ ეროშკინი რამდენჯერმეა ნასამართლევი 2004 წელს - რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ტულაში, ძარცვისთვის და ყაჩაღობისთვის. 2010 წელს ნასამართლევია მურმანსკში, ნარკოტიკების წარმოებისთვის.
ყველა ნასამართლობა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო გაქარწყლებული აქვს.
რადიო თავისუფლება შეეცადა ეროშკინთან დაკავშირებას იმ ნომერზე, რომელიც საქმის მასალებშია მითითებული. თუ კომუნიკაცია შედგება, მისი პოზიცია სტატიაში აისახება.
რასიომონი - რა მოხდა 2024 წლის 15-16 იანვარს პოლიციის განყოფილებაში
2024 წლის 15-16 იანვრის ამბებს გამოძიება ასე აღწერს:
2024 წლის 15 იანვარს, დაახლოებით ღამის 11 საათზე, ანდრეი ეროშკინი წყნეთში, მაღაზიიდან გამოსვლისას ორმა პოლიციელმა გააჩერა და განყოფილებაში წაიყვანა - უთხრეს, რომ პოლიციის უფროსს უნდოდა მასთან გასაუბრება.
სანამ ეროშკინი პოლიციის განყოფილებაში იყო, მისი სახლი სამართლებრივი პროცედურების დარღვევით გაჩხრიკეს და ვითომდა „ნივთმტკიცებად" სახლიდან წაიღეს:
- 3000 აშშ დოლარად შეფასებული „დრონი“;
- 1000 აშშ დოლარის ღირებულების „გუჩის“ ფირმის მაჯის საათი
- სუნამო და სხვადასხვა ნივთი.
„სინამდვილეში.... დაეუფლნენ მისაკუთრების მიზნით და მოტყუებით“, - ასკვნის პროკურატურა.
პარალელურად, გამოძიების თანახმად, წყნეთის პოლიციის უფროსმა ეროშკინი დააშანტაჟა - უთხრა, ვიცი შენი კავშირის შესახებ ნარკოტიკების ბიზნესთან და ნარკოტიკის ჩადების მუქარით მას 3500 აშშ დოლარი და პოლიციასთან თანამშრომლობის პირობა გამოსძალა.
„დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა ანდრეი ეროშკინს ხელზე წაუსვა მცირე ზომის 3 პაკეტი და უთხრა, რომ მისი ბიოლოგიური მასალა გადასული იყო ამ პაკეტებზე, რომლებშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერებები, რაზეც მას ემუქრებოდა მკაცრი სასჯელი... არ მისცა საშუალება დაერეკა ადვოკატთან, რისი უფლებაც მას ჰქონდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სრულყოფილად არ ფლობდა სამართალწარმოების ენას“, - წერია ბრალდების ტექსტში.
პროკურატურის პოზიცია სრულად გაიზიარა სასამართლომ.
დაცვის მხარის ვერსია:
დაპატიმრებული პოლიციის უფროსის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა 2023 წელს გამოავლინა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების ჯგუფი, რომლებსაც ნაქირავებ ბინებში მოწყობილ სათბურებში მარიხუანა მოჰყავდათ და ყიდდნენ.
მათგან „გაიგო, რომ წყნეთში, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში, ცხოვრობს ვინმე ანდრეი ეროშკინი, რუსეთის მოქალაქე, რომელსაც, სავარაუდოდ, მოჰყავს და ყიდის ნარკოტიკულ საშუალებებს…“ - ჰყვება ქვაჭრელიშვილის ადვოკატი და აზუსტებს, რომ პოლიციის უფროსმა ახალი ინფორმაცია ხელმძღვანელობას აცნობა და „დაიწყო ოპერატიული მუშაობა ეროშკინის ადგილ-სამყოფლის“ დასადგენად.
ეროშკინის ჩვენების მიხედვით მოვლენები, მისი პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ ასე განვითარდა:
„მთხოვეს, ყველაფერი ამომეღო ჯიბიდან... პოლიციის უფროსი სადაც იჯდა, იმ მაგიდაზე დავდე ფული”.
ეროშკინი გამოძიებას უყვება, რომ წინა დღით მანქანა გაყიდა, რუსეთში აპირებდა წასვლას და ნაღდი ფულიც ამიტომ ჰქონდა თან.
„პოლიციის უფროსი მეკითხებოდა, რა სახსრებით ვცხოვრობდი, სად მქონდა იარაღი და [კანაფის] ორანჟერეა… დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა წინ დამიდო სამი შეკვრა… მითხრა, რომ შეკვრებში იყო მეტადონი, მარილი და კოკაინი… მივხვდი, რომ ზომები უნდა მიმეღო და დიმიტრის ვკითხე, რა უნდოდათ. 4 000 დოლარი და სახლში წახვალო… ვუთხარი 3 500-სს მოგცემთ და კოკაინს მაგიდიდან შევიყნოსავ მეთქი… დამეთანხმა…“
საქმის მასალებში ჩანს, რომ ეროშკინმა პოლიციის განყოფილებაში არა მხოლოდ ნარკოტიკი, არამედ ალკოჰოლიც მოიხმარა. ეროშკინის მტკიცებით, პოლიციის შენობაში კოკაინის შეყნოსვა და კონიაკის დალევა მისი დაცვის სტრატეგია იყო: „იცოდა, რომ თავის გადასარჩენად რაღაცნაირად უნდა ევაჭრა“.
„დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა თანამშრომლობა შემომთავაზა ნარკოდანაშაულების გამოვლენის მიზნით, რასთან დაკავშირებითაც უცებ რაღაც ზღაპარი მოვიფიქრე, რადგან ჩემი დაცვის სტრატეგია იყო. ეს შეთავაზება მაშინ მივიღე, როცა ქრთამი უკვე მიცემული მქონდა“, - განაგრძობს ეროშკინი ჩვენებაში, თუმცა იქვე აზუსტებს, რომ პოლიციის განყოფილება ისე დატოვა, რომ თანამშრომლობის რაიმე შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია.
პოლიციის განყოფილებაში მომხდარს წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი კი, საქმის მასალების მიხედვით, ასე აღწერს:
წყნეთის პოლიციას ინფორმაცია ჰქონდა, რომ ეროშკინი ნარკოტიკებით ვაჭრობაში პირდაპირ ან ირიბად უნდა ყოფილიყო ჩართული და შეეძლო პოლიციას ორგანიზებულ ქსელზე გასვლაში დახმარებოდა. ამის შესახებ იცოდა „ხელმძღვანელობამ“ - კონკრეტულად, გელა ქურდაძემ.
იმ დროისთვის ქურდაძე, საჯარო წყაროების მიხედვით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი იყო. 2025 წლის დეკლარაციით კი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა.
რადიო თავისუფლებამ სცადა ქურდაძესთან შინაგან საქმეთა სამინისტროს გავლით ინფორმაციის გადამოწმება, მაგრამ უშედეგოდ.
ქვაჭრელიშვილი ამბობს, რომ ეროშკინი დათანხმდა თანამშრომლობაზე და დაჰპირდა პოლიციელს, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებზე გაიყვანდა, რომლებიც საქართველოში კოკაინით ვაჭრობდნენ. თუმცა რახან ეროშკინი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, რასაც თავად ეროშკინიც ადასტურებს, შეთანხმება ოფიციალურად ვერ გაფორმდა.
„ავუხსენი, რომ უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი დოკუმენტაცია, დაწყებულიყო გამოძიება და ამის შემდეგ განვახორციელებდით [ნარკოტიკების] საკონტროლო შესყიდვას… ანდრეის ვუთხარი, როცა თანამშრომლობას დააპირებდა, ფხიზელი მოსულიყო... ამის შემდეგ დავიწყებდი გამოძიებას და გავატარებდი შესაბამის ღონისძიებებს, მეორე დღეს ანდრეი თუ არ მოვიდოდა, ხელმძღვანელობის სახელზე პატაკს შევადგენდი“, - უთხრა ქვაჭრელიშვილმა სასამართლოს.
სახლის ჩხრეკის ეპიზოდს და პოლიციელების, მათ შორის მისი მოადგილის ეროშკინის სახლში გაგზავნას თვალჭრელიშვილი იმით ხსნის, რომ განყოფილებაში მიყვანილ ეროშკინს თან არ ჰქონდა პასპორტი.
პოლიციის უფროსის მოადგილის ვერსია:
დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ყოფილი მოადგილე, პოლიციელი ამირან ნაჭყებია დანაშაულს აღიარებს. მან ჩვენება თავისი უფროსის წინააღმდეგ მისცა.
ნაჭყებიამ დაადასტურა ეროშკინის სახლიდან მობილურების, დრონის, პასპორტისა და ბლოკნოტის წამოღება - დავთანხმდი ორ პოლიციელთან ერთად ეროშკინის სახლის „არაოფიციალურ გაჩხრეკასო“ და დავინახე, მის [ქვაჭრელიშვილის] მაგიდაზე როგორ იდო ეროშკინის ასდოლარიანების მოზრდილი შეკვრაო.
ფრაგმენტი ნაჭყებიას ჩვენებიდან: „ქვაჭრელიშვილი საქმის კურსში ჩავაყენე, რომ... ვნახავდი, [ეროშკინი] რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ხომ არ ინახავდა [სახლში] ან მარიხუანა ხომ არ მოჰყავდა. ასევე, წამოვიღებდი მის პასპორტს და ტელეფონს... დიმიტრი დამეთანხმა... ამ საუბრის დროს ფულის შეკვრა მაგიდაზე აღარ იდო...“
პოლიციის უფროსის მოადგილე ჰყვება, რომ მეორე დღეს ვოტსაპში ეროშკინის შეტყობინებები მიიღო - წინა დღით „4 000 დოლარი მოგეცითო“. ნაჭყებია ამბობს, რომ ამ მომენტში მიხვდა თავისი უფროსის უცნაური საქციელის მიზეზს, როდესაც ის წინა დღით 150 ლარს ითხოვდა სესხად. მივხვდი, რატომაც გააკეთა, „ალიბს იქმნიდაო“, - უთხრა ნაჭყებიამ გამოძიებას.
„მოვასმენინე ისინი [ხმოვანი შეტყობინებები] დიმიტრი ქვაჭრელიშვილს და ვკითხე, თუ რატომ ამბობდა [ეროშკინი] ასეთ რამეს. ამაზე დიმიტრის რეაქცია იყო, რომ „მაინც ვერაფერს ვერ დამიმტკიცებენო“ და მომთხოვა დაუყოვნებლივ წამეშალა ვოისები. მე დავემორჩილე მის მითითებას და წავშალე ანდრეი ეროშკინის ვოისები… მან გამომართვა ტელეფონი და გადაამოწმა ნამდვილად წაშლილი მქონდა თუ არა და მას შემდეგ დამიბრუნა, რაც დარწმუნდა, რომ ყველაფერი წაშლილი მქონდა... მერე მითხრა, ფული რომ ამეღო, შენ ხომ არ გთხოვდი 150 ლარსო“, - ნათქვამია ნაჭყებიას ჩვენებაში, რომელიც მან პროკურატურას მისცა.
საქმის მასალებში დევს ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, როგორ გადმოაქვთ მანქანიდან მუყაოს ყუთები ეროშკინის სახლიდან დაბრუნებულ პოლიციელებს. ეროშკინის ჩვენებაში მონათხრობს ადასტურებს მისი მეგობარი, არტიომ წიშკონი. ის ეროშკინთან ერთად ცხოვრობდა. მოგვიანებით პოლიციელების ანაბეჭდები სახლში ნივთებზე ექსპერტიზამაც დაადასტურა.
როგორ და სად იჩივლა ეროშკინმა?
ამ შეკითხვაზე პასუხად საქმეში კიდევ რამდენიმე ახალი სახელი და გვარი შემოდის. ეროშკინის ვერსიით, მომხდარი მეორე დღეს თავის მეგობარს უამბო, მეგობარმა კი სუსის თანამშრომელს, რომელიც ეროშკინთან ტელეფონზე საუბრისას, მასთან ერთად იყო.
ეროშკინის მეგობარი მამია ოძელაშვილია, სუსის თანამშრომელი კი, რამაზ ანესაშვილი აღმოჩნდა.
აი, რას მოჰყვა ანესაშვილი სასამართლოში დაკითხვისას:
„2024 წლის 16 იანვარს ე.წ. ლეჩკომბინატში ვიმყოფებოდი, სადაც დედა მყავდა საოპერაციოდ. კლინიკაში იყვნენ ჩემი ახლობლები და მეგობრები. მეზობელმა და მეგობარმა მამია ოძელაშვილმა თქვა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს წყნეთის პოლიციაში გამოსძალეს 3 500 აშშ დოლარი. ვუთხარი, რომ ჩემთან მოეყვანა... ის მომიყვა ყველაფერს... დავურეკე გენინსპექციის უფროსის მოადგილეს, დავით მინდიაშვილს და ვუთხარი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ დანაშაული იყო ჩადენილი... “.
ქვაჭრელიშვილის ადვოკატისთვის საეჭვოა, როგორ შემოიკრიბა რუსეთის მოქალაქის გარშემო „ყველა საჭირო ხალხი“ მაინცდამაინც განყოფილებაში გატარებული ღამიდან მეორე დღეს. თორნიკე მიგინეიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სუსის თანამშრომლის ზარის შემდეგ გამოსაკითხად მისულ პოლიციელებს გენინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილიც მიჰყვა.
„ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე შევიტყვეთ, მოვითხოვეთ მინდიაშვილის დაკითხვა, თუმცა მოსამართლემ არ დაგვიკმაყოფილა. იმავეს ვითხოვთ სააპელაციოშიც“, - ამბობს მიგინეიშვილი.
"მცირე გადაცდომები:
„გამწირეს“ - ასე ფიქრობს პოლიციის ყოფილი უფროსი - მართალია „მცირე გადაცდომები მქონდა“, თუმცა რომ არა „გავლენიანი პირების ფარული ინტერესები“, ვერავინ დამაკავებდაო.
„როცა პროკურატურას დახმარება სჭირდებოდა, ისეთი საქმეები გამიკეთებია მე და ჩემს თანამშრომლებს, რომ დასაჭერად შესაძლოა მქონოდა მომავალში საქმე“, - უთხრა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა გამოძიებას.
სასამართლოზე მან პროკურატურაში გამოკითხვის პროცესი გაიხსენა: „აღშფოთებულმა ვითხოვე ახსნა-განმარტება, თუ რატომ მდევნიდნენ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად, რამენაირად ეს „ხომ არ იყო დაკავშირებული ამერიკის მიერ დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესთან“.
რა შუაშია ოთარ ფარცხალაძე?
დიმიტრი ქვაჭრელიშვილი, გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ჰყვება, რომ ფარცხალაძის დასანქცირებიდან მეორე დღეს მისმა „უშუალო უფროსმა, გელა ქურდაძემ უთხრა“, რომ მასთან მივიდოდა ფარცხალაძის შვილი, რომელსაც ექნებოდა გენერალური მინდობილობა მამისგან, იარაღის გადაფორმებაზე.
„ამ იარაღიდან 5 ერთეული იყო დაკარგული და მე საქმის აღძვრის გარეშე უნდა გამეცა კანონდარღვევით ცნობა მომსახურების სააგენტოში. მე გელა ქურდაძეს ავუხსენი, რომ ეს იყო უკანონო და ამის გაკეთება არ შეიძლება, რაზეც მან მითხრა, რომ ქალაქის პოლიციის უფროსი და მთავრობა იყვნენ საქმის კურსში და პრობლემა არ შემექმნებოდა. მიუხედავად ამისა, მე განვუცხადე კატეგორიული უარი და გელა ქურდაძემ გამითიშა ტელეფონი.
როგორც შემდეგ გავიგე, დოკუმენტი მაინც გაიცა ჩემი სამმართველოს მიერ, ჩემი ხელმოწერის გარეშე და იარაღები გადაფორმდა“, - ამბობს ქვაჭრელიშვილი.
რა ვიცით გელა ქურდაძეზე?
გელა ქურდაძე შსს-ს სისტემაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. ის ჯერ თბილისის პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი იყო, შემდეგ სამი წელი თბილისის პოლიციის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი, 2024 წელს კი არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.
შსს-ში ვიკითხეთ ახლა რა თანამდებობას იკავებს პოლიციელი. პასუხი არ მიგვიღია.
ამ პოლიციელის ვინაობა საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვისაცაა ცნობილი. აქტივისტების თქმით, მან გასცა 2023 წელს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ფურცლის ხელში დაჭერისთვის დემონსტრანტების დაკავების ბრძანება. რადიო თავისუფლებას არ აქვს საშუალება, ეს ინფორმაცია დამოუკიდებლად გადაამოწმოს.
ზარი შსს-დან
მას შემდეგ, რაც პროკურატურაში ფარცხალაძესთან დაკავშირებული უკანონო დავალების შესრულება ახსენა, ქვაჭრელიშვილის მტკიცებით მას შსს-დან დაურეკეს.
„2024 წლის 22 იანვარს, გამომძიებელთან გამოკითხვიდან მეორე დღეს, დამიკავშირდა შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც პირდაპირ მითხრა: რატომ ვახსენე ოთარ ფარცხალაძე გამომძიებელთან და აღნიშნა, რომ დამიჭერდნენ...“
ფარცხალაძის იარაღთან დაკავშირებული მონათხრობის გადასამოწმებლად საქართველოს პროკურატურაში ვიკითხეთ, დაიწყეს თუ არა გამოძიება დიმიტრი ქვაჭრელიშვილის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, პოლიციის მაღალჩინოსნებმა პირადი ნაცნობობით და გავლენით სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი დასახმარებლად კანონი დაარღვიეს.
პასუხი მიღებისთანავე აისახება სტატიაში.
ფარცხალაძის ეპიზოდით არ დაინტერესდა სასამართლო ბრალდებულის გამოკითხვისას.
ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლემ წყნეთის პოლიციის უფროსს არც მოუსმინა - ეს ისტორია საქმეს არ ეხებაო.
პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ სააპელაციოს სასამართლოში ამ საქმის პირველ სხდომაზე თქვა, რომ დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ცდილობს „ხმაური ატეხოს“ და მედიის ყურადღება საკუთარი დანაშაულებიდან სხვა რამეზე გადაიტანოს. ასე უპასუხა მან ქვაჭრელიშვილის ბრალდებებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე.
წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. ორივე მსჯავრდებული ნაჭყებია და ქვაჭრელიშვილი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის რომეო ტყეშელაშვილის განაჩენის გაუქმებას მოითხოვენ.
ნაჭყებია დუმილის უფლებას იყენებს. მედიასთან კომენტარზე უარს ამბობს მისი ადვოკატი, თეონა გვაზავაც. დიმიტრი ქვაჭრელიშვილი კი სასამართლო სხდომებზე, ადვოკატის მტკიცებით, მოჰყვება აქამდე ართქმულ ამბებს, რითაც დარწმუნებულია, რომ გაამყარებს არგუმენტს მისი „გაწირვისა“ და დაკავების პოლიტიკური მოტივის შესახებ.
ფორუმი