"ნივთიერება იყო გარეული, მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული", - თქვა კობახიძემ დღეს, 3 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. რაც შეეხება ქიმიურ აგენტ "კამიტს", რომელზეც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის, BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაშია საუბარი, კობახიძის განმარტებით, "შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა ფაქტი, რომ არათუ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არც არასოდეს შეუძენია შსს-ს, მათ შორის არც "ნაცმოძრაობის" რეჟიმის პირობებშიც. ეს არის ის, რაც შეიძლება ითქვას. დანარჩენი, მიმდინარეობს გამოძიება, ამ გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა დეტალი ფხვნილთან დაკავშირებით იქნება გასაჯაროებული".
"წესით შსს-ს უნდა გადაემოწმებინა, თუ რა ნივთიერება შეიძინა ვანო მერაბიშვილმა 2009 წელს"
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა იმის გამორიცხვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქციის დაშლისას არ გამოუყენებია „სხვა აკრძალული ნივთიერებები კონკრეტული კოდის ქვეშ“, მან უპასუხა:
"მე ასე მგონია, იმიტომ რომ, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმ ინფორმაციას, რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა (შინაგან საქმეთა მინისტრი "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაში). თუმცა ეს ჩემი ვარაუდია, ჯობია დაველოდოთ გამოძიებას და მის შედეგებს... წესით, შსს-ს უნდა გადაემოწმებინა, თუ რა ნივთიერება შეიძინა ვანო მერაბიშვილმა 2009 წელს".
შეკითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს ამ შემთხვევაში, კობახიძემ თქვა, რომ ამაზე გამოძიება გასცემს პასუხს "იმის მიხედვით, თუ რა არის სინამდვილე. თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილის, - თუ ასეთი ფხვნილი შეუძენია, თუ ასეთი რამ დადგინდება".
"როცა წყალი წვავს" - BBC-ს გამოძიება
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, BBC-მ მოიპოვა 2019 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია გდდ-ში (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში) არსებული ინვენტარი. ამ დოკუმენტში მითითებულია ორი ქიმიკატი და ინსტრუქცია, როგორ უნდა შეურიონ ისინი წყალს:
- „ქიმიური სითხე UN 1710“;
- „ქიმიური ფხვნილი UN 3439“.
გამოცემის თანახმად, მათ „არაერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა“ ამ დოკუმენტის ნამდვილობა და გარემოება, რომ ეს ორი დასახელების ნივთიერება გამოიყენებოდა.
BBC-მ ფხვნილების იდენტიფიცირება მოახდინა:
- UN1710 — ეს არის ტრიქლორეთილენი (TCE), - „გამხსნელი“, რომელიც სხვა ნივთიერებას წყალში ხსნადს ხდის;
- UN3439 — ამ კოდის ქვეშ სხვადასხვა ტოქსიკური აგენტებია გაერთიანებული, და ამ შემთხვევაში, BBC-ს ვარაუდით, ეს შეიძლება ყოფილიყო ამ ჯგუფის ერთ-ერთი ქიმიკატი ბრომობენზილ ციანიდი (ბი-ბი-სი), იგივე "კამიტი".
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციების დაშლისას, წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერებების შესაძლო შერევა დაადასტურა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ რადიო თავისუფლების შესაბამის კითხვაზე პასუხისას.
თუმცა სახელმწიფო უწყებებს ერთი წლის შემდეგაც, ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებიათ, რა ქიმიური აგენტები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დასაშლელად. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიების დასრულების შემდეგ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა“ და „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლებით დაიწყო.
შეკითხვაზე, თუკი გამოძიების დაწყებისას მოხერხდა "კამიტის" გამორიცხვა, რატომ ვერ ხერხდება იმის თქმა, რა ნივთიერებები იყო გამოყენებული, კობახიძემ უპასუხა, რომ "ადვილია ერთის გამორიცხვა, ვიდრე სრული სპექტრის დადგენა".
პასუხს იმაზე, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე, მოითხოვენ სამოქალაქოს საზოგადოების ორგანიზაციებიც.
"ოცნება" სპეცსამსახურების კვალს ხედავს, გაეროს ექსპერტი - წამებისა და არასათანადო მოპყრობის ნიშნებს
3 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ გამოძიების წარმოებასთან ერთად აპირებენ მიმართონ ბრიტანულ კომუნიკაციების კომისიას, ასევე - "საჭიროების შემთხვევაში" - საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა "BBC-მ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია".
ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა, BBC-მ გამოაქვეყნა 1 დეკემბერს.
BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი, აცხადებს, რომ „მოსახლეობა არასოდეს არ უნდა გახდეს ექსპერიმენტების სუბიექტი“ და საკითხი წამებისა და არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა გამოიძიონ.
"ოცნება" BBC-ს წინააღმდეგ
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს გამოძიების გამოქვეყნებამდე გაგზავნილ კითხვებზე ბრალდებებით უპასუხა და განუცხადა, რომ ჟურნალისტების მიგნებები „უკიდურესად აბსურდულია“ და პოლიცია „ბრუტალური კრიმინალების“ უკანონო ქმედებებს „კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ პასუხობდა.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“. პარტიამ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას უწოდა „ერთ დროს ავტორიტეტული მედია, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
- „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.
„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, - აცხადებს სამსახური.
პრესცენტრის თანახმად, უწყება „შემდგარ ფაქტად“ მიიჩნევს მხოლოდ იმას, რომ:
- „ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს“;
- „მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ“.
მდინარაძის უწყებამ გამოსაკითხად დაიბარა BBC-ს რესპონდენტები, ასევე მოქალაქეები, რომლებიც სოციალურ ქსელში თავიანთი მოწამვლის ფაქტებს აღწერდნენ.
მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური, ასევე - ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენები კვლევის კიდევ ერთი თანაავტორი, ექიმი გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილი.
დაიბარეს ზვიად მაისაშვილი - ახალგაზრდა კაცი, რომელსაც პოლიცია 2024 წლის 30 ნოემბრის ღამეს ფიზიკურად გაუსწორდა.
გამოკითხვაზე იმყოფებოდა BBC-ს რესპონდენტი, ექიმი კოტე ჩახუნაშვილიც, რომლის კვლევაც ნახსენებია BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაში.
კოტე ჩახუნაშვილთან ერთად კვლევის თანაავტორები არიან მისი ძმა, დავით ჩახუნაშვილი, მამა, გოგი ჩახუნაშვილი, დედა, ნინო ჯობავა და კიდევ ერთი ექიმი, გელა ღუნაშვილი. ჯერჯერობით ნინო ჯობავას გარდა, სუსში ყველა მათგანი დაიბარეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოჰკითხეს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თანამშრომლებიც.
ფორუმი