ტრამპ-პუტინის ალასკაში შეხვედრას მოჰყვა მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან ვაშინგტონში, რომელიც დასრულდა პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრის მოწოდებით.
რუსეთი შეხვედრის ჩატარებას აჭიანურებს. ჯერჯერობით არ ჩანს მშვიდობისკენ მიმავალი მკაფიო გზამკვლევი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს საიდუმლოდ, ურთიერთ უნდობლობით და თან ახლავს ჩიხში შესვლის რისკი.
1. გარკვეული წინსვლა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით
ვაშინგტონი და ევროპული ქვეყნები თანდათან მიუახლოვდნენ იმის განსაზღვრას, თუ როგორი შეიძლება იყოს უკრაინისთვის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიები.
აშშ-ის და ევროპის სამხედროებმა დაიწყეს შეხვედრები, რათა ჩამოყალიბდნენ, თუ რა ფორმა უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საერთო პაკეტს, ვიდრე პოლიტიკური ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.
აქ შედის იარაღის გრძელვადიან მიწოდება, დაზვერვის მონაცემების გაზიარება და თავდაცვის ერთობლივი დაგეგმვა. ტრამპმა მიანიშნა, რომ საქმეში შესაძლოა აშშ-ის საჰაერო ძალებიც ჩაერთოს.
ლონდონმა, პარიზმა და ბერლინმა გაიმეორეს თავიანთი დიდი ხნის პოზიცია, რომ უსაფრთხოების გარანტიები ხელშესახები უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვი ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტას მიიჩნევს დროებით პაუზად შემდეგი შეტევის დაწყებამდე.
რუსეთმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატოს ძალების უკრაინაში განთავსების წინააღმდეგია.
2. რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა
მიუხედავად მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა, რომ პუტინმა ფრონტის ხაზების გაყინვის იდეა წამოაყენა, მისი უფრო დიდი მიზნები უცვლელი რჩება - სრული კონტროლი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებზე - დონეცკსა და ლუგანსკზე, ყირიმის ანექსიის აღიარება და ვალდებულების აღება, რომ უკრაინა არ შეუერთდება ნატოს.
ამას ემატება ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესება უკრაინის ჯარზე.
ეს დათმობებზე მეტად კიევის ტერიტორიული დანაკარგების ინსტიტუციონალიზაციისა და უკრაინის დაუცველობის განმტკიცების მოთხოვნებს ჰგავს..
კრემლი ჯერჯერობით კვლავაც არ თანხმდება პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრას, რაც ხაზს უსვამს, თუ რამდენად ხისტად იცავს რუსეთი მის მიერ გავლებულ წითელ ხაზებს.
კიევისთვის კი რუსეთისთვის მიწის დათმობა არა მხოლოდ არაკონსტიტუციური, არამედ პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით დამაზიანებელი იქნება.
3. ვაშინგტონი ყოყმანობს
ორი სამიტის შემდეგ, როგორც ჩანს, ტრამპი უკან იხევს.
აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა ვაშინგტონში, რომ პუტინ-ზელენსკის სამიტზე მისი ყოფნა აუცილებელი არ იყო და მიანიშნა, რომ შესაძლოა მხოლოდ რუსეთის და უკრაინის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ჩაერთოს მოლაპარაკებებში.
ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინაში არ განლაგდებიან, თუმცა ამაზე სერიოზულად აქამდე არც არავის ულაპარაკია.
ჯერაც გაურკვეველია, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ მაინც, თუ როგორი იქნება აშშ-ის „ჩართულობა“ უსაფრთხოების გარანტიებში და რა როლი შეიძლება ითამაშონ მისმა საჰაერო ძალებმა.
ტრამპის პოზიცია ასახავს როგორც სტრატეგიულ სიფრთხილეს, - რუსეთთან პირდაპირი ესკალაციის თავიდან აცილებას, - ასევე პოლიტიკურ გათვლებს. თეთრი სახლი კვლავაც არ უდგება ენთუზიაზმით ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის უზრუნველყოფას.
კიევისთვის ეს ასახავს მტკივნეულ სიმართლეს: ევროპამ დაცვა აღუთქვა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება საკმარისად არ დაუჭიროს მხარი.
4. ტრანსატლანტიკური დაყოფა
ვაშინგტონის სამიტი ტრანსატლანტიკური ერთიანობის დემონსტრირება იყო, მაგრამ, ზედაპირის ქვეშ, კვლავ იგრძნობა დაყოფა და უნდობლობა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი დუმდა, როდესაც ზელენსკი ტრამპს ოვალურ კაბინეტში კამერების წინ შეხვდა. თუმცა, Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ მან ზელენსკი გააფრთხილა: „ბატონო პრეზიდენტო, თუ კარგად მოიქცევით, არაფერს ვიტყვი“.
ინტერვიუში გაიხსენეს ზელენსკის თებერვალში ვიზიტის დროს მომხდარი ცხარე დაპირისპირება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ძველი წყენები ბოლომდე არ დავიწყებულა.
ამასობაში, 21 აგვისტოს, CBS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა, ივლისში გამოსცა დირექტივა, რომლის მიხედვითაც სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ყველა სადაზვერვო ინფორმაცია კლასიფიცირებული იყო, როგორც „NOFORN“ - მხოლოდ აშშ-ის გამოყენებისთვის. მას „ხუთი თვალის“ ჯგუფსაც კი არ აჩვენებდნენ.
„ხუთი თვალის“ ჯგუფში შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია, რომლებიც ერთმანეთს სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებენ. ასეთ მგრძნობიარე საკითხში მათი გამორიცხვა ევროპელებს სწორედ იმ მომენტში ტოვებს აშშ-ის ხედვის გარეშე, როდესაც მათ უსაფრთხოების გარანტიების საკითხში ლიდერობის აღებას სთხოვენ.
5. რუსეთი თავდასხმებს აგრძელებს
ამასობაში, რუსეთის თავდასხმები ოდნავაც არ შეჩერებულა.
21 აგვისტოს ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა ასობით დრონისა და ათობით რაკეტის გამოყენებით დასტური იყო იმისა, რომ კრემლს კონფლიქტის დასრულება არ აინტერესებს.
„ისინი ცდილობენ თავი აარიდონ შეხვედრის ჩატარებას. მათ არ სურთ ამ ომის დასრულება“, - განაცხადა მან.
მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატები, მათ შორის რუსი ოფიციალური პირები, დიალოგზე საუბრობენ, რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინის ქალაქების დაბომბვას, კლავენ და აზიანებენ მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს, და ანადგურებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას.
ფორუმი