საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, მოსამართლემ უნდა მოისმინოს დაზარალებული 15 წლის ბიჭის პოზიციაც. მისი ადვოკატი, თათია მაისურაძე არ გამორიცხავს, რომ რაკი დაზარალებული არასრულწლოვანია, ის, შესაძლოა, სხდომაზე დისტანციურად გამოიკითხოს.
ამასთანავე, ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა დღემდე რთულია და უმჯობესია, თუკი ბავშვი სასამართლო სხდომას უშუალოდ არ დაესწრება.
25 ნოემბერს, არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე, 31 წლის მკლავჭიდელმა და მისმა ადვოკატმა ყველა მტკიცებულება, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, კამერების ჩანაწერები უდავოდ გახადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა.
ხატია ვიბლიანმა და მისმა ადვოკატმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვეს. მკლავჭიდელმა ქალმა მოსამართლეს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მის მიმართ წაყენებულ ბრალს აღიარებს და „ინანიებს“. მხოლოდ ეს იყო დღეს მისი სათქმელი.
რა დაზიანებები აღწერეს ექიმებმა მოზარდის სხეულზე
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტი, სამედიცინო დასკვნა და მასში აღწერილი ის დაზიანებები, რომლებიც 15 წლის მოზარდის სხეულზე თავდაპირველად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა, შემდეგ კი უკვე იაშვილის სახელობის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებმა დააფიქსირეს.
ექიმები წერენ: აღენიშნება ყელის მიდამოში ნაკაწრი და ნაჭდევი ჭრილობა, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები... დაესვა დიაგნოზი: თავის სხვა ნაწილების ზედაპირული ტრავმა. სახის ზედაპირული ტრავმა, ექსკორიაციები (ნაკაწრები კანზე - რ.თ.) კისრის, სახის და ზურგის არეში. ტანსაცმლის დაუფარავ მიდამოებში აღენიშნება დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად.
რა წერია სამხარაულის ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზაში
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული კიდევ ერთი დოკუმენტის, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც 24 ოქტომბრით თარიღდება, ექსპერტი წერს:
„ვლინდება შიშის, შეურაცხყოფილის განცდები, მგრძნობელობა კონკრეტული თემის მიმართ, მიჯაჭვულობა უსიამოვნო ემოციურ განცდებზე, ემოციური დათრგუნულობა. გამოხატულია უსაფრთხოების მოთხოვნილების რღვევა. ვლინდება გადაღლა, გაურკვეველი მომავლის შიში, უმწეობის განცდა. მომავლის შიში ქმნის შფოთვით ფონს.
სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით ვლინდება ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობა“, - წერია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში.
15 წლის მოზარდი ორ თვეზე მეტია ნათესავის სახლში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან მკლავჭიდელი, ხატია ვიბლიანი მისი სახლიდან რამდენიმე მეტრით დაშორებულ სპორტულ დარბაზში მუშაობს. ბიჭი ამ გზით ცდილობს თავი აარიდოს ბრალდებულ ქალთან შეხვედრას.
როგორ აღწერს მოზარდი თავის მდგომარეობას
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ბიჭი ჰყვება:
„შიშის განცდა მქონდა... ძალიან უსიამოვნოა სახლიდან პირდაპირ ამ ტერიტორიის ყურება, მაგ ტერიტორიაზე უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ თავს... ღამე მხოლოდ ორი-სამი საათით მეძინა, ახლა ძილის პრობლემა აღარ მაქვს. საუბარი შევამცირე სახლში და სულ ვუკრავდი, მაგრამ არ ვმღეროდი. შეიძლება ადვილად გავღიზიანდე, ადრე ასე არ ვიყავი. არ მინდა სახლში დაბრუნება... ცუდ განცდებს იწვევს, რომ ვხედავ იქაურობას“...
მისი ადვოკატი, თათია მაისურაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება:
"ამ დანაშაულს მოჰყვა არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილი, რომელიც დროთა განმავლობაში იკურნება, არამედ ფსიქოლოგიური ტანჯვა და ტრავმა, რომლის გაქარწყლებაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა საქმეში მტკიცებულების სახით არსებობს და რა თქმა უნდა, ამან გავლენა უნდა მოახდინოს იმაზე, თუ როგორი იქნება სასჯელი, რომელსაც მოსამართლე განსაზღვრავს“.
რას უყვება მოზარდი გამოძიებას
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა მოზარდის გამოკითხვის ოქმიც. 15 წლის ბიჭი სამართალდამცავებს ასე აღუწერს 11 სექტემბერს სუპერმარკეტში მომხდარს:
„ეს ქალბატონი ურიგოდ მივიდა სალაროსთან და ამის გამო მოლარე ეკამათებოდა. რადგან რიგი დადგა, მოლარეს გამოვესარჩლე და მომხმარებელ ქალბატონს მივეცი შენიშვნა, ხელით მივუთითე კარისკენ და ვუთხარი, თუ ეჩქარებოდა მაშინ წასულიყო დროულად. მაშინვე მოვიდა ჩემთან, აგრესიული ტონით დამიწყო ჩხუბი, ვიყავი არაკაცი... მომთხოვა, დამეწყო ნივთები და გავყოლოდი გარეთ. უარი ვუთხარი, რადგან არ ვაპირებდი მასთან კამათს... მაგ მომენტში ფეხი ამომარტყა ძლიერად... გავბრაზდი, მაგრამ არაფერი მითქვამს, მხოლოდ ის მინდოდა, რომ წასულიყო... პატარა ბავშვმა დაიწყო ტირილი. ეს გოგო თავს მაინც არ მანებებდა. ბოლოს შეიძინა პროდუქტი და მითხრა, რომ გარეთ დამელოდებოდა..."
თათია მაისურაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქმის მასალების მიხედვით, ხატია ვიბლიანი მოზარდს გარეთ 6 წუთის განმავლობაში უცდიდა.
„ფეხებს მირტყამდა მუცელში, სახეში მარჯვენა მუშტს... ვეუბნებოდი, რომ თავი დაენებებინა ჩემთვის, მე ჩხუბი არ მინდოდა და თავსაც ვერ ვიცავდი, რადგან გოგო იყო და ხელს ვერ შევუბრუნებდი. ამ ყველაფერს ხედავდა მასთან ერთად მყოფი დაახლოებით ორი წლის ბავშვი, რომელიც ისტერიულად ტიროდა... მთხოვდა, რომ მომეხადა ბოდიში... ვუხდიდი ბოდიშს, რადგან მეტი გამოსავალი არ მქონდა. ის კიდევ მეუბნებოდა, რომ ჩემნაირი ბევრი ჰყავდა ნაცემი...“ - ასე აღწერს ბიჭი გამოკითხვის ოქმში მაღაზიის გარეთ მომხდარს.
მოზარდის გამოკითხვის ოქმი შეიცავს კიდევ უფრო მძიმე დეტალებს, რომლებსაც რადიო თავისუფლება, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ასაჯაროებს.
დაზუსტებული ბრალი, რომელიც სასჯელს ამძიმებს
31 წლის მკლავჭიდელს გამოძიება მოზარდის ცემას ედავება. ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს და 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თუმცა, 25 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ხატია ვიბლიანს ბრალი დაუზუსტდა. ბრალს დაემატა შეუწყნარებლობა ასაკის ნიშნით, რაც ამძიმებს ბრალდებულის მდგომარეობას:
„დამატებითი გარემოება - შეუწყნარებლობა ასაკის ნიშნით, პირდაპირ არის გაწერილი სისხლის სამართლის კოდექსში, რომ ეს არის სასჯელის დამამძიმებელი გარემოება. შესაბამისად, კოდექსში პირდაპირ არის მითითებული, რომ თუკი კონკრეტული ქმედება ამ ნიშნით ხასიათდება, მოსამართლემ სასჯელის დანიშვნის დროს უნდა გაითვალისწინოს ეს გარემოება. შესაბამისად, როდესაც მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას მოცემულ საქმეზე, უფრო მკაცრი სასჯელი უნდა განსაზღვროს“, - ეუბნება თათია მაისურაძე რადიო თავისუფლებას.
თუმცა, მისი თქმით, ბრალის დაზუსტება - შეუწყნარებლობა ასაკის ნიშნით, უნდა მომხდარიყო კიდევ ერთი არასრულწლოვანის, ხატია ვიბლიანის შვილის შემთხვევაშიც, რომელიც დედის ძალადობის ფაქტს შეესწრო:
„პირადად მე მივმართე განცხადებით გამოძიებას და ვგეგმავ, რომ სასამართლოსაც მივმართო ამ განცხადებით, რადგან ვთვლი, რომ არ არის სრულყოფილად დაზუსტებული ბრალი. მოცემულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა არასრულწლოვანის თანდასწრებით. არასრულწლოვანის დასწრება ქმედების ჩადენის მომენტში არის ასევე დამამძიმებელი გარემოება, თუმცა ეს ნიშანი ამ ეტაპზე ბრალში არ არის და ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა იყოს“, - ეუბნება თათია მაისურაძე რადიო თავისუფლებას.
ხატია ვიბლიანის ძალადობის ამსახველი კადრების მცირე ნაწილი სოციალურ ქსელში თავდაპირველად 14 სექტემბერს გავრცელდა. თავად ძალადობის ფაქტი 11 სექტემბერს მოხდა.
17 სექტემბერს კი სასამართლომ ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ მოითხოვა და განმარტა, რომ ხატია ვიბლიანს ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი, იყო მარტოხელა დედა, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი.
დაზარალებულის ოჯახისა და ადვოკატისთვის იმთავითვე მიუღებელი იყო პროკურატურის შუამდგომლობა ხატია ვიბლიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ.
ოჯახის ადვოკატმა თათია მაისურაძემ 12 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა სუპერმარკეტსა და საცხოვრებელ კორპუსზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების ამჯერად დაახლოებით ოთხწუთიანი უხმო ჩანაწერიც, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს მკლავჭიდელი ქალი მოზარდს ჯერ მაღაზიაში, შემდეგ კი გარეთ ელოდება და ახლა იქ აგრძელებს ცემას ხელებით და ფეხებით.
ძალადობის შემსწრეა რამდენიმე ადამიანი და მათ შორის, მკლავჭიდელი ქალის მცირეწლოვანი შვილიც, რომლის დამშვიდებასაც რიგში მდგომი ერთ-ერთ ბიჭი ცდილობს და ბავშვი ხელში აჰყავს.
კადრებში ჩანს, რომ მოზარდი, რომელსაც მკლავჭიდელი უსწორდება, არ უწევს მას წინააღმდეგობას, მხოლოდ თავის დაცვას და გარიდებას ცდილობს.
17 სექტემბერს, აღკვეთის ღონისძიების სხდომის დაწყებამდე, ხატია ვიბლიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა: „არ ვემხრობი ძალადობას. უბრალოდ, ყველამ უნდა ვიცოდეთ მოქცევის წესები. ვაღიარებ დანაშაულს, ვინანიებ, თუმცა ჩემ ადგილას მგონი, თავმოყვარე მშობელი რაღაცას გააკეთებდა, როცა თავს ესხმიან“, - ეს არის, ფაქტობრივად, ერთადერთი კომენტარი, რომელიც მკლავჭიდელმა ქალმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გააკეთა.
ფორუმი