Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი მუშებისთვის ხელფასების გადახდაში ერთვება, რათა "ლუკოილის" წარმოება შენარჩუნდეს, იუწყებიან წყაროები


ჭარბი ნავთობი იწვის West Qurna-2-ის ნავთობის საბადოზე ერაყში, ბასრის მახლობლად. 17 აპრილი, 2017 წელი
ჭარბი ნავთობი იწვის West Qurna-2-ის ნავთობის საბადოზე ერაყში, ბასრის მახლობლად. 17 აპრილი, 2017 წელი

Reuters-ის სააგენტო იმოწმებს ერაყის ენერგეტიკის უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც იტყობინებიან, რომ, რუსული კომპანიის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, წარმოების გაგრძელების მიზნით, ერაყის მთავრობამ დაგვიანებული ხელფასები გადაუხადა "ლუკოილი" მართვის ქვეშ მყოფ West Qurna-2-ის ადგილობრივ თანამშრომლებს.

საბადოდან წარმოების ან ექსპორტის ნებისმიერი შემცირება გავლენას მოახდენს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე, რადგან Qurna-2-ზე მოდის მსოფლიოში ნავთობის მიწოდების დაახლოებით 0.5% და ნავთობის მთლიანი წარმოების დაახლოებით 9% ერაყში. ეს ქვეყანა ნავთობის მეორე უდიდესი მწარმოებელია OPEC-ში (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) საუდის არაბეთის შემდეგ.

აშშ-ის მიერ „ლუკოილისთვის“ 22 ოქტომბერს გამოცხადებულმა სანქციებმა ერაყში საბანკო გადარიცხვა გაართულა, რის გამოც მთავრობა იძულებული გახდა, ჩარეულიყო და გაეადვილებინა გადახდები, განაცხადეს სააგენტოს თანამოსაუბრეებმა, სამმა ოფიციალურმა პირმა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, რადგან მათ მედიასთან საუბრის უფლებამოსილება არ ჰქონდათ.

ადრე „ლუკოილი“ ერაყელ თანამშრომლებს ხელფასს ყოველთვიური საბანკო გადარიცხვებით უხდიდა.

„ორი თვის დაგვიანებული ხელფასები გადახდილია მთავრობის ჩარევის შემდეგ, რათა ამას წარმოებაზე გავლენა არ მოეხდინა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა. მისი თქმით, ხელისუფლება ასევე წინასწარ გადაიხდის დეკემბრის ხელფასებს, რომლებიც ერაყულ დინარში გაიცემა, შემდგომი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.

„ლუკოილმა“ კომენტარის გაკეთების მოთხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხა.

ხელფასების გადახდის შემდგომმა შეფერხებებმა ოპერაციების ჩაშლის რისკი შექმნა საბადოზე, სადაც ამჟამად ერაყელი თანამშრომლები მართავენ წარმოებას, განაცხადა სამივე წყარომ.

წყაროების ცნობით, თანამშრომლებმა ხელფასები 20 ნოემბერს მიიღეს მას შემდეგ, რაც მთავრობა ჩაერია და ამით შეამსუბუქა დაძაბულობა, რადგან მუშები ორთვიანი ანაზღაურების გარეშე იყვნენ დარჩენილი.

ოფიციალური პირების თქმით, West Qurna-2-ზე წარმოება სტაბილური რჩება - დაახლოებით 460 000-დან 480 000 ბარელამდე დღეში.

ოფიციალური პირების თქმით, საბადოდან მოპოვებული პროდუქცია ძალიან მნიშვნელოვანია ერაყის ექსპორტის მოცულობისთვის, რადგან წარმოების ნებისმიერი შემცირების კომპენსირება სხვა საბადოებიდან შეუძლებელი იქნება, წარმოების სიმძლავრის მიმდინარე შეზღუდვების გათვალისწინებით.

ასევე ნახეთ


ფორუმი

XS
SM
MD
LG