სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი ჯერ საბოლოოდ შეჯერებული არ არის და არც ჟენევაში შეცვლილი საკითხები არ გასაჯაროებულა. შესაბამისად, კვლავაც პასუხგაუცემელია კითხვა, მოესწრება თუ არა შეთანხმების ხელმოწერა 27 ნოემბრისთვის - მადლიერების დღისთვის, როგორც ეს აშშ-ის პრეზიდენტს სურს.
დონალდ ტრამპმა 24 ნოემბერს სოციალურ ქსელში “რაღაც კარგის” მოლოდინზე დაწერა.
უკრაინის ინტერესებს აქტიურად უჭერენ მხარს ევროპული ქვეყნები და კატეგორიულად გმობენ პრინციპულ დათმობებს აგრესორი რუსეთის წინაშე.
"სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის", ევროკავშირის ქვეყნების მიერ შემუშავებული ალტერნატიული გეგმა ფუნდამენტურად განსხვავდება აშშ-ის თავდაპირველი წინააღმდეგობრივი ვარიანტისგან, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ ევროპელების წინადადებებს არ მიიღებს.
“რეალურად შესაძლებელია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთსა და უკრაინას შორის? არ დაიჯეროთ, ვიდრე არ დაინახავთ, მაგრამ რაღაც კარგი შესაძლოა ხდება. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!” - დაწერა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 24 ნოემბერს, დილით, Truth Social-ზე, ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ; ხოლო დღის ბოლოს, უკრაინა/რუსეთი მან დაასახელა განხილვის ერთ-ერთ საკითხად, ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან საუბარში.
უფრო მკაცრი იყო პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკრაინის შესახებ 23 ნოემბერს გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც წერდა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ „ნული მადლიერება გამოხატა” ამერიკის მიმართ; ხოლო ევროპა “განაგრძობს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას”.
უკრაინის მადლიერება აშშ-ისა და პირადად პრეზიდენტ ტრამპის მისამართით, ოდნავ მოგვიანებით, ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინისა და აშშ-ის ერთობლივ განცხადებაში აისახა. ეს არის მადლიერება - „დაუღალავი მცდელობებისთვის ომისა და ადამიანების სიცოცხლის მოსპობის დასასრულებლად“.
ჟენევის შეხვედრას მხარეებმა კონსულტაციური და ძალიან პროდუქტიული უწოდეს. ახსენეს მნიშვნელოვანი პროგრესიც.
რა შედეგებით დასრულდა ჟენევის შეხვედრა?
აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნდა, ასევე წერია, რომ:
- „დისკუსიების შედეგად მხარეებმა მოამზადეს განახლებული და დაზუსტებული სამშვიდობო ჩარჩო“.
- “უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ - მომავალ დღეებში გააგრძელონ ინტენსიური მუშაობა ერთობლივ წინადადებებზე”.
- “ისინი ასევე დარჩებიან ახლო კონტაქტში ევროპელ პარტნიორებთან”.
- "საბოლოო გადაწყვეტილებას ამ ჩარჩოს ფარგლებში მიიღებენ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები”.
არც ამ განცხადებაში და არც სხვა ოფიციალურ, საჯარო წყაროებში არ არის მოყვანილი დეტალები - კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა აშშ-ის მიერ შემუშავებულ თავდაპირველ 28-პუნქტიან შეთანხმების პროექტში, რომლის ზოგიერთი პუნქტი კატეგორიულად მიუღებელი იყო კიევისთვის. უკრაინის მხარდამჭერების შეფასებით, ეს გეგმა რუსეთის ინტერესებს ასახავდა.
ფუნდამენტური განსხვავებაა მედიაში გამოჟონილ აშშ-ის თავდაპირველ გეგმასა და ევროპული ქვეყნების - ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მიერ სასწრაფო წესით შემუშავებული ალტერნატიული ვარიანტის მუხლებს შორის. ევროპული ვარიანტი Reuters-მა გამოაქვეყნა.
რამდენიმე განსხვავება
ტერიტორიული საკითხი
აშშ-ის პროექტის თანახმად:
ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი “დე ფაქტო აღიარებულია რუსეთისად” და უკრაინამ უნდა გამოიყვანოს თავისი არმია დონეცკის იმ ნაწილიდან, რომელსაც ჯერ კიდევ თავად აკონტროლებს. შესაბამისად, რუსეთის კონტროლს უნდა დაექვემდებაროს ტერიტორიის ის ნაწილიც, რომლის დაპყრობაც მან ამ დრომდე ვერ შეძლო.
რეგიონის ეს ნაწილი „დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად” უნდა იქცეს, სადაც შესვლის უფლება არც რუსეთის არმიას არ ექნება.
ხერსონი და ზაპოროჟიე კონტაქტის ხაზთან “გაყინულად” უნდა დარჩეს. რუსეთი დე ფაქტო გააკონტროლებს ამ რეგიონების უკვე დაპყრობილ ნაწილს. ეს ვარიანტი განამტკიცებს მოსკოვის კონტროლს „სახმელეთო დერეფანზე“, აზოვის ზღვის სანაპიროს გასწვრივ, უკანონოდ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულამდე.
ევროპულ პროექტში:
არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დე ფაქტო კონტროლზე ანდა დონეცკიდან უკრაინის არმიის გამოყვანაზე. “მოლაპარაკებები ტერიტორიების გაცვლის შესახებ დაიწყება კონტაქტის ხაზიდან” - დოკუმენტი მოიცავს კიევისა და დასავლელი პარტნიორების მკაცრ მოთხოვნას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომლის შემდეგაც შეიძლება დაიწყოს ლაპარაკი ტერიტორიების კონტროლზე ფრონტის ხაზის ორივე მხარეს.
ასეთი შეთავაზება პრეზიდენტ ტრამპს ჰქონდა გასულ გაზაფხულზე, მაგრამ რუსეთმა ის უარყო.
„დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი შეკითხვა კვლავ ტერიტორიებთან არის დაკავშირებული... დარწმუნებული ვარ, რუსეთის მხარე დაჟინებით მოითხოვს დონეცკის თავისუფალი ნაწილის ხელში ჩაგდებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოთხოვნა პრაქტიკულად შეუსრულებელია და მიუღებელია უკრაინისთვის“, - ეუბნება „ქარენთ თაიმს“ კირილ მარტინოვი, რუსეთიდან დევნილი გამოცემის, „ნოვაია გაზეტა ევროპის“ მთავარი რედაქტორი.
ნატოში გაწევრიანება
აშშ-ის პროექტის თანახმად:
უკრაინა თავის კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ “არ გაწევრიანდება ნატოში”; ხოლო თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დადებს პირობას, რომ უკრაინას არ მიიღებს და “მოსალოდნელია… რომ ნატო აღარ გაფართოვდება” საერთოდ - რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ მიიღებს თავის რიგებში არცერთ ახალ წევრს.
ეს მოთხოვნა შეესაბამება მოსკოვის პოზიციას, რომელიც მან, მათ შორის უკრაინაში შეჭრამდე, ულტიმატუმის სახით წაუყენა დასავლეთს 2021 წლის დეკემბერში, როდესაც უკრაინის საზღვრებთან თავისი არმიის შენაერთებს უყრიდა თავს.
ტექსტში მითითებულია ასევე, რომ ნატო თანახმაა, „არ განათავსოს თავისი ჯარი უკრაინაში“.
ევროპული პროექტით:
„ნატოში უკრაინის გაწევრიანება მთლიანად დამოკიდებულია ნატოს წევრი ქვეყნების კონსენსუსზე, რომელიც არ არსებობს“ - ეს ვარიანტი რუსეთს ამ საკითხზე ვეტოს უფლებას წაართმევდა, ხოლო უკრაინას კვლავ დაუტოვებდა უფლებას, თავად შეარჩიოს პარტნიორები. თუმცა საკითხის ამგვარი ფორმულირება, ექსპერტების შეფასებით, მიუღებელი იქნება კრემლისთვის. კრემლს სურს, რომ სამუდამოდ დაესვას წერტილი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.
ჯარის განთავსების შესახებ ევროპელები მიუთითებენ, რომ ალიანსი თავის სამხედროებს არ განათავსებს უკრაინაში ნატოს სარდლობით - „პერმანენტულად“ და „მშვიდობიან დროს“, რაც თავისთავად არ გამორიცხავს უკრაინის მოკავშირე ქვეყნების მიერ თავიანთი სამხედრო შენაერთების უკრაინაში გაგზავნას.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა დაასახელა სამი პუნქტი ევროპელების დღევანდელი პოზიციიდან, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის“ დასამყარებლად და უკრაინის სუვერენიტეტისთვის:
1. დაუშვებელია საზღვრების ხელყოფა ძალის გამოყენებით;
2. უკრაინის, როგორც სუვერენული ქვეყნის ჯარზე არ უნდა იყოს დაწესებული ლიმიტი - ეს ქვეყანას აქცევს მოწყვლადად შემდგომი თავდასხმებისგან და ეს ასევე ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას;
3. ევროკავშირის ცენტრალური როლი უკრაინისთვის მშვიდობის უზრუნველყოფაში სრულად უნდა აისახოს.
ურზულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა ასევე, რომ ნებისმიერი შეთანხმების საკვანძო საკითხს რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების - “ათეულობით ათასი ბიჭისა და გოგოს” - დაბრუნება უნდა წარმოადგენდეს. “ვერ მოვისვენებთ, ვიდრე ყოველი მათგანი არ დაბრუნდება საკუთარ ოჯახებში, საკუთარ სახლებში”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 23 ნოემბერს გვიან ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ ამერიკა და ევროპა, უკრაინასთან ერთად პოზიციებს ათანხმებენ, თუმცა სისხლისღვრის შეჩერებისთვის აუცილებელია, რომ რუსეთი მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს.
„სისხლისღვრა უნდა შეწყდეს. ახლა რუსეთი უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და უნდა დაასრულოს ეს ომი“, - წერს ფრიდრიხ მერცი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ევროპა ისევ სისხლისმღვრელი ომის დაუყოვნებლად შეჩერებისთვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებას ითხოვს - თუმცა მარტის შემდეგ, რუსეთის მისამართით ასეთი მოწოდებები უპასუხოდ რჩებოდა. მოსკოვი მუდმივად იგნორირებას უკეთებდა აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივას მყისიერი ზავის შესახებ და განაგრძობდა უკრაინული ქალაქების დაბომბვას.
- გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს იმისთვის, რომ რუსეთი დაუბრუნდეს G8-ს, რაც სამშვიდობო შეთანხმების მედიაში გავრცელებულ [28-პუნქტიან] ვარიანტშია მითითებული. ეს ვარიანტი, როგორც აშშ-ის მხარემ განაცხადა, არ ყოფილა შეთანხმების საბოლოო და სავალდებულო ვარიანტი.
- „თუკი რაიმე შეიცვლება, ამას გადაწყვეტენ G7-ის დღევანდელი წევრები. ახლა მე ვერ ვხედავ... მზაობას, რომ დააბრუნონ რუსეთი ამ წრეში“, - განაცხადა მერცმა იოჰანესბურგში, სადაც მსოფლიო ლიდერები G20-ის ფარგლებში იყვნენ შეკრებილი.
- მანამდე, 22 ნოემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოცემულ სიტუაციაში არ არსებობს პირობები რუსეთის ხელახლა გაწევრიანებისთვის.
- თებერვალში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ G8-დან რუსეთის გარიცხვა შეცდომა იყო.
G8 - რომელშიც რუსეთი იყო გაწევრიანებული, ახლა G7-ს წარმოადგენს. მასში გაერთიანებული არიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, აშშ, საფრანგეთი და იაპონია.
ევროპის იმედი
ევროპა უკრაინის მიმართ ღია მხარდაჭერას გამოხატავს და არც პრეზიდენტი ზელენსკი არ მალავს, რომ განსაკუთრებულ იმედებს ევროპის ქვეყნებზე ამყარებს. 24 ნოემბერს ის ტელეფონით ესაუბრა ნორვეგიის, ფინეთისა და ლიეტუვის ლიდერებს და მათ მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. შედგა სატელეფონო საუბარი ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გულითადი მადლობა გადაუხადა.
“მნიშვნელოვანია, რომ ევროპელმა პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ ჩვენს პოზიციასა და ჩვენს ხალხს. მადლობა თითოეულ ლიდერს, მსოფლიოს თითოეულ ქვეყანას, რომელიც გვეხმარება, ეხმარება უკრაინას და მოქმედებს პრინციპულად”, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
24 ნოემბერს სტოკჰოლმში ყირიმის პლატფორმის მორიგი სამიტი გაიმართა, რომელსაც შვედეთისა და უკრაინის პარლამენტების სპიკერები ერთობლივად თავმჯდომარეობდნენ. დისტანციურად ჩართვისას, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კვლავ გამოხატა იმედი ევროპელების მისამართით და უკრაინის მეგობრებს გააქტიურებისკენ მოუწოდა.
“ნუ დარჩები გაჩუმებული, ნუ იქნებით ისტორიის პასიური დამკვირვებლები - იყავით მონაწილეები”, “საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს”, “ომის დამნაშავეები ვერ უნდა გაექცნენ მართლმსაჯულებას”, - მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამიტში მონაწილე 70 ქვეყნის დელეგაციებს. მან თქვა, რომ მადლიერია ნებისმიერი რჩევისა და ინფორმაციისთვის, რომელთაც კიევი, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ევროპელი ლიდერებისგან იღებს.
რუსეთი უარზეა
„ერთი შეხედვით, ევროპული გეგმა... სრულიად არაკონსტრუქციულია და ჩვენ მას ვერ მივიღებთ”, - განუცხადა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვმა, ჟურნალისტებს მოსკოვში. თუმცა უშაკოვმა აშშ-ის გეგმაზეც თქვა, რომ პუნქტებიდან მისაღებია "არა ყველა" და ზოგიერთი მათგანი "უფრო დეტალურ განხილვას" მოითხოვს. პარასკევს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ კიევი აშშ-ის გეგმაზე უარს იტყვის, მაშინ რუსეთი ომს გააგრძელებს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი არ აპირებს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას და უკვე ამზადებს საფუძველს უარისთვის.
ფორუმი