დღეს, 21 ნოემბერს უმეროვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა განცხადება, რომ აშშ-ში ამასწინანდელი მივლინებისას მას ჰქონდა ტექნიკური ამოცანა - შეხვედრის ორგანიზება და დიალოგის მომზადება და არანაირი შეფასება და რაღაც პუნქტების შეთანხმება მისი მხრიდან არ ყოფილა, რადგან უფლებამოსილი არ არის.
უმეროვის თანახმად, გუშინ უკრაინის პრეზიდენტს საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ უფლებამოსილ ამერიკულ დელეგაციასთან, დღეს კიევში გრძელდება მუშაობა ტექნიკურ დონეზე, ყურადღებით სწავლობენ პარტნიორების წინადადებებს და უკრაინის პოზიციების მიმართაც კორექტულ დამოკიდებულებას მოელიან.
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის განცხადებით, პარტნიორების წინადადებებს ამუშავებენ უკრაინის უცვლელი პრინციპების ფარგლებში - სუვერენიტეტი, ხალხის უსაფრთხოება და სამართლიანი მშვიდობა.
ამერიკულმა ტაბლოიდმა New York Post-მა 20 ნოემბერს ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაწერა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვს შორის ბოლო კვირებში, მაიამიში გამართული მოლაპარაკებებისას უმეროვისგან ამერიკულ გეგმაზე „დადებითი გამოხმაურება“ იყო, ის გეგმის დიდ ნაწილს დაეთანხმა და შეიტანა რამდენიმე ცვლილებაც, რაც აისახა პრეზიდენტ ზელენსკისთვის წარდგენილ დოკუმენტში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა შეერთებული შტატებისგან გეგმის მიღება 20 ნოემბერს დაადასტურა. ამ დღეს კიევში გაიმართა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ამერიკულ დელეგაციასთან, რომელსაც პენტაგონის მაღალჩინოსანი დენიელ დრისკოლი ხელმძღვანელობს.
დასავლეთის მედიასაშუალებების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის 28-პუნქტიანი გეგმა შეიცავს უკრაინისთვის მიუღებელ არაერთ პუნქტს. მათ შორისაა რუსეთისთვის დონბასის დათმობა.
გეგმა, რომელიც ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მედიის წყაროების თანახმად, ასევე ითვალისწინებს უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების შემცირებას და ფრონტის ხაზის გაყინვას რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში.
ამერიკულმა გამოცემა Axios-მა, რომელმაც 18 ნოემბერს პირველმა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინაში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების საიდუმლო გეგმის შესახებ, დღეს, 21 ნოემბერს დაწერა, რომ ვაშინგტონის გეგმა ითვალისწინებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს მიცემასაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლის მსგავსად. აშშ-ის გეგმით, ის და ევროპელი მოკავშირეები უკრაინაზე თავდასხმას მთელ ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაზე თავდასხმად ჩათვლიან.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 ნოემბერს განაცხადა, რომ ამერიკულ მხარეს განუმარტა, რა არის უკრაინისთვის პრინციპული და შეთანხმდნენ, რომ გუნდები იმუშავებენ ამ წინადადებებზე.
„ჩვენ არ გავაკეთებთ მკვეთრ განცხადებებს და განწყობილი ვართ მკაფიო, პატიოსანი მუშაობისთვის - უკრაინა, აშშ და ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ევროპასა და მსოფლიოში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა მედიისთვის 20 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკვე მხარდაჭერილია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
ლივიტის თანახმად, გეგმაზე მუშაობისას კონტაქტები იყო რუსეთთანაც და უკრაინასთანაც და მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ გეგმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, ეს არის კარგი გეგმა ორივე მხარისთვის და მათთვის მისაღები უნდა იყოს.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 20 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთი და აშშ ალასკაში პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ რაიმე ახალ წინადადებებს არ განიხილავენ და ამჟამად რუსეთს შეერთებულ შტატებთან კონსულტაციები არ აქვს. პესკოვმა მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ კონტაქტები არსებობს, მაგრამ ეს არ არის პროცესი, რომელსაც შეიძლება კონსულტაცია ეწოდოს.
ფორუმი