Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიის პოლიციამ თაღლითობის საქმეზე დააკავა ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი და კიდევ ორი პირი


ფედერიკა მოგერინი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი (არქივის ფოტო)
ფედერიკა მოგერინი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი (არქივის ფოტო)

ბელგიის პოლიციამ სხვა ორ პირთან ერთად დააკავა ფედერიკა მოგერინი, იტალიელი პოლიტიკოსი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ყოფილი (2014-2019 წლებში) უმაღლესი წარმომადგენელი.

გამოძიება მიმდინარეობს მასშტაბური თაღლითობის საქმეზე, რომელიც უკავშირდება ბრიუგეს ახალგაზრდა დიპლომატთა აკადემიის დაფინანსებას. ინფორმაცია ონლაინგამოცემა Euractive-სა და მის პარტნიორ გამოცემა De Standaard-ს მიაწოდა ორმა ინფორმირებულმა წყარომ.

გამოძიების შესახებ ინფორმირებული წყაროებისა და თვითმხილველთა თანახმად, ევროკავშირის ფინანსების სავარაუდოდ არასათანადო გამოყენების საქმის ფარგლებში, ბელგიის პოლიცია შევიდა ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში, ევროპის კოლეჯსა და კერძო საცხოვრებელ სახლებში.

ევროპის კოლეჯის სპიკერმა განაცხადა, რომ არ იცოდა მოგერინის დაპატიმრების შესახებ და კომენტარზე უარი თქვა.

ფედერიკა მოგერინი 2020 წლიდან ევროპის კოლეჯის რექტორი იყო, 2022 წლიდან კი - დიპლომატიური აკადემიის დირექტორი.

გამოცემის წყაროს თანახმად, დაკავებული არიან აგრეთვე ევროპის კოლეჯის თანამშრომელი და ევროკომისიის მაღალჩინოსანი სტეფანო სანინო, რომელიც ფედერიკა მოგერინის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის პერიოდში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივანი იყო, რა დროსაც შეიქმნა დიპლომატიური აკადემია. სანინო ახლა იკავებს ევროკომისიის შუა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის თანამდებობას.

Euractive-ის თანახმად, ევროკომისიამ დაადასტურა პოლიციის შესვლა საგარეო ქმედებათა სამსახურის შენობებში და ის, რომ ეს უკავშირდება მიმდინარე გამოძიებას.

ფორუმი

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG